ექსეტერი, სტოუნჰენჯი და დაბრუნება სახლში

ექსეტერი

კარგადგამოძინებულებმა ქალაქი ფეხით შემოვიარეთ. ფანზონაში რაღაც თამაშს ვუყურეთ და ნელნელა სტადიონზე წასასვლელად დავირაზმეთ.

შეხვედრამდე წინასამატჩო განხილვისას, ნამიბიის მოგება ივარაუდეს – როდესაც, როგორც წესი – “ბლა ბლა, ორივე ძლიერი გუნდია, ძნელია თქმა ვინ მოიგებს, იმედია კარგ თამაშს ვიხილავთ..” სხვა შეხვედრების დროს ასეთი ნეიტრალურ პროგნოზებს თუ მოისმენდით. ადგილობრივებიც უფრო ნამიბიის მხარეს იხრებოდნენ – აფრიკელთა ერთ ერთი მოთამაშე ხომ ექსეტერელთა კლუბში თამაშობდა… და არ დაგვავიწყდეს ჯორჯ კლენსი, რეფერი, რომელმაც, რბილად რომ ვთქვათ, ეს შეხვედრა ძალიან “უცნაურად” იმსაჯა.

ქართველები ცოტანი ვიყავით, მაგრამ ორგანიზებულად ვქომაგობდით ჩვენს საყვარელ გუნდს და მოგების გარდა სხვა შედეგის გაგონებაც არ გვინდოდა. მაგრამ რა ვიცოდით, თუ როგორი ნერვების წყვეტა გველოდა წინ. როცა ერთი-ორი თვის შემდეგ ამ შეხვედრას ხელახლა ვუყურე ვიდეოჩანაწერში, ინგლისელი კომენტატორის ერთი ფრაზა დამამახსოვრდა – “როგორ ვერ იგებენ ქართველები?! როგორ და აი ასე – ძალიან ბევრ ელემენტარულ შეცდომას უშვებენ დღეს საღამოსო”.. ხო, საზიზღრად ვთამაშობდით და ამას ემატებოდა ჯორჯის გაუგონარი გადაწყვეტილებები.

მეორე ტაიმი დაიწყო და შეხვედრა ცოტა საჩვენოდ შემოვატრიალეთ – ორჯერ დავალელოვეთ მეტოქე და თითქოს ყველაფერი მშვიდობიანად უნდა დასრულებულიყო.. მაგრამ მერე ნამიბიამაც იყოჩაღა, საპასუხოდ ერთი ლელო დაგვიმიწა და ჩვენს უპირატესობას კინკილა ქულაღა წარმოადგენდა.

დამუნჯებული, გულისკანკალით ვუყურებდი მოედანს, ნამიბიელებმა ბოლო წუთზე ბურთი რომ მოიხელთეს და მწვავედ შეგვიტიეს. იმ საღამოს კლენსი ნამიბიელთა სასარგებლოდ იმდენჯერ შეცდა, ეჭვი აღარ მეპარებოდა – ერთ ერთი რაქის დროს ხელს აფრიკელთა სასარგებლოდ გაიშვერდა, ისინიც იოლ სამქულიან ჯარიმას გადრადასახავდნენ და ამგვარად გამარჯვებასაც დავემშვიდობებოდით.

ხოდა მართლა გაოცებული (და უსაზღვროდ ბედნიერი) შევყურებდი ჯორჯის ხელს, რომელიც აგერ აქეთ ჩვენს სასარგებლოდ აღმართულიყო..

მოკლედ ნერვების წყვეტის ფასად საბოლოოდ მაინც მოვიგეთ და ეს ის შემთხვევაა, სწორედ შედეგი რომ უფრო ფასობდა, ვიდრე კარგი თამაში – ამ ყველაფრით ხომ იაპონიაში შემდეგ მსოფლიოზე შესარჩევი ეტაპის გავლის გარეშე დავიბევეთ ადგილი.

გახარებულებმა დავტოვეთ სტადიონი და მანქანას მივაშურეთ.. ჰეჰ უსიამოვნებამ აქაც არ აგვიარა გვერდი – რაღაც სუპერმარკეტის ეზოში გვეგულებოდა მიგდებული ჩვენი ჯართი. იქაურობა დაკეტილი დაგვხვდა და მანქანით გამოსასვლელი კი შლაგბაუმით გადარაზული. ბევრი ვიწვალეთ, იქნებ როგორმე ჩვენი ციცქნა ვოქსოლი გვერდებზე დარჩენილ მცირე სივრცეში “გამოგვეძვრინა”, მაგრამ სულ მცირე ცალი კარი მაინც შეეწირებოდა ამ ყველაფერს და ბოლოს ხელი ჩავიქნიეთ.

ტაქსი სახლისკენ და მეორე დღეს უკუ გზაზე ისეთი ძვირი დაგვიჯდა, ჯობდა ისევ ფასიანი პარკირებით გვესარგებლად და უფასო სადგომს არ დავხარბებოდით. სხვათაშორის ორივეჯერ ერთი და იგივე ტიპი გაგვეჩითა მძღოლად.. მგონი სულ ორი ტაქსი დაგორავდა იმ ქალაქში.

მატჩისშემდგომ “მესამე ტაიმზე” კი ბევრს აღარ მოვყვები – რაღაც ბარში ჩვენს რაგბისტებთან ერთად ამოვყავით თავი და ერთი აზრი ის მიტრიალებდა – “ჯობია კუმირები კაცმა ახლოდან არ ნახოს-თქო” – მაინც არ იყო სასიამოვნო ალკოჰოლს დაძალებული სპორტსმენების ხილვა, თუმცა ეს მათი დიდი გამარჯვების საღამო იყო და შეარგოთ.

სტოუნჰენჯი

ბრიტანული ვოიაჟი დასასრულს უახლოვდებოდა. მეორე დილით, მას შემდეგ რაც მანქანა სუპერმარკეტის პარკინგის კლანჭებისგან დავიხსენით, პირი ლონდონისკენ ვქენით და თან იაშკაც დავიმგზავრეთ – გზად სტოუნჰენჯს ჩავუვლიდით და რა გასაკვირი, იქაურობის დათვალიერებას ვაპირებდით.

არჩევანი ორი იყო – ან ტრასაზე სადმე შევრჩუთავდით მანქანას და ღობისმიღმა 50-100 მეტრის მოშორებიდან უნდა შეგვევლო თვალი ამ მისტიური ადგილისთვის, ან ტურისტების ნაკადს შერეულები ოფიციალური შესასვლელით ვისარგებლებდით. მეორე ვარიანტი ვამჯობინეთ – თითომ 15 ფუნტი მივათხლიშეთ ბილეთს და ავტობუსით მგზავრობა ვიუარეთ (სალაროები ერთ ორ კილომეტრის მოშორებით გაემართათ) – იქაურობა ისეთი ლამაზი იყო, ფეხით სეირნობას არაფერი ჯობდა, თუნდაც ამაში ნახევარი საათი დაგვეკარგა.

ნელნელა მას შემდეგ, რაც მორიგი მცირე ბორცვი გადავიარეთ, ჰორიზონტზე სტოუნჰენჯის ქვებიც ამოიზარდა. ტერიტორია უბრალო ღობით იყო შემოფარგლული და ბილეთები რომ შეემოწმებინა, სულ ერთი ოფიციალური პირით.

“გადაყრილი” 15 ფუნტი საოცრად დამენანა, როდესაც ამ პირმა მხოლოდ სიტყვიერად თუ გვკითხა – “ბილეთები ხომ გაქვთო” და სანამ შარვლის ჯიბეში ვიქექებოდით, “კაი, გენდობით, გენდობითო” და ფარატინა ღობეზე დატანილ კარისკენ მიგვითითა.

გარშემო ტრაქტორები თუხთუხებდნენ, ჯერაც დაუმუშავებელ მდელოებზე კი ასობით ცხვარი არხეინად ძოვდა. საპირისპირო მხარეს გზატკეცილსაც ვკიდეთ თვალი, რომელიც თურმე იმაზე ახლოს ჩაუდიოდა ამ სანახაობას, ვიდრე ვიფიქრებდით.. კიდევ ერთხელ დაგვენანა ბილეთში “გადაყრილი” 15 ფუნტი – მოგზაურობის ბოლო იყო და რა გასაკვირი, დაცარიელებულ ჯიბეს მოკლებულ თითოეულ ფუნტს მტკივნეულად აღვიქვამდით.

იქაურობას ერთი საპატიო წრე დავარტყით, რამოდენიმე ათეული სურათიც გადავიღეთ და ორი საათი არ იყო გასული, უკვე გეთვიკის აეროპორტში რეისზე ჩასხდომისთვის ვემზადებოდით.

სახლში დაბრუნება

კიევში გამთენიისას ჩავფრიდით, თბილისის რეისი კი საღამოს გვქონდა. მესაზღვრეს ისეთი დაღლილი სახით ვუპასუხე, “უბრალოდ გამოძინება მინდა კიევშითქო”, ზედმეტი კითხვები აღარც დაუსვამს, პასპორტი უკან გამომიწოდა.

ქეში სულ 15 ფუნტი მქონდა მორჩენილი, რაც ინგლისში ერთი კარგი სადილს სამყოფი თუ იყო, აი უკრაინაში კი, გრივნებში რომ მივახურდავეთ, მართლაც რომ წონადი ფულით შეგვევსო ჯიბე – წარმოიდგინეთ ქალაქის ცენტრამდე აეროპორტიდან ტაქსით წავედ-წამოვედით და დღის მანძილზე არც საუზმე-სადილი მოვიკელით..

ეს ყველაფერი სრული შოკი იყო, ნელნელა რომ იაზრებ, გარდავლილ ვოიაჟისას რამხელა თანხას ვაფშვნიდით უბრალო ბურგერების ჭამის დროსაც კი.

დანაყრებულები ქალაქში მივფრატუნობდით..

ინგლისურ თბილ ამინდების საპირისპიროდ კიევში ყინვა დაგხვდა. ქალაქის უბნები ჩაჟამებული, ძველი საბჭოური შენობებით.. მაგრამ ერთი პლუსი, სქელფეხება, მრგვალსახიან შეუხედავ ინგლისელი ქალების ნაცვლად, ქუჩაში თვალის გასახარად ქერა ქერა ლამაზპირსახა გოგოები, ზამთრის ტანსაცმელში შეფუთნულები, მრავლად დაკაპუნობდნენ.. თუმცა იმ მომენტში გამოუძინებლები უკვე ზომბებივით დავაბოტებდით და თუ რამე გვინდოდა, ეს იყო კარგი ძილი.. ბედად დროებით ერთმა ნაცნობმა შეგვიკედლა..

შემდეგ კიდევ რამოდენიმე საათი ცაში და თბილისის აეროპორტშიც ბარგის განყოფილებიდან კარი რომ გაიღო, ნაცნობი, მომლოდინე ორასამდე შეშლი ადამიანის დაჭიმული მზერაც გვეფეთა..