ჰაერში…

წელი არ დაწყებულა, მიწაზე ფეხი არ დამიდგამს.. ეს ისე, გადატანით მნიშვნელობით..

იანვარი, ტულუზა და კასტრი, მერე ამერიკული მიწა, ბოლოს კი ისევ ევროპა – ბელგია და პარიზული ფინალი.

ამ მომენტისთვის ისეთ უცნაურ ვირუსს ვებრძვი, ქართული პოლიტიკური გარემო რომ ბევრად მდგრადია, ვიდრე ჩემი მდგომარეობა – გავა საათი და მგონია, რომ უკეთ ვარ, მერე უცებ ისევ შემიბრუნებს, სუნთქვა მიძნელდება და ხველებით მგონია სიცოცხლეს ვემშვიდობები..

მერე ისევ, იგივე წრე და უკვე თავბრუ დამეხვა ამ მონაცვლეობით და სახლში გამოკეტილი აგერ ამ ჩანაწერს მაინც გავაკეთებთქო..

ძვირი დამიჯდა 26 მარტი და სტადიონზე ბერძნებთან ჩვენი ტრიუმფის ყურება…

შტატები

ამერიკაში წასვლა კი… მეგობრებს ახალი სახუმარო თემა მიეცათ, როდესაც გაფრენამდე სულ ხუთი დღით ადრე თუ გადავწყვიტე იქ წასვლა და ბილეთების ყიდვა, როდესაც თანამშრომელმა – “წამომყევიო რა”… შემომთავაზა და მეც ბევრი აღარ მიფიქრია…

ასე დავფრინდი კენედის საერთაშორისო აეროპორტში თებერვალის რომელიღაც დღეს.. მანჯგალაძე კი… მას თუ არ იცნობთ, აქ გამიჭირდება მოგიყვეთ, როგორი ადამიანია ეს ჩემი თანამშრომელი და მეგობარი..

აეროპორტში მამამისი შეგვეგება და ბრუკლინისკენ გავწიეთ.. ჩინელებით სავსე უბანში, სადაც ლამის ყველა მაღაზიას ჩინური წარწერები ამშვენებს.. ალაგ ვერც ქართულ, 90-იანების გადმონაშთ “საზოგადოებასთან” შეხვედრას გაექცევი.

“კომუნალკებს” საბჭოურ დროში ავცდი – კი, სულ ექვსი წელი მომიწია “წითლობა”, მაგრამ მაინც.. და ამერიკაში უკვე ვეღარ დავუსხლტდი. სახლის ორ ოთახში პოსტსაბჭოური სივრცის სხვა წარმომადგენლებს დაედოთ ბინა. ერთი კი მე და მანჯგოს შეგვრჩა, საზიარო სველი წერტილით. თუმცა ისე მიილია იქაური ორი კვირა, ორჯერ ან ვნახე, ან არა ეს ჩემი სახლის თანამოზიარენი… ხმა ისმოდა, არსებობდნენ, მაგრამ მათი სილუეტის დალანდვას ალბათ რაღაც სხვა ნიჭი სჭირდებოდა.

მე და მანჯგოს დღის განსხვავებული განრიგი გვქონდა. მე ჩემებურები მოვინახულე – ნინას სახლში სტუმრობა გრძნობას აჩენდა, რომ სულ ორი დღის წინ არ ვიყავი აქ?! და ათასზე მეტი კილომეტრი, მაგრამ ვერც კოლორადოში გადაფრენაზე ვიტყოდი უარს..

მჟავე ისევ ისეთი მჟავე დამხვდა – დღისით მუშაობა უწევდა და მისი ძაღლის – კონის გასეირნების პასუხისმგებლობა მე ავიღე ჩემს თავზე.. ან რა პასუხისმგებლობა ამას უნდოდა – მას გონიერება ბევრ ადამიანზე გაცილებით მეტი აქვს, დამბადებლისგან მინიჭებული.

კარს გამოვაღებდი და კისერს წაიგრძელებდა – ყელსაბმის შესაბმელად, მერე პირსაც დააფჩენდა და თავისსავე ბაწარს მიაჩანჩალებდა – გზაჯვარედინს შენი სიტყვის გარეშე არ გადაკვეთავდა და მხოლოდ პარკში მისულზე მოგთხოვდა სევდიანი თვალებით – ახლა კი გამიშვი, ცოტა ჩემს გემოზე ვირბინოო..

საყვედურიც კი მივიღე, როდესაც ერთ-ერთი იქაური მომესალმა, მეც ხელი ავუწიე და გზა განვაგრძე, ზურგსუკან კი მისი მწარე სიტყვები მომეწია – “რატომ იქცევი ისე, თითქოს არც კი მიცნობო”?! – და, რა თქმა უნდა, არც ვიცნობდი. მაგრამ გიო, ჩემი მჟავე მეგობარი, ამ ამბის მოყოლისას ხითხითებდა და იმას აღნიშნავდა, რომ მათთვის ეს გადამთიელი კავკასიელები მაინც ყველა ერთი სახის ვართ და ალბათ ჩემში აერიეო…

მერე იყო ისევ ნიუ-იორკი და მეორე ჩასვლის უპირატესობა, როდესაც მიმართულების გასაგებად მაინცდამაინც ტელეფონში კირკიტი არ გჭირდება და უკვე ლამის იქაურივით მიაბოტებ მანჰეტენის ჯუნგლებში.

დევის სტუმრობას ბროდვეის მიუზიკლზე ვიზიტი მოყვა.. ვიჯექი სამსაათიან შოუზე და მსახიობების ვოკალი ტვინიდან პირდაპირ გულში აღწევდა, მოძალებულ ცრემლებს ვეღარაფრით ვიკავებდი და ლოყებს წვეთებისგან ღარები გაუჩნდა..

საღამოს კლუბში მიწიდან ბევრი ათეული მეტრით ცაში აზიდული ნიუ-იორკულ ტყეს გადავყურებდი და უკვე თანამედროვე ელექტრონულ ბითებზე ალკოჰოლმოკიდებული ვირწეოდი..

ლიფტის მოლოდინში კი კედელზე მიყუდებულ თვალებმინავლულ სილამაზით გამორჩეულ გოგოს ვეჩურჩულებოდი.

მიუნხენი

ნახევარ დღეზე მეტი პაუზა ფრენებს შორის..

გერმანელ მეპასპორტეებს ალბათ ვეზიზღებით… თორმეტი საათის გასატარებლად მათ შტამპს რომ ვცვითავთ..

მიუნხენი იყო ისევ წვიმიანი, მოღუშული.. მერამდენე დღეს ვატარებ ასეთს – ნახევარ-დღეს ამ ქალაქში, უკვე თვლა ამერია..

ქრისტო არ მყავდეს ამ ქალაქში, არ ვიცი რა მეშველებოდა – კიდევ ერთი დღე შემიფარა.. ღამენამგზავრზე ოცწუთიანი წაძინებაც რომ უდიდესი ფუფუნებაა.

მერე გერმანული ლუდი და ცოტაც სეირნობა.. მალე ისევ აეროპორტის გზას დავადექი..

ბრიუსელი

მარტის ევროტურის დაგეგმვისას, ბარემ “აქვე” ვარ, მოდი მეგობრების ნახვასაც მივაბამ პარიზულ ფინალის ტურსთქო.

ასე დავჯექი ბელგიურ დედაქალაქში. გავედი ქუჩებში და როშინ მერფის პლაკატები გამეჩხირა თვალში…

მოლოკოს ყოფილი სოლისტი აპრილში თბილისშიც გვსტუმრობს, მაგრამ ამ მომენტის ხელიდან გაშვება არ იქნებოდა..

“კონცერტზე მივდივართ”.. გადამყიდველების საიტს მივაშურე – ორმაგ ფასად, მაგრამ ვინ დაეძებდა, ორი ბილეთი ვიყიდე..

მერე მეგობარიც მორჩა სამსახურს, ცოტა ღვინით მოვიკეთეთ გუნება და მისი სახლიდან სულ რაღაც ორას მეტრში მდებარე დარბაზში გადავინაცვლეთ..

და გადმოიღვარა მუსიკა, მუსიკა, რომელიც მიყვარს და ამდენი წელია ყურში ასე მიჟღერს… და მერე იყო ის, რაც ფილმს უფრო წააგავს, ვიდრე რეალობას.. მაგრამ ამჯერად ყოველივე ეს რეალობა იყო და არა ფილმის სიუჟეტი..

გენკი

მეორე დღეს ნაქირავებ მანქანაში ვიჯექით და გენკისკენ გვქონდა გზა – ფაბიოს, ამ ათეულ წელში, უკვე მეოთხედ ჩავადექი, რადგან თავად ერთხელაც ვერ აწია ტრაკი, იქით ჩამოსულიყო სტუმრად.

ფაბიოსაც უნდა იცნობდეთ, რომ მიხვდეთ, რატომ არ ვუშვებ ხელიდან შანსს, ამ ადამიანს ვესტუმრო – “my home is your home”! ყოველ ჩასვლისას რომ მეუბნება გაბადრული სახით ეს დარტყმული იტალიელი და ვიცი რომ გულწრფელია და მასაც ისე რომ უხარია ჩვენი სტუმრობა, როგორც ჩვენ მისი ნახვა.

მის სავარჯიშო ოთახში დღემდე არის გამოფენილი ქართული დროშა და სვანური ქუდი, რომელიღაცა წელს რომ ვაჩუქეთ.

პარიზი

დეკადის მერე ეიფელის კოშკიდან კიდევ ერთხელ გადმოვხედე ამ მეგაპოლისს ზევიდან.

მერე იყო ფინალი და ტრიბუნის ზღვა ემოცია.. აი 26 მარტის 50 ათასიან გარემოცვას მილიონჯერ რომ მირჩევნია, ისეთი..

თამაშის შემდეგ რაღაც დისკოთეკად წოდებული სორო და ბევრი ხორხოცი ჩვენი ნაკრების ოქრო ბიჭებთან. ბევრი რამ მეორე დღეს კადრების ნახვის შემდეგღა რომ აღვიდგინე…

საოცრად კარგი ხალხი, “სექტორი 208”-ის არმადა.. ხალხი, რომელიც სულ ახლახანს გავიცანი, მაგრამ გულთან ახლოს მდგომი..

ფინიში მაინც საოცარი იყო.. აეროპორტი, რომელის გარემო ციხის ზონის შთაბეჭდილებას უფრო ტოვებდა, ვიდრე მოგზაურობის კერის..

წერტილსაც აქ დავსვამ… იმედია ჩემს ვირუსსაც მალე დაესმევა წერტილი..