რაგბი, საფრანგეთი

აგერ ათიოდე დღეა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო და ნელ-ნელა გვარიანადაც იწყებს გახურებას.

მე კი, მოგატყუებთ, თუ ვიტყვი, დღეებს ვითვლი, სანამ ჩემს ბარგი-ბარხანას თავს მოვუკრავ და სტამბოლის გავლით პარიზისკენ ავიღებ გეზს..

წინასამოგზაურო მზადების მოლოდინი ბევრმა სხვა დეტალმა შეჭამა და გააუფერულა. ისევ ისე ვარ – დავადგავ ფრანგულ მიწაზე ფეხს და მერეღა გავიაზრებ, თუ ეს სად ამოვყავი თავი.

მერე კი… როგორც ერთმა ჩემმა მეგობარმა ამას წინათ გამკრა კბილი, ყველაფერი დაგეგმილ-გამზადებული მაქვს. საფიქრალი აღარაფერზე მექნება, გარდა მოგზაურობით ვისიამოვნო, თამაშებს დავესწრო, ლუდის კათხებს დავეწაფო და შუალედში ცოტა წყნარი ოკეანის სანაპიროზეც გავიშხლართო..

ვეწვევი პარიზს, იქიდან მატარებლით ტულუზასკენ ავიღებ გეზს. მერე სადღაც სოფლად ჩავიკარგები. ბორდოს ფარო მოყვება, გზა მანქანით და პორტოს ხედები.. ფინიშის სწორს ნანტში უელსელებს კიდევ ერთხელ დავეჯახებით და ზედ დესერტად იაპონია-არგენტინასაც მივაყოლებ, საიდანაც ისევ პარიზს დავუბრუნდები.

თამაშებზე ბევრს ვინერვიულებ, ემოციას გადმოვღვრი, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის ხალხს ჩავეხუტები, რაგბით ვისიამოვნებ და ვიტყვი, რომ ეს არის ის, რისთვისაც ვცხოვრობ და რუტინულ საქმეს მივყვები, რომ მერე ისევ ავდგე და ასეთი მომენტებით გავიმდიდრო ცხოვრება.

დანარჩენს კი… თუ ხასიათზე მოვედი, ერთი-ორი სიტყვით აქედანაც შემოგეხმიანებით.

დატოვე კომენტარი