დენვერი

ამერიკულ ცხოვრების ყაიდზე გადავეწყვე – გიოს ოჯახში სტუმრობა იმ გარემოზე მორგებას ნიშნავდა, რაც სულაც არ იყო ცუდი. დილის ექვს საათზე უკვე ფეხზე ვიყავით და შესაბამისად საღამოს ერთი-ორი სერიალის ყურების შემდეგ თერთმეტისკენ ძილისკენ გვეჭირა თვალი.

გიოს ფერმიდან ისევ კოლორადო სპრინგში მოვბრუნდით – ის საღამო მკვდრებივით მივესვენეთ. დილით კი დენვერის დასათვალიერებლად გავწიე.

ეს ორი ქალაქი სულ ერთი საათის სავალზეა და აი მანქანა თუ არ გყავს, ტრანსპორტის იმედზე მაგ მხარეში დიდად ვერ იქნები. მატარებლის ქსელი არაა, ავტობუსი, ინტერნეტში შევიხედეთ და სულ ერთი ვარიანტი გვიჩვენა – ისიც სავსე. სხვა რა გზა იყო, ისევ გიო შევაწუხე და მანქანით წამიყვანა. უკანა გზის ბილეთი ამჯერად ავტობუსზე კი ვიშოვნე.

გაშლილი უზარმაზარი სივრცე, ჯვარედინად დასერილი ქუჩები და პარკები. შიმშილის მოსაკლავად პირველი რაც შემხვდა, იმ კაფეტერიაში შევაბიჯე. რაღაც შევუკვეთე, ცოტა დავნაყრდი და გადასახდელად სალაროს რომ მივაშურე, აბრისკენ მიმითითეს – 5 დოლარს თუ დატოვებ, საკვების ხარჯს ეყოფა. შვიდი – პერსონალსაც ხელფასს გადავუხდითო და აი 14-ის შემთხვევაში, ქირასაც და სხვა ხარჯებსაც გავისტუმრებთო – რაღაც სოციალურ კაფეში ამომიყვია თავი, ნებაყოფლობითი შეწირულობით, ანუ სულ ნამუსის ძაფს თუ გაიწყვეტდი, უფასოდაც შეჭამდი.

მაგის გარეშედაც ამერიკისთვის ეს ფასები სასაცილოდ დაბალი იყო და ოცდოლარიანი რომ ჩავაგდე ფულის მოსაგროვებელ რაღაც თასში, ქალი გამომეკიდა – მოიცა, ხურდა უნდა დაგიბრუნოო.. უარის ნიშნად თავი გავუქნიე. “მაშინ ჩვენი გამომცხვარი ორცხობილები მაინც წაიღეო” – გამიხვია ქაღალდში და დღის საგზლად გამატანა.

იქაური ცენტრალური პარკიც უზარმაზარი – ჩემთვის მტკივნეული თემა. სიმწვანე, მდელოები და სივრცე. მის პერიმეტრზე კიდეში მუზეუმების შენობები. ერთ-ერთში შევედი. ფლორა და ფაუნა, ათასობით მაკეტი, სხვადასხვა ცხოველის ფიტულები. შუშის მიღმა სივრცეში ხელოვნურად შექმნილი ლანდშაფტი, მეტი რეალიზმისთვის.

ერთი სართული უკვე კოსმოსურ გარემოს ეთმობოდა. მარსის ლანდშაფტი და Curiosity-ის მაკეტი – პატარა ბერკეტებით რომ მართავდი და იმიტაციას ქმნიდი იმ პროცესის, თუ როგორ ხდება ამ პატარა აპარატის მრავალი ათასი კილომეტრის მოშორებით კონტროლი.

მერე ატრაქციონზე ჩაფხუტი ჩამომაცვეს და თავადაც “გავფრინდი” კოსმოსში. თვალის ვიზუალი და მოძრავი სავარძელი ისეთ აღქმას ქმნიდა, თითქოს მართლა ღია კოსმოსში გამიტყორცნესო. ალბათ თვალები ცრემლითაც კი დამენამა ლუქი რომ გაიხსნა და ღია სივრცეში “გავედი”. შემდეგ მთვარეზე და მარსზეც დავაბიჯე და ცხოვრებაში პირველად დავფიქრდი – ალბათ რა მაგარი გრძნობა იქნება, როდესმე ადამიანი მართლაც რომ გადადგმას პირველ ნაბიჯებს მარსის პლანეტაზეთქო..

დანარჩენი დრო ქალაქის ურბანულ ნაწილში ფეხით სეირნობას დავუთმე – ვაკვირდებოდი ხალხს, მათი ქცევის ნირს.

ცოტა შერეკილი (თუ კარგადაც) არცთუ იშვიათად შეგხვდებოდა – მოდის ქუჩაში, ხელებს იქნევს, რაღაცას გაყვირის. შუქნიშანზე, გზაჯვარედინზე ლაპარაკს გიწყებს. ცდილობ თვალი აარიდო და იქაურობას მალე გაეცალო.

მატარებლის სადგურამდე ფეხით ვიარე. იქვე იყო ავტობუსის გაჩერებაც. დიდ კორიდორში გეითები ჩაწიკწიკებული. ათასი ჯურის ხალხი ირევა. აქ უმანქანოდ არაფერს წარმოადგენ და ვინც ავტობუსის მოლოდინში ვიყავით, სწორედ ეს საზოგადოების ყველაზე “დაბალი” ფენა – “არავინ” ვიყავით შეკრებილები.

ემიგრანტები, არალეგალები, უსახლკაროები…

ჩვენი ავტობუსი იგვიანებს, იმაზე მეტად, ვიდრე ვიფიქრებდი რომ ამ ქვეყანაში შესაძლებელი იყო დაიგვიანოს. საათი რომ დატრიალდა და ნიშანი არ ჩანს მისი მოსვლის, ავწრიალდი. პერსონალი მხრებს იჩეჩავს – არ ვიცითო. მოვაო, მაგრამ როდის, მაგას ვერ გეტყვითო.

შევძვერი ისევ ვებში. ავტობუსს თურმე ხედავ, სად იმყოფება. პარკინგზე დგას, არ ინძრევა – კიდევ დატრიალდა საათი. გიო შევაწუხო ისევ?

გადაცდა საღამოს ათ საათს. ხალხი სადგურზე შეცოტავდა, ერთი ამ ავტობუსის მომლოდინე “საზოგადოება” დავრჩით – ძირითადად ლათინოსი ემიგრანტები. ინგლისურზე მეტად, ესპანური რომ მხვდება ყურში – ვერც ვერავის გამოელაპარაკები.

როდის როდის და დაიძრა ეს ჩვენი ავტობუსი – შტატებს შორის ჰქონია მარშრუტი, საბოლოოდ ტეხასამდე რომ ჩადის. აწი გასაგები გახდა, თუ რატომ არის კონკრეტულად მექსიკელების ამხელა კონცეტრაცია. ისევ გავუსვავ ხაზს, უმანქანობა აქ რას ნიშნავს – ამ ეული ავტობუსის იქით, დენვერიდან კოლორადო სპრინგსამდე ჩასვლის სხვა შანსი არც კი მაქვს.

როგორც იქნა ჩამოდგა ჩემი მშველელი ავტობუსი. უკვე ცოტა არ იყოს, დაზაფრული ვარ. ველოდები რიგს. უცნაური პროცედურა მიდის ბილეთის შემოწმების. ვერც აღვწერ – ტელეფონს ჩახედავენ, მერე რაღაც ქვითრებში იქექებიან.. დასტა ქაღალდებისას გადაშლიან და ბოლოს თავს აუქნევენ – კაი ადიო.

მე ერთი უბრალოდ ელექტრონული ბილეთი მიმისკანირეს და თავი “სამშვიდობოს” დავიგულე, ხელით რომ მიმანიშნეს – მიბრძანდიო.

მეორე რიგში, რაც დამხვდა ცარიელი ადგილი, იქ მოვთავსდი. წინ ორი მექსიკელი დამიჯდა.

ავტობუსის მძღოლიც ამობრძანდა, ამ მექსიკელებს დახედა, დოინჯი შემოირტყა და არტისტულად მიმართა –

“მეგობრებო, თქვენ ორი არჩევანი გაქვთ… პირველი..” – ცალი გაშლილი თითი ჰაერში აღმართა – ” ახლავე უკან გადაბრძანდებით… და მეორე…” – პირველს მეორე გაშლილი თითიც შეაშველა – “უბრალოდ ჩემი ავტობუსიდან გააჯვავთ!!!”

სიმართლე ვთქვა, კონტექსტს ვერ მივხვდი, ეს ჩვენი მძღოლი ასე რატომ გაუწყრა. ერთი მათგანი წამოენთო. მძღოლმა კი მასე არ უნდაო – აბა ახლავე აქედან ჩაეთრიეო.. ხელის ბიძგით დაბლა მოისროლა და თან “დაცვა, დაცვა” მაშველი ძალა მოიხმო.

ამის შემხედვარე მეორე მექსიკელი ჩუმად უკან გაიძურწა – მისი მეგობრის ხვედრი, როგორც ჩანს, დიდად გულთან არ მიუტანია..

საათზე ოდნავ მეტი გზა და მე შეშინებული, მძღოლისთვის რამე მეკითხა – ნეტავ კოლორადო სპრინგში ხომ მართლა აჩერებდა ავტობუსს… მისი ბრაზიანობის შემხედვარე, მეც შუა გზაზე არ დამტოვოს სადმეთქო – ვიყავი გასუსული.

მერე იყო უკვე ნაცნობი გადასახვევი, ერთი ორი შუქნიშანი და გაჩერება ჩქაროსნული ტრასის ქვეშ – ჩაბნელებულ, მოქუფრულ ადგილზე, სადაც უსახლკაროებს ნაგავში და სიბინძურეში დაედოთ ბინა.

ცოტაც და გიოს მანქანის ფარებმაც შემოანათეს და სახლისკენაც გავსრიალდით.

ის ღამე დაღლილზე კიდევ ერთი ღრმა ძილის ღამე იყო.