ექსეტერისკენ
ნოემბერი 18, 2016 დატოვე კომენტარი
დილა სუსხიანი – ცრის.
გამოვემშვიდობეთ მორისტონს და სანამ ექსეტერის გზას დავადგებოდით, კიდევ ერთ ციცქნა შოტლანდიურ ქალაქში – მელროუზში შევირბინეთ. ადგილი სადაც შვიდკაცა რაგბი დაიბადა. თუ არ ჩავთვლით მსოფლიო ომების პერიოდს, ჯერ კიდევ შორეულ 1883 წლიდან მოყოლებული, აპრილის თვეში აქ ყოველწლიურად იმართება ტრადიციული ტურნირი ბრიტანული, თუ მსოფლიოს სხვადასხვა სარაგბო კლუბების მონაწილეობით.
ხოდა ასეთი შანსი გვქონდა და ხელიდან არ გავუშვით იქაურობა მოგვენახულებინა. ასაკს მიტანებული სტადიონის მენეჯერი სიამოვნებით გაგვიძღვა ციცქნა არენის დასათვალიერებლად – მცირე მუზეუმში შეგვიძღვა, იქაური ისტორიები მოგვიყვა. თავადაც გახარებული იყო მისთვის სადღაც გადაკარგულიდან ჩამოსული სტუმრების მიღებით და ხალისიანად დაგვატარებდა ოთახიდან ოთხაში, ტრიბუნაზე, საკომენტატორო კაბინეტში და ბოლოს თავად სტადიონის ბიბინა მწვანე ბალახზეც შეგვიძღვა სამახსოვრო სურათების გადასაღებლად.
დამშვიდობებისას ქართული რაგბის სიმბოლოებით გაწყობილი სუვენირები ვუსახსოვრეთ. მანაც მელროუზის კლუბის გულსაბნევები გადმოგვცა და მადლობა მოგვიხადა სტუმრობისთვის. ბედნიერებმა მივაშურეთ მანქანას.. წინ გრძელი გზა გველოდა – მთელი ბრიტანეთი უნდა გადაგვესერა ჩრდილოეთიდან ლამის უკიდურეს სამხრეთამდე.
საათზე მეტი ისევ ვიწრო ვიწრო გზას მივუყვებოდით, ტყით დაბურულ ლამაზ გორაკებზე რომ მიიკლაკნებოდა მაგრამ მერე ნერვების წყვეტაც არ აგვცდა – რაღაც დიდ მანქანას მივეწიეთ, გვერდის ასავლელი სივრცეც კი არ იყო და მოგვიწია მის უკან დიდხანს ღოღიალი, სანამ გზის უფრო მსხვილ არტერიას არ შევუერთდით.
საათები მიილია და შიმშილის მოსაკლავად სადმე უნდა გავჩერებულიყავით. არჩევანი მშვენიერი იყო – ან ლივერპული, ან მანჩესტერი. ენფილდს ბოლოს ოლდ ტრაფორდის ნახვა ვარჩიეთ და სანამ რამე კაფეტერიაში დავსხდებოდით ბედნიერი ვიღებდი სურათებს ლეგენდარულ არენაზე. წვიმა მანჩესტერშიც მოგვწვდა და იქაურობის დათვალიერებაში დიდად დრო აღარ დაგვიხარჯავს. ისევ დავადექით გზატკეცილს..
ბირმიგემის გავლისას კი ისეთ საცობში აღმოვჩნდით, მთელი დანარჩენი დღეები მის სახელის ლანძღვაში ვიყავით. ლონდონის შემდეგ ყველაზე დიდ ბრიტანულ ქალაქს სინამდვილეში გარშემო რამოდენიმე მცირე ზომის ქალაქ-დასახლებები აკრავს. ხოდა რა გასაკვირი, პიკის საათებში ძაან ცუდი იდეა იყო იქ თავის ამოყოფა. რუკას ჩავკირკიტებდი, ალტერნატიული გზები მოვძებნეთ, დავუყევით მცირე ქალაქების ვიწრო-ვიწრო ქუჩებს. ექსპერიმენტმა გაამართლა და გაცილებით ადრე დავეხსენით საცობს, ვიდრე ცენტრალურ მაგისტრალზე რომ დავრჩენილიყავით.
გვიან ღამეს გემრიელად დაღლილებმა შევაგელვეთ ექსეტერში ჩვენი რაში და მალე უკვე ღრმა ძილითაც გვეძინა – მეორე დღეს ხომ დიდი მატჩი გველოდა და კარგი გამოძინება სწორედაც რომ მისწრება იყო.
(გაგრძელება იქნება)
კომენტები