ზამთრის მიწურულს

ზამთარია, ასე თუ ისე მაინც სიცივე და ტრადიციულად სიზარმაცის პერიოდი. ბევრი თითქოს არც არაფერი ხდება გარშემო და მაინც მივუჯექი აქაურობას, მოვყვე ამბები, რაც ეს თვეები ხდებოდა.

სექტემბრის დასაწყისში თამარას პატარა შეეძინა და ჩემი უმცროსი დაც ახალი, დედის სტატუსით წარგვიდგა. სამსახურიდან პირდაპირ სამშობიაროში რომ წავედი, სადაც ოჯახის წევრები და გიოს მეგობრები მოყრილიყვნენ.

ანუშკი, რომელიც თათას პატარაობის სურათებს თუ ავიღებთ, ჩემთვის ძალიან ჰგავს ჩემს უმცროს დაიკოს. ერთი ჭკუამხიარული ვინმე მოგვევლინა ქვეყანაზე – საკმარისია ცოტა გაეთამაშო, ყურებამდე პირგახეული რომ გიცინის და რეაგირებს სხვების მიმიკებზე და ხმაზე.. მეც ხუმრობით პატარა თათუშკის ვეძახი და ცოტა დაბნეული ვუყურებ ამ ჩემს უმცროს დას ახალროლმორგებული რომ ეფერება და ეთამაშება თავის პატარას – ვისი გამოისობითაც მისი იაპონიაში მოგზაურობა გვერდზე გაჩოჩდა და ნაცვლად პამპერსების გამოცვლაში გაატარა შემდგომი თვეები..

მე კი ამომავალ მზის ქვეყანას მივაშურე და იქიდან მობრუნებულსაც არაერთხელ მომიწია მეპასუხა კითხვაზე – “აბა როგორი იყო იქაურობაო?!”

ზეპირი თხრობა აშკარად არ მეხერხება და ხშირად არ ვიცოდი რა მეპასუხა ხალხისთვის, ვინც მოლოდინში იყო, თუ ახლა როგორი აღფრთოვანებული მოვყვებოდი ჩვენგან ასე შორიელ ქვეყნის ამბებს.. სიმართლე ვთქვა, მერჩივნა, საერთოდ არაფერს თუ მკითხავდნენ..

და ხშირად უბრალო ბრტყელი ფრაზებით შემოვიფარგლებოდი, რადგან მეთვითონ მიჭირდა გამეაზრებინა, “როგორი იყო იქაურობა…” და მერე მერე, მძიმედ, ნელ-ნელა ამოვდღლეზდი საკუთარ თავს ამბის მოსაყოლად ერთ-ორ სიტყვას..

თუ როგორ ვერ შევიცანი იქაური გარემო ენის ბარიერის გადამკიდე, კაციშვილი ინგლისურად რომ არ ლაპარაკობდა.. იქაც ჩემი ცოდნის (ანუ უცოდინრობის) პრობლემასაც ვახსენებდი, რაიმე შინაარსი შეეძინა იქაურობას.. ალბათ მეტი ინფორმაცია უნდა მიმეღო წასვლამდე და ცოტა მეტი წიგნიც წამეკითხა იაპონურ რეალობაზეთქო.

წესრიგი და პროგრესი?! კი, მშვენიერი იყო, მაგრამ ისედაც შინაგანად წესრიგის მოყვარული კაცი ვარ და ეს უბრალოდ ჩემთვის ბუნებრივი მდგომარეობა იყო და არა რამე აღტაცების მომგვრელი.. ემოცია და შოკი ინდოეთში უნდა გენახათ, როგორი მივიღეთქო.. როდესაც მართლაც ჩვენი რეალობისგან აბსოლიტურად განსხვავებულ სამყაროში ამოვყავი თავი – ქაოტურ, მრავალფეროვან, ღარიბ, მაგრამ მაინც – ბედნიერი ხალხის გარემოში.. იაპონია კი თავის ჩაბეტონებული მეგაპოლისებით და შრომისგან გადაქანცული ხალხით ცოტა დეპრესიული მეჩვენა..

სხვა რა ხდებოდა, უკვე თბილისში რომ მოვბრუნდი?! სამსახურში განათლების კუთხით შემოთავაზება მივიღე და ცხოვრებამ რამე თუ მასწავლა, ეს გაჩენილი შანსის გამოყენებაა და მეც დავთანხმდი – პერსონალისთვის რიგი კურსების დაგეგმვა, თეორიული მასალის შედგენა და ამ კურსის გაძღოლა-ჩატარება, რაღაც ასეთი დამევალება.

მანამდე კი თავად ვისწავლი, ყოველივე ეს სწორად როგორ მოვახერხო, როცა მარტის დასაწყისში ლუქსემბურგში წავალ. შემდეგ იქნება აპრილი და ხერესი, ესპანეთის სამხრეთი.

ძირითადი საქმე ისევ ფრენების კონტროლი იქნება – საქმე, რომელსაც აგერ ათი წელია უკვე ვაკეთებ და ჯერაც არ მომბეზრებია, ერთგვარი ჰობის ელფერი რომ გასდევს. სივრცე, ბევრი მფრინავი ელემენტი და შენი გონება, როგორ გაანაწილებ ამ “წერტილებს” დროში და სივრცეში, ისე, რომ არავინ არავის უშლიდეს.. რაც უფრო შეუმჩნეველი რჩები, მით უკეთ რომ გიკეთებია ე.ი. საქმე.

მერე ვდგები სამუშაო პულტიდან და მთელი დარჩენილი დროც უკვე შენვე გეკუთვნის. რაშიც გინდა, იმაში რომ გახარჯავ.. ვერაფერს იტყვი – საკმაოდ დიდი ფუფუნებაა..

მაგრამ ამავე დროს, ვერ ვიტყვი, რომ რამე პროდუქტიულის კეთებაში “ვხარჯავ” ამ დროს – ყოველივე ამას მაინც აქვს თავის “ფასი” და ღამის თენების შემდეგ არეული დღის რეჟიმი არის ის საფასური, რისი “გადახდაც” მუდმივად მიწევს.

დღე-ღამე კი ბოლო თვეებია გემრიელად ამერია, თავისუფალ დროსაც გვიანდაძინებული შუადღეგადაცილებულზე რომ ვიღვიძებ – დღე რომ ლამის უკვე ჩავლილია და ძილისგან გაბრუებული არც თუ ისე ეფექტური ვარ.

ერთი ეს არის, ისევ აქტიურად ვკითხულობ ლიტერატურას და ვიძირები სხვის თავგადასავლებში. თავად კი დიდი არაფერი მოლოდინები მაქვს და გარემოსგან მხოლოდ იმას ვიღებ, რასაც “ლანგარზე” გამზადებულს ცხოვრება ისედაც მომართმევს.

რადგან ასეთი განწყობის გამომუშავებას თავადაც შევუწყე ხელი, დიდად აღარც ის მადარდებს, რამე თუ “ისე არ ხდება”, როგორც, ოდესღაც რომ ვოცნებობდი, მინდოდა ყოფილიყო.

ხოდა ვარ ასე, მექანიკურ ორგანიზმად გადაქცეული, რომლის მართვაშიც ემოციები ნაკლებად იღებს მონაწილეობას, არ ვცდილობ რამე ან ვინმე “გადავაკეთო”. ვიღვიძებ, როდესაც საქმე მაქვს. მძინავს, თუ ბუნებრივი მოტივაცია არაა გაღვიძების. ვმუშაობ, იმიტომ რომ ფინანსური რესურსი შევინარჩუნო. ვთამაშობ რაგბს, ვკითხულობ წიგნს, ხანდახან ხალხურ სიმღერაზეც გუნდთან ერთად ვმღერი და დიდი ემოციური რყევების გარეშე დღე დღეს მისდევს.