პორტებთან ტულუზაში

შუაღამეს გადაცელილი იყო, მატარებელი ტულუზაში რომ ჩამოდგა.

მივახრიგინებ ჩემს ჩანთას ქალაქის ქვაფენილით მოყირწლულ ტროტუარებზე.. ვერ გეტყვით, რომ მეცნობა გარემო.. 13 წელია გასული..

ლუკას დაქირავებულ სახლსაც მივადექი, დიდი ხანი ვუტრიალე იქაურობას, სანამ შესასვლელი სადარბაზო მოვიძიე. ბავშვი მეორე დღესღა ჩამოდის, ზედ თამაშის წინ. მთელი ვიდეოინსტრუქცია ჩავუწერე, დრო რომ დაზოგოს და იოლად მიაგნოს იქაურობას, კარის გასაღების მოპოვების და ოთახში შესვლის გრძელი პროცედურა სწორად შეასრულოს და შეხვედრაზე არ დააგვიანოს..

დავალებას, როგორც აღმოჩნდა, წარმატებით გავართვი თავი და ნამგზავრზე უძილობის ფონზე ლუკა თამაშის წინ მაინც მოცინარი სახით წარსდგა საზოგადოების წინაშე..

თუმცა, არც მას, არც მე, და არც სხვა ქართველს ეს სიცილი შეხვედრის შემდეგ ახლოს აღარ გაგვეკარა..

მანამდე კი იყო დილა და კაპიტოლეს მოედანზე შეკრებილი ქართველობა – სადაც არ გავიხედავდი, ნაცნობი ფიგურები დააბიჯებდნენ.. მრავალტანჯული ჩალათა, ნოე და მისი კანადიდან ჩამოსული ძმა გიორგა, მუდამ ახალგაზრდა ლევანი და ჩემი ბავშვობის მეგობარი კიბორგა..

სტადიონი ფეხით სავალ მანძილზე იყო, კიდევ ხომ ხალხი მახლდა, თორემ თავად შეიძლება ტულუზას რაგბის არენისკენ წავსულიყავი. შეხვედრა თურმე საფეხბურთო მოედანზე იმართება..

ნელ-ნელა ნაცნობი ხედებიც შემოვიდა ცნობიერში – გარონას სანაპიროს დავუყევით. შეხვედრის დაწყებამდე მშვენიერ განწყობაზე ვიყავით და ათას თემას მივედ-მოვედებოდით.

ტერიტორიაზე შესასვლელი რიგი მალე გავიარეთ და უკვე ლუდის დალევის და ცოტა საჭმლის ჭამით სულის მოთქმის დროც დადგა..

არ დამავიწყდება ერთი ამპარტავანი ფრანგი… ზურგზე ლუდის ბალონმოკიდებულ ფერადკანიანს რომ შეუკიკინა – “მაიცა, ოცდაცამეტი როგორ გამოთქვიო”?! როდესაც ლუდი ჩამოუსხეს და გადასახდელი თანხა მოახსენეს… იმიტირებდა და “იქნებ ასე უნდა გეთქვაო..” – უსწორებდა. წუთებმა ჩაიარა, არ შეეშვა..

   - “Ce garcon n’est pas tres gentil..” გავუღიმე, ჩემი ლუდის დროც რომ დადგა. შებეზრებულმა თავი უიმედოდ გადააქნია – შეჩვეული იყო ალბათ ასეთ ხეპრეების გამოხდომებს..

ხოდა რა გასაკვირი, ფრანგებს ძალიან უყვართ თავიანთი ენა, და ჩემს საშინელი აქცენტით დაწყებულ საუბარზე, ეგრევე ინგლისურზე რომ გადმოდიოდნენ – “ოღონდ შენ ნუ შეურაცხყოფ ამ ჩვენს ენას და ჯანდაბას, ისევ ინგლისურად გიპასუხებთო…”

ასე მომესპო შანსი, ცოტა მეტი პრაქტიკა მიმეღო ამ ჩემს კოჭლ ფრანგულში -კაციშვილი არ მესაუბრებოდა, გარდა იმ მოხუცებისა, ვინც ფიზიკურად ინგლისური არ იცოდა..

შევეშვათ ენის აქცენტებს და ცოდნა-საუბარს.. ამასობაში შეხვედრის დაწყების დროც მოახლოვდა.

რას ვიფიქრებდით, ასეთი პირველი ტაიმის შემდეგ სტადიონს მოწყენილები თუ დავტოვებდით. მეტოქეს აშკარად ვჯაბნიდით და გულში წინდაწინ იოლ გამარჯვებასაც ვზეიმობდი. ერთი, რაც ყურადღებას მიფანტავდა, გაგოშა იყო. ჩემს გვერდითმჯდომი მოუთმენლად რომ ცმუკავდა და სასმელის დეფიციტზე ჩიოდა..

და სანამ ლუდის დამტარებელს ჭიქების შესავსებად რიგში მორჩილად ველოდებოდი, დაიწყო მეორე ტაიმი და დაიწყო ჩვენი ნერვიულობაც.. სადღა იყო ის უპირატესობა?! პირველი ტაიმის მძლავრი საქართველო ჰაერში უკვალოდ გაიფანტა, აორთქლდა… მოგვეძალნენ პორტები, ანგარიშში წინაც გავიდნენ..

ბევრი დრო არ რჩებოდა.. ამაოდ ველოდით ჩვენი გუნდის გამონათებას.

ბოლო მომენტშიღა ვიხელთეთ ბურთი და დადებული ლელოთი ანგარიში გავათანაბრეთ… გარდასახულ დარტყმას კი საერთოდ წინ გავყავდით, მაგრამ ბურთი ძელებსშორის არ გაძვრა და ტაბლო პუბლიკას ისევ თანაბარ შედეგს ამცნობდა..

განახლდა შეხვედრა – წამებია დარჩენილი… სუნთქვა კიდევ ერთხელ შეგვეკრა, ჩვენს ნახევარზე რომ დავჯარიმდით.. გამორბენი… დარტყმა… მიფრინავს ბურთი და ისეთ კუთხით ვუყურებთ, ტრაექტორიით ვერ მიხვდები, საით წავა დარტყმული… მცირედი შვება მერეღა ვიგრძენით, მსაჯებმა ალამები დაშვებული რომ დატოვეს – წაგებას გადავრჩით.

მაგრამ მორალურად ეს მატჩი მაინც მარცხის ტოლფასი იყო.. დანა პირს არ გვიხსნიდა..

ტრიბუნაც იმ დღეს პორტების იყო – მიუხედავად იმის, რომ ტულუზაში ჩვენი საზომით საკმაოდ ბევრი ქართველი ვიყავით ჩასული.. გაფანტულად სადღაც ალაგ-ალაგ ჩავიკარგეთ და ნაკრები ფაქტობრივად გასვლით თამაშს თამაშობდა.. “პურტუგალ.. პურტუგალ!!!” ხმაურობდა სტადიონი. ადგილობრივი ფრანგებიც მგონი უფრო მათკენ იყვნენ, ვიდრე “შინაური” ქართველებისკენ..

წამოვედით ყურებჩამოყრილები – ეს შედეგი გეგმა მინიმუმის ჩაფლავების ტოლფასი იყო..

გუნება ცოტა ირლანდიურ ბარში “Melting Pot”-ში გამოვიკეთეთ, სადაც პოტენციურ მომავალ ფინალს ირლანდია-ს. აფრიკას ვუყურეთ.. სულისშემძვრელად დაძაბულ შეხვედრას.. რომლის დროსაც ერთმა ირლანდიელმა ფანმა ლამის გამლახა, ემოციურად ისე იქნევდა ყოველ შეჯახებისას თავის ოთხივე კიდურს..

რას არ გავუგებდი?! მე, ნეიტრალურმა გულშემატკივარმაც ხომ იმ ორ საათში გაუაზრებლად ბევრჯერ მოვიკვნიტე ხელზე ფრჩხილები..

საინტერესო იყო და გარდა ირლანდიელ-აფრიკელებისა, ბარში იმ დღეს ბლომად ინგლისელი ფანობაც იყო წარმოდგენილი.

სპეციალურ მაისურებზე ქართული დაბოლოებებით გვარები რომ ეწერათ და ვარდის გვერდზე, ჩვენებური ბორჯღალიც იწონებდა ამაყად თავს. სიმღერაში კი მათ ბადალი არ ყავთ – თამაშამდე და მის მერეც ყოველ კათხას ერთ კარგ შეძახილს მოაყოლებდნენ, იყო ყურისწამღები ჟრიამული და ხორხოცი… და თამაში?! თამაშზე უკვე ვთქვი – დაძაბული, გადასარევი – წამით სულის მოთქმის საშუალებას რომ არ მოგცემდა კაცს.. სადაც აფრიკულ ძალას ირლანდიურმა მანქანამ ბოლოს მაინც აჯობა და ხუთი ქულის სხვაობით გამარჯვება მოიპოვა…

ტაშის კორიდორი მოვუწყეთ და ღიმილით ბარიდან ასე გავაცილეთ იმ დღეს დამწუხრებული აფრიკელები.

როგორც მერე გაირკვა, ეს მათი ამ ტურნირზე პირველი და უკანასკნელი წაგება ყოფილა.. ირლანდია კი?! ეჰ.. ასეთ გუნდზე ნამდვილად გული დაგწყდება კაცს.. მაგრამ წყევლა უფრო ძლიერი ყოფილა, ვიდრე მათი შემართება..

A bientot!