ქართულად გაკეთებული “საქმე”

  მოკლედ არაფერს ვამტკიცებ, ფურცელზე გადმომაქვს ის, რასაც უამრავი ჩვენგანი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ხედავს. ცუდ ფაქტებზე ხან თვალს ვხუჭავთ, ხანაც ძალა არ გვაქვს რაიმე შევცვალოთ.

 – ერთი შეხედვით არაფერი განსაკუთრებული, თუმცა აბა დავაკვირდეთ ერთი რა ხასიათი გვაქვს ამ ქართველებს, მერე შესაბამისად ქვეყანა როგორია, ლოგიკის ძაფები უდავოდ გაიბმება.
    ახლადჩამოყვანილი უცხოური ტექნიკა განთავსდა ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ მხარეში, ბაზა შეიქმნა და შესაბამისად ახალი კადრის მოყვანა გახდა საჭირო. ახლომახლო სოფლებში უცებ გავრცელდა ამაზე ხმა. 
   იფეთქა იმერულმა “სტუმართმოყვარეობამ”, ერთმანეთს ლამის მოსისხლე მტრად გადაეკიდა მოსახლე – არა ეს ხალხი დღეს ჩემი სტუმარი უნდა იყოსო, არა ჩემიო. ნელ-ნელა ყველაზე მოხერხებულებმა ბაზის მეთაურის ბაგიდან სასურველი ამბავი შეიტყვეს, რაც აქამდეც მშვენივარად იცოდნენ – “მძღოლების და პოვრის კადრია თავისუფალი, ადგილობრივი მოსახლედან უნდა შეირჩეს ვინმეო”. 
    შუღლობის მეორე ტალღა წავიდა თანასოფლელებს შორის, რიგი დადგა საბუთებით მორბენალი ხალხის. ძირითადად ისეთი ხალხი მოდიოდა, მანამდე ველოსიპედი თუ ქონდა გატარებული სოფლის შარაგზაზე. 
    ცოტა დააბნია ამ ხალხის ხილვამ მეთაური – “კი მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგეს, ამხელა მახინა მანქანას, ამ ციცაბო ფერდობიდან უსაფრთხოდ ჩამოიყვანო?!” – ერთ ერთ სოფლელს გაგულისება დაეტყო, ჯერ ენა პირში გაეჩხირა, წამოწითლდა და ბოლოს ბრაზნარევი ხმით ძლივს ამოღერღა – “რეიზა ვერ ჩამოვიყვან, ბოვშვობიდან მანქანას დავარონიებო”. ხო დაარონიებს, გააგორ-გამოაგორებს ანუ სოფლის ოღრო-ჩოღროზე.
    ტექნიკა დადგა, სამი წელი არ განძრეულა. მაგ პატიოსან კაცს მუშაობა რომ დაეწყო “რამე კი არ დაშავდებოდა”, თვიდან თვემდე სახელმწიფო საჩუქრად მსუყე ხელფასს გამოუგზავნიდა. თავად ათასში ერთხელ “აკუმულატორი” რომ არ დამჯდარიყო, დაქოქავდა მილიონიან ტექნიკადამონტაჟებულ მანქანას და იქნებოდა ბედნიერი.
    იმას რატომ არ ფიქრობ ჯიგარო, ჯანდაბა ომი რომ წავიდა, ევაკუაცია რომ გახდა საჭირო, შენი უცოდინრობით იმ მანქანას თავის ტექნიკიანად ხრამში გადაჩეხავდი, თავსაც დაიღუპავდი, სამწლიანი ბედნიერი ცხოვრების შემდეგ და ქვეყნის საქმესაც გააფუჭებდი?! ოო, ამას მოფიქრება უნდა, ცოტაც სინდისი.
    ჩაიარა პირველმა წელმა, როგორც თქვენ არ ყოფილხართ ჩემო პატიოსანო ხალხო იმ ხალხთან სტუმრად, ისე იმ ბაზის არცერთი წევრი აღარ მიუპატიჟნიათ. აბა “ხელი უკრეს” პატივისცემაზე.. სად გაქრა იმერულ სტუმართმოყვრობა?! თურმე ქრება.. ყველას თავის თავი უყვარს, ქვეყანაზე კი ბევრი სულ ცოტასაც არ ფიქრობს და არც ზრუნავს.
    

    მერე დაგვატყდება ომი და უბედურება, რომელიც სანამ დაიწყება უკვე წაგებული გვაქვს მანამდე ნაკეთები “საქმის” გამო..

გონიერი ბანკირი

    დღეს მეტროს ჩასასვლელში რომ საქართველოს ბანკის სერვისცენტრია, ფულის გადასახდელად მივედი. გოგომ ფული ყურადღების შეამოწმა, ყალბი ხომ არააო და უკან გამომიწოდა, მერე ქვითარი ამობეჭდა, ხელიც მომიწერა, ბეჭედიც დამირტყა და ისიც მე გადმომცა, მეც დავუდასტურე – ყველაფერია რიგზეათქო. მერე:
    – ეს ფული თუ არ გჭირდებათ, მე წავიღებთქო, –  გოგოს სახე აელეწა და გაფითრებულმა შემომხედა, უკან გავუწოდე უკვე კარგად გადამოწმებული ექვსასი დოლარი და ბედნიერი დღე ვუსურვე.

უკან სახლში

ბოლო სმენა მოვილიე.

კარავში გავატარე ეს ერთი კვირა – ათ სხვადასხვა ხასიათის ადამიანთან.

ხუთი მათგანი პირველი ბრიგადის კომანდოს ბატალიონის წევრი იყო, სამიც ჩემი “ახალი” თანამშრომელი და ერთიც ძველი – სოხუმელი ბიჭი, რომელიც ან ისედაც ცოტა უცნაური დაიბადა, ან მის თვალწინ ჩავლილმა აფხაზეთის ომმა იმდენად მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა, რომ ცოტა გაარეკინა.

მძიმე ხასიათის, შემაწუხებელი ქცევის და ლაპარაკის ინტონაციის ტიპი, უცნაური იუმორით, როცა იქით თუ გაეხუმრე ბავშვივით წყინს და იბუტება. ვინც დილას “ბოზების” და სომხების გინებით იწყებს და გაღვიძებული არაა, უკვე იზაფრება თავისივე ქცევით.

აბა როგორია ერთი, ციცქნა კარავში იცხოვრო ასეთ ადამიანთან, სიყვარულის ბუშტგამსკდარი რომ დამსდევს “ტი მოი ზალატოი” – მეგრულ-რუსულ კილოთი და ზედმეტ სიყვარულს შუბლზე კოცნით გამოხატავს.

ვერსად რომ ვერ გაერიდები, გარეთ ტრიალი მინდორია და ზაფხულის ცხელ მზეს რომ შეეფარო, ერთი ხეც კი არა დგას. ხოდა გინდა გალავანშემორტყმულ ციხეში იჯდე, გინდა მაგ კარავში, ერთი ჯანდაბაა, მაინც ვერსად გახვალ, სივრცეს გადაჭიმულს კილომეტრობით სად გაექცევი.

ხოდა ვიჯექით კარავში და ვუსმენდიოთ ერთი კვირა ერთი და იგივე ამბებს ცხრაასჯერ მოყოლილს, ბრიგადის ხალხი იცვლებოდა ყოველდღე, და ყოველ ახალ სმენას ახლიდან უწყებდა მოყოლას მის გაზვიადებულად გაბერილ თავგადასავლებს.

მე და ქავთარა ტანჯვით გადავხედავდით ერთმანეთს, ბიჯოს გასკდა თავი, კიდევ ხომ ყურსასმენით მუსიკის სმენის საშუალება მქონდა და ხანდახან ვეთიშებოდი იმ სამყაროს, თორემ გარეკვა არც მე ამცდებოდა..

ასეთი ერთი კვირა გავატარე, სხვა დეტალები უბრალოდ ამ წამს აღარ მახსენდება.

მწარე წაგება

    რვა წელია კურსის მეგობრები ფეხბურთს ერთად ვთამაშობთ და ასე სასტიკად ამ ხნის განმავლობაში ჯერ არ წაგვიგია. გვარიანად ნერვებზე მოთხრილი მოვბრუნდი სახლში, არაფერი გამოგვივიდა თამაშისას: 0-6, 1-6 და ბოლოს ცოტა ვინამუსეთ და 4-2 მოვიგეთ. ჩვენი დარტყმული კარში არ შედიოდა და პასების კეთებაშიც და დაცვაშიც გვარიანად ვცოდავდით. თავი საქართველოს ნაკრების წევრი მეგონა, ყოველ თამაშს უსუსურად და უნამუსოდ რომ აგებენ.
    ამას დაუმატე შუა თამაშში კოკისპირული თავსხმის დაწყება, საცვლამდე რომ გაატანა წყალმა და მშრალად არაფერი დატოვა, ხოდა მივიღებთ ფრიად უიღბლო დღეს ჯამში.
    ეს ღამე რომ გათენდება, დილაუთენია ბოლოჯერ წავალ სმენაში და მორჩება ჩემი წოწიალი აქეთ-იქით. მაგრად კი მეზარება, თითქოს რა, ერთი კვირის გაძლებაცაა, მაგრამ ეგეც მეზარება უკვე.

ოთხი წლის შემდეგ

დასასრულს მიუახლოვდა ჩემი ოთხწლიანი მოღვაწეობა ქართულ ავიაციაში.

გუშინ ბევრი აღარ მიფიქრია, სამართველოში პატაკი დავწერე ჯარიდან წასვლაზე.

კაციშვილს არ უკითხავს მიზეზი. ძვირფასი უფროსი ბერიანიძე საერთოდ პირველად ვნახე ბოლო ორი წლის მანძილზე და ისიც მაშინ, როცა ფაქტობრივად ჩემი მეთაური აღარ არის.

მშვიდად მომიწერა ხელი პატაკზე, ხელიც კი არ ჩამოურთმევია, არც ზრდილობისთვის უთქვამს – “გული მწყდება რომ მიდიხარ” ან რამე მასეთი. “ერთი თქვენიც!” – მე ჩემთვის გულში ვფიქრობდი.

ადვილი არ არის ერთბაშად უარი თქვა 1300 ლარ ხელფასზე, პლუს ბევრ წვრილმან პრივილეგიაზე, მაგრამ ყოველივე ეს სხვა მომენტებმა გადაწონა და აგერ მოვდივარ სამსახურიდან.

დავტოვე ერთი დიდი თეატრი, სადაც არავის შესტკივა გული ქვეყანაზე, სადაც მხოლოდ ის აინტერესებთ, კარგად მოერგონ სიტუაციას და როლის გარეშე არ დარჩნენ, გადაქაჩონ რაც შეიძლება მეტი თავისკენ, სულ ფეხებზე კიდიათ, ამით ქვეყნის საქმე თუ ფუჭდება, სადაც სარდალი თუ რიგითი ჯარისკაცი ერთნაირი ფლიდი და გაიძვერაა (გარკვეული გამონაკლისის გარდა რათქმაუნდა).

ხოდა აღარ მინდოდა ამ ორგანიზმის შემადგენელი ნაწილი ვყოფილიყავი, სადაც ერთი მადლობა არ გამიგია კარგად გაკეთებული საქმისთვის.

მოკლედ ახლა ბევრად მშვიდად ვარ, ვიდრე მთელი ოთხი წლის მანძილზე და ბევრ რამეს ისე კრიტიკულად აღარ ვწერ, არ მაქვს შემორჩენილი ისეთი მძაფრი ემოცია.

ცვლილებებია მოკლედ ცხოვრებაში.