ვარშავა
დეკემბერი 30, 2012 %(count)s კომენტარი
საბოლოოდ მარტოს მომიწია წასვლა. გარეთ ყინავს, ასე მინუს ცამეტ/თოთხმეტი გრადუსია. ქუჩაში ათიდან ორი–სამი კაცი თუ გპასუხობს ინგლისურად. რუსულზე ლაპარაკიც ზედმეტია – ერთი, ხო ერთი კაციც არ შემხვედრია ვინც რუსულად დამელაპარაკება.
ხოდა ვისმენ მათ პოლონურს, სინამდვილეში საკმაოდ რომ წააგავს რუსულს. ვიჭერ საერთო სიტყვებს, ცოტაც ჟესტიკულაციის მიშველიება და საუბრის შინაარსიც ასე თუ ისე გასაგები ხდება. მერე მადლობას ვიხდი და ვაგრძელებ გზას.
სიცივისგან გათოშილი, რომც არაფრის ყიდვა მინდოდეს, დროდადრო თავს რაიმე მაღაზიაში შევჩურთავ ხოლმე. ცოტას გაყინულ სხეულს გავითბობ და მერე ისევ გარეთ “სასეირნოდ” გამოვდივარ. ქუჩაში ხალხი კი გიჟურ ტემპით დადის – ფეხს ვერ აუწყობ, არადა ნელი სიარული თითქოს თავადაც არ მახასიათებს.
ტრანსპორტში ოთხი დღის მეცადინეობა საკმარისი არ აღმოჩნდა სამგზავრო ბილეთის შესყიდვა პატიოსნად დამეწყო – ხან აპარატი არ დამხვდა, ხანაც ქაღალდის ფულს არ იღებს ეს აპარატი, ხან კი სპეციალური სამგზავრო ბარათი არის საჭირო. მძღოლი კი უსიამოდ იჭყანება ფულს რომ გაუწვდი, სანამ ხურდას მოქექავს..
დიდი ზარალი მაინც არ მივაყენე ვარშავურ მუნიციპალიტეტს – სულ ორიოდე გაჩერებაში ვარ ცენტრიდან და მუსიკის სმენა–სმენით ხშირად ფეხით მივუყვები უკვე ნაცნობ ქუჩებს.
სიცივე შარშან მოვლილ ცხელ ინდოეთზე მაწყებინებს ფიქრს – იქ ორ ნაბიჯში სამასი კაცი რომ გკითხავს, საიდან ხარო?! აქ კი დადიხარ შენთვის. კაციშვილი არ ინტერესდება, ზედმეტ კითხვას არ გისვამს. თუ რამე გაგიჭირდა, მერე კიბატონო – გულიანად გეხმარებიან, კეთილგანწყობა მოდის.
საღამოს კი მრავალი ბარი და ალკოჰოლი. იცოცხლე, ხმაური და მხიარულება ამათი უნდა ნახო. ერთ ჭიქას მეორე მოსდევს, სხეული თბება, გონება იბინდება. მუსიკა ცოცხალი და ენერგიული ამჩატებულ კაცს გიყოლიებს.. გარშემო ყველა ცეკვავს, ცეკვავ შენც. ვიღაცას უღიმი, ისიც გიღიმის..
– და თქვენი სახელი?
– ადრიანა..
18-22 დეკემბერი
კომენტები