ობუდა, ბუდა და პეშტი

DSC_0298            ქალაქი

სწორედ ამ სამი დასახელების ქალაქის გაერთიანებით წარმოიქმნა ბუდაპეშტი მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსკენ, უნგრეთის მშვენიერი დედაქალაქი.

მანამდე კი მუდმივი ხიდიც კი არ არსებობდა დუნაიზე, რომ ქალაქ პეშტიდან ბუდას და შედარებით უფრო ძველ ობუდას მხარეს გადასულიყო მოსახლე. მხოლოდ 1849 წელს გაიხსნა ჯაჭვის ხიდად წოდებული ინგლისელი ინჟინრის უილიამ კლარკის მიერ აგებული პირველი მუდმივი ხიდი.

პეშტის ნაწილი თუ სწორ არეზეა გაშლილი, უამრავი პარალელური და ურთიერთმკვეთი ქუჩებით, თავის ისტორიულ ნაგებობებთან შერწყმულ თანამედროვე არქიტექტურით, ბუდა და ობუდა მთის ფერდობზეა შეფენილი – ბევრად უფრო სიმწვანეში ჩაფლული, მშვიდი, აქტიური ცხოვრების ხმაურიან რიტმს მოწყვეტილი.

ქალაქის არქიტექტურას თავის დაღი ჯერ მეორე მსოფლიო ომმა დაასვა, როცა გერმანულმა ჯარმა იქაურობის დაცლისას დუნაიზე არსებული ყველა ხიდი ააფეთქა. ხოლო შემდეგ იყო 56 წელი და კომუნისტური წყობის წინააღმდეგ მომხდარი აჯანყება, რასაც ქალაქში რუსული ტანკების შეყვანა და ისევ ნგრევა მოყვა.

შესაბამისად ქალაქის უმრავლესი ნაგებობა ბოლო პერიოდშია აშენებულ-რესტავრირებული, მაგრამ შენარჩუნებულია ძველებური სტილი. ერთ რამედ ღირს მეტროს ძველი ხაზით მგზავრობა, რომელიც კონტინენტურ ევროპაში უძველესია – კოპწია მატარებლის ვაგონები ბავშვების გასართობ ატრაქციონს წააგავს, ხოლო მეტროს თითოეული სადგური ძველ მუზეუმს უფრო მოგაგონებთ, ვიდრე მეტროსადგურს, ისე გემოვნებით არის გაწყობილი.

DSC_0223პირველი დღე

ხოდა ამ მშვენიერ ქალაქს ვეწვიეთ შუა სექტემბერში ჩვენი სამსახურის სამოყვარულო ფეხბურთის გუნდი, ევროპის სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ავიაციის თასზე სათამაშოდ.

მანამდე კი იყო ღამე მგზავრობა – სტამბოლში ჩაფრენა, იქ სამსაათიანი ლოდინი და კიდევ ორი საათი უნგრეთის დედაქალაქამდე.

გამთენიისას ბუდაპეშტს ვუწიეთ. სასტუმროში ოთხამდე არ გვეკუთნოდა შესვლა და სხვა რა გზა იყო – ბარგი მისაღებშივე დავტოვეთ და მიუხედავად იმის, რომ იმ წამს ძილის გარდა არც არაფერი გვინდოდა, დროის მოსაკლავად ქალაქის დასათვალიერებლად გავწიეთ.

პირველი უცხოელი “ტურისტი” ვინც ვნახეთ, იქვე საქაბაბეში მომუშავე ჩვენ მეზობელ ქვეყნის მკვიდრი იყო – ვონცეს ახპერ?!–ო, გიორგამ ღიმილით რომ მიაძახა. ცოტა გაკვირვებულმა კი შემოგხვედა, მაგრამ ალბათ “თანამემამულეებად” მაინც არ მიგვიღო, გულგრილად გვერდზე გაიხედა და თავის საქმე განაგრძო.

მერე იყო უფრო საინტერესოც, როცა აღნიშნულ საქაბაბეში შიმშილს წარმატებით მოვუღეთ ბოლო და ცოტა თვალებიდანაც გამოვიხედეთ – ქალაქის სილამაზე იქით იყოს და გულს კიდევ უფრო მშვენიერი მაღალ ფეხებზე შემდგარი კოხტა გოგოების სიმრავლე ახარებდა – ჩვენი ყურისთვის საოცრად უცხო ენაზე რომ ჟღურტულებდნენ.

ქალაქ–ქალების თვალიერებაში რამოდენიმე საათიც სწრაფად მიილია და მთელი ღამის უძილოებს, ბოლო ბოლო სასტუმროში რომ შეგვიშვეს, მკვდრებივით ჩაგვეძინა.

საღამოს თერტმეტი იქნებოდა, ისევ შიმშილმა წამოყო თავი და ღამის ქალაქს მივაშურეთ..