აგრასკენ

უზარმაზარ დელიზე წარმოდგენა შეიქმნა, აბა ერთი-ორი დღე იქ გაჩერება რა საკმარისი იქნებოდა. გეგმაში არც გვქონდა იქ დიდხანს დაყოვნება და მესამე დღეს მატარებლის სადგურისკენ ვქენით პირი – ბილეთები ვებზე გვაქვს ნაყიდი.

ადგილობრივი აგვეკიდა – “ტაქსი ხომ არ გინდათო”, სადგურში ვართ უკვე, ვერაფრით გავაგებინეთ, რომ არა, არ გვინდოდა. დაგყვება ფეხდაფეხ:

“Just Help!!!” – გაიძახის ყოველ წამს, “და თუ ამასობაში ტაქსიც დაგჭირდათ, აქა ვარ!”

ჩვენი მატარებლის ძებნა-ძიებაში მართლა მოგვეშველა ბაქნის პოვნაში, ატუზული არ გვცილდება. კონტროლს მივადექით.. ვეღარ გავიგე როგორ მოვქცეულიყავი – თან კიდევ იქით ვიუხერხულე, ამდენი დრო “დავახარჯინეთ”, არც მისი ტაქსით ვისარგებლეთ. ჯიბიდან კუპიურა ამოვაცურე, გავუწოდე..

სახე აელეწა, წარბები მოეღუშა, ხელები გაასავსავა და უკუსვლით მოგვშორდა. მოკლედ მგონი ამ პატიოსან კაცს ვაწყენინე, მაგრამ მართლა არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი.

ამობეჭდილი ბილეთები კონტროლიორს გავუწოდეთ და…

თურმე რაის ბილეთი… ინდოეთია, ნებისმიერ სერვისზე უზარმაზარი მოთხოვნით. ჩვენი “ბილეთი” მხოლოდ waitlist იყო. ანუ თუ ვინმე გააუქმებდა თავის ჯავშანს, რიგითობით შეიძლება გაგვმართლებოდა და მატარებელში მათ ნაცვლად ადგილიც შეგვხვედროდა..

მერეღა დავაკვირდით ფურცელზე მინაწერს, 78-ე თუ რაღაც მასეთი დიდი რიცხვი ეწერა მოლოდინის რეჟიმში ჩვენს რიგითობას.

რა გასაკვირი, არც გაგვიმართლა. ტყუილად მივედით სადგურზე. ყველა მატარებელი გადაძეძგილია. სალაროში იმ დღეზე ბილეთი ვერაფერი ვიყიდეთ. სინამდვილეში არც მომდევნო დღეებზეა რაიმე თავისუფალი..

სალაროში ვინც შეგხვდა, დიდად ინგლისურად კარგად არ სხლავდა. ერთი “tourist center” გავიგეთ, და ნუ ალბათ იქ რამე რეზერვი შეილება იყოს ბილეთებისთქო, რიკშა დავიჭირეთ და რა მისამართიც გვითხრეს, იქით გავწიეთ.

მიგვიჩერა მძღოლმა რაღაც შენობასთან და “ესაა თქვენი ტურისტული ცენტრიო”..

რიგი მწარე გაკვეთილები ამ დროისთვის უკვე გავლილი გვქონდა, შესაბამისად თავს შევუძახეთ. ოფისში რომ შევაბიჯეთ და “სიხარულის” გამომხატველი ღიმილით ხელებგაშლილები შეგვეგებნენ, უკვე იქ ვიცოდით, რაღაც ისე რომ ვერ იყო.

– “No any train for today,”
– “Bus?!
– “No bus, Sir…”

თვალები დაგიელამდებოდა კაცს მათი მოქანქარე თავის შემხედვარეს…

მოკლედ შავი ფერები დახატეს და გამოსავლის ძიებაში თავიანთი სერვისის მანქანა შემოგვთავაზეს:

– “150 დოლარი და აგრაშიც ჩაგიყვანთ, მერე ჯაიპურშიც, საჭმელ-სასმელსაც არ მოგაკლებთო” – მეტი რაღა ქნან ამ პატიოსანმა ხალხმა?!

გადავხედეთ ერთმანეთს – “რა ავტობუსი არ იქნება, ესენი ხომ არ უბერავენ?!”, გამოვლაგდით. თან მოგვსდევენ, შემოგვტირიან, “დაფიქრდით, ასეთ კარგ წინადადებას სხვაგან ვერსად მოისმენთ!”

ერთი კვარტალი არ გაგვივლია, იმ შენობის კოპიო კანტორა გაგვეჩხირა თვალებში – დიდად აწერია: “Tourist center”.

– “თქვენ ვინაღა ხართ”,
– “ჩვენ?! რას ქვია ვინ? ოფიციალური ტურისტული ცენტრი!”
– “აბა ის პატიოსანი ხალხი?!”
– “მაიცა თქვენ იქ იყავითო?!” – თავში შემოიკრეს ხელი, გაეცინათ – “ეგ ხალხი, პატიოსნების რა გითხრათ და აფერისტები კი არიანო. აქ ოფიციალური ტურისტული ცენტრი, ეს ჩვენ ვართო”

შევედით ოფისში, რაღაც იგივე ზღაპრები მოვისმინეთ. მივხვდით, დროს ვკარგავდით ამ მისტიური ოფიციალური კანტორის ძიებაში და ვარჩიეთ ისევ რიკშების ზღვას შევრეოდით:

– “ავტობუსის სადგურში გვინდა, ხომ სადგური… სადაც ბევრი ავტობუსი დგას!..”

შუშის თვალებით გვიყურებდნენ, იმ არეში ისინიც შეკრულები არიან “ცენტრებთან”, თავს აქნევენ, “მასეთი არაფერი ვიცითო”.

როდის როდის, ვიღაც დავიჭირეთ. ალბათ იმ რაიონიდან არ იყო, კარისკენ მიგვითითა – “დასხედითო..”

“ავტობუსები არ იქნება.. არ იქნებაო”..

თვალი ვერ გაწვდება სივრცეს – ოთხთვალების ჯარია ჩაწიკწიკებული.. თითოეული მათგანიდან ვიღაცას აქვს თავი გამოყოფილი და მთელ ხმაზე მიმართულებას გაჰყვირის..

ჩვენებური დიდუბე მონაგონია, “ერთი კაცი და გავეეეედიიიით, ქუთეიიიისიიიი!!!”.. ყვირილი კი არა, ღრიანცელია, ხმაურის უძირო ოკეანე. ერთი ეგ არის, იქაურები ბევრად მუსიკალურად რითმავენ შეძახილს და სულ სიმღერ-სიმღერით გიწვევენ ინდოეთის მაშტაბით “საუკეთესო ავტობუსით” სამგზავროდ.

ჩვენც ერთ-ერთ ასეთ საუკეთესოში აგვისრუტეს, სადაც კონდიციონერის რა გითხრათ და ფანჯრებზე შუშები კი აკურატულად დაეხსნათ, იქნებ აუტანელ სიცხეს ასეთ “ვენტილაციის” ფონზე მაინც გაუძლოთ..

“გრა, გრა, გრა, გრა… ” – არ იღლება, რა დავარქვა ამ პროფესიას, მოკლედ კლიენტის მომზიდველი პიროვნება. ისე ჩქარად გაიძახის ამ ერთ სიტყვას, ცოტაც და “გრა” “აგრად” კონვეტირდება – ერთ ხმოვანზე დაწყებულ-დამთავრებულ ქალაქის სახელად…

ცოტაც და ტრასაზე “მივსრიალებთ”.. ჰაერის ჭავლი სახეში გვეხლება, მძღოლი კი საჭეზე სიგნალის ღილაკს გამუდმებით უსინჯავს – “აბა ხომ კარგად მუშაობსო..” და გამაყრუებელი ხმაურის ფონზე კმაყოფილი მიერეკება სიძველისგან დაჩაქჩაქებულ ავტობუსს..

ერთი-ორი საათიც და უკვე აგრას “ქუჩებში” მივაბიჯებდით.. ქალაქი, სადაც ცნობილი ტაჯ-მაჰალის ტაძრის ნახვაა შესაძლებელი.

ინდოეთი

ათი წელი გავიდა, მას შემდეგ რაც მე და კოკამ ბარგი ავისხით და თვეზე მეტი ქართველებისთვის არცთუ კარგად ნაცნობ მიწაზე სამოგზაუროდ წავედით.

ამდენი დრო გავიდა და რომ გადავხედე ამ ჩემს ჩანაწერების სივრცეს, თავის დროზე სულ ორიოდე კინკილა სიტყვა თუ დავუთმე მაშინდელ თავგადასავლების მოყოლას… არადა იმდენი დეტალი უკვე მივიწყებული მაქვს… ჯობდა არ მეზარმაცა.

და რატომ მივუბრუნდი ამდენი ხნის შემდეგ ინდოეთს?! ამას წინათ ისევ კოკამ მშვენიერი წიგნი გამომიგზავნა – გრეგორი დევიდ რობერტსის “შანტარამ”, სადაც ავტორი ფაქტობრივად ავტობიოგრაფიული შინაარსის ტექსტს გვთავაზობს – ერთ დროს ავსტრალიის ციხიდან გაქცეული და ინდოეთს თავშეფარებული კრიმინალი საოცარ თავგადასავლებს გვიყვება, იქაური მრავალფეროვნება მოაქვს ცხვირთან, ადგილობრივ ყოფას აცოცხლებს მკითხველისთვის (შანტარამზე სხვა დროს ვისაუბროთ)..

ამ წიგნის კითხვით განწყობაზე მოსულმა, აგერ დავდე ერთი ადგილი და ვეცდები გონებაში შემორჩენილი ამბები ამოვქექო…

ფიქრი არ მტოვებს, რამდენად აჯობებდა ჩემს მოგზაურობის დაწყებამდე გადამეშალა ეს ტექსტი, მერე იქაურ ქაოსისთვის და თვალის ერთი შევლებით შემაბეზრებელ გარემოსთვის იქნებ სხვანაირად შემეხედა და ჩემი თავგადასავალიც ბევრად უფრო საინტერესო და შინაარსის მქონე გამხდარიყო…

ასე კი… მოკლედ, მე რობერტსად არ გამოვდგები, არც მასავით მძაფრი ამბები გადამხდენია, მაგრამ რაც არის ეს არის, ჩემი მოგზაურობა, გონებაში დალექილი, მივიწყებული ემოციები… ვეცდები ცოტათი მაინც გავაცოცხლო..

Delhi

კომფორტულ თანამედროვე აეროპორტიდან გამოდიხარ და ცხელი, ნოტიო ჰაერის ნაკადი გეჯახება პირდაპირ… კანი ეგრევე წებოვანი გიხდება და სამოსი ორგანიზმს ეზილება… სანათების შუქზე მილიონობით მწერი ირევა.. შორიდან ქალაქის გუგუნი ისმის, უთვალავი მანქანის, რიკშების, ორთვალების ძრავის ხმაური.

გვიანი საღამოა. იაფფასიანი ჰოსტელი გველოდება ღამის სათევად და მძღოლი, ვინც ჰოსტელამდე მიგვიყვანს. გზა აღარ გასრულდა.. ქაოტური მოძრაობა, გამუდმებით სიგნალის ხმა.. დაღლილები გარემოს ჯეროვნად მაინც ვერ აღვიქვამთ – ერთი სული გვაქვს საწოლს მივაღწიოთ და ხანგრძლივი, დამღლელი მგზავრობის მერე თავი ძილს მივცეთ..

ჰოსტელი ყველანაირ ცუდ მოლოდინზე უფრო უარესი დაგხვდა.. მხოლოდ ეს კია, მასპინძელი იყო მომღიმარი და თვალებმოციმციმე.. ოთახი კი.. ძველი საავადმყოფო გადაკეთებული სასტუმროდ.. კედლები, ძველი კლინიკა რომ გინახავთ, ფერდაკარგული კაფელით მოპირკეთებული, მოღუშული გარემო..

წამოვწექით დაღლილები.. მგონი მაგარი დათრგუნულები, არცერთს დანა პირს არ გვიხსნის. გულში უკვე დღეების გადათვლაც რომ დავიწყე – “რამდენ ხანში წავალ აქედან?!”

მოგზაურობა არცთუ დიდი ხარჯებით გავთვალეთ, არანაირი კომფორტული სასტუმროები. ფაქტობრივად როგორც ადგილობრივი ღარიბი ფენა ცხოვრობს, ისეთივე ერთი თვე გველოდება.. ან ცოტას ვაჭარბებ და შედარებით უკეთესი…

დელის იქაური უბანი სრული ქაოსია.. ტროტუარი, გზა პირობით მცნებებია.. სადაც კი საშუალებაა, ადამიანები დაბუჟღაობენ და დღიურ ლუკმაპურის საშოვნელად სახელდახელო ხუხულები წამოუმართავთ… დალაქი პირდაპირ ტროტუარზე პარსავს ვიღაცას წვერს.. იქვე ერთი დანებს ლესავს, მეორე რაღაცას კემსავს.. მესამე ექიმობს და კლიენტისთვის გამობმული ძაფით კბილის ამოძრობას ცდილობს..

საშინლად გამწლეული ტიპი თავის “კარეტას” გვთავაზობს და თავადვე ხელით მიგვაგორებს.. გგონიათ მისი წვალება გვინდოდა?! ვერაფრით დავაჯერეთ, ორი კაცის წონის თრევა არცთუ გონივრული საქმე რომ იყო.. ჯიუტად ერთი-ორი რუპიის საშოვნელად თავის “ტრანსპორტში” გვეპატიჟებოდა..

მერე იყო პირველი შეხება რიკშებთან და მათი მეპატრონეები. ფასზე “მოლაპარაკების” ხელოვნება და ბევრი ვაჭრობა. მერე, მერე, იქაურობას რომ შეეჩვევი, მერეღა ხვდები რამდენად ძვირს გცანცლავდნენ ახალბედა ტურისტებს მომღიმარი მძღოლები… და პრინციპში არამარტო ისინი..

გელაპარაკებიან, გელაპარაკებიან…

– “Where are you from?”
– “Georgia..”
– “Ahhh.. nice people.. very good country”

მაინც გიქებდნენ ქვეყანას, მერე რა რომ წარმოდგენაც არ ჰქონდათ, სად იყო ეს ჩვენი ჯორჯია..

საიდუმლოდ “გაგიმხელდნენ” ერთი საოცარი მაღაზიის ადგილს, “მე თუ მიგიყვანთო..” მხოლოდ შედით, დაათვალიერეთ, ნუ იყიდით კაცოო, მე დაგიცდით რამდენხანსაც გინდათ, მაგის თანხას არ დაგითვლით, თქვენი რა მიდისო..

ხოდა წაგვიცდა ფეხი და ადგილობრივი სამოსის სამკერვალოს მივაშურეთ – რიკშას მძღოლმა ბედნიერმა გაგვაქროლა..

– “ვნახოთ უბრალოდ?!”
– “ვნახოთ!”

დახელოვნებული პერსონალი გამოსრიალდა დახლებიდან,

– “Just have a look”,

ჩაი მოგვირბენინეს, ნაკეთობები გადმოგვილაგეს – თვალწარმტაცი ფერები გადაიშალა ადგილობრივი წარმოების ქსოვილის..

გველაპარაკნენ ისტორია, თუ როგორ კეთდება. ტრადიციაზე – რატომ არის უნიკალური, გველაპარაკნენ, გველაპარაკნენ, გველაპარაკნენ და მიუხედავად იმის, რომ “მხოლოდ დასათვალიერებლად შევედით”, მაინც “ხელებდამშვენებულები” გამოვბრუნდით.

– “წავიღოთ რა ბარემ, საჩუქრად..”

მძღოლს მაღაზიიდან წილი გარანტირებული ჰქონდა ჩვენნარი ბატი ტურისტების მირბენინებისთვის. სულ სტვენა-სტვენით წაგვაჩაქჩაქა მანამდე საითკენაც გვქონდა დაგეგმილი გზა.

დღეების მერე მსგავსი “უნიკალური ნაკეთობა” მრავლად გვხვდებოდა ადგილობრივ ბაზრობებზე, ქუჩებში, მოსიარულე “მაღაზიებში”… ნახევარ, მესამედ ფასში და თუ შეევაჭრებოდი, ალბათ კიდევ უფრო იაფადაც.. რისთვის დავიმძიმეთ ზურგჩანთა?! ფული კიდევ ჯანდაბას.

მაგრამ, ჯერ კიდევ “მწვანე” ტურისტები ვიყავით – გონებაში ადგილობრივი რუპიები დოლარებში გადაგვყავდა და ყველაფერი იმდენად იაფი იყო, ვერც წარმოვიდგენდით, ადგილობრივი საზომით მაინც რამდენად ძვირს ვიხდიდით – ეს იქნებოდა ტაქსი, საჭმელი, თუ რაიმე სუვერინი და ნაკეთობა..

მერე კი იყო აგრასკენ წასასვლელი გზის ძიება და “ტურისტული ფირმა”.. რომელზეც უკვე შემდეგ ნაწილში მოგიყვებით..