ნიუკასლი
მაისი 5, 2016 დატოვე კომენტარი
ბრისტოლი დილაუთენია დავტოვეთ. შემდეგი გაჩერება შოტლანდია იყო. გზად კი ნიუკასლი უნდა გაგვევლო და რახან იმ დღეს “St. James park”-ზე სკოტების და ს. აფრიკის ნაკრებების რკენა იყო, შანსი ხელიდან აღარ გავუშვით – ავტოსტრადიდან ქალაქის ცენტრისკენ გადავუხვიეთ.
მანქანა სადღაც სტადიონთან ახლოს შევჩურთეთ და ასეულ ფანთა ცოცხალ ზღვას შევუერთდით. აფრო-შოტლანდიურ სიმბოლიკაში გახვეული ხალხის მასაში ჩვენ თეთრ-წითელში გამოწყობილები, ჯერაც უბილეთოები ქართულდროშამოხვეულები მივაბიჯებთ.
ბავშვობაში, უფულო პერიოდში, ჩვენი ნაკრების თამაშებზე დასასწრებლად ათასგვარ ხერხს მივმართავდი, ტრიბუნაზე რომ შევპარულიყავი.. და არც მახსენდება შემთხვევა, წარმატებისთვის ვერ მიმეღწიოს. მაგრამ არ მგონია ეს გამოცდილება ახლა იქაურ არენაზე მოსახვედრად დამხმარებოდა, არენაზე სადაც წლების წინ თემურ ქეცბაია მთელი სამი სეზონი დარბოდა (ძირითადად უშედეგოდ).
ხოდა დავეძებ გადამყიდველებს – თავსაც ჩამოვიხრჩობ თუ კუდამოძუებულს მომიწევს უკან გატრიალება.. უკვე მოწამლული ვარ იმ აურით, ბავშვივით მოუსვენრობა მიპყრობს, ისე მინდა ტრიბუნაზე მოვხვდე..
შეხვედრამე სულ მცირე დროა დარჩენილი და ფაქტობრივად ვერავინ ვნახე, ბილეთს ყიდდეს. ლამისაა იმედი გადამეწუროს და გავიხედე ორი ზორბა ბრიტი წამოგვადგა თავზე – მძიმე ინგლისური აქცენტით “საუკეთესო” ფასად ბილეთების მოყიდვას გვთავაზობენ:
” – One hundred pound for each, it’s really good price!”
ჩვენი ჯიბისთვის დიდი თანხაა, ბევრი ვეღრიჯეთ და 150 ფუნტად ორი ბილეთი დავათმობინეთ,
” – OK, it’s deal ” – მოჩვენებითად დანანებით გამოგვიწოდეს ბილეთი და წამი არ გასულა, იქიდან ეს ორი ვეებერთა ჯეელი ასე უცებ სად გაუჩინარდნენ, დღემდე გამოცანაა ჩემთვის.. გულმა რაღაც რეჩხი მიყო – კარგად დავხედე ისევ ბილეთს, ვითომ ყველაფერი რიგზე არის, ყალბს არ გავს.. მაგრამ მერე კიდევ უფრო წვრილ შრიფტს რომ ჩავაყოლე თვალი “For Child” ტექსტი იკითხება…
და ფასიც სულ რაღაც 15 ფუნტი თუ ეწერა :)))
გამცრა – მოკუნტული მგონი მართლა ბავშვივით დავპატარავდი. ფულზე იმდენი გული არ მწყდებოდა (არადა 150 ფუნტი კია ჩვენებურ ლარში 500 ერთეულზე მეტი), რამდენადაც ფაქტზე, რომ შეიძლება თამაშისთვის ცოცხლად ვერ მეყურებინა.
ჩავდექით ჩვენ გეითის რიგში. საბედნიეროდ სტუარდები ბილეთებს არც ამოწმებდნენ და ავტომატურად ტურნიკეტის გავლით მალე ტრიბუნაზე ამოვყავით თავი – ნერვიულობა ფუჭი გამოდგა. მერე სხვა ხალხიც ვნახე ანალოგიური ბილეთებით – ეღადავებოდნენ, “აბა პირადობა წარადგინე, რა ასაკის ხარო” – ჩვეული პრაქტიკა ყოფილა ბავშვის სახელზე ბილეთის გამოწერა და ამით თანხის დაზოგვა.
ზოგმა კი მერე გადაყიდვით ჩვენნაირ ტიპზე კაი ფულიც გააკეთა, და კიდევ ხომ თავიდანვე არ შევნიშნე, რა ბილეთს ვყიდულობდი, თორემ დამფრთხალს იქნებ ვერც გამერისკა ექსპერიმენტის ჩატარება.
ასე კი ცხოვრებაში პირველად მომეცა საშუალება რაგბში ორი გრანდის თამაში ტრიბუნიდან მენახა.
იქაური გარემოს აღწერა სიტყვებით გამიჭირდება და არც ვცდი. თუ სპორტი და სტადიონის ატმოსფერო გიყვართ, თავადაც კარგად წარმოიდგენთ, რა მაგარიც იქნებოდა ასეთი შეხვედრისთვის ცოცხლად თვალყურის დევნება. სკოტების გარემოცვაში ვიჯექით და იქაურების მხარე დავიჭირეთ. მაგრამ რა გასაკვირი, რომ თამაშში სინამდვილეში აფრიკელებმა იმძლავრეს 34:16.
შეხვედრის მერე რამოდენიმე სკოტს ქართული სიმბოლიკით პატარა სუვენირები ვუსახსოვრეთ, პასუხად შოტლანდიური დროშა მერგო. ერთმანეთს წარმატება ვუსურვეთ და უკვე პაბს მივაშურეთ – ინგლისი გადამწყვეტ მატჩში ავსტრალიას ხვდებოდა.
“Georgia!!!” – სიმბოლიკით უკვე ადვილად გვცნობდნენ, რომელი ქვეყნის გულშემატკივარიც ვიყავით – ახალგაზრდა ბრიტები მხიარულად შეგვეგებნენ რაღაც პაბში შესულებს..
აი ერთი ბაბუ კი გვარიანად ვანერვიულე, როცა ბარმენს ჩემი ჩანთის შენახვა ვთხოვე..
წვერებში ამ შავგვრემან კაცს რომ შემომხედა, თითი გამოიშვირა და – “are you Muslim?! Muslim, Yeah? Tik tik tik..” ჩანთაზე მიუთითა და წამების ისრის იმიტაცია გააკეთა, “ხომ არ უნდა აგვაფეთქოო?” გულიანად გამეცინა, “ამ ჯვრებს მაინც შეხედე, რა მუსლიმი..” დროშაზე მივუთითე.. მაინც ვერ დავამშვიდე მოხუცი და საბოლოოდ ასე აფორიაქებული დარჩა მგონი :)))
ამასობაში კი თამაში დაიწყო და ვიღას ახსოვდა ჩანთა და პოტენციური იქ შენახული საათის მექანიზმზე აწყობილი ბომბი.. სკოტები მრავლად ისხდნენ, თავიანთ ტრადიციულ კაბა-სამოსში გამოწყობილები, ავსტრალიას გულშემატკივრობდნენ. ინგლისელები კი რაც დრო გადიოდა, სულ უფრო ყურებჩამოყრილები შესცქეროდნენ მონიტორს – ყვითელმაისურიანები აშკარად დომინირებდნენ და მოიგეს კიდეც შეხვედრა, ისე რომ ინგლისს შანსი არ მისცემია – ასე ჩარჩნენ მასპინძლები ჯგუფში, მეოთხედფინალს მიღმა.
სკოტები ლაღობნენ, დანარჩენებს კი სახე ჩამოსტიროდათ. თუმცა ისეთებიც ბლომად იყვნენ, სასმელს ისე დაერია ხელი, შუა მატჩისას მე მეკითხებოდნენ – “რა ანგარიშიაო?”
უკვე საკმაოდ გვიანი იყო, წინ კი ისევ გზა გველოდა. იმ ღამესვე შოტლანდიის მიწაზე უნდა გადავსულიყავით.
მანქანას სანამ მივაღწიეთ, ლუდის სმამ თავის როლი შეასრულა და დასაცლელად ბარში შევედით.
იქ კი ვიღაც ლამის ბებიის ასაკის ქალთა ჯგუფი ყირაზე გადადიოდა, ცეკვა-სიმღერა გაემართათ და ეს ორი ახალგაზრდა რომ დაგვინახეს, ისეთი სიხარულის ყიჟინა მოსცხეს, გულზე ლამის შემომეყარა…
– შეგვისრუტეს.. საკმაოდ უხეში ფორმით მოგვიწია მათი მოშორება.. ბოლოს მგონი რაღაც მიგვალანძღეს კიდეც.. რას გაიგებ ზუსტად.. იქაურების საშინელ აქცენტზე საოცრებების მოყოლა შემიძლია.. მერე ფეხბურთის ორმა ახალგაზრდა ფანმა გაგვიბა საუბარი – “ვა მაგარია, ამხელა მანძილი გაიარეთ თქვენი გუნდის მხარდასაჭერად.. აი ჩვენც ბევრს დავდივართ, დღესაც მანჩესტერში ვიყავით ჩვენი გუნდის საგულშემატკივროდო..”
ინტერნეტს ჩავხედე, მათ ნიუკასლს 6:1 წაეგო სიტისთან იმ დღეს.. უხასიათობა მაინც არ ეტყობოდათ – არასრულწნოვნები და სასმელს არც ისინი იკლებდნენ..
ძლივს დავაღწიეთ თავი ბარს, უჩას უკვე სახემოღრეცვოდა დაღლილობისგან.
სიბნელეში გზა ბორცვებს შორის მიიკლაკნება.. ადი-ჩადის – რაღაც ტყე-პარკს მივუყვებით, დაცულ ტერიტორიას. ყოველ ას მეტრში მანქანისგან სიცოცხლეგამოსალმებული გარეული ცხოველის ლეში ასვენია..
მორისტონსაც ვუწიეთ. სოფლად, ფერმაში ვრჩებოდით იმ ღამეს.. დილით რომ გავიღვიძეთ და დღის სინათლეზე მოვავლეთ იქაურობას თვალი, თურმე რა მშვენიერ ადგილას გვქონდა თავი ამოყოფილი..
(გაგრძელება იქნება)
კომენტები