იწამე გადარჩენა

    ვფიქრობ შემდეგი მცირე ამონარიდიც აქტუალურია დღევანდელ ყოფაში. პარალელების გავლება ადამიანს არ გაუჭირდება, თუ რა გარემოში ვიცხოვრეთ და ვცხოვრობთ, მას შემდეგ რაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ.

    უშუალოდ ჩემთვის კი ორმაგად საინტერესოა ეს ტექსტი, რადგან ცხოვრებაში დაშვებული ბევრი შეცდომა სწორედ ამ ნაწერში მოყვანილ დამოკიდებულებიდან – “მოლოდინიდან” მომდინარეობს.

აკაკი ბაქრაძე
კინო, თეატრი
“იწამე გადარჩენა” 1985 წ.
ფილმზე – “ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა”, რეჟსორი გიორგი შენგელაია, ეკრანიზაცია ოთარ ჩხეიძის რომანის “ბორიაყი”

    “… სხვაგვარად გაიგო ეს სიტყვები შალვა ეთერელმა: თბილისში უნდა იყოსო… მან დედაქალაქში საიდუმლო მიხმობად ჩათვალა. აღელდა, აცეტდა, აფუსფუსდა ძველი ოფიცერი. მოსვენება დაკარგა. ღამით ჩუმად ადგა, თავლიდან ცხენი გამოიყვანა და თბილისისკენ გამოეშურა. დილით კი მკვდარი მოასვენეს შინ. ასე საბედისწეროდ დამთავრდა შალვა ხეთერელისთვის გმირის, წინამძღოლის მოლოდინი. უსასრულო მოლოდინმა საღი განსჯის უნარი დააკარგვინა, გარემოების ფხიზლად შეფასების ნიჭი წაართვა, არარსებული არსებულად მოაჩვენა, სუსტი მუსიკოსი ბიჭი დიდი საიდუმლოს მფლობელად და გმირად წარმოადგენინა.

    შალვა ხეთერელის ბედი არ არის ოდენ პიროვნების ბედი. უსასრულო მოლოდინის შედეგად ასე შეიძლება დაემართოს მთელ ხალხსაც. ხალხსაც შეიძლება აერიოს თავგზა და ის მოეჩვენოს, რაც არ არსებობს. გმირად და წინამძღოლად ის იწამოს, ვინც საამისოდ არ გამოდგება. იმას ენდოს, ვინც მოატყუებს და უფსკნულში გადაჩეხავს. როცა არსებობს სურვილი, ნატვრა, მოლოდინი გმირისა და წმინდანისა, ნამდვილი კი არ ჩანს მის ადგილს ცრუგმირი და ცრუწმინდანი იკავებს. თან სრულიად დასაშვებია, რომ ეს ცრუგმირი და ცრუწმინდანი სულაც არ იყოს თაღლითი, ცრუპენტელა, ყალთაბანდი, შეგნებულად ავისმოქმედი, არამედ იყოს უბრალო, გონებასუსტი, მალემრწმენი კაცი. ის პიროვნება იყოს, ვინც რუასის (გონება) სიდუხჭირის გამო იოლად იჯერებს, რომ მასაც შეუძლია დიადი მისიის შესრულება. ასეთ ადამიანებს, ნებით თუ უნებლიეთ, დიდი უბედურება მოაქვთ..”

    იქვე რამოდენიმე აბზაცის შემდეგ:

    “.. ვერ იხსნა ისინი კარჩაკეტილობამ, დუმილმა, მყუდროებამ. როცა ბოროტი და კეთილი იბრძვის, არჩევანი თავად უნდა გააკეთოს კაცმა, თორემ ძალით გაგაკეთებინებენ და არა კეთილის სასარგებლოდ”

    განა განმარტება უნდა ამ აბზაცს? ყველა ვინც ხმას არ ამოიღებს იმაზე, რაც მიუღებელია, ქცევით არ გამოხატავს თავის პოზიციას, სიმართლეს არ გამოესარჩლება სადაც საჭიროა, ნებით თუ უნებლიედ ბოროტის სამსახურში დგება.

    და ბოლოს აკაკი ბაქრაძე ამ ჩანაწერს თავად რომან “ბორიაყიდან” ამოღებული ციტატით ასრულებს :

    “… და მიდიან ისინი – კეთილშობილნი, ჭკვიანნი, მშრომელნი, ჯიში და ლაზათი ერისა, მაგრამ უღონონი და უძლურნი – მზით გადამწვარ–გადახრუკულ ხრიოკზე და უდაბნოს მდუმარებას არ არღვევს ჩქამიც კი, ოღონდ ყურში წივის სიტყვები: ნუ მიენდობი სიმუხთლეს ბედისა, განსჭვრიტე ჭეშმარიტი, იწამე გადარჩენა, გადარჩენა იწამე, გადარჩენა იწამე, გადარჩენა იწამე. გაჰფანტე აღრევანი გონებისა, სულმოკლეობა მორჩილებისა, აღამაღლე სული უძველესი ხალხისა, სული უკვდავებისა, სული უკვდავებისა…”

მერე?!

როგორ იყო?!
რავი მივდიოდი ჩემთვის ქუჩაზე..
მერე?
მერე გავიხედე იქით და დავინახე.
რაო მერე?
რა რაო, უბრალოდ დავინახე.
ხოდა რომ დაინახე რაო მერე, რა მოხდა
რა უნდა მომხდარიყო, ცოტახანი ვუყურე, მერე კი მიეფარა ქუჩას..
მერე შენ მასე იდექი?
არა ჯერ ცოტა გავიარე, მერე ვიდექი..
კაცო რომ გაირე საით გაიარე – არ გაეკიდე გოგოს?
არა არა, რა გავეკიდე, იქით არ მივდიოდი..
იქით არ მიდიოდი?!
ხო სხვა მხარეს მქონდა გზა..
რას ამბობ კაცო?! ამისთანა რა საქმე გქონდა?
პრინციპში არც არაფერი..
არაფერი?! და.. აბა ვერ გავიგე..

მერე?!
რავი ვხედავდი დრო და დრო ასე.
ნუ დამტანჯე.. მერე რა რომ ხედავდი?
ვხედავდი რა, გამარჯობასაც ვეუბნებოდი უკვე..
ჰეჰ გამარჯობასაც კი?! ვა, საერთოდ აზრზე ხარ შენ?
რაიყო? გამარჯობას–თქო ხო, გამარჯობას,
რამდენი მოგისწრია,
ის კი მიღიმოდა…
გაგხსნია ბედი, აბა?!
შენ მაშაყირებ ახლა..
მგონი შენ უფრო მაშაყირებ..
ხოდა ბევრი რომ აღარ გავწელო – შემიყვარდა..
შენ ბიჭო?! – გამარჯობამდე ერთი საათი ვერ მიხვედი, და შეყვარება ასე ერთ ფრაზაში ჩაატიე?!
ხო რაიყო?! რათ უნდა მაგას დიდი ფილოსოფია..
ეს შენ მე მეუბნები მაგას?
მთის კიდემდეა ძნელი აბორტყება, თორემ იქიდან ჰოპს და გადაჩეხვას რა დიდი ბედენა უნდა?!
დაიწყო ახლა ამან.. ხოდა მერე გააგრძელე,
მერე არც არაფერი, ასე გადიოდა დრო..
და ეს არის სულ?
სულ რა, ერთხელ ვილაპარაკეთ კიდეც..
არა შენ მგონი მართლა დამცინი..
ხო, ვილაპარაკეთ.. საოცარია, ასე ფიქრით ზუსტად გამოიცნო ადამიანი..
გამოიცნო?!
ხო რა, არანაირი გრძნობა უცხოობის, თითქოს დიდი ხნის უნახავ მეგობარს ვესაუბრებოდი..
რაო მერე?
ისეთი არაფერი – ზოგად თემებზე ვისაუბრეთ, მითხრა პიცაზე ვგიჟდები, ყავას ძაან ხშირად ვსვამ, ქართულ ლუდზე კი საერთოდ ჭკუა მეკეტებაო. და ბოლოს რაღაც მათემატიკური ამოცანაც კი ამომახსნევინა..
რაო?!
ხო რავი, ეგ მეც ცოტა უცნაურად მეჩვენა, მარა..
ხოო.. დიდი ხნის უნახავი მეგობრებივით გისაუბრიათ – მეც მასე ყრმობის ძმაკაცს რომ შევხვდები, პირველი ჯერ ერთ რამე კაი განტოლებას დავუსვამ, და თუ ამოხსნა, მერე სხვას რამეს ვკითხავ..
ხოო?!
რა ხო ბიჭო.. ხაარ ამ ქვეყნის საერთოდ? მერე რაო ამოცანები რომ გამოიცალა?
რაღა უნდა ყოფილიყო? დავემშვიდობე..
სხვა მხარეს გქონდა გზა?
რავი სად მახსოვს..
მე მახსოვს..
ვა?
მერე?
მერე დაიკარგა, ქუჩაზე რამდენი არ ვისეირნე, დაიკარგა..
ვახ, აბა ასე მორჩა ამბავი. და ამას მიყვებოდი ამდენხანს?
ხო რავი.. იმ დღეს დამესიზმრა უბრალოდ და გამახსენდა

ვიჯექი უზარმაზარ დარბაზში, უამრავი ხალხი ირეოდა.. ბუნდოვნად ვხედავდი სახეს, ხალხის მასა მეფარებოდა თვალზე.. მერე შემოტრილდა, ხალხი სადღაც გაქრა, სახეს უკვე მკვეთრად ვარჩევდი, მოციმციმე თვალებს, ლამაზ ნაკვთებს, დამაკვირდა, დამაკვირდა და ბოლოს გამიცინა.. მე კი ვიდექი ბედნიერი..

მცირე ამონარიდი #1

    რაღა ჩემი აზრები ვწერო, ამ კატეგორიაში გაცილებით ჭკვიანი ხალხის ნაწერისგან ამონარიდებს შემოგთავაზებთ – მოკლე აბზაცები იქნებ ხელად შემოგეკითხოთ და ამის მერე თუ მოინდომებთ და მთლიანად წიგნსაც წაიკითხავთ, ხომ მთლად გადასარევი.

კინო, თეატრი
“ქართული ფილმი” 1974

    საბჭოურ დროში დისერტაციის დაცვის მანიაზე აკაკი ბაქრაძე მოგვითხრობს:

    “უძველესი წესი და კანონია: თუ ეკონომიკურად წელგამართული ხარ, საზოგადოებაშიც პატივცემული და მიღებული ხარ. იყავი თუ გინდა გალაკტიონი, თუ “კატა გიჭყავის” ჯიბეში, ზედაც არავინ შემოგხედავს. კლინიკური დეგენერატიც რომ იყო, თუ დასტა–დასტა თუმნიანები გიდევს ჯიბეში, ყველასთვის სათაყვანებელი კაცი ხარ. შენ წინაშე სულ ასფალტზე ურახუნებენ თავს. მართალია, ამხელა მატერიალურ უპირატესობას კანდიდატის ხარისხი ვერ მოგცემს, მაგრამ გარკვეული მინიმუმი გარანტირებული გაქვს.

    ამასთანავე კანდიდატის პოზიციას დოქტორობის იმედიც ამაგრებს. უფრო შორი პერსოექტივაც არსებობს – კათედრის გამგეობა, ინსტიტუტის რექტორობა, აკადემიკოსობა. არც ესენია ძნელად მისაღწევი და საოცნებო, ოღონდ კარგად უნდა იცოდე, ვის როგორ დაუკრა თავი, ტაში როდის დასცხო და, რაც მთავარია, შენზე ერთი საფეხურით მაღლა მდგომის ყოველი ნათქვამი ეჭვმიუტანელ სიბრძნედ უნდა მიგაჩნდეს”.

    ჩემი აზრით ამ ტექსტში აღნიშნული ხალხის სიმცირეს არც ამ ოცდამეერთე საუკუნეში განვიცდით, ან იქნებ კიდევ უფრო ჭარბად არიან ამ ტიპის ადამიანები მოზღვავებულნი.

ცოტა რამ ლიტვურ სტუმრობაზე

    ამას წინათ ჩვენთან სტუმრად მყოფი ერთი ლიტველი კოლეგა მეკითხება:
    – “აი დავდივართ ქალაქში და სადაც კი გაიგებენ რომ ლიტველი ვარ, ყველა თბილად მხვდებაო, რატომ ვუყვარვართ ქართველებს ასე ძლიერო?!”

    რაც პირველი მომადგა ენაზე, ის ვუპასუხე – მეზობლები არ ვართ და ალბათ მაგიტომ–თქო.

    მთელი 21 კაცი (აქედან ნახევარი ქალი, ან თითქმის ნახევარი) გვესტუმრა თბილისს სამი დღით ლიტვიდან. გაგვიკვირდა რომ გავიგეთ, მხოლოდ ორი მათგანი არ იყო უშუალოდ ნავიგაციის მოხელე:
– იქ ვინღა დატოვეთ სამუშაოდ? – პირველი ეს კითხვა დაგვებადა.

    თავიდან კი აეროპორტში მომლოდინეს თვალში ბარგის კალათში მოთავსებული გალეწილი ლეონიდი მომხვდა, სეროგამ მხიარულად რომ გამოაგორა.

    მერე ბოლოს კიდევ ცოტა არ იყოს ჩვენ სტუმრებზე არანაკლებ მიკვირდა, ასეთი რა სიყვარული დაიბადა ერთად გატარებულ რამოდენიმე ათეულ საათში, უკვე უკანა გზაზე აბარგებულ ლიტველებს ლამის ცრემლიანი თვალებით რომ ვაცილებდით.

    ისე გამოსამშვიდობებელ ბანკეტზე გვარიანად შეზარხოშებული კი ვუმტკიცებდი ერთ–ერთ გოგონას, ამ ქართველებმა ყველაფერი არანორმალური ვიცით–თქო. ის არ ვიცი რამდენად დამიჯერა – აქაურებზე შეყვარებული აქტიურად რაღაც საწინააღმდეგოს კი მიმტკიცებდა.

    მანამდე მცხეთისკენ მიმავალთ საუბრისას, ამჯერად ფხიზელს, ორჯონიკიძე ამომიტივტივდა გონებაში, როცა რაღაც სტალინზე მკითხეს და ჩვენი დარიგებული ტერიტორიები სულ კვადრატულ მეტრების სიზუსტით მოვახსენე გულმოსულმა.

    ყველაზე ბედნიერი კი ტიმოფეი, როგორც მე გამეცნო – თეიმურაზი იყო. ლიტვაში ქართველი მამაოს მრევლი, მუდამ პირგაბადრული კაციშვილმა რომ არ იცოდა დღის განმავლობაში სად დაიარებოდა – მერე მომიყვა – თუ რამე ეკლესია იყო თბილისში, ყველა მათგანი რომ მოეარა.

    მცხეთაში ქალაქის დათვალიერების შემდეგ შიმშილს სალობიეში შევუტიეთ და ქართულ საჭმლით მადააღძრულმა და ღვინით შეზარხოშებულმა გაიმ ჩვენებურ ხასიათის შესაქებად ებრაელების სიძუნწე მოიყვანა მაგალითად..

    ლეონიდის სახე არ დამავიწყდება:
    – ხო იცი ჩემი ნათესაური კავშირი მაგ ერთან?! – ღვინით საღერღელაშლილ ჩერჩეტ მოხუცს შეუტია – რა გინდა ახლა, მაგ სიტყვებით მე შეურაცხმყოფ, თუ გინდა მაწყენინო?!

    გაშრა გაი, ბოდიშებად დაიღვარა. მერე მეც ვისარგებლე მომენტით და ცალკე მოვუბოდიშე ლეონიდს.
– “კი მარა შენ რა შუაში ხარო?!” – დამამშვიდა.
– მე ხომ ამ ყველაფერს მშვიდად ვუსმენდი?!

    ჩუმად ხარ – ისმენ, ხოდა ვისმენთ, მერე ვიჯერებთ, მერე ვივიწყებთ და მერე აღარ მოვყვები რა ხდება.

    მერე მეტი რაღა მოგიყვეთ?! ეგ ხომ ისედაც იცით მანდილოსნების, დედმამიშვილების და ასე შემდეგ სადღეგრძელო რომელ ჯერზე ისმევა, სიჩუმის მოთხოვნით, ხმაურის ფონზე!

    ბოლოს იყო პახმელია..