საქართველო

ალბათ პირველ კლასში იყო, დაწყებით სკოლის დამრიგებელმა, რიმა საათაშვილმა საქართველოს რუკა რომ გადაგვიშალა – მოკლედ ორი სიტყვით მოგვითხრო ჩვენი მუდმივად მტრის შემოტევებით აღსავსე ისტორია – ჩვენ წინაპრებს მრავალი ომი გადაუტანიათ ქვეყნის დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად თუ შესანარჩუნებლადო. მერე მოგვილოცა – დღეს საბედნიეროდ, როგორც იქნა, საქართველომ მოიპოვა ასე სასურველი დამოუკიდებლობა, მაგრამ იქვე ხელი აფხაზეთს, აჭარას და სამაჩაბლოს დაადო – მტერს კი ამ მიწის ჩვენთვის წაგლეჯვა უნდა და აბა შეხედეთ ამის გარეშე რა დარჩება ჩვენი ქვეყანაო? ეს ამბავი ალბათ ძაან ჩამრჩა ბავშურ მეხსიერებაში.

მერე ნელ ნელა წამოვიზარდე, ქვეყნის ისტორიის კითხვა დავიწყე, სხვადასხვა ასაკში სხვადასხვა მწერლის დაწერილი. ვახტანგ ჭელიძის “ქართლის ცხოვრების ქრონიკები” მახსოვს სამჯერ გადავიკიხთე და სამჯერვე დავით აღმაშენებლის ეპოქას აღარ გავცდი – ასეთი რამ მემართებოდა, გულშეწუხებული ვკითხულობდი თითოეულ საუკუნეში გადატანილ ჭირს და უბედურებას და მოუთმენლად ველოდი, როდის მივადგებოდი იმ ხანის ნაწერს, როცა ქართული გენის მატარებელი ხალხი, ძალა და გონება მოკრებილი, ქვეყანას ფეხზე დააყენებდა და გამარჯვებას იზეიმებდა.

დავითის ეპოქის წაკითხვით გულმოფხანილს სურვილი მეკარგებოდა გადამეხედა მორიგი შავი დღეებისთვის – აღსავსე ჯერ მონღოლების, მერე ოსმალო–სპარსების შემოსევებით.

ამის შემდეგ ის ასაკიც დამიდგა, როცა არათუ ისტორიას, ორ სიტყვასაც რომ აღარ კითხულობს კაცი. მოგვიანებით სპეციფიურ სამსახურის ნახვამ მიშველა, სადაც ხშირად გადაკარგულ ტყეში ვიჯექი ყოველგვარ გართობას მოკლებული და იქ ისევ დავუბრუნდი წიგნს. მივუბრუნდი ისტორიულ ნაწერების კითხვასაც. რაცარუნდა მძიმედ წასაკითხი ყოფილიყო, ჩვენი ქვეყნის გასაბჭოების ხანასაც მივადექი..

ბავშვობაში ქვეცნობიერად სირაქლემის პოზის დაჭერას ვიწყებდი, როცა ისტორიის კითხვას ჩვენი ქვეყნის აღმავლობის ეპოქის წაკითხვით ვასრულებდი, თითქოს იმის იქით აღარაფერი ხდებოდა. ასეთი რამ ახლაც არ არის ჩემთვის უცხო – საბჭოების დაშლის და ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, რაც წამოვიზარდე, მინდოდა დამეჯერებინა, რომ ყველა ეს სხვადასხვა ჯურის და ზნის ხალხის მიერ ქვეყნის ოკუპირება უკვე მხოლოდ ძველი, ბნელი საუკუნეების კუთვნილება იყო და მსგავსი რამ მომავალში აღარც განმეორდებოდა.

მთელი სიმწვავით შეგრძნება, რომ სინამდვილეში ჩვენი ორიოდე ათეული წლის წინ მოპოვებული დამოუკიდებლობა მყარი არაა და ჯერაც ადვილად ხელსაყოფია, აგვისტოს ომის დროს გამიჩნდა, როცა ტყეს შეხიზნული ჯარისკაცი ბოღმისკან ვსკდებოდი საკუთარი უსუსურობის აღქმისგან დაგრუზული, აგერ რუსულ ჯარს ქვეყანა შუაზე ყავდა გახლეჩილი და იმ წამს არაფრის შეცვლა არ შემეძლო.

მოკლედ იმის აღნიშვნა მსურს, რომ ისტორია დიდად არ შეცვლილა. დღესაც კბილებით უნდა ვიბრძოდეთ, რომ ქვეყანას მომავალი ჰქონდეს. არც მეტოქეა მარტივად ერთი ქვეყნის სახით, როგორც ამას პოლიტიკოსები გვიხატავენ და ტვინს გვილაყებენ. კიდევ უფრო დიდ პრობლემას ხალხის დაქსაქსულობა ქმნის.

ეს ხალხი ვიწრო პარტიული, თუ სხვადასხვა ინტერესების ნიშნით დაყოფილა. განსხვავებული აზრის პატრონი კაცი ქვეყნის მტრად ცხადდება, ერთმანეთს ქვებს ვესვრით, სიძულვილით ლამის სული ამოვაძროთ ერთურთს. ვთქვათ და დადგა სიმშვიდის დრო – ამ ხალხმა ერთად არ უნდა ვიცხოვროთ? მისვლა–მოსვლა გვქონდეს, ჭირს და სიხარულს ვუზიარებდეთ. რა გვექნება მერე სათქმელი, თუ მანამდე ერთმანეთი დავჭამეთ?

რიგი ხალხი წავა, რაღაც იდეები ჩამოიშლება, დავრჩებით უბრალო ადამიანები და მერე ერთმანეთთან მისასვლელი პირი ხომ უნდა შეგვრჩეს? ვაკეთოთ ქვეყნის საქმე და არა ვიღაცის.

არ დამავიწყდება ტულუზაში ყოფნისას, ერთ ერთ ბარში ფრანგების ექვსი ერზე გაჩემპიონებას ვუყურე. იქ მჯდომი ხალხის ნახევარზე მეტი აფრო წარმომავლობის იყო. როცა მატჩის დასრულების ჩასტვინა მსაჯმა, ერთ ერთი მათგანი ამაყად წამოდგა და მარსელიოზას სიმღერა წამოიწყო, მთელი ბარი აყვა, საოცარი ერთიანობის შეგრძნება იყო. იქაურობა ისე აგუგუნდა, კაცს დაგბურძგლავდა. არავინ იცის იმ ხალხისგან ვინ რას საქმობდა, ვინ რა მრწამსის ადამინი იყო, ვინ რა პოლიტიკური შეხედულების. იმ საღამოს ყველა ერთად ქვეყნის წარმატებას ზეიმობდა და ერთმანეთს სიხარულს უზიარებდა.

ნუთუ ასე ძნელია ჩვენც რიგ მომენტებში გვერდზე გადავდოთ ჩვენ ჩვენი ვიწრო ინტერესები? თუ მთელი ჩვენი სიამაყე, სურვილები, მრავალათასიან ჯიპის კარებს იქით ჩაჯდომით შემოიფარგლება? ესაა ის საზღვარი, სადაც ჩვენი კმაყოფილება გადის? და მერე რა, ჩვენი პირშეუკრელობის გადამკიდე თუნდაც გვირახუნოს მტერმა თავში.. იქნებ ის დროც დაგვიდგეს, როცა მომავალში ჩვენს შვილებს სკოლაში მივიყვანთ, გადაშლილ რუკაზე მათმა დამრიგებელმა უკვე სამეგრელოს, ჯავახეთს და ასე შემდეგ რეგიონს დაადოს ხელი და დანანებით უთხრას ბავშვებს – აი მტერი დღეს სამწუხაროდ ამ მიწას გვედავებაო!

დღეს ვინმეს ახსოვს საინგილო, ტაო, ბორჩალო და ასე შემდეგ?

3 Responses to საქართველო

  1. გამოხმაურება: ჩანახატი "საქართველო" - hereti.org | hereti.org

  2. გამოხმაურება: ჩანახატი "საქართველო" - hereti.info

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: