Kumagaya

ჩიჩიბუ

ტოკიოსთან გამომშვიდობების დრო დადგა. უჩამ მანქანა იქირავა და ხუთი კაცი თავის ბარგით ძლივს ჩაპრესილები კუმაგაიასკენ მიმავალ გზას ვადგავართ.

ტოკიოსა და მის მოსაზღვრე დასახლებებს შორის წყვეტა არაა, ბეტონის კედლად აღმართულ სახლებს ბოლო არ უჩანს. მოკლედ ჩქაროსნული მაგისტრალიდან თვალსასეირო არაფერი მოჩანს.

ამ ჩქაროსნულ ტრასას რომ მოვშორდეთ, სპეციალურად გზაც დავიგრძელეთ – ცოტა ბუნებასაც შევავლოთ იქნებ თვალი. როგორც იქნა, კორპუსების წყება დასრულდა და სიმწვანე გამოჩნდა.

რაღაც ბორჯომის ხეობისმაგვარ, მთიან რელიეფში გაჭრილი, მეორეხარისხოვან, დაკლაკნილ გზას მივუყვებით და განწყობაც ნელ-ნელა უკეთესი მოდის.

იაპონია-ირლანდიის მატჩის საყურებლად პატარა დასახლება ჩიჩიბუში მივაპარკირეთ მანქანა.

ასეთ დასახლებებში ინტერესი რაგბის მიმართ ფაქტობრივად ნულოვანია – ძლივს ვიპოვეთ რაღაც ერთი ბარი, სადაც ნაკრების საგულშემატკივროდ ჩვენს გარდა სულ ორი იაპონელი თუ ზის.

ბარი კია საინტერესო – ჩაწიკწიკებული ასობით ნარ-ნაირი ვისკის ბოთლით, რა ბრენდს აღარ შეავლებ კაცი თვალს. ადგილობრივი წარმოების დავაგემოვნეთ “იჩიროს მალტი”, – მშვენიერი დასალევი სითხე მოკლედ.

თამაშს რაც შეეხებია – აგერ უკვე მეორე მსოფლიო ჩემპიონატია, იაპონიამ უდიდესი სენსაცია შემოგვთავაზა და ს. აფრიკის შემდეგ ირალნდიასაც კაი ალიყური უთავაზა. მიდი და კიდევ დაუძახე “tier 2” აწი ამ გუნდს.

იმ ორ იაპონელზე არანაკლებ გახარებულები გამოვემშვიდობეთ ბარმენს და ისევ ჩვენს ციცქნა მანქანაში ჩავეკვეხეთ.

საათიც და კუმაგაიაში ვართ, უფრო სწორედ იქვე, ფუკოიას ვუწიეთ, ალბათ ასე გამოითქმება ამ დასახლების სახელი.

სერგო გველოდება სასტუმროსთან, კაცი იმ დღეს ჩამოფრინდა და ჩვენთან შესახვედრად მატარებლით წამოვიდა.

“გრინ ჰილ ჰოტელი”

ხოდა სერგო სულ ერთი თვის წინ გავიცანი, ვიზის ასაღებად რიგში რომ ვიდექით. მარტო უწევდა იაპონიაში ჩამოსვლა და რახან სასტუმროში ერთი ზედმეტი ადგილი მქონდა, შევთავაზე, “ბარემ ისარგებლე და ჩვენთან ერთად დარჩითქო”.

მოკლედ, მე და ლუკას გარდა იმ სხვა სამ ქართველს არც იცნობს ეს კაცი. ჩვენც ასე – აქამდე სარაგბო თემებზე საუბარში თუ გავცვალეთ ერთი-ორი წინადადება.

ხოდა რაც მერე გადაგხვდა, ყველაზე საინტერესო სწორედ სერგოს თვალით დანახულის აღქმა იქნება.

სცენა:

სასტუმროსთან ეს ხუთი ქართველი მანქანიდან გადმოვლაგდით – ლოდინისგან გაბეზრებული სერგო მაინც მომღიმარი გვესალმება. “ჩექინის” გასავლელად მისაღებს ვეძებთ. პირველ სართულზე მსგავსი არაფერია.

ძლივს ვიღაც ბებო დავლანდეთ, ღერი ინგლისური არ ესმის – რაღაც ღილაკს მიაჭირა ხელი და ფურცლები დაიბეჭდა – სამი ოთახის ნომერი, ორ-ორი კაცისთვის.

ბარგის შემოსატანად გავდივარ მანქანასთან – დაგვიანებით ავედი სართულზე. უჩა რაღაც შეცბუნებული მხვდება, ლუკას ისტერიული სიცილი მეჩხირება თვალებში – “რა ხდება?!”

გოგა გამოდის შეშლილი სახით, “მე ძმაო აქ არ დავრჩები”, სერგოს უხერხული ღიმილი დასთამაშებს სახეზე.

ოთახში შევდივარ, ჯერ ვერ ვხვდები რა ხდება, პირველ რიგში რაღაც უგემოვნო დიზაინი მებლანდება თვალებში, ნელ-ნელა სხვა დეტალებიც იწყებს ამოტივტივებას.

მოკლედ ყველანაირი ფანტაზიის დასაკმაყოფილებლად საჭირო ინვენტარითაა ოთახები აღჭურვილი, უცნაური მოწყობილობებით.

ე.წ. “Love Hotel” დამიჯავშნავს, მეწყვილესთან ერთად საწოლში საკოტრიალოდ, ფანტაზიების განსახორციელებლად ყველანაირი ინვენტარით.

კარი შიგნიდანაც თავისით იკეტება, არანაირი გასაღები, შეხვალ და ვეღარ გამოხვალ, სანამ იქ ყოფნის საფასურს ოთახშივე ჩამონტაჟებულ აპარატში არ შეაცურებ.

წარმოიდგინეთ სერგოს ადგილას თავი, რა გაურკვევლობაში იქნებოდი ადამიანი :)))

ბებო ჩვენი შემყურე არანაკლებ გაუგებრობაშია – საიდან გამოვტყვრით ეს ექვსი კაცი ასეთ ადგილზე, სადაც ალბათ, როგორც წესი, გოგო-ბიჭის წყვილები მოდიან.

ძლივს ვანიშნეთ, მანდ დარჩენას რომ არ ვაპირებდით. გამოვლაგდით, ჯერაც შოკური ისტერიული სიცილის ფონზე. კიდევ კარგი მანქანა გვყავს – დასარჩენის საძებნელად გავგზავნეთ დესანტი.

კუმაგაია

რაღაც სასტუმრო მოვძებნეთ, მთელი World Rugby-ის ოფიციოზი იქ დაგხვდა შესახლებული. ლუკამ ზელანდიის ყოფილი ჰუკერი კევინ მეალამუ დალანდა და ბედნიერებისგან აღარ იცის ემოციები სად წაიღოს.

მეც ნაცნობი სახე მებლანდება თვალებში, უცხოელი, მაგრამ აშკარად სადღაც მყავს ნანახი -“ვახ საქართველოში, რაგბის ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე კამერამენი არ იყო ამ ორი წლის წინ?!”, საიდან სად..

მოკლედ ბორდელის ნაცვლად, პირდაპირ სარაგბო ატმოსფეროში ვდურთეთ თავი..

გემრელი ფული კი დაგვიჯდა ასე სპონტანურად ღამის სათევის მოძიება, მაგრამ სად იყო ასარჩევად საქმე?!

იქაურობა ერთ დიდ ქობულეთს წააგავს, არაფერი არ ხდება და ხვალინდელი მატჩის გამო თუ რამე სასტუმროა, ყველაფერი გადავსებულია.

არენის დასაზვერად მანქანას ისევ მივუჯექით. ჩახუჭუჭებულ შუქნიშნის ფონზე, ერთ ადგილას ვერ გავიგეთ ჩვენი გზა თუ იყო.. როცა მივხვდით, რომ ჯერ არ უნდა გვემოძრავა, უკვე გვიანი იყო – ორ შემხვედრ მანქანას შორის კიდევ ხომ მშვიდობიანად გავძვერით.

წამიერად პოლიციის მანქანამ რომ ჩაგვისეირნა, მერეც შეგვეკრა სუნთქვა, მართვის მოწმობის გარეშე რომ მართავდა ამ ჩვენს მანქანას მეგობარი..

მოკლედ ბოლო-ბოლო მშვიდობიანად მოვგორდით ისევ სასტუმროში.

მკვდრებივით მიგვეძინა..

მატჩი

ათ საათზე სასტუმროდან “გამოგვყარეს”.

სხვა რა საქმე გვქონდა – სტადიონისკენ დავიძარით. სამ საათზე მეტი დრო რჩებოდა მატჩის დაწყებამდე, უკვე არენის შემოგარენში რომ მივსეირნობდით და “ვარსკვლავური ციებცხელების” აკიდების რისკის ქვეშაც ვიდექით, როცა ყოველი მეორე გამვლელი მომღიმარი სახით სურათის გადაღების თხოვნით გვიახლოვდებოდა..

“გამარჯობაააა” – საკმაოდ კარგი აქცენტით გვესალმებოდნენ ადგილობრივები და ყველა მხრივ ინტერესს და პატივისცემას გამოხატავდნენ..

დრო ნელ-ნელა გაიპარა, ქართველებიც მოიკრიბნენ, იმაზე გაცილებით მეტნი, ვიდრე უელსთან მატჩის დროს. არც ადგილობრივების ნაკლებობა იყო ქართულ უნიფორმაში გამოწყობილების.. მოკლედ ურუგვაის მხარდაჭერებს აშკარად ჭარბობდა შინდისფერი არმადა.

მაგრამ სამაგიეროდ თვალს ვერ მოწყვეტდი სამხრეთელი ლათინოსების სილამაზეს, ეშხიან ესპანურად მოჟღურტულე შავგვრემან გოგოებს.. რას იზამ, ერთ რამეში მაინც გვაჯობეს ცისფერმაისურებიანებმა…

მაგრამ, რაც მთავარია, მოლოდინი გაგვიმართლა და მატჩის დროს არ დავჩაგრულვართ.. ხუთი ლელო, ერთის წილ და ისტორიული ბონუსქულით ჩვენმა ნაკრებმა იოლი გამარჯვება მოიპოვა.

დღის მშვენება მაინც ის პატარა სკოლის მოსწავლე გოგო-ბიჭები იყვნენ, უნიფორმაში გამოწყობილები მთელ ტრიბუნას რომ ავსებდნენ და ლუკას მეცადინეობით “ჯორჯა, ჯორჯას” საყვარელი წრიპინა ხმით რითმულად გაიძახოდნენ..

მოკლედ დადებითი ემოციები არც ამ დღეს დაგვკლებია..

მცხუნვარე მზისგან დასიცხულები და მოგებით ხასიათგამოკეთებულები გავეცალეთ იქაურობას. სხვა რა საქმე გვქონდა კუმაგაიაში, ისევ ტოკიოში მიბრუნება გადავწყიტეთ, შემდეგ დღეს მაინც იქიდან გვქონდა ფრენა ამჯერად უკვე ოსაკასკენ..

და სანამ ოსაკა-კიოტოს ამბებს მოვყვები, ახლა ვწევარ საწოლში და ამ ორ სიტყვას ვიწერები და იმედს არ ვკარგავ, რომ სადღაც ახლო-მახლო კარაოკეში აშკარად სმენააცდენილი იაპონელი მეგობრები სიმღერას მალე დაასრულებენ, თორემ უკვე ლამისაა გოგას ხვრინვა მომენატროს..