კასტრი, რაგბი და არატა

2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატი იყო, ურუგვაის იოლად რომ მოვუგეთ. მატჩის შემდეგ მეტოქის მოთამაშეებსაც ერგოთ თავის წილი ტაში. მათი ცხრა ნომერი, სანტიაგო არატა ტრიბუნასთან ახლოს მოვიდა, მოგვესალმა და გულზე ხელის დადებით ქართველი გულშემატკივრის მიმართ დიდი პატივისცემა გამოხატა.

გავიდა ოთხ წელზე ცოტა მეტი და ცოცხლად არატას თამაშს კიდევ ერთხელ დავესწარი, როდესაც მოულოდნელად კასტრში ამოვყავი თავი.

იმ დღეს ადგილობრივი გუნდის შემადგენლობაში შეცვლაზე შემოსულმა ცხრიანმა ჩვენებურები მესამედ დაალელოვა და პირველი შემთხვევისგან განსხვავებით ამჯერად გამარჯვებულმა დატოვა მინდორი.

მატჩი გაილია და ტრიბუნას სულ რამოდენიმე ასეული კაცი თუ შემოვრჩით. კიდეზე დიდი ქართული დროშა გვქონდა გადმოკიდული. მოთამაშეების ერთ წყებამ რომ ჩაიარა, ბოლოში ისევ არატა შეგვრჩა ხელში. ტაშის კვრით მოდიოდა, მოგვიახლოვდა, თითით დროშაზე მიგვითითა და პატივისცემის და მოწონების ნიშნად ცერი მაღლა აღმართა.

ურთიერთპატივისცემა, დეტალი, რომელიც ამ სპორტს ასე ალამაზებს. ეს იქნება მოთამაშეებს, თუ გულშემატკივართა შორის. არ იქნება ეს მომენტი და მივუბრუნდები ისევ ფეხბურთს.. რატომ “გადმოვჩოჩდი” უფრო რაგბისკენ?! თავად სპორტის გარდა სწორედ ეს პოზიტიური გარემო სძენს ამ სამყაროს განსაკუთრებულ ხიბლს და პეწს.

იყო მომენტი მატჩამდე, აღარ ვიტყვი აქ ვისზე ვსაუბრობ, ნებისმიერი გზით მოგების მიღწევა რომ ჰქონდა მთავარ ამოსავალ წერტილად… “არ იქნება ლამაზი აქაურ გულშემატკივართან..” ღიმილით ვუპასუხეთ, ჯერაც ხუმრობა რომ გვეგონა მისი რიტორიკა. თურმე ვცდებოდით…

იცი?! ტაბლოზე დაფიქსირებული შედეგზე მნიშვნელოვანი ზოგჯერ სხვა დეტალებია – მომღიმარი ფრანგები, ხელის ჩამორთმევით წარმატება რომ გვისურვეს, სპეციალურად გრენობილიდან ჩამოსული უელსელი, დიდხანს თბილად რომ გვესაუბრა.. ნაკარავას ასევე მატჩის შემდეგ ზევით აღმართული ხელი და “Georgia”!!! შეძახილი, ჩვენდამი პატივისცემის გამომხატველი…

კი ბატონო, ხაარ უკეთესი?! დროში ტაბლოზე ესეც თავისთავად ისედაც აისახება.. მაგრამ დღეს?! ეს ხომ ჩვენი სულ პირველი.. წლამდე ბავშვის მსგავსი გაუბედავი ნაბიჯებია.. და თან, ვინ ინატრებდა უკეთესს, სინამდვილეში ამასწინდელ სკარლეტთან მოგებული მატჩით ხომ პროგრამა მაქსიმუმი ისედაც შევასრულეთ…

“ბატონო! ბატონო!…” უცნაური აქცენტით მომესმა შეძახილი ჩემს ზურგსუკან… შევტრიალდი და აღშფოთებული ფრანგი შემრჩა ხელში.. თავის ენაზე რომ ვერ გააგებინა, ალბათ იმ დღეს მრავლად მყოფ ჩვენებურთაგან ერთ-ერთს კითხა, როგორ მივმართო ქართულადო..

ტრიბუნა ისე იყო მოწყობილი, ფეხზე წამოდგომის გარეშედაც მშვენივრად ჩანდა მოედანზე მიმდინარე მოვლენები..

რიგი ჩვენებური კი მაინც ფეხზე იდგა და უკანმჯდომებს თამაშის ყურების საშუალებას უსპობდა.. ხოდა მოყირჭდა ადგილობრივს ყოველივე ეს, იმდენად მოყირჭდა რომ ქართულადაც კი ალაპარაკება.. მაგრამ მისი ენერგია ტყუილად დაშვრა..

კიდევ ხომ ადრესატები, ალბათ გაბრაზებულები, თამაშს რახან ვერ ვიგებდით, იქაურობას მალე გაეცალნენ.

***

კასტრი ერთი კოპწია, კოხტა ქალაქია, სულ 40 ათასი მოსახლით და როდესაც სარაგბო მატჩია, ტრიბუნაზე ქალაქის მთელი ერთი მეოთხედი იყრის თავს.. მატჩამდე მუსიკოსების მხიარულ ჰანგებს ფანების ბარაბნების რითმული ხმა ენაცვლება, ზღვა ლუდი ისმევა და რაღაც განსაკუთრებულის მოლოდინით ავსებს იქ შეკრებელ საზოგადოებას.

იყო ხორხოცი და მხიარული შეძახილები მათ ყოველ ლელოზე. მეტოქის საჯარიმოს დარტყმისას კი სამარისებული სიჩუმე ისადგურებდა.. უსტვინეს მსაჯს, როდესაც ჩათვალეს რომ ჩვენებურებმა უხეშად ითამაშეს.. მაგრამ არც იმის თქმა დაავიწყდათ, რომ მსაჯმა ცოტა არაობიექტურად გიმსაჯათო.

ცოტა კი გამიკვირდა, მაგდენ დეტალს ცოცხლად ყურებისას ნაღდად ვერ ვამჩნევ, მაგრამ ამ მატჩში თუ ვინმემ დაგვჩაგრა, ეს კასტრი იყო და არა შეხვედრის რეფერი..

და არ ვიცი, რა უნდა გაგვეკეთებინა ისეთი, რაც ტრიბუნიდან მატჩის შედეგზე გავლენის მომხდენი იქნებოდა, და თუნდაც თეორიულად დავუშვათ, ასეთი რამ არსებობდეს, ნუთუ ამ პოზიტიური და კეთილგანწყობილი გარემოს მსხვერპლად შეწირვა ღირდა, სიტყვაზე, ტაბლოზე 28:30 დასაწერად, ნაცვლად იმ შედეგისა, რაც დაფიქსირდა?!

მე ცალსახად მაქვს პასუხი – რიცხვებზე ფასეული ღირსებაა, ზრდილობა და ქცევითი ეთიკეტი.. ამ გადარეულ მსოფლიოში, სადაც დღეს ცაში ვიღაცის საზიანოდ გაშვებული რაკეტები უფრო მეტი დაფრინავს, ვიდრე რამე ზეიმის აღმნიშვნელი ფოიერვერკი, მენანება მშვიდობის და პატივისცემის ეს პატარა კუნძული, რაგბად წოდებული, გასაწირად გავიმეტო..

მატჩის შემდეგ ერთ სივრცეში მოვიყარეთ თავი:

– ” კაპიტანო როგორ ხარ”?!

ბუკას სახე ღიმილმა დაფარა, გადამეხვია..

იქ აბჟანდაძე მოვიდა, “არ დანებდე რა თედო..” კლუბში მის რთულ პერიოდს ვგულისხმობდი.. რას ამბობო, წამით არ ვფიქრობო..

ჩილაჩავაც იქვე იდგა, მორცხვად, თავისთვის სახეზე ღიმილი დასთამაშებდა..

ამ ბიჭებსაც ჭირდებოდა ჩვენი იქ ყოფნა, იმ ხალხის, ვისაც საღი აზრი (იმედია) უტრიალებს თავში, და მიუხედავად იმის, რომ ფიქრს ვერ ვიშორებდი, იქ კასტრში არ უნდა წავსულიყავი, იქნებ პირიქით, სწორედ რომ ჩვენ უნდა წავსულიყავით და ბევრი ჩვენიანიც იმ ხალხის წილ, ვინც ტრიბუნაზე არცთუ სახარბიელოდ იქცეოდა..

უკვე ხვალ კლერმონს ვეთამაშებით….

დატოვე კომენტარი