სტადიონზე გამოკეტილები..

და ვაგრძელებ ჩემს უკუღმართ უკუმოყოლის ტრადიციას და დავწერ მორიგ ისტორიას, რომელიც წინ უძღვოდა ჩემს აქამდე მოყოლილ პარიზულ ვოიაჟის ამბებს.

მოკლედ ფეხბურთის სიყვარულმა, გეზი საფრანგეთის ყველაზე დიდ სტადიონისკენ აგვაღებინა – სტად დე ფრანს, სადაც მამლებმა 98 წელს ბრაზილიას 3:0 მოუგეს და მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ.

შორიდანვე დიდი ეფექტს ახდენს ეს გრანდიოზული ნაგებობა, ნაბიჯს ავუჩქარეთ, მაგრამ მალე გულზე შემოგვეყარა – ეზოში შესასვლელი ჭიშკრები გადარაზული დაგხვდა. ბოლოს ერთ ღია კარს მივაგენით, გაძვალტყავებული ასაკიანი ნეგრი ზის შესასვლელთან.

სარალიძემ თავის გენიალური ნიჭით ათვისებულ ფრანგულით მიახვედრა რომ შესვლა გვინდოდა.
– ბოდიშიო, სტადიონზე დამთვალიერებელთა მიღება ხუთზე მთავრდებაო, საათს დავხედეთ, ექვსია დაწყებული, წაგვიხდა ნირი.
– მაგრამ, მაგრამ თუ ბუტიკში გინდათ შესვლა, ის კი არის ღია, შეგიძლიათ მიბრძანდეთო.

– “oh oui boutique, oui” – იხტიბარი არ გავიტეხეთ და ეზოში შესვლის შანსი აღარ გავუშვით. ყველა ასასვლელი კიბე გადარაზულია. ინვალიდების ლიფტი მოგხვდა თვალში. გიორგას გადავხედე – ჰა შენც ამას ფიქრობ?! გიოს ღიმილი კი იყო პასუხი.

ღილაკს დავაჭირეთ და ლიფტის ჩართვის ხმამ გული გაგვიხარა. რამოდენიმე უშედეგო ცდის შემდეგ ბოლოს ზევითაც დავძარით და სტადიონის სულ ზედა ტრიბუნაზე ამოვყავით თავი.

ბედნიერებმა ჩვენი საზრიანობით რამოდენიმე წუთი სურათების გადაღებით გული ვიჯერეთ და უკან გამოვტრიალდით. შევდივართ ლიფტში – აღარ იძვრება ქვევით, ერთჯერ, ორჯერ, სამჯერ, ათჯერ ვცადეთ ყველა ღილაკი, ძვრა არ აქვს. გამოვედით, სხვა ლიფტს მივაშურეთ, იქაც წარუმატებლად. ვუყურებთ კიბეებს, ყველაფერი დარაზულია, დაბლა ვერ ჩახვალ.

ერიჰაა, უკვე ცუდი ფიქრები იწყებს თავში ტრიალს, ლამის გრეგის ნომერი ავკრიფე – რა კაი საუბარი გაიმართებოდა:
– ჰელლოო გრეგ, იცი, სტად დე ფრანსზე შიგნიდან გამოვიკეტეთ და გარეთ ვერ გამოვდივართ, ხომ ვერ გვეტყვი ეს ჯანდაბა ინვალიდების ლიფტები რა პრინციპით მუშაობს, დაბლა არ ჩავყავართ.. – ამჯერად კი ინფაქტს ვერ გადაურჩებოდა ჩვენი ძვირფასი მენეჯერი.

სტადიონს გასასვლელის ძებნაში უშედეგოდ ერთი წრე დავარტყით და ამ დროს ცა გაიხსნა – უკვე იმედი გადაწურული რომ გვქონდა, მეორე დილამდე ალბათ აქ მოგვიწევს ჯდომათქო, საპირისპირო მხარეს გასახდელების ადგილიდან ტრიბუნაზე ბავშვთა გუნდი გამოჩნდა, სამახსოვრო სურათების გადასაღებად იყვნენ შემოშვებულები.

– ე ბიჭო მგონი გვეშველა, მორიგი ნახევარწრე დავარტყით სტადიონს – ამოვისუნთქეთ, კარები შეღებული რომ დაგხვდა. გახარებულები დავეშვით ქვევით კიბეებით.. გზად ბუტიკშიც შევიარეთ, რაიცი ეკითხათ, სად იყავით, ტყუილის თქმა აღარ დაგვჭირდებოდა..

სეირნობით დასრულებული პაემანი

ბარი, მუსიკა, ხმაური..
– ლუდს დალევ?!
– დავლიოთ..
მუსიკა, ხმაური.. გვერდზე მაგიდაზე ლამაზი გოგოები სხედან – ერთი შავგვრემანი, მეორე ქერა..
– მოგწონს?!
– მომწონს..
ხმაური… ერთი მაგიდიდან მეორეზე გადავჯექით..
– სახელი?!
– ქლუ (?)
– თქვენ?!
– სალომე..
ხმაური, საუბარი – ნელნელა ხმამაღალ ტონში გადასული, თან ხელების ქნევა – ცდა ხმაურის და ენის ბარიერის დაძლევის..
– გავიდეთ აქედან?
– გავიდეთ..
– ღამის კლუბში წავიდეთ სადმე?! გავერთოთ?
– წავიდეთ..
მეგობრებმა ერთმანეთს გადავხედეთ, ქართულად:
– ფული გაქვს?
– ბარათზე მაქვს,
ჯიბეებს ვიტრიალებ:
– მე იცოდე სულ 15 ევრო მაქვს.
– დაიკიდე, არის რაღაც ბარათზე.
გარეთ – წვიმს, ტაქსი ტულუზაში უიშვიათესი რამ არის.
გოგოები ტელეფონით ცდილობენ გამოძახებას.
ერთი საათი გადის – სადღაც ვართ შეყუჟულები.
არაბებით გატენილმა მანქანამ ჩაგვიარა – ფრანგულად ტკბილად რაღაც მოგვაძახეს.
ჩვენც აქედან მათი სიტყვების სავარაუდო ქართული თარგმანი მივაშველეთ, თან ხელების მოძრაობაც დავურთეთ, ნუ მაინც მეტი სიცხადისთვის.
– ისინი ძაან უხეშები იყვნენ,
საოცრად რბილი თარგმანით, გოგოები უხერხული ღიმილით გვიდასტურებენ ჩავლილი “საუბრის” აქამდეც გასაგებ შინაარსს..
– ერთი მაგათიც..
როგორც იქნა ტაქსი გამოჩნდა..
რაღაც კლუბის სახელს ვეუბნებით.
ერთ კვარტალი გავიარეთ, მეორეს წრე დავარტყით და 2–3 წუთში ტაქსი ჩერდება:
– 10 ევრო მუსიე,
– ამას ხომ აქამდე ფეხით ასჯერ გავივლიდით – შევიცხადე.
ყალბი ღიმილით გავუწოდე მძღოლს ათევროიანი..
კლუბის კარებში დაცვამ ღიმილით გაგვატარა,
– 10 ევრო ბილეთი,
– ბიჯო ბარათი სად წავიღე?!
– რაო?!
– ბარათი აღარ მაქვს ჯიბეზე, ბარში ხომ არ ამომძვრა..
– მუსიე?
– პარდონ – ხელებით გაუგებარ ჟესტიკულაციას ვაკეთებ..
ამ დროს ქლუს ტელეფონზე ურეკავენ – გარეთ გადის, გაყვა დაქალიც – ჩვენ მითუმეტეს გავყევით.
– რა ხდება?
– ჩემი და მირეკავს, სადღაც ბარშია, რაღაც პრობლემა აქვს – წამოსაყვანად უნდა წავიდე.
ტელეფონით უკვე მოსაშველებლად მამამის ურეკავს:
– ბიჭებო ბოდიში – დღეს ვეღარ გამოვა გართობა, ასეთი ამბავია.
ჩვენ მოჩვენებით გული გვწყდება და მხრებს ვიჩეჩავთ.
– კარგი, წამო მიგაცილებთ მამის შესახვედრად.
რაც ტაქსით გამოვიარეთ, იმ გზას ფეხით უკან ხუთიოდე წუთში გავდივართ.
წვიმას გადაუღია..
მალე გზის გადასწორ რაღაც მანქანაც ჩერდება.
– მამაჩემია
ფრანგულად ორჯერ გადავკოცნეთ სალომე და ქლუ, დავემშვიდობეთ.
– საით ვართ ჩვენ წასასვლელები?
– მგონი გზას იქით უნდა გავყვეთ,
– როგორ ფიქრობ ბევრია სავლელი?
– ნუ არც ისე – ერთ საათში სახლში ვიქნებით,
– სად ჯანდაბაში ამოგგვარდა ეგ წყეული ბარათი…
– რავი ამის დედაც ვატირე,
– წამო წამო გათენებამდე მაინც მივიდეთ..

დილით ბიჭებმა ლექციაზე მიმავალ გზაზე:
– ჰა რა ქენით, როგორი იყო?!
– ნამძნარევი თვალები შევავლეთ “ნაპარნიკებმა” ერთმანეთს:
– გადასარევი! – ცეკვისგან ფეხებიღა გვტკივა..
ხო, გვტკიოდა – გზა სახლისკენ ორ საათზე მეტი სავალის ყოფილა..

მაიდერ

    გადავახვიოთ ორიოდე საათით უკან რა ხდებოდა, სანამ პარიზს დავტოვებდით.

    ხოდა ვზივართ მე და გიორგა მეტროში, მჟავეს მეგობრებთან შესახვედრად მივდივართ. ვაგონი ხალხით ისეა გადაჭედილი – გაჩერებისას გამსვლელების ნაკადმა შეიძლება შენი სურვილისგან დამოუკიდებლად გარეთ გაგისროლოს.

    ორი მეტრის მანძილზე ისეთი გოგო დგას, კაცს გონებას რომ დაგაკარგვინებს – კოხტა, ქერა, ცისფერთვალება ლამაზმანი. უბრალოდ გამოწყობილი, მაგრამ ეს უბრალოება, პირიქით კიდევ უფრო რომ უხდება და ალამაზებს. ცოტა მორცხვად მომზირალი, ბავშვური სახის ნაკვთებით.

    სარალამ რა გასაკვირი, ჩემი მზერა დაიჭირა, გოგოს როგორ დაჟინებული ვუცქერდი:
    – გიო, ნახე ბიჭო რა გოგოა, მიდი გამოელაპარაკე – დაიწყო ტვინის ჭეჭყვა, როგორც ახასიათებს ხოლმე, თავის ცინიკური, იქიდნური ღიმილით. მე ამ დროს ჩემს ფიქრებში ვარ, მინდა ახლა სარალას რჩევები..

    გოგოს სილამაზე თან მიზიდავდა, თან მაფრთხობდა კიდეც –  უნდა ახლა ასეთ ქალს ჩემი მომღიმარი სიფათის ყურება?! სიმხნევე ისევ გოგოს შემხვედრზე დაჭერილმა მზერამ მომაკრებინა, ცოტა დაბნეული, ნერვიულად რომ ამომხედავდა და მერე ისევ დახრიდა მომაჯადოებელ სილამაზის თვალებს.

    ამ დროს მატარებელიც გაჩერებაზე შეჩერდა და გამსვლელი ხალხის ნაკადმა მორიგი წყობა დაამყარა შიგნით ვაგონის ტერიტორიაზე – ქერათმიანი გოგონა ახლოს მომიჩოჩდა, ხელი ლამის მხრარზე გადამხვია, ძლივს შესწვდა სახელურს, რომ არ წაქცეულიყო..

    ასე რომ ორი მეტრის გასაკვლევად ხალხის ნაკადის გარღვევაც რომ აღარ დამჭირდა,  თვალებგაბრწყინებული და ღიმილმოგვრილი მივესალმე მაიდერს ( მგონი ასე ერქვა, ან რამე არასწორედ გავიგე, რა გასაკვირი.. არსებობს საერთოდ ეს სახელი?! )

    გოგოს სახე გაებადრა, გამიღიმა, მშვენიერი ინგლისურით მიპასუხა – მე კიდევ უფრო გამიხარდა, ხელში მორიგი არაინგლისურად მოსაუბრე ფრანგი რომ არ შემრჩა.

    ბევრი ძალისხმევის გარეშეც გოგო გაიხსნა, სულ არ გვიშლიდა ხელს არც თუ სასურველი მეტროს ვაგონის გარემო – სულ ოცი წლის აღმოჩნდა, ლიტერატურათმცოდნეობაზე ვსწავლობ, დოსტოევსკი მიყვარს ძალიანო – მე ვიცრუე, რუსულს კარგად ვფლობ და მწერლის ენაზე წამიკითხავს მისი ნაწარმოებებითქო..

    გონებაში უკვე ვფიქრობდი დაგეგმილი შეხვედრა გადამედო და პარიზში დარჩენილი ორი საათი ამ ლამაზ ქალბატონისთვის დამეთმო, მაგრამ ტვინის სადღაც დარჩენილ პატარა ნაწილში, პრაგმატულად მოაზროვნე გიორგი თავისას ახურებდა და ქცევაში ყოყმანს აჩენდა – “ორ საათში აქაურობას მაინც დატოვებ, თან ისე, რომ აქეთ არც კი მობრუნდები..”

    ამ ხაზზე სადგურის სახელს ხმოვანი საშუალებებით მატარებელში არ გატყობინებდნენ – თუ გარემოს არ იცნობდი, სხვა გზა არ იყო, გაჩერების სახელი ფანჯრიდან თავად სადგურის კედელზე უნდა ამოგეკითხა, რომ გაგეგო სად იყავი.

    ხოდა საუბარ–საუბარში შვიდი–რვა სადგური რომ გავიარეთ, ტვინში მაინც ამოტივტივდა კითხვა – ამა და ამ გაჩერებაზე ხო არ ვართ ახლათქო – გოგო საუბრიდან გამოერკვა, თავი ოდნავ დახარა, ფანჯრიდან რომ გაეხედა და წაეკითხა.

    ისევ დაბნევა დაეტყო, საუბარში გართულს თავადაც არ ახსოვდა ჩასვლა რომ უწევდა, უცებ საკუთარი სადგურის სახელი რომ ამოიკითხა – ერთი ნაბიჯი კარისკენ გადადგა, მერე უკვე ხალხის ნაკადიც მიაწვა, გაითრია – შორიდან:  Good bye-იო მომაძახა – “მაინც ორ საათში აქედან შორს მიდიხარ, აღარც რომ მობრუნდები” – ტვინში პრაგმატი გიო მძლავრობდა – შორიდან დავუქნიე ხელი..

    მატარებლით ტულუზისკენ მომავალმა ტელეფონით პატარა წერილი გავუგზავნე – იმ მომენტშიღა აღმოვაჩინე ნომერიც არასწორი რომ შემრჩა, რატომ ღელავდა ქერათმიანი გოგონა ასე არ ვიცი, მაგრამ როცა ტელეფონი გავუწოდე – შეგეხმიანებითქო, ერთხელ აკრეფილი ნომერი წაეშალა, მერე მეორეჯერ აკრიფა, რაღაც ნერვიულად გამომიწოდა უკან – არც ვიფიქრე ცამეტციფრა ნომერი, ასე დაბნეულს, დიდი რომ იყო შანსი არასწორედ დაეწერა.

    თუმცა ასე რომ არ იყოს, ეს მერე ჩემი ისტორია აღარც იქნებოდა – უკვე ვინმე სხვა დაწერდა სხვანაირად  – სადგურში როგორ გაარღვევდა გასასვლელში ათეულ გაჩხერილ კაცს, გაეკიდებოდა მაიდერს, მუხლებზე დავარდნილი აუხსნიდა, რომ მთელი ცხოვრება თუ ვინმეს ეძებდა, სწორედ ეს ქერათმიანი, ცოტა მორცხვი, თვალებმოციმციმე, იმედიანად მომღიმარე მშვენიერი ქალბატონი იყო..

წუთიც და..

უკვე მოძველებული ამბები გავიხსენო.. პარიზულ ორდღიანი ვოიაჟის ბოლო საათებიდან დავიწყებ.

ჭირივით აკიდებულ სარალიძესთან ერთად წავედი პარიზს. მატარებლის ბილეთები გვქონდა აღებული.  ბარგი გიოს მასპინძელთან დავტოვეთ, თავის ბილეთებიანად. გასვლის დროის ნახვა დამავიწყდა, ვიფიქრე სახლთან წასვლამდე კიდევ მოვხვდები და დროს ბოლო ბოლო მერე შევამოწმებთქო. არადა დღე ისე მიილია, მიზეზების გამო უკან აღარ მივბრუნებულვართ. შეცდომით ღამის 12 საათი მახსოვდა გასვლის დროდ.

ისე სულ რაღაც ერთი კვირა იყო გასული, ბარსაში რომ ჩავრჩი და ერთი დღე გავაცდინე სწავლების – თბილისიდან ამას ზარიც მოყვა და ზომიერი გაფრთხილებაც. იგივე რამის გამეორება ბევრად უსიამო შედეგებს მოიტანდა.

ჩემი ბიძაშვილის მეგობრებს შევხდი პარიზში და საღამოს მათთან ერთად გასეირნებას ვაპირებდი, სანამ ტულუზისკენ გავწევდი. ხოდა მეტროში ვსხედვართ და ელისეის მინდვრებისკენ გვაქვს გეზი.

ისტორიის განვითარებაც აქედან დაიწყო, ერთ–ერთ გაჩერებაზე გიომ: მოდი მე წავალ, ბილეთებს მაინც შევამოწმებ, 12–ზე ადრე არ იყოს გასვლის დროო, მერე მოგვიანებით შემოგიერთდებით. წამიც და მეტროს დახურულ კარის უკან გაუჩინარდა სარალა.

ხოდა სადღაც ვსხედვართ მე და ჩემი ბიძაშვილის ორი დაქალი, რავი რაზე ვსაუბრობთ, გიომ რომ დამირეკა:
– ბიჭო 12–ზე კი არა 11–ზე გადის ჩვენი მატარებილი. საათს დავხედე, კი არის დაწყებული თერტმეტი.

მე: – შენ ასწრებ მისვლას სადგურში?!
– კი ვასწრებ, 40 წუთი და მანდ ვიქნები;
– კაი მეც მოვდივარ, რომელი ვაგონია ჩვენი?
– 18–ე, ტელეფონი მიჯდება და შეილება ვეღარ დამირეკო;
– კაი შევხდებით ვაგონის ასასვლელთან.

– ხალხო გავიქეცით! – მეტროში იმდენი ხაზი იყო გამოსაცვლელი,  თამუნა და ნინოს გარეშე სანამ რუკებში დავიწყდები ქექვას, კი გავიდოდა საათზე მეტი. ათიოდე წუთი ეკლდა თერტმეტს, ჩემს მატარებლის ბაქანთან რომ მივირბინეთ.

გიორგას თვალი რომ ვერ შევავლე, უკვე უსიამოდ გამკრა გულში – ბოლოს რომ ველაპარაკე, ყველა ვარიანტში ჩემზე ადრე უნდა მისულიყო, გაცილებით ახლო მანძილი ჰქონდა დასაფარი. ტელეფონზე უკვე ვეღარ ვურეკავ.
– “ფუი ჩემი, ეგ იდიოდი ტო, ხო იცის ბილეთი არ მაქვს, სად ჯანდაბაში წავიდა”, არადა ბილეთებს ბაქანის დასაწყისში ამოწმებენ და ხალხს ისე უშვებენ. ნინომ უთარგმნა ჩემი გასაჭირი – მისი მეგობარი მეთვრამეტე ვაგონთან არისო, ორი ბილეთით და იქნებ იქამდე გაუშვათო.

ამასობაში ის დარჩენილი წუთებიც ილევა ნელნელა. მე უკვე ნერვიულ განწყობაზე ვდგები. დიდი ხვეწნის შემდეგ ბოლოს ვიღაც დაცვის ტიპს დაუძახეს, წაყევი და შეუმოწმე იქ ბილეთიო. ძლივს! მომეშვა ცოტა, დარწმუნებული ვარ გიორგა ვაგონის ასასვლელთან დამხვდება. თან გაბრაზებულზე შესაჯორად ვემზადები..

გავიარეთ მთელი 17 ვაგონიც. ბედად ამ დაცვის ტიპმა ინგლისური იცის. ჩემი ბრაზი ხელახლა კიდევ უფრო დიდი ძალით გაღვივდა, გიოს ჩვენს ვაგონთანაც რომ ვერ მოვკარი თვალი.

დაცვის ტიპი:
– გარედან ფანჯრიდან მოძებნი შენს მეგობარს, თუ აქაა დაუძახებ, ჩამოვა, ორ ბილეთს მაჩვენებს, აგიშვებ და წახვალო. არა და ისე იცოდე პრობლემა შეგექმნება ვაგონში თუ შესვლას დააპირებო.

გავდივარ ამ ჯანდაბა ვაგონის გასწვრივ, ფანჯარაში ვიყურები ნერვიულად და არ ჩანს გიორგა, ხალხი გაოცებული თვალებით მიყურებს, ჩემი ბრაზი იმატებს და იმატებს. დაცვა რაციით მატარებლის მძღოლს აყოვნებს, რომელიც თავის მხრივ გაბრაზებული ითხოვს დაძვრის ნებართავს.

– ამ მატარებელში უსიკვდილოდ უნდა მოვხვდე – გონებაშ სხვა აზრი არ მიტრალებს, არაა სხვა რეისი, ფრენა. გვიანია, ამის გაცდენა  ავტომატორად მორიგ ორშაბათის მიცდენას ნიშნავს. თან გადამწყვეტი ეტაპი არის სწავლების, სიმულატორების ბოლო სავარჯიშოები..

დაცვასაც უკვე მოთმინება ეწურება, დაძაბული მეუბნება:
– არაა აქ შენი მეგობარიო.
მე პასპორტს, მობილურს, რავი თუ რამე მიდევს ჯიბეში დაბლა ქვაფენილზე ვდებ:
– აგერ, ხო არსად გავიქცევი, ამიშვი ამ დედააფეთქებულ ვაგონში რომ ნორმალურად ვნახო ჩემი მეგობარი, იქ არის ყველა ვარიანტშითქო. უკვე მეც ცოფებს ვყრი.
დაცვა ასასვლელს მიღობავს, რაციით დახმარებას იძახებს, უკვე ჭიდაობაზე გადავდივართ, გონება იმდენად მქონდა გადაკეტილი, ერთი წამით არ დავუშვი აზრი, რომ გიო უბრალოდ იქ არ იყო – “უეჭველი ადრე მოვიდა, დაღლილი ვაგონში ავიდა, თავი მიდო სადმე სკამზე და მიეძინათქო”

გამცილებელი კარებს კეტავს, მატარებელიც გასვლის საყვირს უსტვენს. შორიდან, შორიდან ვიღაც ქალი მორბის – მაგდენი ფრანგული უკვე კი მესმოდა – მისი მეგობარი უკან ავიდა ვაგონშიო ორი ბილეთითო. დაძრულ მატარებელს შევახტი.

– ახლა გიშვებთ, მაგრამ იცოდე სხვა დროს ბილეთი თან უნდა გქონდეს!! გაბრაზებულმა მომაძახა დაცვამ – სხვა დროს მე აქ აღარ მოვხდები!

თავჩახრილმა გავიარე ჩემი ვაგონის ჰოლი, გაოცებული ორმოცდაათამდე კაცის წყვილი თვალი რომ მიყურებდა.. სადღაც შუა ვაგონებში შევეჩეხე როგორც იქნა გიორგას:

– სად ჯანდაბაში ეგდე! ისეთი ემოციური ყვირილამდე მისული ლაპარაკი წავიდა, ლამის უკვე გამცილებელმა ჩამოგსვა მატარებლიდან.

უამრავ მეტროს ხაზებზე გადაჯდომა–გადმოჯდომაში დაუკარგავს გიორგას იმაზე მეტი დრო, ვიდრე მე ვივარაუდე. ჩემს ნერვიულ სცენის ხარჯზე შეყოვნებულ მატარებელს ბოლო წამსღა მოუსწრო, ორი ბილეთი აჩვენა გამცილებელ ქალს და – ერთი აი იმ ტიპის ბილეთიაო, იქით, იქით გიჟივით ხელებს რომ იქნევსო.

ბედი ჩემი რომ ეს ქალი ფიზიკურად საკმაოდ კარგად მომზადებული არმოჩნდა, შესაშურად მცირე დროში დაფარა მეთვრამეტე ვაგონამდე მომსვლელი გზა და ჩემზე არანაკლებ გავეშებული დაცვა დროზე ჩამომაშორა – წუთიც და კარიერის მატარებელი ჩაივლიდა :))

Finish

მორჩა ხუთთვიანი ფრანგული ვოიაჟი და სწავლება. დღეს დიპლომებს ჩაგვახუტეს, საღამოს რესტორანს ვესტუმრებით, ხვალე ლუდით და არაყით ჩემ ოთახში გავილეშებით და ზეგ თვითმფრინავში პახმელიაზე გამოვალთ, მორიგ დღის დაწყებას ჰაერში შევხვდებით და ორშაბათს დილით თბილისში დავფრინდებით.

ბოლო თვე რომ დაიწყო წასვლის ხასიათზე ვიყავი, ეს დღეები კი რომ აბარგება დავიწყე, რაღაც გული მწყდება აქაურ სიტუაციაზე. თუნდაც ასე უფულოდ მაინც კარგი დრო ვატარეთ ქართველებმა ევროპელი ჯგუფელების კამპანიაში, ბევრი კაი ტიპი გავიცანით და ბევრი მოსაგონარით დავიტვირთეთ გონება.

26 წლის ასაკში ისევ სტუდენტურ ცხოვრებას დავუბრუნდი და აწი სიბერისკენ უფრო წავალ ვიდრე კიდევ რამე მსგავში ამოვყოფ თავს.

ვუბრუნდები ჩვეულ რუტინულ მომაბეზრებელ ცხოვრებას. მომენატრება აქაური სიტუაცია, დარტყმული იტალიელი ფაბიო, ლაღი ბრიტი ნიუტონი, დავითების ჩხუბი და კამათი, მე და სარალიძეზე აღარაფერს ვიძახი, მანჯგალაძის ტრაბახი, ივანაძის ქირქილი, სარალიძის ჯიუტობა, ვალას სენტიმენტალურობა, სამხარაძის შეფარული ბარონ მიუნჰაუზენობა, ჩემი თავი ენაკის სტანდარტულ ხელოვნურსაფარიან მოედანზე და ა.შ. და ა. შ.

შევხვდებით თბილისში

Barca… ???

ლამის ზაფხულისთვის დამახასიათებელი სიცხეების მერე ეს ორი-სამი დღეა ამინდი საპირისპიროდ შეიცვალა – წვიმს, აცივდა. ჩემოდნიდან უკვე მერამდენედ უკან ამოვიღე საგულდაგულოდ შენახული ტყავის კურტკა.

არადა პარასკევს ბარსაში გვაქვს დაგეგმილი წასვლა. ფორმულა ერთის გრანპრიზე გვინდა დასწრება. რაღაც პრობლემის გამო თავის დროზე ნეტიდან ბილეთები ვერ დავბრონეთ, ამდროისთვის კი ყველაფერი გაყიდულია და მგონი დავრჩით ისე.. ადგილზე იქნებ ვინმე გადამყიდველისგან ვიყიდოთ ბილეთი, ანაც ბავშვობაში გავლილი ქართული შეპარვის სკოლის მდიდარი გამოცდილების ხარჯზე შევაღწიო ღობის გადაღმა.. ხო კაი ვხუმრობ, რა დაგემართათ..

სხვა რა – ვიღაცასთან შევდივართ ბენზინის წილში და ისე მივდივართ ბარსასკენ ერთი 20-30 ევროდ, თუ ვინმეს კიდევ უფრო იაფად მგზავრობის გამოცდილება აქვს, მომწერეთ, მადლობელი დაგრჩებით. ღამეს ვიღაც პროგრამისტთან ვათენებთ, ასე საიტია და მისი წევრები ერთმანეთს უფასოდ სტუმრობენ. მოკლედ კაცი ნეტში კარგად თუ გაიქექება, ლამის უფასოდაც შეუძლია აქეთ-იქით იწოწიალოს.

ხოდა ასეა საქმე, ველოდებით პარასკევს.. რომ ჩამოვალ, იმედია ხალისიანი განწყობა მექნება შერჩენილი და რაიმე “საშინელი” ისტორიის მოთხრობა არ მომიწევს – თუ როგორ გიჟ მძღოლს გადავეყარეთ, ჩასვლამდე თმები რომ გაგვითეთრა; ჩვენი ძვირფასი მასპინძელი სინამდვილეში კაციჭამია მანიაკი რომ აღმოჩნდა და სახლიდან ძლივს გავასწარით; ბილეთები რომ ვერ ვიშოვნეთ ფ1-ის და ღობეზე გადაპარვისას პოლიციამ გაგვსკვანჯა და ვირის აბანოში წაგვაჩანჩალა; უკანა გზაზე წამოსვლისას პასპორტი რომ დავკარგეთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ :))

ენაკური ამბები

აგერ სამ თვეზე მეტი მიილია შუაგულ ევროპაში დავაბიჯებ. თბილისიდან ხალხი რომ მეკითხება, ჰა მოყევი აბა რა ხდებაო, პასუხი ერთია ხოლმე – დიდი არც არაფერი. ბევრი არაფერია მოსაყოლი.

გადავქექოთ ტვინი აბა ერთი რამე თუ ამოტივტივდება..

გრძელდება ჩემი ტანჯვა  კვირის დღეებში – დილის რვა საათზე ლექციების დაწყების გადამკიდე, სადილის ერთსაათიან შესვენებისას  რამის ჭამის ნაცვლად სასწრაფოდ ოთახში გავრბივარ და ტკბილ ძილს ვაცხობ, მერე ისევ მობილზე დაყენებული მაღვიძარას უკვე შეზიზღებული ხმა მაღვიძებს და დაპროგრამებული მივუყვები B07 ოთახის გზას..

ერთი ათზე მეტი საგანი მოვიშორე, რამოდენიმეღა დარჩა ჩასაბარებელი და ეგ არის. მაგრამ ყველაზე მთავარი გამოცდა მაინც წინ გვაქვს – სიმულატორები. ხოდა კი ვზივართ ახლა და გავდივართ ინტენსიურ პრაქტიკულ კურსს. მოსაბეზრებელ ავიაციის კანონების სმენას კი ჯობია – დღეში განკუთვნილი ორი საათი უცებ მიილევა ხოლმე.

ფაქტიურად კომპიუტერული თამაშივითაა – დაფრინავს ბევრი თვითმფრინავი, ზიხარ უყურებ “რადარის” ეკრანზე, მოშორებით “პილოტები” არხეინად ყავას მიირთმევენ, შიგადაშიგ შენთან კავშირზე გამოდიან, ჭირვეულობენ – ამა და ამ სიმაღლეზე მინდა “ავფრინდეო”. მერე ზიხარ და ნერვიულად ფრჩხილებს იჭამ, თვალებაჭრელებული სტრიპებს ჩასცქერი, სადმე რამე კონფლიქტური სიტუაცია ხო არ იქმნება…

” – Airfrance 123, climb flight level 320 ” – ბოლოს სიხშირეზე პილოტს დასტურს ვეუბნები,

“ქლაიმინ ფლაით ლეველ ტღი თუ ზეღო” – ისმენ პილოტის ფრანგულ აქცენტით უკუპასუხს.. უკვე შევეჩვიე..  და რა მაქვს სათქმელი, აქედან არც მე ვაკლებ – ფსევდოპილოტებს ჩემებურ ქართულ კილოზე მოდულირებულ ინგლისურს ვთავაზობ და ხანდახან გაგიკვირდება კიდეც კაცს, ყველაფერი მშვიდობით რომ ჩაივლის – ანუ არცერთი შეჯახება 😀

მერე ინსტრუქტორის დრო დგება, დიდ თაბახის ფურცელს გადმოიღებს და სადმე რამე შეცდომა თუ დავუშვი, ყველაფერი ჩამოწერილი აქვს – აქ ბორტის სხვა სექტორის სიხშირეზე გადაგზავნა დაგავიწყდა, იქ ჯობდა მარჯვნივ მოხვევა ოცი გრადუსით მეტი მიგეთითებინა, ეს თვითფრინავი მილანში მიფრინავდა დროზე უნდა დაგეწია დაბლა…

ვუუუ.. პატივცემულო ინსტრუქტორო ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ახალბედობის გადამკიდე სანამ დინჯად ყველაფერს კარგად არ გავიაზრებ, არ ვიძლევი მითითებებს და დიდი ამბავი მილანში მიმავალ თვითმფრინავს დროზე თუ არ დავწევ დაბლა – დაფრინდეს ათენში, დიდი სხვაობა ახლა ათენი, მილანი..

ხოდა ასეა საქმე, რჩება ბოლოს ლექციები და გიჟებივით გავრბივართ სათამაშო მოედნისკენ – Foooootball time!!!

ფესვები გავიდგით ხელოვნურსაფარიან მოედანზე. დიდი ფეხბურთისთვის ხალხი თუ არ გვყოფნის, ირვინის დამკვიდრებულ თამაშს ვთამაშობთ – ერთი კარში და დანარჩენები გარკვეული წესების დაცვით საჯარიმოს გარედან ცდილობენ გოლის გატანას.

ბურთი მიწაზე დაუშვებლად უნდა მიიღო პარტნიორისგან და ორ შეხებაში კარში დაარტყა, თუ გაიტანე მეკარეს ქულა აკლდება, თუ ააცილე, კარში შენ დგები. გრძელდება თამაში სანამ ვინმეს ქულები ნოლზე არ დაუვა. ხოდა საწყალი ის ვინც მაგ უბედურებაში გაყოფს თავს – წაგებული კარში მოკუზული დგება და თავის ძვირფას საჯდომზე იღებს დანარჩენი მოთამაშეების დარტყმას..

რაც გამოთბა, ახლა ჩოგბურთი შემოვიდა მოდაში – ნუ თავიდან სანამ შევეჩვეოდით ძირითადად ღობის გადაღმა გაგზავნილ ბურთების მოტანით ვიყავით დაკავებულები.. მაგრამ ნელნელა ისეთ ფორმაში შევდივართ, უკვე ვფიქრობ, ბარემ აქ ვარ და რამე დიდი სლემის ტურნირზე ხო არ მიმეღო მონაწილეობა..

ამასობაში შაბათ-კვირა მოდის და მთელი კვირის დაკლებული ძილის გადამკიდე გვძინავს მთელი დღე და ღამე. ნუ ხანდახან სხვა რამეც ხდება – წინა შაბათს თორნიკეს ინიციატივით (მანქანა შეიძინა და ცოტა ხელფეხი გაგვეხსნა) პატარა ტური მოვაწყვეთ. ნაცნობი კარკასონი დავათვალიერეთ, ამჯერად გაზაფხულის ფონზე. მერე გზა განვაგრძეთ და რაღაც სოფელი მოვინახულეთ. ბოლოს გემრიელად ბუნებაში ვივახშმეთ. მენიუში “კარფურის” ორცხობილების გარდა, ანას და ლეკას ნახელავი ბუტერბროტ-წიწილისმაგვარი რაღაცეები და ცოტა ალკოჰოლი გვქონდა და კი მოვედით ხასიათზე..

 ხასიათზე ხვალე არ ვიქნები.. დილით შვიდზე მაღვიძარა რომ დარეკავს ისევ :))

April

სამიოდე თვე მიილევა მალე, რაც აქ, ჩამოვედი. უამრავ ქართველს შევხვდი, ზოგი დროებითაა ჩამოსული – სწავლობს, ბევრიც არც აპირებს უკან მობრუნებას, ოჯახით არის დამკვიდრებული და სადაც ცხოვრება აქვს მოწყობილი, ყოფნაც იქ ურჩევნია.

ხოდა ამით იმის თქმა მინდა, რომ რა გასაკვირია ჩვენი ასაკის და ჭკუის ქართველებიც მალე რომ გამოვნახეთ და პერიოდუად ვიკრიბებით, ვერთობით. აგერ ერთ-ერთი ქართული ოჯახი აქვე გვერდით კამპუსში ცხოვრობს ( ანა და თორნიკე), აქვე ისწავლეს და სავარაუდოდ საქმე-სამსახურსსაც აქ გამონახავენ. წინა კვირას აღდგომის მეორე დღეს თავისთან მიგვიპატიჟეს – ანამ ხინკალი მოახვია, ჩემი კიბო გიორგა რომ არ ჩარეულიყო, დარწმუნებული ვარ უკეთესიც გამოუვიდოდა, სხვა ბევრი წვრილმანითაც სუფრა შეავსო და გემრიელად ქართულსაჭმელმონატრებულებმა მოვულხინეთ.

კვირა მიილია და საბილიარდოში დავგეგმეთ წასვლა. უღიმღამო ორი ხელის შემდეგ,  ძირითადად თეთრი ბურთის ჩაგდებას რომ ვახერხებდით, თამაშს თავი მივანებეთ, საჭმელ-ლუდ მომარაგებულები აქაურ მდინარის სანაპიროზე დავეშვით და წყნარ, თბილ აპრილის დღეს გემრიელი ვახშამი მოვაწყვეთ.

თორმეტისკენ იყო დრო წასული, დავიშალეთ. ენაკის შესასვლელთან ჩვენი ევროპელი ჯგუფელები დაგხვდნენ – ლუდით შეზარხოშებულებს ღამის კლუბისკენ ქონდათ გეზი. მათ შემხედვარეს აღარც ჩვენ მოგვინდა ოთახისკენ წასვლა და უკან, ისევ ქალაქის ცენტრისკენ გავწიეთ.

გაგრძელება მერე იყოს, დამეძინა კლავიატურაზე.

ნამდვილი ევროპელი,

    ქალის და მამაკაცის თანასწორობა ხო წარმოგიდგენიათ რა აქტუალური თემაა ამ შუაგულ ევროპაში – ტრანსპორტში რომ ზიხარ, ოთხმოცი წლის ბებო თუ შემოგხედავს მადლიანი თვალებით, ადგილი რომ დაუთმო, თორემ სხვა შემთხვევაში რომ წამოდგე, სულელურ მდგომარეობაში უნდა ჩაიგდო თავი და მეტი არც არაფერი.

    დათმობილ ადგილისკენ გოგო არც კი გაიხედავს; არ ელის და არც სურს ვინმემ ანგარიში გაუწიოს მის “სუსტ” სქესს. დარჩება სკამი ცარიელი, სანამ შემდეგ გაჩერებაზე ამოსული ვინმე არაბი მამრი არხეინად არ დაისაკუთრებს გოგოსთვის “სულგრძელობით” გათავისუფლებულ ადგილს. შენ იდგები ისე…

    კარებში გატარება, ბარგის გამორთმევა – ზედმეტ მოძრაობად ჩანს აქ ეს ყველაფერი.. ეჩვევი ნელ ნელა.

    ხოდა ესეთი ამბავია და ვზივართ ლექციაზე, რაღაც ნავიგაციის გაკვეთილი გვაქვს, ყოფილი ბოინგის პილოტი გვესწრება და შიგადაშიგ რაღაც ზოგად ამბებს გვიყვება – ერთი დღეაო, საშინელი გვერდითი ქარიაო, საერთოდ რომ აკრძალულია მასეთ დროს თვითმფრინავის აეროპორტში დაჯდომა და ერთმა ქალმა პილოტმა მაინც ჯიუტად გარისკაო, კი დასვა ის თვითმფრინავი, ( ერთ მომენტში ფრთითაც კი შეეხო ასაფრენ ბილიკს, იმდენად გადაყირავდა ქარისგან, youtube-ზე ნახავთ მაგ კადრებს ) მაგრამ მადლობის ნაცვლად არასწორი გადაწყვეტილების გამო წითელიც აუნთესო…

    გვარს აღარ დავასახელებ, ერთი ჩემი მოსახელე გიორგია – საფეთქელზე მიდებული თითი მაღლა აწია, ჰაერში ნახევარწრე შემოხაზა, გაკვირვება-აღშფოთებისგან ტუჩები წინ გადმობურცა და – ” უამრავი საქმეა რაც ქალმა უნდა აკეთოს, წავიდნენ რა მიხედონ.. საერთოდ არ მესმის პილოტობას, ასეთ საპასუხისმგებლო რამეს ქალს როგორ ანდობენ. ეგ კი არა, მანქანასაც კი ვერ ატარებენ წესიერად… ”

    ერთი რა სიტყვებით უნდა ავღწერო იმ წამის სახეები, ჩვენ გერმანელ ჯგუფელ გოგოებს რომ ჰქონდათ. არ მეგონა მათ რისხვას ცოცხალი თუ გადაურჩებოდა.. საღამოს კორიდორში ფრთხილად გამოვყოფდი ხოლმე თავს, მაინტერესებდა, ხომ მშვიდობა იყო ჩვენი გრუზინის კარებთან..

მარტის თოვლი

ტულუზაში ზამთარშიც კი არ ელიან თოვლიან ამინდს, იმდენად თბილი ჰავაა. იმ იშვიათ შემთხვევაში, როცა მსგავსი ნალექი მოდის, საჯარო ტრანსპორტი მოძრაობას წყვეტს, ერთ სანტიმეტრზეც რომ დადოს – კანონია ასეთი. მერიას არანაირი თოვლის გამწმენდი ტექნიკა არ გააჩნია. ხოდა, მარტის პირველი კვირა მიილია და დილით რომ გავიღვიძე, ფანჯრებზე ჟალუზი ავწიე და ძლიერი თოვა გამეჩხირა თვალებში. მომიწია უკვე შენახული თბილი ქურთუკის უკან გამოღება. ნამძინარევი, სიცივისგან მობუზული გავემართე ლექციის ოთახისკენ.
ოთხი ტესტი მოვიტოვე უკან, რაც მთავარი მიზანია, ყველა ჩავაბარე, მაგრამ ნერვებს მიშლის საკუთარი დაუფიქრებლობით დაშვებული ელემენტარული შეცდომები. ნუ ეს უკვე ჩავლილი ამბავია. ბოლო ლექცია გაგვიცდა, ამ დრომდე ინტესიურად თოვს და ტულუზას მახლობელ სოფელში მცხოვრებ ჩვენმა ლექტორმა – ორი საათი თქვენთან რომ დავრჩე, შინ ვეღარ უნდა ჩავაღწიოო – ბოდიში მოგვიხადა და სახლისკენ გაწია. ვზივარ ახლა ბიბლიოთეკის ოთახში და ამ ორიოდე წინადადებას ვწერ უხალისოდ – რამოდენიმე წუთში ოთახისკენ გავწევ, სადაც რა, მომიწევს დავჯდე და მორიგ ტესტისთვის დავიწყო მზადება. აქაური გარემოც მოსალოდნელზე უფრო მალე გახდა ერთფეროვანი.