ესეც ნოემბერი

დიდი ხანია აქ არაფერი დამიწერია – ერთ თვეზე მეტი ინდოეთში ვიხეტიალე. იქაურ ამბებს აგერ geotravellers.wordpress.com ამ ბლოგზე ვწერდით მე და ჩემი მეგობარი. მე ქართულად, კოკა ინგლისურად.

რაღაც იდეები გვაქვს და ამ მოგზაურთა ბლოგის წერის წამოწყებაც ამ იდეის ნაწილია.

ინდურ ამბებზე ვეცდები მერე ვრცლად დავწერო, იმის ფონზე რომ იქიდან ათასგვარი ემოციებით დახუნძლული დავბრუნდით. ყველაფერი ერთად აღებული იყო – ზღვის პლაჟებზე ნებივრობაც, მძიმე ზურგჩანთით წოწიალი და დაახლოებით 3000 დაფარული კილომეტრი – დელიდან ინდოეთის უკიდურეს სამხრეთამდე, ათასგვარ ჯურის ხალხთან ურთიერთობა, ძველი ძეგლების დათვალიერება, გიჟური ტემპი ქალაქებში, წყნარი განმარტოებული სოფლები.. ზღვის სანაპიროზე საღამოს ცეცხლის პირას სხვა მოგზაურებთან ერთად აკუსტიკურ გიტარის ჰანგებზე განმუხტვა, თუ გიჟურ დისკოტეკაზე დამუხტვა..

ინდური მოგზაურობიდან დაბრუნებული, ზაფხულის გარემოდან პირდაპირ ლამის ზამთრის ყინვაში ამოვყავი თავი – ჩემს დედაქალაქში უჩვეულოდ ცივი ნოემბერი დამხვდა. თუმცა განწყობა კარგია, ერთთვიან წოწიალმა აქაურობა მომანატრა და ჯერ ხალისიანად დავიარები ჩვენი ქალაქის ქუჩებში.

ახლა ათი კაცი სამსახურიდან ლიტვას მივემგზავრებით, სადაც აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებიდან კოლეგებს მინი ფეხბურთში გავეჯიბრებით.

ეს დღეებია ვიკრიბებით, ვემზადებით. ვერ ვართ ძლიერი გუნდი. მაგრამ მაინც – ვნახოთ ერთი, საინტერესოა რა შედეგით დავბრუნდებით. დიდი ანგარიშით შევრცხვებით მეზობელ ქვეყნებთან, თუ ხასიათს გამოვავლენთ და მონდომების ხარჯზე რაღაც შედეგს დავდებთ.