განზომილება
დეკემბერი 31, 2020 დატოვე კომენტარი
შარშნაც ეს პერიოდი ყოფილა…
დიდხანს ვითრევდი ფეხს, ჩემთვის გამორჩეული მწერლის ბოლო რომანი წამეკითხა. ერთი მხრივ, ქვეცნობიერად ამ წიგნის გადაშლით ქარჩხაძის ეპოქას ვემშვიდობები. გარდაცვლილი კაცი აწი ახალს ვეღარაფერს დაწერს, და მიმძიმდა ეს “დამშვიდობება”.
მეორე მხრივ, გარდაცვალებამ ამ წიგნის დასრულების შანსიც მოუსპო მწერალს და საინტერესო ამბის შუა გზაზე შეწყვეტა გარანტირებულად მელოდა, რაც კიდევ ერთი გულისწყვეტის გარანტია იქნებოდა..
და ამდენი წელი ვითრიე ფეხი, ვითრიე და ბოლო-ბოლო მაინც გადავშალე..
შევუყევი ამბავს, რომელსაც დასასრული არ აქვს..
შეიძლება სადმე სხვაგან, სხვა განზომილებაში. მაგრამ არა აქ, ამ რეალობაში.
ვერ გავიგებ, რა ჩანაფიქრი ჰქონდა ბიძაჩემ იონას. როგორ გახსნიდა მჭიდროდ შეკრულ კვანძებს პრ. დიდებულიძე.. 90-იანების ქაოსს და გაურკვევლობას რომ ახლდა..
ამ ყველაფრისგან დაღლილი, როდის შემოანათებდა სიუჟეტში ისევ ერისთავი სალომე და პაპასკირის 8-ში მამიდების ცნობისმოყვარე მზერას კიდევ როდის გადავეყრებოდი..
“და სიკვდილი არა არის რა სხვა, გარდა უსიზმრო ძილისა…”
კომენტები