ევროტური (II ნაწილი)
ნოემბერი 19, 2018 დატოვე კომენტარი
Amsterdam
ორიოდე საათი გზაში და ჩვენს მანქანას შიპოლის აეროპორტში გამოვემშვიდობეთ.. აწი უკვე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოგვიწევდა გადაადგილება. მატარებელით მგზავრობა და ამსტერდამის ცენტრალურ ნაწილში ამოვყავით თავი. გზის გასაგნებლად იქვე გოგონას რომ გამოველაპარაკეთ, ქართველი შეგვრჩა ხელში.
ცოტახანში ჩვენს სორო ბინაში ვიყავით დაღლილები გაშოტილები – ცოტა ძალები აღვიდგინეთ და ქალაქის დასათვალიერებლად გავწიეთ.. არც ჭამა იქნებოდა ურიგო. სულ ერთი საღამო გვქონდა აქაურობის სანახავად.
და ამსტერდამი იყო იმ ერთ საღამოს ისეთი, როგორიც ბევრი სხვა ჩვენნაირად ჩაბეტებული ტურისტვისთვის იქნებოდა.
კიდევ უფრო მოგვიანებით კი ოლი შემოგვეხმიანა, კიდევ ერთი ჩვენი კურსელი საავიაციო სკოლიდან, და რაღაც ბართან დაგვითქვა შეხვედრა.
როგორც ლამის ყველა ამსტერდამელიც, ოლივერიც ველოსიპედით მოგორდა.. მოგორდა რა, ერთი საათი ატრიალებდა პედლებს, ჩვენამდე რომ მოეღწია და სახლისკენ მიმავალსაც იგივე ელოდა.. კარგი ვარჯიშია, ლუდის დალევის შემდეგ მითუმეტეს..
“არა, მანქანა კი მყავს, მაგრამ აქ ისეთი ხდება, მეშინია ვინმე სხვა ველოსიპედისტი ჩემს კაპოტზე დაასრულებს ცხოვრებას და ისევ ასე ვარჩევ სიარულსო” – ვერაფერს იტყვი, ლოგიკურია.
მერე იყო ხორხოცი, ლუდის თანხლებით და ძველი ამბების გახსენება. ფაბიოსი არ იყოს, არც ოლივერს დაეწუნება იუმორი.
გვიანი იყო, გამოვუყევით ფეხით ისევ ჩვენი სახლის გზას.. ის ღამე ტკბილად, ჩვილი ბავშვივით უდტრვინველად გვეძინა, ღრმა ღრმა ძილით.
დილით კი ისევ შიპოლის აეროპორტი და ავტობუსი სახელად Easyjet იბიცასკენ ავიღეთ კურსი..
Ibiza
კონტრასტი დიდია – ჩრდილოეთში, თუ რამე თბილი მქონდა წაღებული, ყველაფერი ზედ მეცვა. ნისლიანი ცივი დღეები იდგა. იბიცა კი, რათქმაუნდა, მზით და სიცხით შეგვეგება. აეროპორტიდან გამოვედი თუ არა, უკვე უადგილო იყო ჩემი შარვალი და თბილი შემოსაცმელი.
კუნძული ავტობუსით გადავჭერით (სულ 20-30 კილომეტრი რომ არის სიგანეში) და Sant Antoni-ს დასახლებაში ამოვყავით თავი..
მერე კი ჩვენი სასტუმრო-სახლი დიდი ხანი ვეძებეთ.. ნომრები ლოგიკის მიხედვით არც იქ აწერია, ჩვენი თბილისის არ იყოს, და დავდიოდით ერთ ციდა ქუჩაზე აღმა-დაღმა უიმედო თვალებით..
ბოლოს როგორც იქნა მასპინძელმა ინება და ტელეფონზე მიპასუხა, “ah buenos dias.. you should ask for apartment rita..”
რიტა და ჯანდაბა, იქვე ორ ნაბიჯში ყოფილა – ოთახში შევლაგდით. შორტები ამოვიცვით და მე და იაგომ ზღვისკენ ვდურთეთ თავი.. ხუთასს მეტრში მივადექით სანაპიროს და ტურისტების რა გითხრათ და ადგილობრივები კი ბანაობდნენ ამ ურბანულ ნაწილში.. პლაჟიც არ ეთქმოდა, მაგრამ ბათუმის ზღვას შეჩვეულები ამას დაგიდევდით?! ვისკუპეთ წყალში და მგზავრობის დაღლილობა მოვიხსენით.
***
ქალაქი, მიუხედავად ტურისტული გარემოსი, კაფეტერიაში ჭამა, მაღაზიები, ევროპული საზომით საოცრად იაფი შეგვრჩა.. რასაც ვერ იტყვი სანაპიროს ზოლის ფასებზე.. შეზლონგი, ქოლგა.. ბოლო დღეს უბრალოდ უარი ვთქვით ამ ყველაფერზე და უკვე რუჯმოკიდებულები პირდაპირ ქვიშაზე, მზეს მიფიცხებულები, ემიგრანტი ნიგერებისგან ნაყიდ იაფფასიან უზარმაზარ ადეალაზე ვიყავით გაწოლილები..
ის 2-3 დღე სხვადასხვა პლაჟებს მივაშურეთ.. ისეთ ადგილებში ამოვყავით თავი, ისევ ეჭვით რომ გაგახსენდებოდა ბავშვობაში სკოლაში ჩანერგილი აზრები, რომ საქართველოს იქით, ბუნების ასეთი სილამაზე უბრალოდ რომ არ არსებობს..
ნეტავ რას გვერჩოდნენ, რატომ გვაბოლებდნენ?!
ბუნების სილამაზეს ვერც მკერდმოღეღილი გარუჯული გოგონების სიმრავლე აკარგვინებდა ელფერს.. უფრო რომ ჰარმონია იყო ამ ყველაფერში.. მე კი, ბედნიერი იმით, რომ კარგად ცურვა არ ვიცი და აქ კი ზღვა ისეთი წყნარი დამხვდა, არხეინად ვახერხებდი ზურგზე წამოგორებას და გულმოცემული ვიკარგებოდი რამოდენიმე ასეული მეტრი სიღრმეში და არხეინად რაჭულად ვუსვამდი მერე ხელს წყალზე გულაღმა გაწოლილი, მზის სხივებისგან თვალებმოჭუტული და ვფიქრობდი, რომ ბედნიერებას საკმაოდ კონკრეტული ფორმა გააჩნია..
ამასობაში მოსაღამოვდებოდა.. Cafe Del Mar.. მთელი ცხოვრება ამ ლეიბლის ასეულობით კომპოზიცია რომ გიწერია სახლში პერსონალურ კომპიუტერში და ცხოვრების სადღაც მესამე ათეულ წელს უცებ ზიხარ, ლუდს წრუპავ და DJ ცოცხლად გიმიქსავს ნაცნობ ხასიათის მუსიკას.. მზე იქით ჰორიზონტზე ზღვის ფონზე ნელნელა თვალს ეფარება და გრძნობ, რომ ბედნიერების განცდა ისევ სადღაც შენთან მახლობლად დაბოდიალობს..
…
Stephan Bodzin ამ გერმანელი DJ-ის ლაივს ამ ერთი წლის წინ თბილისში დავესწარი, თავზე რომ დაიმხო და საოცრად დაგვმუხტა ორსაათიან შოუთი თავისი ენერგიული მუსიკით.. ასე რომ არჩევანი, როცა სარეკლამო ბანერებს ჩავუარე, რა გასაკვირი, ერთ საღამოსაც ისევ Bodzin-ის სასარგებლოდ თუ გავაკეთე.
50 ევრო ბილეთში, 16 კოქტეილი, 12 პატარა ლუდი, 9 წყალი.. ეს ისე, ვინმეს თუ აინტერესებს რა ჯდება იქაურ გარემოში თავის ამოყოფა..
კლუბამდე რამოდენიმე ევროს საფასურად ღამის ავტობუსებს დაყავხარ.. ახალგაზრდობა იაფფასიანი სასმელით რომ ტყვრება, უკვე მოქოქილი რომ შევიდეს კლუბში.
მერე კი ადგილობრივი ბარიგებიც მრავლად დასუნსულებენ..
ღამის 4 საათი იყო ბუძია ბოძინი რომ სცენაზე ავიდა და ნაცნობი ცეცხლიც დაანთო.. ხალხის ზღვა როკავდა და ვინღა უყურებდა სიგარეტის ამკრძალავ ნიშანს.. იქაურობა ათასგვარად შეკეთებული სიგარეტის ბოლში ჩაიკარგა…
***
რამოდენიმე დღე და უკვე იტალიისკენ წასვლის დროც მოგვადგა.. დამუხტულ-განმუხტული, ორივე სიტყვა შეეფერებოდა ჩემს იქაურ მოგზაურობას..
ისევ აეროპორტი, EasyJet-ზე უარესი ავტობუსი RyanAir-ში შეგვპრესეს..
ერთი-ორი საათიც და სითბოდან ისევ ნისლიან, მოჟამულ გარემოში დავფრინდით..
ტურინი – ჩემი ბავშვობის კუმირი გუნდის ქალაქი – სად არ მიგიყვანს ახირებები ადამიანს.
ეს ჩანაწერიც აქ დავასრულოთ
კომენტები