მოგონილი ამბავი

სამსახურიდან მოვდივარ.
– დიახ?! – ტელეფონია.
– აბა სად ხარ?!
– მოვსეირნობ, როგორ ვქნა, ფეხს ავუჩქარო თუ განვაგრძო ნება–ნება სეირნობა?
– არა რა ნება–ნება, მე უკვე მოვრჩი ჩემს საქმეს, აგერ გელოდები!
– მაშინ ცოტას ავჩქარდები, აქვე ვარ მეც.
ცოტახანში უკვე დათქმულ ბარში შევიჭყიტე – კუთხის მაგიდასთან იჯდა კოხტა, თხელი ტანის გოგო.

უხერხული, სულელური მისალმების შემდეგ სკამზე არხეინად მოვკალათდი. მენიუში ორიოდე წამით ფორმალობისთვის ცხვირი ჩავრგე – მგონი უკუღმაც კი მეჭირა, თვალი აზრდაუტანებლად ნაწერს მხოლოდ ბუნდოვნად ხედავდა და კმაყოფილმა, რომ გონებამ ზეპირად ისედაც მშვენიერი აზრი მომაწოდა, ოფიციანტს პირდაპირ დესერტის მოტანა მოვთხოვე.

– მაშ ავიადისპეჩერი?!
– დიახ, დიახ – ასეა საქმე – ბევრი ბევრი წერტილები დაფრინავენ და მთელი ჩემი საქმე რომელიმე ორი მათგანის ზომაზე მეტად ერთმანეთთან არ მიახლოებაა..
– საპასუხისმგებლო საქმე გქონია..
– ნამეტანი, სამსახურის მერეც ეს წერტილები მელანდება ხოლმე, სიზმარში ვნახულობ და რაიცი რამდენ წელ სიცოცხლეს ვკარგავ, როცა მათი შეჯახებისგან გულგახეთქილი უცებ გამოვიღვიძებ და მერეღა ვიაზრებ რომ ეს მხოლოდ ცუდი სიზმარი იყო და მეტი არც არაფერი – მოვისაწყლე თავი..

ხოდა მერე ასეთ წვრილმან საუბარს ბევრიც სხვა მოყვა. გგონიათ დეტალურად მახსენდება ყველაფერი?! აქაც ვიგონებ რაღაცას. ისე საუბარში რამდენი რამ უსაგნო სიტყვა სიტყვას მივაყოლე, უაზრო აზრები ვკერე და დრო ვფლანგე, სანამ უცხოობის გადამკიდე აბლანდული სასაუბრო ძაფები ცოტა არ დავალაგე..

არადა რომ არა ძვირფასი ობიექტური ხელის შემშლელი ფაქტორები, საუბარს ხომ პირდაპირ წამის დაუკარგავად ყოვლად საჭირბოროტო საკითხებზე მივმართავდი – მაგალითად ჩრდილო პოლუსის გადაადგილების შესახებ, რომელიც ნელნელა ეკვადორისკენ მიცოცავს და რაიცი, როცა ჩრდილოეთი თუ სამხრეთი უკვე იქ აღარ იქნება, როგორც მესამე თუ მეოთხე კლასსში (ანაც ცოტა მერე) გეოგრაფიის მასწავლებელი გვასწავლიდა.. მერე აღარც მე რომ ვიქნები, აღარც შენ და აღარც ის წერტილები, რომლებიც კი დაფრინავენ თავისუფლად, მაგრამ ჩემნაირი არამკითხე ბიძიები ხელს რომ უშლიან ზომაზე ახლოს მიუახლოვდნენ ერთმანეთს..

თუმცა, მგონი გადავამლაშე – საუბარს ჯამში მაინც საკმაოდ ხალისიანი და ლაღი ერქვა, ვიდრე ეს წინარე აბზაცებში დავსახე და ჩავამუქე. თან ჩემი შეკვეთილი ნაყინი მშვენივრად აგრილებდა პირთან ერთად გონებას და მგონი არც მოსაუბრის ნამცხვარი უჩიოდა უგემურობას – თუ რამ უხერხული პაუზა მაინც შემოგვიტევდა, მისი დამკვეთი სუფთა სინდისით დროებით ყურადღებას სწორედ მასზე გადაიტანდა და ამის შემხედვარე ერთი მომენტი ვინანე კიდეც, რომ მის რჩევას არ დავყევი, როცა ტკბილეულის გასინჯვა მეც შემომთავაზა..

დრო მალე გაილია და სასეირნოდ გამოსულები მალე აღმართს შევუყევით.

მე კი ჩემი პროფესია ლამის სულ მთლად გადამავიწყდა, როცა რამოდენიმე დღე მიილია და კვლავ სამსახურიდან, ოღონდ ამჯერად სახლისკენ მომავალს, ერთ ქუჩის გადასწორ მიმავალ გოგოზე შემრჩა თვალები.

ერთი გაუგებრად ამოვიოხრე და თავი გავატრიალე. მალე უკან მოვატრიალე და კოხტა, მოკლე შორტებში გამოწყობილ გოგონას, რომელისაც გზა ქონდა უკვე გადმოკვეთილი, გაკვირვებით მივაშტერდი – საიდანღაც მეცნობა–თქო, წამის მეათედიც და უკვე საკუთარ თავზე ცოტა გაბრაზებულმა (ჰმ, გეცნობა არა?!) მასში ჩემი ამასწინდელი თანამოსაუბრე ამოვიცანი..

ვისღას ახსოვდა წერტილები…