ვინმე მეძახდა?!
თებერვალი 10, 2011 დატოვე კომენტარი
საფრანგეთში ყოფნისას ერთი ბოინგის ყოფილი პილოტი გვიკითხავდა ნავიგაციის ლექციებს. ღამით ფრენისას რაღაცაზე ძილი ახსენა.
– რა პილოტები იძინებენ ხოლმე, თქვენ დაგიძინიათ?! – სახეზე ყველას გაკვირვება დაგვეწერა.
პასუხად რენდის მრავალმნიშვნელოვნად გაეცინა, სხვა თემაზე გადაიტანა საუბარი.
ხოდა ვზივართ, ვმუშაობთ. რუსეთის ზონიდან გვირეკავენ – გერმანული ბორტი შემოვა მალე თქვენს ზონაში, სავარაუდოდ რადიომიმღების პრობლემით, სიხშირეზე არ გამოდის. ჯერ კიდევ რუმინეთის ზონაში დაიკარგა მასთან რადიოკავშირი–ო.
მართლაც გადმოკვეთა ჩვენი საჰაერო სივრცის საზღვარი ირანისკენ მიმავალმა ბორტმა. ჩვეულებრივ გამოვიძახეთ სიხშირეზე – პასუხი არ არის, გამოვიძახეთ ავარიულ სიხშირეზე – ისევ დუმილი. ჩვენს სივრცეში მყოფ სხვა ბორტს ვთხოვეთ – აბა დაუძახე თუ პასუხს გაგცემსთქო, უშედეგოდ.
გაიარა ნახევარი საქართველოს ცა. იქით ერევანს ვურეკავთ, ვაფრთხილებთ – ასე ასეა საქმე, ბორტი მოდის კავშირის გარეშეთქო.
ამ დროს:
– Control, should I be on this frequency 133.4?!
ხალხმა ერთმანეთს გადავხედეთ..
– As I see I missed something on the frequency.. – ჩვენი მდუმარე ბორტი იყო კავშირზე.
რაღა რაღაცა შეჩემა, ეს ამხელა სივრცე ისე გადმოიფრინე, მთელი რუმინეთის, უკრაინის, რუსეთის და საქართველოს დისპეჩერობა შენ გეძახდა.. ეს კიდევ, “უი ბოდიში, მგონი რაღაც გავმაზეო”.
საკმაოდ საინტერესოა ამ საათნახევრის განმავლობაში ორი პილოტი რითი იყო კაბინაში დაკავებული, მათ მისამართით გაგზავნილი უამრავი მესიჯიდან ერთიც რომ ვერ გაიგეს.
დროა ავტოპილოტმა ლაპარაკიც ისწავლოს :))
კომენტები