საქართველო-უელსი

22 სექტემბერი

ოცდაათსაათიანი მგზავრობის შემდეგ გასავათებულები მივღოღდით სახლამდე.

ნაგოიაა პირველი გაჩერება, უფრო სწორედ რაღაც შემოგარენი ნაგოიას. გარშემო ორსართულიანი სახლები, ციცქნა ქუჩები და ბრინჯის ყანები.

ქუჩებივით ციცქნაა ჩვენი სახლის ოთახებიც. კაცი ნორმალურად ვერ გაიმართები, რამეს არ დრუზო თავი. იქით ხმაურის ინდიკატორი გვიდგას – მეზობლები რომ არ შევაწუხოთ, თორემ მერე ჩივიანო.

გარშემო კია სიწყნარეზე სიწყნარე – ალაგ-ალაგს ველოსიპედზე წამოსკუპებული უცნაურად გამოწყობილი ბებო თუ ჩაირახრახებს – საჩრდილავქუდჩამოფხატული, ცალ ხელში ქოლგაც მოუმარჯვია და კიდევ უზარმაზარი სხივებისგან დამცავი ხელთათმანებიც წამოუცვამს.

კია შუადღეს მწველი-მწველი მზე და ტენისგან ჩახუთული ჰაერი – აბაზანიდან გამოსული არ ხარ, უკვე ისევ წყლის გადასავლებლად მიგიწევს გული.

მოკლედ კლიმატი ჩვენთვის არც თუ ჩვეულია..

საღამომდე ძილს მივეცით თავი, მერე კი სხვა რა – საჭმლის ძიება დავიწყეთ და რაღაც ბარსაც მივაგენით – მენიუ მხოლოდ იაპონურად გაწყობილი, მეპატრონეც ინგლისურთან მწყრალად.. მოკლედ შარში ვართ.

პიცის ნაცვლად მაკარონი მოგვიტანეს. გაგვიმართლა – მშვენივრად იყო მომზადებული და მადაზე მოსულებმა ერთი-ორი პორციაც მივაყოლეთ.

ალმაცერად გვიყურებდნენ ბარში წამომჯდარი ადგილობრივები, სიგარეტს არხეინად აბოლებდნენ და თავსთვის ხმამაღლა ხორხოცობდნენ. არაფერი ამათ რაგბის ინტერესის არ ეტყობათ და ვინმე უცხოც ერთი ჩვენ თუ გვნახეს ალბათ იმ არეში მოხვედრილი.

ფორმულა ერთის სინგაპურის გრანპრი მიმდინარეობდა და მეპატრონემ ღიმილით მხრები აიჩეჩა – მასეთი არაფერი ვიციო. სამაგიეროდ იაპონია-აშშ ფრენბურთის მატჩს გვაყურებინეს, სადაც ამერიკელებმა იმარჯვეს, თუმცა დიდად მგონი არც ამაზე უდარდიათ იქ შეკრებილ ახალგაზრდობას.

მოკლედ პურნაჭამები წამოვედით, სანახაობა კი ისე დაგვრჩა – სხვა დროისთვის გადავდეთ.

23 სექტემბერი

გამოვეწყვეთ ქართულ ფორმებში, ქალაქის ცენტრისკენ დავადეთ თავი. მეტროდან ამოვედით და ძლივს ცივილიზაციის ნიშნებიც გამოჩნდა. ფული მივახურდავეთ, დავნაყრდით და ჯიბედასქელებულები ტოიოტასკენ გავეშურეთ.

მეტროში ფანებმა დაიწყეს კანტი-კუნტად გამონათება. ერთი ქალაქიდან ასე, მეორე ქალაში ტრანსპორტგამოუცვლელად ამოვყავით თავი. მაგრამ რაღაც სხვა ბილეთი გვიყიდია, გზის ბოლოს ქართულ ფულზე ლარნახევარი დაგვამატებინეს და სადგურიდან ისე გამოგვიშვეს.

და აი ეს უკვე სულ სხვაა – ფანობის ზღვა მიედინება. ძირითადში, რა თქმა უნდა, უელსელები ჭარბობენ. ადგილობრივებიც ბევრნი არიან, ხშირად ქართულ ფორმაში გამოწყობილები – ჩვენებურები კი აქა-იქ თუ გამოანათებენ. მოკლედ, თვალში არ გაგეჩხირებიან – ძაან ცოტანი ვართ ჩამოსულები.

თხუთმეტი წუთის სავალზე იმდენი იაპონელი გვეახლა ფოტოს გადაღების თხოვნით, აგერ საათი შემოტრიალდა და სტადიონის გეითს ახლაღა ვუწიეთ.

ლუდზე დაგვპატიჟეს, სუვენირები გავცვალ-გამოვცვალეთ. არც უელსები გვუკადრისობენ, მოდიან, მეგობრულად გვესაუბრებიან..

მოკლედ ერთი დიდი ზეიმია და ჩვენც თბილისიდან წაყოლიებულ ჭაჭის ბოლო წვეთებს ვცლით, იშტაზე მოსულები სიმღერის ხასიათზე მოვდივართ და სიმღერა რომ მიილევა, არის ერთი ტაში და ოვაცია გარშემო ხალხის.

მატჩზე კი არაფერსაც არ მოვყვები – ყველამ იხილა და მე შესაფასებლად დიდად ცოდნა არც მეყოფა. მარტივად – პირველი ტაიმი უბრალოდ ჩავისვარეთ, მეორე ტაიმი კი – ისეთი იყო, მილეულზე უკვე კომპლიმენტების სათქმელად რომ დაირაზმენ უელს-იაპონელები და იყო მეორე სერია ფოტოების, სიმღერის, ჩახუტებისა და სიყვარულის.

და კიდევ უფრო დიდი ჩახუტება, იძულებითიც კი, უკვე უკან ნაგოიასკენ გზაში იყო, როცა თბილისის მეტროშეჩვეულებსაც კი გაგვიჭირდა, ისეთ ჭყლეტვაში ამოვყავით თავი.

უხერხულად მიღიმოდა ლამის მკლავებში მოქცეული ციცქნა იაპონელი გოგონა, ზოგად ფონზე მის მიმართ სიტყვა ლამაზსაც რომ გაიმეტებდა კაცი.

უელსელების სიმღერას კი ბოლო არ უჩანდა და აქაოდა მარტო თქვენ ხომ არ ხართ-თქო, მცირე პაუზა ჩაგვივარდებოდა თუ არა ხელში, ჩვენც აქედან ქართულ ტექსტებს მივაშველებდით.. ხოდა ასე – ოთხნი მთელი ვაგონი უელსებელის წინააღმდეგ არათანაბარ ჭიდილში ვიხვითქებოდით და ენერგიის ბოლო წვეთებს ვწურავდით..

საათნახევარი გზა ასე გავლიეთ. ერთი სადგურიც და როგორც იქნა, მთელი უელსი ჩაიხიკა. დავრჩით ათიოდე იაპონელის ამარა და ერთიც ირლანდიელი – გვიღიმოდა და მერე იმანაც გვამღერა, “ძლივს ისინი მოვიშორეთ, აბა ერთი მანახეთ თქვენ რა კაცები ხართო”.. რაღას ვიზამდით – ხმაჩახლეჩილებმა ბოლო ბგერები ამოვახრიალეთ – იმან მაინც მოწონებით დაგვიქნია თავი და მომღიმარი ცერათითაწეული მიიმალა მორიგ გაჩერებაზე.

ამასობაში ჩვენი გაჩერებაც მოვიდა და ვაი რომ ჩვენი “სოფლის” მიმართულებით დავაგვიანეთ და ტრანპორტის ნასახიც აღარ იყო. ერთი ტაქსიღა გვრჩებოდა გამოსავლად. მძღოლმა რამოდენიმე კილომეტრში სულ ღიმილით ორმოც დოლარამდე წაგვცანცლა და სახლშიც სწრაფად მიგვაცუნცულა..

ხოდა ახლა ამ სიტყვებს რომ ვასრულებ, გოგა ისე ხვრინავს, ჩვენი ხმაურის ინდიკატორი სულ წითელს ანთებს და იმედია მეზობლებსაც უკვე ღრმა ძილით სძინავთ… ამას ხვალე გავიგებთ, ვინმე ბებომ თუ მოგვიკაკუნა..

დღეისთვის სულ ეს იყოს..

მოკლედ არიგატო გოძაიმას, მგონი ასე იტყვიან აქაურები ჩემო ძვირფასო მკითხველო-სან, ამ ნაწერსაც აქვე გავასრულებ..

(გოგა ჩაწყნარდა)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: