Iran, Tehran (Part 2)
ივნისი 30, 2014 დატოვე კომენტარი
2 მაისი
დილით ძლივს ავწიეთ სასაუზმოდ თავი. სასტუმროს კაფეტერიაშივე ცოტა წავიხემსეთ და სანამ ჯეფრი გვეწვეოდა, ისევ ძილი შევიბრუნეთ.
მერე ათ წუთში სასწრაფოდ ჩავლაგდით, ოთახი დავცალეთ, ბარგი მიმღებში დავტოვეთ და ქალაქს მივაშურეთ.
სეირნობისას გადავეყარეთ ბერძნულ ეკლესიას, შემდეგ სომხურს – გასვენება იყო, ზღვა ხალხი მოსულიყო სამძიმარზე – როგორც ჩანს აქ საკმაოდ დიდი დიასპორაა ჩვენი მეზობლების.
ქალაქში საინტერესო იყო რიგი შენობების კედლების ხილვა, ანტიამერიკული ხასიათის სურათებით მოხატული.
ასე წოწიალში ბოლოს ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში, ძველ ბაზარში ამოვყავით თავი. მოშიებულზე იქვე ტრადიციულ ირანულ ჩაიხანაში შევედით – უმაგიდო, ხალიჩებით მორთულ მოსასვენებელზე მოვკალათდით. ბრინჯი მივირთვით ათასნაირი შეკმაზულობით, ყალიონი მოვწიეთ.
აქ დასვენების დღეები ხუთშაბათი და პარასკევია და ამ დროს ფულის გადასახურდავებელი ჯიხურიც კი არ მუშაობს. ჩაიხანის ქეშიერმა – მე დაგიშლითო. ას დოლარიანი გავუწოდეთ, ჯეფრი წევდა თარჯიმნობას. დაიწყო კუპიურების დასტა დასტა გადმოღება და თვლა. კი აქვთ ფული ბევრი ნულებით. ცოტა არ იყოს აიჭრები, სანამ შეეჩვევი.
აქაური 20 000 რიალი დაახლოებით ჩვენი ლარიანის ტოლფასია. ზეპირ ლაპარაკში თუმნებს ხმარობენ და ხან თითო ნოლის ჩამოშორებით 2 000 შეიძლება გითხრან, ანაც საერთოდ ოთხ ნოლს მოაკლებენ და ორ თუმნად “მონათლავენ” ამ შენს ოცი ათასს.
ას დოლარში კი მთელ სამ მილიონზე ცოტა მეტი რიალი გვეკუთვნოდა. მაგრამ ამის ფონზეც რაღაც ძაან დიდი შეკვრა გამოგვიწოდა. ჯეფრის გავხედეთ დაეჭვებულებმა, თანხმობის ნიშნად ხელი დაიქნია. კუპიურებს ძლივს მოვუძებნეთ ადგილი – მცირე ზურგჩანდა ფულისგან გაიბერა, ქუჩაში გამოვედით.
წამი არ იყო გასული, ფეხდაფეხ ის ჭკვიანი დამხურდავებელიც გამოგვყვა – როგორც აღმოჩნდა, ასის ნაცვლად, ათასი დოლარის ექვივალენტი გადმოგვითვალა. ცხრა შეკვრა უკან გადავუდეთ (ცუდი შეგრძნება კი იყო).
ჯეფრი იცინოდა – “ვეუბნებოდი, გეშლება რაღაც და იქით მეჩხუბა, ჩემი საქმის მე ვიციო. კი შევპირდი, ნახე ცოტახანში უკან თუ არ გამოგვეკიდოო და აჰა!”
მოკლედ წამებიც და ასე იოლად მთელ ცხრაას დოლარს გავაკეთებდით.
კომიკური სიტუაციით გახალისებულები საბაგიროთი იქვე წამოყუდებულ ელბურსის მთების ფერდობს შევუყევით. რამოდენიმე სასრიალო კურორტი ქალაქთან ყურის ძირშია მოწყობილი. ერთ–ერთი საბაგირო მთელ შვიდ კილომეტრზეა გადაჭიმული, უბრალოდ მაგის დრო არ იყო, იქ ავსულიყავით. საინტერესო კი იქნებოდა სივრცის იქიდან მოთვალიერება.
სულ რამოდენიმე ასეული მეტრი ავიწიეთ ზევით, ფერდობებს შორის თეირანი მოჩანს თეთრი, თვალი ქალაქის კიდეს რომ ვერ მისწვდება. გემრიელი გრილი ნიავი უბერავს და სიცხისგან გასაქცევად მშვენიერი ადგილია.
შორს, აღმოსავლეთით დემავენდის მთაა წამოყუდებული, ირანში ყველაზე მაღალი მწვერვალი, ხუთი და ექვსასი სიმაღლის ჩამქვრალი ვულკანი, რომელსაც ირანული მითოლოგიაში და ფოლკლორში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
დავეშვით ისევ ქალაქს, მეტროთი სასტუმრომდე თითქმის საათი ვიარეთ, ერთი ამდენიც სადგურამდე და ახლა უკვე იაზდისკენ მიმავალ ღამის მატარებელში ვზივარ (ოფიციალურად ქალაქის სახელი ქართულად რატომღაც ასე იწერება – “იეზდი”, არადა “яზდ”, ასე ჟღერს სპარსულად).
* * *
თუმცა სანამ მატარებელში ჩავსხდებოდით, ჯავედის ცუდი ინგლისურის გადამკიდე, ლამის გემრიელ გაუგებრობაში გავყავით თავი.
დღემონაცვლეობით დადის მატარებლები, ხან ჩვეული კუპე–ვაგონებით, ხან უბრალო დასაჯდომი ადგილებით. ხოდა “როგორც ავტობუსი, მასე იქნება სამწუხაროდ დღეს ადგილებიო”, რაღაც მასე გვითხრა ჯავედმა. ჩვენ კი სულ ორი სიტყვა – “სამწუხაროდ” და “ავტობუსი” გავიგეთ და სალაროდან გამობრუნებულებმა ჩავთვალეთ, მატარებელზე ბილეთი ვერ ვიშოვნეთ და ავტობუსით მოგვიწევდა ჯაყჯაყი.
კარგი სანახავები ვიქნებოდით შენობას რომ გავივლიდით (რა ვიცოდით იმ შენობის მიღმა ავტობუსებს არაფერი ესაქმებოდათ) და ბაქანზე ამოვყოფდით თავს. სანამ გავარკვევდით, ჩვენი “ავტობუსი” სინამდვილეში მატარებელი როა.
ბილეთის შემოწმება მანამდე ხდებოდა და მგზავრის გარდა მეორე მხარეს გამცილებელს არ ატარებდნენ. ინგლისურად მოსაუბრე კი იქ არავინ მეგულებოდა.
ბედი ჩვენი, ჯეფრის თხოვნამ გაჭრა და ბოლომდე მიგვყვა. ყველა სიკეთესთან ერთად სხვადასხვა ადგილზე გამოეწერათ ბილეთი. გამცილებელთან მოლაპარაკებას წარმატება მოჰყვა, ვიღაც ხანუმი ზრდილობიანად გაისტუმრეს ჩემს ადგილას და კოკას გვერდით მოვკალათდი. გამოვემშვიდობეთ ჩვენს მასპინძელს თეირანში და მატარებელიც დაიძრა.
გაუგებრობას მაინც ვერ ავცდით, როცა ფორმაში გამოწყობილი კაცი წამოგვადგა თავზე და ჩვენ კონტროლიორად მივიღეთ.
დავაბნიეთ, ხელებით როგორღაც ვანიშნეთ – მხოლოდ ერთი ბილეთი გვაქვს, მეორე შენმა კოლეგამ ერთ ხანუმს გადასცა, რადგან ადგილი გავუცვალეთ და აი სანაცვლოდ მისი ბილეთის მოცემა კი დაავიწყდაო.
უხერხულად გვიღიმოდა. გამომართვა ბილეთი, მთავარ გამცილებელთან წავიდა. უკან გავყევი. ვერც იმ კაცს გავაგებინე რა მაწუხებდა. მათი მიმიკა და ირანული კი მე არ მესმოდა. ბოლოს, უშედეგო ცდით რომ დავიღალე:
– any problem?!
– no problem–ო.. ამოღერღა ჩემზე არანაკლებ შეწუხებულმა კაცმა.
გულში, შენ გაიხარე–თქო, გამოვართვი უკან ის ბილეთი და ჩემს ადგილას მივბრუნდი.
იმ ფორმიანმა ცოტახანში ჩაი რომ ჩამოატარა, მერეღა გადავხარშეთ, რა ტყუილად ავიტკიეთ თავი – თურმე უბრალოდ ოფიციანტია და მაქსიმუმ რაც აინტერესებდა – ყავის დალევას ვარჩევდით, თუ ჩაის მივანიჭებდით უპირატესობას..
# # #
კომენტები