რომ წამოვდექი, თავი ჯერაც მტკიოდა. აქეთ–იქით ცოტა მიმოვიხედე, ხალხი შეჯგუფებულიყო – “რას მოგროვებულან ერთი?”
მერე ერთბაშად შევცბი, როცა დაბლა დავიხედე და ჩემი ორეული დავლანდე, მიწაზე უგონოდ გართხმულიყო და ეს მოფუსფუსე ხალხიც მას დატრიალებდა.
მე კი კაციშვილი ძაღლად არ მაგდებდა და როცა საბოლოოდ გადამეწურა იმედი, ვინმეს ყურადღების მიქცევის, დავადე თავი და გზას გავუყევი.
ცოტახანი სიბნელეში ვიარე, მერე ერთბაშად ინათა – “აი გვირაბის ბოლოს სინათლეც გამოჩნდა!..” თავიდან კმაყოფილმა კი გავიფიქრე, მაგრამ მალევე გაკვირვებულმა ავხედე ჭერს – ეს სინათლე ჩვეული, ცოტა მძლავრი ნათურადან მოდიოდა, რომელიც სენსორის წყალობით ავტომატურად აინთო, როცა დიდ დარბაზში გვარიანად გადაღლილმა შევაბიჯე.
გარშემო ერთი დიდი თეთრი უზარმაზარი კარის მეტი არც არაფერი ჩანდა და სხვა რა გზა მქონდა, განაჩენის მოლოდინში ფრთხილად დავაკაკუნე.
– ღიაა, შემო! – იქიდან მეგობრული ხმა გამომეხმაურა და ამით შეგულიანებულმა სახელურს ჩამოვქაჩე.
კაცი დამხვდა ასაკიანი, მოკლე შორტებში და თეთრ მაისურში, ხელში ცოცხ–მომარჯვებული არეულ ოთახს გვიდა.
– მოდი მოდი, რა პირი დაგიღია. ბოდიში ცოტა არეული დაგხვდი, ეს დღეებია ისე ჩამოცხა, მოთენთილს ელემენტარული ოთახის მიგვაც კი მეზარება!
მოულოდნელობისგან სიტყვაც რომ ვეღარ ამოვღერღე, ხნიერმა კაცმა საუბარი განაგრძო:
– ლუდს ხო დალევ? რა დაბნეული გამოიყურები, მოდი აქ ჩამოჯექი..
სანამ საკმაოდ მოძველებულ ტახტზე მოვთავსდი, მზერა უკვე ტელევიზორისკენ გამექცა – რაღაც ძაან ნაცნობ სახეს შევეჩეხე..
– ჰა გეცნობა? ეს ერთი ნაგიჟარია, იმდენი იძახა, ვაშენებ ვაშენებო, აქ რომ მოვიდა, მოგვიწია პატარა მისთვის ჭკუის და ხელობის მართლა სწავლება, იქნებ ამის მერე მაინც ივარგოს და ლაპარაკის ნაცვლად, ხანდახან საქმეც გამოურიოს. ეს იჯდება ახლა აქ ერთი 12 ათასი წელი. აი ეს უბანი, რასაც ხედავ, სულ მოსაპირკეთებელი აქვს. თავიდან ისევ კი ჯიუტობდა, ხო იცი ჩვევა რჯულზე უმტკიცესიაო, ხალტური დაიწყო, მარა მერე რომ მიხვდა, აქ ასე არ გამოადგებოდა, დაჯდა და დაიწყო საქმის პატიოსნად კეთება, აბა სხვა რა გზა აქვს?
არადა ვინ რჯიდა, თავად არ ილაპარაკა ამდენი? ვაკეთებ ვაკეთებო?! ხოდა ვანახებთ როგორ უნდა მართლა საქმეს კეთება.. ჯერ ახალგაზრდაა, ყველაფერს ისწავლის..
– ისე რა შეშინებული მიყურებ?! შენ ამ კაცის ოდენა ნატრაბახევ–ნამამაძაღლარის არაფერი გეტყობა.. მოეშვი კაცო, მოდი ეს ლუდი დალიე, თორემ რაიყო თქვენ ქვეყანაში გამთბარს ხომ არ მიირთმევთ?
კაი გადავრთავ აქედან, თორემ ამ კაცს რაღაც ძაან დაძაბული უყურებ..
– ფეხბურთი გიყვარს?! დღეს ლიგის ფინალია, ბარსელონა გაგიგია? ხო არაუშავს გუნდია რა.. ჩვენებურ ზესტაფონს ხვდება ფინალში, დიდი შანსი კი არ აქვს, მაგრამ ნუ მაინც ფინალია და დაძაბულ შეხვედრას ველით..
თვალები მთლად შუბლზე ამივიდა “ზესტაფონის” მაისურში გამოწყობილი ჩემ მეზობელ ალექსიძეს რომ მოვკარი თვალი:
– კი მარა ეს კაცო ამ ათეული წლის წინ ნარკოტიკებს არ გადაყვა?
– რაიყო? ჯერაც გიკვრის რაღაცეები? ამ ბიჭს რას უყურებ ასე? თქვენთან ცუდ წრეში ტრიალებდა, თორემ აქ ნახე ნიჭი ბოლომდე გაშალა, აბა? ეგ კაცი თუა დღეს გოლის გამტანი და ჩვენი გუნდის იმედი..
– და ხალხი აქ ფეხბურთის სათამაშოდ მოდის?
– ჰეჰ! აბა რა გგონია? აქ რა გართობა არ გვინდა, თუ გემოვნება გვიფუჭდება? ლუდის ნაცვლად სულ რძეს და ჩაის მივირთმევთ?! როგორ ფიქრობ? მგონი თქვენკენ წიგნებს ძაან ბევრს კი კითხულობთ და აი სწავლის კიდევ რა მოგახსენოთ – რაებს აღარ მიედმოედებით.. გაეშვით რა ხანდახან..
ხოდა ახლა ბევრს ნუ მალაპარაკებ, ცოტას მეც ვნერვიულობ ამ ფინალის წინ, ფეხბურთს ვუყუროთ და მერე გარეთ ქალაქიც დავათვალიეროთ.. მოსულა?!
ლუდის პირველი ყლუპი ძლივს ჩასრიალდა გამომშრალ ყელში, ბოთლი გამწარებით ჩამებღუჯა და აი, მიუხედავად იმის, რომ ეტიკეტზე “ყაზბეგი” ეწერა, ცივის გარდა, ლუდს გემოც მოსალოდნელზე ბევრად სასიამოვნო ჰქონდა..
კომენტები