წაგებაზეც დავწეროთ…

ხოდა მეორე თამაში გველოდა საჩხერის რაიონის ტურნირზე. მე და ვანო ისევ ავიბარგეთ თბილისიდან და თამაშამდე 1-2 საათით ადრე სავანეში ჩავედით.
მეტოქედ ჩვენი გვარდიის გუნდი გველოდა. ორი-სამი კაცის გარდა ბურთი ხეირიანად ბევრს არ ესმოდა, მაგრამ რა ხეირი, ჯორებივით დარბოდნენ და მინიზე თუ ბურთს არ დავანახებდით, ასმეტრიან სტანდარტზე გაგვწყვიტეს წელში სირბილისგან :))
დაიწყო თამაში და გვარდიის უპირატესობა გამოიკვეთა, მარტივად გვჩაგრავდნენ ფიზიკურ მომზადებით. დაცხა ჩვენს საჯარიმოში, რამოდენიმე გასატანი ვერ გამოიყენეს. ხან სოსო ყოჩაღობდა, ჩვენი მეკარე, ხანაც ბურთთან ცოტა მწყრალად მყოფი თავდამხსმელი აფუჭებდა მომენტს.
დაცვაში ვანოს გვარიანი ჯაფა დაადგა და ამ ჯაჯგურ-ჯაჯგურში ფეხიც გადაუბრუნა. მოედნიდან გავიდა, მაგრამ უიმისოდ საერთოდ განწირულები ვიყავით და უკან დაბრუნდა ნატკენი ფეხით.
მაღალი ბურთებით ვეცადეს თამაშის მოწინააღმდეგის ნახევარზე გადატანას. მე ცენტრში ძალა არ მყოფნიდა სათანადო ბრძოლა გამემართა მეტოქისთვის, ბურთი თითქმის არ მომდიოდა, ასე რომ ცენტრი წავაგეთ.
მიუხედავად ასეთი მძჲმე დასაწყისისა ნელნელა მაინც გამოვნახეთ ძალა და პირველი ტაიმის საწყისი წუთების მერე ჩვენც დავიწყეთ მეტოქის კართან ხიფათის შექმნა. ჯერ კოტორამ კარგად დაარტყა საშუალო დისტანციიდან, მაგრამ მეკარემ შეძლო ბურთის აღება. მერე იყო ვანოს საჯარიმო, მეკარემ ბურთი ვერ შეიმაგრა, ქავთარა მაღალ სისწრაფეზე გავარდა კარისკენ, მცველებს დაასწრო და გადმოვარდნილ ბურთს დაამატა, მაგრამ მეკარეს ვერ ააცილა და მეტოქეც გადარჩა გაშვებულ გოლს.
ამის შემდეგ იყო კიდევ ერთ მომენტი, ფლანგიდან გეგეშიძემ იყოჩაღა, მცველს ბურთი წაართვა და საჯარიმოში ჩაკიდა, ბურთი აიჭრა და მეკარესთვის უხერხულად დაეშვა, ლამის გადაახტა და კარში შევარდა. რის ვაი-ვაგლახით მოახერხა მეტოქის მეკარემ ბურთის ხაზიდან გამოტა, კოტორას მიუგორდა და იმის ნაცვლად კარგ პოზიციაში მდგომ ქავთარასთვის დაეგორებინა (უეჭველი გოლი გავიდოდა), თავად დაარტყა მახვილი კუთხიდან და კარს ააცილა.
შუალედებში სოსომ რამოდენიმეჯერ გვიხსნა აშკარა გოლის გაშვებას, საერთოდ ჩვენი მეკარე და მცველი ვანო საუკეთესონი იყვნენ ჩვენს შემადგენლობაში.
მიილია ტაიმი და მე და ერაძე შევიცვალეთ, ნახევარდაცვის სისუსტე ვერც შესულმა ორმა ახალმა მოთამაშემ აღმოფხვრა. მოკლედ ისეთი კაცი არ იყო სკამზე, ვინც ჩვენ თამაშს გააძლიერებდა.
ამასობაში მსაჯმა ბევრი ლაპარაკისთვის მეტოქის კაცი გააძევა და თითქოს ჩვენი შანსი გაიზარდა, მაგრამ თამაში კიდევ უფრო აირია, ვეღარაფერს ვქმნიდით ხეირიანს. ეგ კი არადა ერთ მომენტში საერთოდ ძელს გაგვირტყეს ბურთი და იქით გადავრჩით.
დრო იწურებოდა და თითქოს პენლები გარდაუვალი იყო, მსაჯი რომ უხეშად შეცდა, კარისკენ დარტყმული ბურთი (რომელიც საერთოდ ცდებოდა ჩარჩოს) ვანოს ტანზე მოხვდა და მერე ხელსაც გაკრა. მსაჯი გვარდიისთვის კაცის გაგდებით მგონი გვარიან ჟიმჟიმში იყო, ტრიბუნიდან კუნთმაგარი ბიჭები მუქარის სიტყვებს უთვლიდნენ :))) ხოდა “ცოდვების” გამოსყიდვა გადაწყვიტა – პენლის ნიშნულისკენ მიუთითა. სოსომ კი გამოიცნო დარტყმის მიმართულება, მაგრამ ბურთის აღება ვეღარ მოახერხა და 1-0. ოთხი წუთი რჩებოდა და ყველა შეტევაში წავიდა, შედეგად კი კონტრზე მეორეც გაგვიტანეს და წავაგეთ 2-0.
საღამოს “დარდი” ცოტა კონიაკის დალევით გავიქარვეთ, სოსომ მიგვიპატიჟა თავისთან სახლში. სასიამოვნოდ გრილი საღამო იდგა და აივანზე შევიკრიბეთ მატჩის “გმირები” და მათი “გულშემატკივრები”.
მხიარულ საუბრით და ცოტა სასმელით კარგი გუნება ადვილად დაგვიბრუნდა, საღამოც ასე მიილია. მეორე დღეს თბილისს გამოვწიე.

დებიუტი “დიდ” ფეხბურთში

    წინა კვირას ქავთარამ თავის სოფელში დამპატიჟა, 4-5 დღე ვიყავი. ყოველ საღამოს ხან ფეხბურთის, ხან ფრენბურთის თამაშით ვიქცევდით თავს. ხოდა რაიონის ტურნირიაო, გვითხრეს იქაურებმა, ხომ არ გამოხვალთ ჩვენთან ერთადო. დიდ, სტანდარტულ მოედანზე, ერთხელ მაქვს ცხოვრებაში ბურთი გაგორებული – ონის რაიონის ტურნირი იყო და მეორე ტაიმში შევედი მოედანზე, მახსოვს მთელი ტაიმი ისე ვირბინე, მგონი ბურთისთვის ერთხელ არ შემიხია ფეხი.
    ქავთარა სამსახურში იყო წასასვლელი, მე და ვანომ თბილისისკენ გავწიეთ. ორ დღეში 22 აგვისტოს უკან მივბრუნდით, ფეხბურთის თამაშის ხათრით. როგორია სათამაშოდ ჩახვიდე საჩხერეში, გაიარო ერთი ას კილომეტრზე მეტი, და მერე ისევ უკან რომ ხარ წამოსასვლელი.
    სოფელ სავანეს სახელით უნდა გამოვსულიყავით.

მატჩი:

    ახლა კი ცოტას გავერთობი და თითქოს დიდი მატჩი ყოფილიყოს, ასე თუ ისე წვრილად ავღწერ შეხვედრას.
    ჩვენ გუნდზე: მეკარედ ცოტა მოსუქებული სოსო გვედგა, ადრე ვარჯიშობდა და ასე თუ ისე ესმოდა მეკარეობა. დაცვის ცენტრში ვანო იდგა, ჭკვიანი, ტექნიკური მცველი, ვინც ფაქტიურად დაცვის თამაშს ალაგებდა. მარჯვნივ მანუჩარა იდგა, ჯანიანი, ასევე კაი მებრძოლი ბიჭი. მარცხნიდან ალიკა. საყრდენზე მე და ყბაჩო ვიდექით. მე ცოტა წინ ვიყავი წაწეული და ცენტრალურ ზონას ვავსებდი, ყბაჩო კი უფრო ვანოს ეხმარებოდა და ცელავდა ყველაფერს, რაც კი წინ დახვდებოდა. მარჯვენა ფლანგი კიდევ ერთ გიოს ეკავა. გამთამაშებლად გუნდის მწვრთნელ-კაპიტანი ირაკლი ერაძე იყო, ჩემი აზრით გუნდში ყველაზე სუსტი წერტილი, მაგრამ მისი ორგანიზებული იყო ბევრი რამ და ადგილიც აქედან გამომდინარე დაჯავშნული გუნდის ძირითად შემადგენლობაში. თავდასხმაში ქავთარა, კოტორა და თორნიკე იყვნენ. 
    დაიწყო შეხვედრა და მოწინააღმდეგეს მალევე შეეტყო დიდი ვერაფერი გუნდი რომ იყო, ბურთთან საკმაოდ მწყრალად იყვნენ და შემთხვევითობით თუ გამოუვიდოდათ რამე. სასტარტო ნერვიულობამ გაიარა ხუთიოდე წუთში და ბურთი დავიჭირეთ. თავდამსხმელები კარგად მუშაობდნენ, კოტორამ ფლანგი აიკლო. დაცვაში კი ვანო კედელივით იდგა. ცენტრში ყბაჩო არ ახარებდა არავის.
    მეც მარტივი თამაში ვარჩიე და როცა კი ბურთს მივიღებდი, შეცდომა რომ არ დამეშვა უბრალო პასს ვთამაშობდი გახსნილ კაცზე. ამით არც ბურთი იკარგებოდა და არც ზედმეტ ენერგიას ვხარჯავდი. შეტევაშიც წასვლით თავს არ ვიკლავდი, მაინც უფრო ჩაშლა მევალებოდა და ვავსებდი იმ ზონას სადაც ვიდექი, ბევრი უხეიროდ მოგერიებული ბურთი გავაჩერე და ისევ ჩვენ შეტევას გადავულოცე.
    როცა ანგარიშში დავწინაურდით, მერე კი სიფრთხილე გვერდზე გადავდე და შეტევისკენ წავიწიე, მაგრამ პასი უფრო ფლანგებისკენ კეთდებოდა და ცენტრში თავისუფალ კაცს ვერ მამჩნევდნენ. კარში სულ ერთხელ დავარტყი, საჯარიმოს ხაზთან ახლოს მეტოქეს ბურთი ავწაპნე, ბრძოლაში ცოტა ზევით ამხტარი ბურთი მიწაზე აღარ დავუშვი, ისე ამოვცხე ფეხი და კარებს გვარიანადაც ავაცილე, ერთი მეტრანახევრით გვერდზე ჩაუფრინა მეტოქის კარს.
    გაგვიმართლა, რომ მალევე მეტოქის მეკარე შეცდა, ჩაწოდებისას ბურთი ხელიდან გაუვარდა და თორნიკეს მოხვდა, ბურთი კარში შევარდა და 1-0.
    ამან კიდევ უფრო დაგვამშვიდა და დაგვარწმუნა, რომ მოგება ჩვენ დაგვრჩებოდა. მართლაც ბევრი დრო არ გასულა, გოლი გოლზე შევაგდეთ. ჯერ ქავთარამ იყოჩაღა, საჯარიმოში კარგად დატრიადა და საყვარელი ცაციით მეკარე უშანსოდ დატოვა. მერე კი კოტორას ბენეფისი დაიწყო. დაბალი, ჩამჯდარი ტიპი, იბრძოდა ბოლომდე და მეტოქის მცველებს სისხლს უშრობდა.
    ჯერ საჯარიმოში არეულობით ისარგებლა და სუსტად დარტყმული ბურთი მეკარისგან შორეულ კუთხეში შეაგორა, მერე კი ნაკუთხურალს მკერდი შეუშვირა, ბურთი კარგად ჩამოიღო და მიწაზე დაუშვებლად მეოთხე გოლი შეაგდო, 4-0 და ყველა კითხვა უკვე მოხსნილი იყო, თუ ვინ გაიმარჯვებდა.
    მეორე ტაიმი ფორმალურ სახეს ატარებდა უკვე. მე მალევე გამოვედი მოედნიდან, და ბოლო ნახევარ საათს უკვე გარედან ვადევნე თვალყური. რამოდენიმე კაცი კიდევ შეიცვალა და გუნდიც ცოტა აირია. გაგვიტანეს კიდეც ერთი გოლი, მაგრამ მეტი ვეღარაფერი მოახერხეს მოწინააღმდეგე გუნდის წევრებმა და აგერ პირველი ეტაპი დაძლეულია კიდეც.
    დიდი სიამოვნება მივიღე დიდ მინდორზე თამაშით, ბურთის დაკიდებები, ფლანგური გარღვევები, ვარდნები, მოკლედ ბევრად საინტერესოა, ვიდრე მინი მოედანზე ბურთის გორება. თითქმის არც დავღლილვარ, ისე გამოვედი მოედნიდან, ვთამაშობდი იმდენს, რამდენიც მეტოქის მოსარევად იყო საჭირო. ასე რომ ველი შემდეგ თამაშს.

შარშან

ექვსი აგვისტო დაღამდა, დასაძინებლად გავწიე. ორი იქნებოდა ძლივს ჩამთვლიმა. ტელეფონის ზარი, ნამძინარევმა დავხედე ეკრანს, ლობჟანიძე აწერია –  “ტფუი, ამის დედას შევეცი!”, აღარ იყო მარჩიელობა საჭირო, ვიცოდი რაზეც რეკავდა, გუნება მომეწამლა. – “განგაშია! სასწრაფოდ ნაწილში უნდა ჩამოხვიდეთ!!!”

საათს დავხედე, ოთხი ხდებოდა. მამუკასთან გადავრეკე, ერთ საათში ჩემთან ამოვიდა ოთახში. ბარგს ვკრავდი. არც ვიცოდით რა ხდებოდა, 5-6 დღის ჩამოსული ვიყავი ბათუმში დასასვენებლად, მთელი ეს დღეები ტელევიზორისთვის ერთ წუთს არ შემიხედავს.

გავედით ჩაბნელებულ, მიძინებულ ქალაქში, იქნებ რამემ გაგვიყოლოს, ვინ გაგიჩერებს, ისედაც კანტიკუნტად თუ გაივლის მანქანა. ისევ მარშუტკების გაჩერებისკენ წავედით. ღამეს იქვე ათენენ ვისაც დილის რეისი აქვს. ერთმანეთს დაერივნენ, არა ჩემი ჯერია არა ჩემიო.

– “პირველი რეისი შვიდზეა და მე უნდა გავიდე ძმაო და ჩემ წინ ვერავინ ვერ გავა!” – არადა ვიღაცა უკვე ყაბულს იყო ახლავე წავეყვანეთ. ისედაც დაძაბულებმა შევუღრინეთ, შედეგი გამოიღო, მალე უკვე გზაზე მივრიხინობდით. ჯერ რას ვიაზრებდით რა ამბები დატრიალდებოდა.

აქ რასაც ვწერ, ამით მე არ ვიძახი რომ ყველაზე დიდი სიმწარე ვნახე, ხალხი ჩაიხოცა და მე რა მაქვს სათქმელი, უბრალოდ ვყვები რა სიტუაციაშიც მოვხვდი, ისიც, რა თქმა უნდა, შემოკლებით და რიგი დეტალების გამოტოვებით.. ბევრი რამ რასაც არ ვწერ, ისედაც იციან ზემო ეშელონებში, მაგრამ თავის თავს ეგ ხალხი არ დასჯის და მხოლოდ თქმითაც საქმე არ კეთდება.

ბაზაზე ავედით, ნუ დაძაბულობაა. მე მაინც ვფიქრობდი რომ ბახ-ბუხ გაისვრიან ერთი-ორს, მოლაპარაკებები და დავიშლებით. საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე ცხელ წერტილში არ ვიდექით და ბოლომდე ვერც იმას ვიაზრებდით, სინამდვილეში რა სერიოზუალად იყო საქმე.

როცა ნელნელა მოდიოდა ინფორმაცია, რა მაშტაბის ომი მიდიოდა, ჯერ ცალსახად რაღაც წინდაწინ გარიგებულ სიტუაციას მივაწერდით ჩვენი ჯარის წარმატებას. ყველას გარშემო ეს აზრი უტრიალებდა თავში – რუსეთთან პოლიტიკურად მოგვარებულია საქმე, არ ჩაერევა ომში და ეს მხოლოდ წინდაწინ დაგეგმილი სცენარის განხორციელებაა – ცხინვალი დავიბუნეთ და ეგ არის.

განწყობა სწრაფად შეიცვალა, ერთი უკიდურეს აზრს, მეორე, საპირისპირო აზრი ცვლიდა.

წერტილზე სადაც ვიყავი, ჩემი უშუალო საქმე ფაქტიურად არაფერი იყო, რაღაც მომენტში მეთაურობას მივაწოდე აზრი – წავალ, სხვა პოზიციაზე შევეშველები ბიჭებს მუშაობაში-თქო, თანხმობა მივიღე.

ცხრა აგვისტო იყო ცენტრალურ პოსტზე რომ გადავედი. უამრავი მეგობარი მეგულებოდა ადგილზე.

მათი ხილვით ცოტა განწყობა გამომიკეთდა – უმოქმედოდ ყოფნას, როცა მთელი ჯარი ომშია ჩართული, საქმის კეთება მერჩივნა – მართლაც ბიჭები, როცა სულ ერთი კაცია საჭირო ტექნიკის სამუშაოდ, ორ-ორნი მორიგეობდნენ, რამე რომ არ გამოპარვოდათ და დაძაბულ რეჟიმში მუშაობისგან გადაღლილები იყვნენ.

ყოველ თხუთმეტ წუთში ახალი მიზანი ჩნდებოდა – რადიომიმღებში ავისმომასწავებელი სუ-ს წრიპინა ხმა არ წყდებოდა. ძნელია სიტყვით გადმოსცე ის შეგრძნება, როცა დაბომბვის ერთ-ერთი სამიზნე ხარ და ამ დროს მოვალეობა და მორალური მხარეც გავალდებულებს იჯდე და იმუშავო. სადღაც ვიღაც მეორე მე გონებაში მაინც ჩაგსისინებს – “აი შეიძლება ბრახ, და აღარ ხარ!”

– რამოდენიმეჯერ მოვიდა პანიკური ინფორმაცია, ყაზარმიდან ხალხი გარეთ გაცვივდებოდა. ერთი აზრი რაც მიტრიალებდა – როცა ერთ პატარა წერტილს უმიზნებენ დასაბომბად, და შენ იქიდან გარბიხარ, დიდია ალბათობა ააცილონ და მაინც შენ არეალში მოხვდეს ბომბი. ასე რომ დიდ ჭკუას ვერ ვნახულობდი ევაკუაციაში და უხალისოდ მივიზლაზნებოდი მორიგ ცრუ განგაშზე.

ერთი-ორმა სუმ მართლაც გადაგვიფრინა თავზე, მაგრამ რომ შევემჩნიეთ დღეს ამ ბლოგს ალბათ ვერ დავწერდი, ასე რომ მაგ მხრივ საბოლოო ჯამში ხიფათში არ მოვყოლილვართ.
საერთო კაპიტულაცია რომ გამოაცხადეს, ტექნიკის გადამალვა დაგვევალა, სადღაც ტყეში შევჩურთეთ, და ორი ათეული კაცი “ვიცავდით” ათი კალაშნიკოვით. იმ დღეს რამოდენიმე სუ დაგვტრიალებდა თავზე, კიდევ კარგი ტექნიკა უკვე გარიდებული გვყავდა დისლოკაციის ადგილს.

დაიწყო ნერვების ტყვნა, არანაირი კოორდინაცია, კავშირი. დაძაბულები, დაზაფრულები. უნდა იჯდე და უყარაულო ამ ტექნიკას. თავში რა ფიქრი აღარ ტრიალებს, აგერ რუსებმა გორი დაიკავეს და გაწყვეტილია ქვეყანა შუაზე, კაცი აღმოსავლეთიდან დასავლეთში ვეღარ გადადიხარ და პირიქით.

როგორ გადმოვცე ის ბოღმა, რაც გულში მიტრიალებდა. ერთია, როცა ასე დალეგებულ განწყობაზე ფიქრობ და მეორე მაშინდელი აზრები.

ვხვდები, რომ არსებობს სიტუაცია, სადაც უბრალოდ შეეწირო და შეაკვდე, უფრო კარგ გამოსავლად გეჩვენება, ვიდრე ის უმოქმედობა, როდესაც ადამიანი უბრალოდ ზიხარ, გარშემო საძულველი თესლის ტომი დაპატრონებია ქვეყანას და ვერაფერს აკეთებ, ვერაფერს – უსუსური და ბოღმა გულში ჩახვეული, დაზაფრული.

ბრაზი გახრჩობს… კიდევ უფრო უარესი ისაა, როდესაც იაზრებ, რომ პრობლემა მარტო მტრის რაოდენობაში არაა, არამედ ბრალის დიდი წილი გარშემო მყოფ ჩვენ “მამულიშვილებს” მიუძღვით. თავისი ნაკეთები საქმის გამო, გულგრილობის, უვიცობის, ყლეზემკიდიაობის გადამკიდე. და ვიმკით მერე ამ შედეგებს, ვიმკით და თან ძალიან მწარედ.

და სად გარბოდა ერთი ხალხი?! ვის უტოვებდა ამ ქვეყანას ერთი?!!?! კახეთის გზა მანქანებით იყოო გაჭედილიო. ტფუი და ამათ გამო ომობდა ჯარი?!?!?! თუ ყველას ერთად, ერთი ტკივილი და საწუხარი უნდა გვქონდეს?

არ გვაქვს და ასეთ ხალხს ვერც გვექნება ერთი ფიქრი… დედას შევეცი ყველა იმ კაცის, ვინც ჭიქით იძახის ქვეყნის სადღეგრძელოს და როცა მას უჭირს, სადღაც დედიმისის მუტელში გარბის საკუთარ 40 ათასიან ჯიპს მომხტარი.

მთელი აგვისტო ტყეში ვეგდეთ, საკუთარი ფიქრი გვგრუზავდა. პირველი სექტემბერი იყო, რამოდენიმე დღის წინ დავაბრუნეთ ტექნიკა დისლოკაციის ადგილს,  წამოსვლის საშუალება რომ მომეცა… ნახევარკაცი დავბრუნდი სახლში..