RHCP & Pearl Jam

შარშანდელი იაპონური ვოიაჟი ლამის ნახევარი წლის შემოსავალად დამიჯდა.. მოვბრუნდი ნოემბრის შუისკენ თბილისში და დიდი ხანი ჯიბეებში ხელებჩაწყობილი დავდიოდი – აქაური საქმეები კიდევ ერთხელ “გადავადდა”.
ხოდა მეთქი “მეყოს, 20-ში არსად წავალ, აქაურ კუდებს მოვიშორებთქო”..

თუმცა კაცი ბჭობდაო.. თებერვალი იყო, უკვე კომპს ვეჯექი და მორიგი თავგადასავლის დაგეგმარებით ვიყავი დაკავებული.. როგორია?! უარი თქვა ყოველივე ამაზე – ზაფხულში ხომ ჩემი ორი უსაყვარლესი როკბენდის ტურია ევროპაში..

ხოდა აგერ, გათენდა 11 ივნისი და ჩემი აერობუს 320 ქუთაისის ასაფრენ ბილიკს მოწყდა.. მიხოსთან ერთად ერთი სამი წლის წინ ერთხელ უკვე ჩამეშალა მილანური მოგზაურობა, როცა ზედ ქუთაისში წასვლის დილას ბებო გარდაეცვალა და ჩალაგებული ბარგის უკან ამოლაგება მოუწია..

მეორე ცდა წარმატებული გამოდგა.. ერთი კი შიშით გადავურეკე დილით – “ამჯერად ხომ მაინც მოდიხართქო?!”
თხუტმედიოდე წუთი, მანქანით ჩამომიარა და ცოტახანში ქუთაისისკენ მიმავალ გზატკეცილზეც მივსრიალებდით.

90-იანების წლები აბა ხომ გახსოვთ როგორი იყო?! ბევრი რამისთვის არ “გვეცალა” – შუქიც კი აქა იქ თუ მოდიოდა.. რაის მუსიკა. თან ნუ ჯერ ბავშვი ვიყავი და ვუსმენდი ყოველივე იმ ნაგავს, რასაც მაშინდელი საკაბელოთი ჩართული MTV შემოგვასაღებდა.. მეზიზღებოდა მადონაც და ბრიტნი სპირსიც და რაც მომწონდა, ისიც დიდად შორს არ იყო ბრიტნის დონის მუსიკისგან – რაც არჩევანი, ის შედეგი..

ამასობაში მოვიდა საუკუნის მიჯნა და უკვე წიწაკების ალბომი “Californication” გამოვიდა ასპარეზზე და “Other Side”-ის კლიპი ტრიალებდა პერმანენტულად MTV-ზე და უნდა გამოვტყდე, ეს მელოდიაც გვარიანად მიშლიდა ნერვებს..

მერე კი რაღაც ნელ ნელა ამოტივტივდა და გამახსენდა ბეევრი წლის წინ “ამ ტიპების” სხვა მელოდიები თუ როგორ მომწონდა.. საუბარია Under the Bridge.. Soul to Squeeze და ა.შ.. 91-ში გამოშვებულ ალბომზე.. სად ვუსმენდი?! სად ვნახე კლიპები?! არ მახსოვს.. მელოდიები კი ჩარჩენილი მქონდა გონებაში..

ხოდა ასე – აღარც ეს Other Side მაღიზიანებდა იმდენად და იმ ორ საათში ერთხელ მომენტსაც კი ველოდებოდი, როდესაც MTV მორიგ ჯერზე დაატრიალებდა ამ აწ უკვე კარგად ნაცნობ კლიპს…

ხოდა ჩემი “გემოვნების” ტრანსფორმაციაც ასე მოხდა..

დავიწყე ქექვა, ნელნელა ინტერნეტი იკიდებდა ქვეყანაში ფეხს.. რაღაც საოცრებებით ლენტიანი კასეტა აღარ იყო მაინცდამაინც საჭირო, რაიმე მელოდიისთვის მოგესმინა ყავლგასულ მაგნიტაფონში.. კომპიუტერი იკავებდა ამასობაში მაგიდაზე ადგილს..

საოცარ ალბომს Blood Sugar Sex Magic-ს არანაკლებ საოცრება One Hot Minute მიყვა, მერე ჯონის დაბრუნება და Californication იყო.. მთელი შემდეგი წლები ამ ალბომების ტრიალში ვატარებდი, გიტარაზეც პირველი წიწაკების ამ მელოდიების დაკვრაზე ვიმტვრევდი თითებს.. (დღემდე სიამოვნებას მათი Jazzy-Funk რითმების დაკვრით თუ ვიღებ)

ხოდა წარმოიდგინე, ცოტაც და ფლორენციის ფესტივალზე ამ ბენდს ცოცხლად მოვუსმენ. და ამაზე მეთქვა უარი?! და კიდევ ერთი საჩუქარი – ჯოშის ნაცვლად (ვისი გვარიც დღემდე ვერ დავიმახსოვრე) ისევ, უკვე მერამდენეჯერ, ბენდს მობრუნებული ჯონი დაუკრავს..

კვირა ჩაივლის და იქვე გერმანიაში “გადავირბენ”. სადაც Pearl Jam დადგება ფრანქფურტის სცენაზე – ჩემთვის არანაკლებ საყვარელი ბენდი, თავის დროზე ტიმოფეიმ რომ გამაცნო და ცნობიერებაში “პაპსა” და მისგან საპირისპიროდ “კარგი მუსიკის” ცნებები შემოიტანა..

დღეს ვეღარ ვიტყვი, პანკი და როკი მაინცდამაინც ცალსახად კარგს ნიშნავდეს და სხვა ყველაფერი “პაპსა” იყოს.. მუსიკას უკვე სხვანაირად ვუსმენ-აღვიქვამ.

მაგრამ ის კი ვიცი, Pearl Jam მართლაც რომ საუცხოო ბენდია.. ედის ხმა შემდეგი ათწლეულები მუდმივად ჩამესმოდა ყურში და ამდენი წლის მერე როგორ გინდა ემოციების გარეშე იდგე, უყურო და უსმინო მეტრების იქით სცენის ფიცრულზე თუ როგორ იხარჯება ასაკში შესული ბებერი ვედერი… გამაძლიერებლიდან კი Red Mosquito-ს პენტატონიკაში აჟღერებული აგრერიგად ნაცნობი სოლო პარტია უბერავს..

ხოდა ლოყებზე მგონი იმ წამს ცრემლებიც კი მოგორავდა..



არა, ვერ მოგორავდა.. ეს ყველაფერი უბრალოდ ჩაიშალა, აი ასე, ჰოპ და ჩაიშალა..

და მიუხედავად იმის, რომ ჩემ ჯიბის გახვრეტას მუდმივად მოგზაურობას მივაწერ, აი ახლა მაგალითად ზუსტად 23 ლარიღა მიდევს ანგარიშზე… იმის ფონზე, რომ 20-ში არათუ მოგზაურობა, ბარში წასვლა და ცოტა ლუდის მოწრუპვაც კი იშვიათ მოვლენად იქცა..

არ ჯობდა ისევ წიწაკების და ედის სასმენად წავსულიყავი?!

ამ წამს ჯერ კიდევ წარმოდგენა არ მაქვს, ეს გვერდი რომ გავხსენი, თუ რას დავწერ..

დიდი ხანია არაფერი მომიყოლია და რაღაცნაირად სურვილი კი მაქვს ერთი-ორი ხაზი მაინც გამოვიყვანო..

უცნაურ დროში ამოვყავით თავი, აქამდე არსებული ყოველდღიურობა რომ შეცვალა და გადაასხვაფერა.. ვერ იტყვი, ყოველივე ეს უადგილოაო.

როცა იქნება, ამ ყველაფერს რომ მოვილევთ, იქნებ ცოტა სხვანაირადაც გადავაფასოთ ცხოვრება, რაღაც დეტალებს უფრო დავუკვირდეთ.. ამის ადამიანური რესურსი სახლში გამოკეტილებს თუ აღმოჩნდა რომ გაგვაჩნია..

ან არადა ‘ძველებური’ ცხოვრება არსად გამქრალა, უბრალოდ ცოტახნით დაპაუზდა და ისევ ხელებგაშლილი ჩავეხუტებით, როგორც კი სცენის მიღმა ეს უჩინარი კაცობრიობის მტერი მიიმალება.

ამასობაში ჩემს მტვერდადებულ გიტარას დავუმეგობრდი – დღე დღეს მისდევს და რაც ცხოვრებაში არ გამიკეთებია, მეთოდურ ვარჯიშს მივყავი ხელი..

ჩემი ნიჭი არასდროს იქნება საკმარისი, რამე ღირებულამდე მივიდე, მაგრამ სულ მცირე საკუთარი თავისთვის მაინც თუ შევძლებ უკეთესად დაკვრას, ჩემთვის ესეც მიღწევა იქნება..

წიგნთან მეგობრობა არც არასდროს შემიწყვეტია და ახლაც პერიოდულად მივყვები ახალ-ახალ ისტორიებში მოგზაურობას სიუჟეტის პერსონაჟებთან ერთად..

კობო აბეს ქვიშის გორაში ვიჯექი, მერე უკვე იქაური ყუთიც დავიმხე თავზე.. მანამდე კარამაზოვულ სამეულში გავიბლანდე, ახლა კი დიდი ხნის ფეხის თრევის მერე 1984 წელში გადავცხოვრდი.. ხო, ისედაც მაგ წელში ვარ დაბადებული.

ყოველდღიურობის გარემოსგან გაქცევა-თავის დაღწევას მოგზაურობით რომ ვახერხებდი, ახლა ზუსტად ვიცი, სულ მცირე 21-მდე აქაურობაში ვიქნები გამოკეტილი.. აბა ერთი ვნახოთ, რა ბიჭი ვარ, რა განწყობებზე ვიქნები, ‘რემონტს’ კიდევ ერთხელ სადმე წასვლით რომ ვეღარ ვაქცევ ზურგს..

რაღაცეები მაინც ვერ ვისწავლე.. ასეა, თავის დროზე რომ გააცდენ გაკვეთილებს, მერე რაც გინდა მიუბრუნდე, მაგის ათვისების დრო უკვე ჩავლილია.. ან უნდა გაიარო და სხვა რამეს მაინც აღარ მოაკლო დრო, ან არადა, იქნები ასე – გაშეშებული ერთ ადგილზე, ყველაფერი გვერდზე რომ ჩაგივლის.

რაც არ უნდა იყოს, მე მაინც მიყვარხართ