ევროტური (III ნაწილი)

ტურინი

ტურინი მოჟამული ამინდით დაგხვდა.

აეროპორტიდან ფეხით მატარებლის სადგურისკენ წავედით. ხალხი შეთხელდა, ალაგ ალაგ თუ მოკრავდი ვინმეს თვალს. ერთი ბილეთების შესაძენი აპარატი იდგა და ისიც გაფუჭებული. ბაქანზე ავედით – “ტურინი” დიდად აწერია მიმართულებას. სავარაუდოდ ემიგრანტი ფერადკანიანი მაინც მე მეკითხება – “ქალაქში საიდან გადის მატარებელიო”. არ ვიმჩნევ იტალიური რომ არ მესმის, ხელით ვანიშნებ, სწორ ადგილზე დგახართქო.

უბილეთოდ წასვლას ვერ ვრისკავ და უნიფორმაში გამოწყობილ ტიპს მივადექი. დააძრო წინა საუკუნისდროინდელი ჩეკები და კალმით რაღაც მიაჯღაბნა. რამოდენიმე ევრო გადავუხადე და ცოტახანში მატარებელიც მოგორდა.

იუვეს გულშემატკივრობის ხათრით, სანამ მილანს გავეშურებით, აწ უკვე “ალიანსარენად” წოდებულ ბებერი ქალბატონის საშინაო არენაზე მინდა მოვხვდე. ქალაქში ტაქსი ფიზიკურად ვერ დავლანდეთ, ავტობუსზე კი მძღოლი ფულს არ იღებს და სამგზავრო ბილეთის შესაძენად აპარატები არც ქალაქში დაგხვდა.

ვდგავართ ასე, ვერ მივმხვდარვართ როგორ მოვიქცეთ – ისევ უნიფორმაში გამოწყობილი ტიპები დავლანდე. გამიმართლა – ძლიერი იტალიური აქცენტით, მაგრამ ინგლისურად მიპასუხა ერთ ერთმა. რთული სქემა დამიხატა, როგორ უნდა მოვხვდე არენაზე – ბილეთების დასტა გადმოალაგა.

ვიღაც მოხუცმა ჩაგვიარე – უკმაყოფილო სახით, ხელის აქნევით ეჯუჯღუნა კონდუქტორებს. აღშფოთებული ემოცია არც ამათმა დააკლეს, სამთითშეერთებული ხელის წინ და უკან ქნევას მოჰყვნენ და სულ “კომუნისტო” ეძახეს ხანშიშესულ კაცს.. გული კი დამწყდა, დავის მიზეზი და შინაარსი რომ არ მესმოდა, რა ჰქონდათ მოხუც “კომუნისტს” და ახალგაზრდა პატიოსან კონდუქტორებს გასაყოფი..

მერე იყო ლამის საათიანი დანჯღრეულ გზებზე ავტობუსით ჯაყჯაყი და მძღოლმა რომ გვანიშნა, აქ უნდა ჩამოხვიდეთო, ცოტა გულს კი შემომეყარა, ისეთ უბანში ამოვყავით თავი.

დავითას, მე და იაგოსგან განსხვავებით, ფეხბურთი სულ ერთ ადგილზე ახატია და იმ მოხუცის არ იყოს, ახლა უკვე ეს აჯუჯღუნდა – ვერბალურად მრავალფეროვანი სიტყვებიც შეგვაშველა, თუ რას ფიქრობდა ჩვენზე და ტურინის იუვენტუსზე..

ხოდა ამ ლანძღვის სმენას, ჩვენი “ფეხბურთის მოყვარული” მეგობარი მაკდონალდს შევატოვეთ – შიმშილს და დარდს ცოტა იქ მოიკლავდა, ჩვენ კი გზის გადაღმა აღმართულ ნაგებობისკენ ვდურთეთ თავი.

სამწუხაროდ სტადიონის ბოლო ტურზე ორი-სამი წუთი დავაგვიანეთ. არადა მანამდე მაღაზიებში რომ არ შეგვევლო, კი მივასწრებდით.

ასე წამოვედით ქალაქის ცენტრისკენ – ბებერი ქალბატონის არენაზე მოხვედრა გაურკვეველი წლებით მერისთვის იქეთ გადავდე.

ავტობუსი, ფეხით ცოტა სეირნობა და მატარებლის სადგურსაც მივადექით. სანამ ბინდი ჩამოწვა, ვაგონის ფანჯრიდან თვალისთვის უცხო ადგილების თვალიერებით ვიქცევდი თავს. ორიოდე საათიც და მალე უკვე მილანის ქუჩებშიც მივსეირნობდით.

წვიმიანი საღამო, დაღლილობა..

სამაგიეროდ ღამის სათევად მშვენიერი ბინა შეგვრჩა ხელში – დიდი აივნით და სივრცით.

მაცივარში ლუდი ცივდებოდა.

მონცა

ჩვენი არ იყოს სხვა ბევრი ტურისტიც დაბნეული დააბიჯებდა შაბათ დილით “მილანო ცენტრალის” ბაქანზე და ვერ გაგვეგო, მონცაზე რომელი მატარებელი გავიდოდა.

ბოლოს ძლივს ვიღაცამ ადამიანურად აგვიხსნა – აქ არა, გარიბალდის სადგურს მიაშურეთო. უკვე ცოტა არ იყოს ვაგვიანებდით.

ხალხით გადაჭედილი მატარებელი, რა გასაკვირი, უმრავლესად წითელში გამოწყობილი. ცოტაც და მონცაზე ვართ. ტრეკზე რიგებში დგომას და მსუყე თანხის ხარჯვას იქვე სადგურზე კაფეტერიაში დანაყრება ვარჩიეთ და უკვე ბედნიერები ისევ ხალხის წითელ ცოცხალ ზღვას გავერიეთ.

ოთხი წლის შემდეგ მონცაზე ისევ დავბრუნდი და უკვე ნაცნობ ტყე-პარკში ზურგზე ფერარის ლოგოიანი დროშაგადაკიდებული მივაბიჯებ.

თუმცა ტრეკზე შესვლისას დაცვამ უიმედოდ გაასავსავა ხელები: “ტარი, ბოდიში მაგრამ ვერ შეგატანინებთო, უნდა გააძროო”.

მე კი გაოცებული მზერით უკვე შემოწმებაგავლილ ტრიბუნისკენ მიმავალ ფანებს ვუყურებდი, ლამის სამსართულიან დროშებს ბედნიერები რომ მიაფრიალებდნენ.

პარაბოლას ვუწიეთ, მალე კვალიფიკაციაც დაიწყო და იყო ერთი მხიარულება და ხორხოცი ფერარიმ რეისის სტარტისთვის პირველ-მეორე ადგილი რომ “დაჯავშნა”

ერთი ის იყო, ჩემპიონობისთვის ფერარისტებისთვის სების პოული უფრო სასურველი შედეგი იქნებოდა, მაგრამ კიმიმ პატარა სასწაული მოახდინა და ფეტელს ცხვირწინ ააწაპნა სასტარტო მოწინავე ადგილი.

იქვე იყო ლუისაც, საკმაოდ მცირე ჩამორჩენით.

წინაკვირანდელი ფერარის დომინაცია ბელგიაში და სასტარტო მოწინავე ადგილი მხოლოდ იოლ გამარჯვების მოლოდინის გემოს ტოვებდა და ფანები იმასღა არჩევდნენ, კიმი რეისის დროს სებს ადგილს დაუთმობდა, თუ სპორტულ პრინციპებს დაიცავდა ფერარი და თანაგუნდელების სამართლიან რბოლას ვიხილავდით.

ამ დროს რას ვიფიქრებდით სინადვილეში კვირას ნეგროს ტრიუმფის საყურებლად თუ დავუბრუნდებოდით მონცას.

როდესაც სტარტზე სებმა ზედმეტი მოინდომა და კიმის მომენტალურად შეუტია, ცუდ ტრაექტორიაზე აღმოჩნდა და იქით გაუხდა ლუისას მოძალებისგან პოზიცია დასაცველი, რასაც პატარა კონტაქტი და სების 180 გრადუსიანი მოცურება მოჰყვა, შესაბამისად ბოლო ადგილი და რეისის ჩაფლავება.

ლუისამ კი ტემპი აკრიფა და კიმის “კუდზე მიაჯდა”. ფინელმა ზეწოლას ვერ გაუძლო, საბურავები ცვითა და ორი საათის შემდეგ ჩვენი ნეგრო პირველ ადგილზე იტალიელი ტიფოზების სტვენის ფონზე მოზეიმეც ვიხილეთ.

თუმცა ძაან წინ გავიჭერი..

მანამდე კი, შაბათ საღამოს, ჯერაც სულ სხვა მოლოდინებით აღსავსეებმა დავტოვეთ ტრეკი და კვალიფიკაციამოლეულზე გზად ნაცნობ სანაყინეშიც შევირბინეთ .. თავს ვერ დავდებ, ამ ოთხი წლის თავზე იგივე პერსონალი თუ დამხვდა იქ, მაგრამ ვინც იყვნენ, ეშხიანობა და სილამაზე არც ამ ახალებს დაეწუნებოდათ რამე და მერე ვერც იმას ვიტყვი, ნაყინის ჭამით თუ მათი ცქერით უფრო ვტკბებოდი შემდეგი რამოდენიმე წუთი (არა, ნაყინიც ძაან მიყვარს..).

ავტობუსი, მატარებელი, ისევ მილანს მივუბრუნდით.

დრო საკმაოდ გვქონდა და რაღაც კარტინგის ცენტრი დავძებნეთ, ლამის მალპენზას აეროპორტამდე ჩაგვიყვანა ტაქსმა, მისამართი რომ ვუთხარით.

აქ კი პირველობა თორნიკემ არავის დაგვანება. პრინციპში ცოტა დათოსთან მოუწია ჭიდაობა, თორემ მე რა, ჩემი მძღოლის უნარებით კონკურენციის გაწევა დაახლოებით ჰონდასძრავიანი მაკლარენით რამის მიღწევის ცდას წააგავდა – დავკატაობდი ჩემთვის წყნარად და ერთ-ორ ჩემნაირ მაჩანჩალა იტალიელს თუ ვუმწარებდი ჯერაც ბედნიერ საღამოს.

საღამო ბედნიერი აღარანაირად აღარ იყო ადრენალინმომატებულებმა და დაღლილებმა კარტინგის ცენტრი რომ დავტოვეთ და აღმოვაჩინეთ, გარშემო არც მეტრო, არც ავტობუსი, არა ტაქსია..

რას ვიზამთ?! წამოვედით ფეხით. კიდევ ხომ ერთ-ორ კილომეტრში ტრამვაის ხაზს გადავაწყდით და მალე თავიც სამშვიდობოს დავიგულეთ.

რეისის დღე

მერე იყო კვირა დღე, რომელზეც ასე თუ ისე უკვე მოგიყევით.. და ბევრად აღარც მინდა გავიხსენო..

თუმცა მანამდე მონცა რეისამდე უბრალოდ წითელ ფერში ჩაიხრჩო.. აი რა ადგილის პოვნა?! ხალხმა – დილის 8 ზე მოვედით და უკვე დასადგომ ადგილსაც ვეღარ იპოვიდიო.

მოლოდინგაღვიძებული იმდენი იტალიელი მოაწყდა იქაურობას, რეისს ცოცხლად უბრალოდ ვერ ვუყურე – ზღვა ხალხის კედელი იყო აღმართული ჩემსა და ტრეკს შორის, სადაც კი დადგომა ვცადე და ბოლოს ნერვებაშლილი ბალახზე წამოვკოტრიალდი და მონიტორიდან ვიხილე ფერარის ჩაფლავება.

იყო დიდი აღშფოთება და ხელების ქნევა, სება რომ დაბზრიალდა და მგლოვიარე სახაეები და აწ უკვე რეისის ბოლოს არც თუ ისე ამაყად მოფრიალე ფერარის წითელი დროშები.

და პარალელურად დავითა სიხარულის პიკში, ლამის მარტო რომ გულშემატკივრობდა ნეგრის ვერცხლისფერ მერსედესის შედევრ მანქანას…

და სულ სულ ბოლოს იყო კიდევ ერთი აფრენა.. და ქუთაისი.