იანვარი

რამოდენიმე დღეა თოვს ჩვენს ქალაქში. უჩვეულოდ ცივი იანვარი იწურება.

ჩემი ბავშვობის მეგობრის დედა გარდაიცვალა – კიბო ქონია ქალს და ოჯახს ამის შესახებ ერთი სიტყვაც არ უთქვამს მთელი ამ წლების მანძილზე. დიდი ხანი ვერ მივეცი ანგარიში გიორგის სიტყვებს, როცა ტელეფონზე დამირეკა და მითხრა – რუსიკო დეიდა გარდაიცვალაო..

ქალაქში კი ყინავს, უჩვეულოდ ცივი დღეებია..

დიდი ხნის წყვეტის შემდეგ კვლავ მოვკიდე წიგნს ხელი და სამსახურში წავიყოლე – შესვენების დროს ან ტელევიზორთან უნდა მოვკლა თავისუფალი დრო, ან ისევ უაზროდ მრავალი წუთი გავხარჯო სხვადასხვა ვებ–გვერდის თვალიერებით.

წიგნის კითხვას გამოვუნთავისუფლე ეს დრო..

ადრეც დავწერე. თუ როგორ მოვდიოდი ერთ დღეს სახლისკენ გვარიანად ნასვამი, ჩემი ქუჩის კვეთაზე ფანჯარაჩამოწეულ მანქანაში დათო ტურაშვილს მოვკარი თვალი. ბევრი არც მიფიქრია ისე მივაჭერი, გულთბილი სალამით, მაგრამ არეულ გონებით. ორ გაცვლილ სიტყვაში შეცდომით პოეტადაც რომ მოვნათლე, წარმატება ვუსურვე და გამოვეცალე..

მერე გამახსენდა რომ სინამდვილეში დათოს სულ რამოდენიმე გვერდი მქონდა წაკითხული.. ისიც ადრე, ბავშვობაში.

სამსახურში საკითხად წასაღებ წიგნის არჩევისას ტრადიციულად აზრი დედას დავეკითხე – ტურაშვილის “გურჯი ხათუნი” წაკითხული გაქვს?!

ზამთრის სიცივით გათოშილი სხეულით მივუყვები გზას – ცივი იანვარი ნელ ნელა იწურება.. არანაკლებ ცივ თებერვალს გვპირდებიან.

დათოს “გურჯი ხათუნი” და რამოდენიმე მოთხრობა ორ–სამ სამუშაო დღეში შემომეკითხა – ბევრიც მაცინა, უფრო დამამძიმა, ჩამაფიქრა, კიდევ ერთი მეგობარი მაპოვნინა. თუ სადმე ქუჩაში გადავეყრები, უკვე ფხიზელზე უფრო მეტი სიალალით და მიზეზმოცემული გავუწოდებ ხელს ჩამოსართმევად..

გარეთ კი ისევ გაყინული მივიზლაზნები, ფეხით ნელა ვსინჯავ მოლიპულ ტროტუარს.. ხელში “გურჯი ხათუნი” მიჭირავს, სახლის თაროზე დასაბრუნებლად, სხვა მკითხველის მოლოდინში.

– რომ მცოდნოდა რუსიკო დეიდას ამბავი, ხომ ავიდოდი და მოვინახულებდი? როდის ვნახე ბოლოს, ზაფხული იყო მგონი?! მგონი..

სანამ ზამთარს გავუთოშივართ

Stand By

შემოდგომის მოგზაურობით გახალისებულ განწყობამ თვენახევარი გაძლო. მერე, მერე მოცოცდნენ წვრილმანი აქაური ამბები, ჩვეული და აგრერიგად ნაცნობი. გულმოდგინედ ვუწევდი იგნორირებას, კარგა ხანი ღიმილიანი დავიარებოდი ქუჩებში, ბოლოს სანამ მაინც არ შემოცოცდნენ ტვინში, დამგრუზეს და დამიმძიმეს ისევ ხასიათი.

ახლა პერიოდია უბრალოდ ასეთი, ბოლო ბოლო თუ ძაან დაგროვდა, დავკრავ ისევ ფეხს და სადმე გადავიკარგები ცოტახნით გარემოს გამოსაცვლელად. თუ ვწერ ამ ხაზებს, ისიც რომ ხვალ–ზეგ გუნებაგამოსწორებულზე შევედარო, როგორ ვიყავი ამ ახლად დამდგარ 2012 წლის დასაწყისში.

პირველს მეორედ ზედიზედ სმენაში შევხვდი, ხოლო ბოლო ექვს წელში უკვე მეოთხედ სამსახურის გარემოცვაში. დილით სახლში მოსულმა ცოტა გამოვიძინე და საღამოს კოკას ჰოსტელში ალკოჰოლით ლამის უგონო მდგომარეობამდე მივედი. მთელი მეორე დღე სიტყვა “ვკვდები” მიტრიალებდა პირ–ბაგეზე. აღარც გამჩენია სურვილი სადმე სტუმრად წავსულიყავი.

არ ვიცი, შეილება ისევ ძველ შეცდომებს ვუბრუნდები–ვიმეორებ, როცა გარემოს მკვეთრ გამოსწორებისკენ არ ვდგავ ნაბიჯებს. მიზეზები მსუყე და სუბიექტურად ობიექტური მომაქვს – ჩემი შრომის ანაზღაურებას ჯერაც სხვა სახსარგარეშე დარჩენილი ოჯახი ისრუტავს.

ჩემი პრობლემა ფიქრია – ყველაფერს არითმეტიკით ვუდგები, ვთვლი, ვალაგებ, ზღვარს ვიწესებ. ამ დროს ყველაფერი ყველაფერს თავისკენ ქაჩავს–იქაჩება და ირღვევა ჩემი კომაროვში ნასწავლი უზუსტესი მათემატიკა.

ხოო, არის კიდევ საკითხები, რაზეც სიამოვნებით დავწერდი, სათანადო სიტყვებ–ფრაზები რომ მომეძიებოდეს ჩირივით გამომშრალ გონებაში. ხოდა ვერ გამომიხატავს სათქმელი და გადავდოთ კიდევ რაღაც დროით, სანამ რამე მანქანებით მივაგნებ სწორ გზებს აზრების გადმოცემის.

ხოდა ცოტახნით stand by