“ჩემი სახლი”

    ისეთ დროში გავიზარდეთ ჩემი თაობის ხალხი, ყოფითი პრობლემები ვისთვის იყო უცხო.

    სტუდენტობა ისე გავატარე, მამაჩემის ჯიბეზე ვიყავი ჩამოკიდებული. სულ მცირე პერიოდი მეგობრის დახმარებით სოციოლოგიური ცენტრის ერთ–ორ პროექტში თუ გავაკეთე დამოუკიდებელად ფული და კიდევ ნახევარი სემესტრი ვიყავი სტიპენდიანტი, რაც თვეში 15 ლარს ნიშნავდა. ეგ იყო მთელი ჩემით მოპოვებული “შემოსავალი”.

    სიზარმაცით და ბუნდოვანი მიზნებით არაფერს განსაკუთრებულს არ ვგეგმავდი ამ ასაკში, დროც ისე უსაგნოდ იფლანგებოდა.

    ყველაფერი ძაან მძიმედ, მერე მერე მომდის ხოლმე ფიქრებით თავში – გადაფასება ღირებულებების, სურვილების..

    ამიტომ დავთანხმდი ცოტა შეფუცხუნებული სტუდეტობის მიწურულს თავდაცვის სამინისტროს შემოთავაზებას გარკვეულ საქმის შესწავლის მერე სამხედრო კუთხით დავსაქმებულიყავი.

    როგორც იქნა დისკომფორტი ჩემი რეალობის იმ ზღვრამდე მივიდა, რომ უკვე მხოლოდ ფიქრში და სიტყვით წუწუნში გამოხატვით აღარ დავკმაყოფილდი და რეალური ნაბიჯი გადავდგი შემეცვალა რამე.

    ხოდა რა გასაკვირია პირველ ნაბიჯებს შეცდომებიც რომ მოყვა – იმ დროისთვის კარგი მსუყე ხელფასი დამენიშნა – ამოვისუნთქე, როცა მუდმივი მამის ჯიბეზე დამოკიდებული ბიჭის იმიჯი წაიშალა საკუთარ თავთან.

    მაგრამ ეს არ იყო საკმარისი სრული დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყებისთვის და ნაცვლად იმის რომ შანსით მესარგებლა, მოვმწყდარიყავი სახლს, სადაც მთელი ცხოვრება გავატარე, მაგრამ არ მქონდა თუნდაც მცირე ერთი პატარა საკუთარი კუთხე, გადავსულიყავი სადმე, თუნდაც ნაქირავებში და დავრჩენილიყავი საკუთარ თავთან მარტო, გამერკვია, მერე, მერე მომავალში რა მინდოდა, როგორ მინდოდა ცხოვრების გაგრძელება.. სხვა მომენტებმა მძლია და დაწყებულ საქმეს ლოგიკური ფინიში აღარ დავურთე.

    კვირობით რაიონში გადაკარგულს ბუნებრივი მონატრება მიჩნდებოდა სახლის მიმართ და აქ მცირე დროით ჩამოსული იმ დისკომფორტს ვეღარ ვამჩნევდი, რაც საკუთარ სახლში საკუთარი კუთხის არქონა იწვევდა. ასეთ გარემოში კი ნორმალური პირადი ცხოვრების დაწყება შესაძლებელი არაა, საჭირო იყო დაწყებული საქმე ბოლომდე მიმეყვანა.

    არასწორ გზას მივადექი – მამაჩემის აზრებს მაინც ვერ დავუსხლტდი და დავთანხმდი წინადადებას, რამელმაც შესანიშნავ ტრამპლინიდან ნახტომისთვის გამზადებული მიწაზე მწარედ დამანარცხა და აწი კიდევ დიდხანს ვერ მოვალ აზრზე.

    ყბადაღებულ მშენებარე კორპუსში ფულის შეტანით დავისახე ჩემი კუთხის არქონის პრობლემის მოგვარება – ადვილია, 2 წელი გავა, ბინა დამრჩება, მერე რა ცოტას გავიჭირვებ – მარტივად მოვინდომე პრობლემის მოგვარება. სადაა მასე ადვილად საქმე.. ბევრი რომ არ ვწელო საუბარი, ის ბინა დღესაც დაუსრულებელია, პრობლემა მოუგვარებელი.

    როცა სამხედრო ოთხწლიანი კონტრაქტი გამივიდა, იქ არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ჯარში დარჩენა ცხოვრებისთვის წითელი ჯვარის გადასმის ტოლფასი იქნებოდა. მიუხედავად ბინის გადამკიდე აღებული მსუყე სესხისა, მაინც ქვა ავაგდე და ახალ კონტრაქტს ხელი აღარ მოვაწერე – სახლში მახსოვს ტრაგიკული მოსიარულე სახეები, ყველა ელოდა რომ “გონივრულად” მოვიქცეოდი და ახალ კონტრაქტს ხელს მოვაწერდი, რადგან სხვამხრივ მატერიალურად ისედაც არადალხენილებს, ძაან მძიმე პერსპექტივა გველოდა.

    დანა პირს არ უხსნიდათ ჩემი უმუშევრად დარჩენით გამოწვეული მომავლის მიმართ გაჩენილი შიში..

    მე კი ჯერ ოთხწლიან წოწიალით გამოწვეული მონატრება არ მქონდა განელებული და პირველი თვეები სრულიად ბედნიერი ვიძინებდი და ვიღვიძებდი ბინაში, სადაც აწ უკვე მრავალგზის აღნიშნული ფაქტის თანახმად საკუთარი კუთხე ჯერაც არ მქონდა.. პლუს სიზმარივით ბუნდოვანი იმედი მშენებარე ბინის დასრულებას ელოდა.

    ჩაიარა პირველმა თვეებმა, ახალი სამსახურის ნახვის იმედი ნელნელა ქრებოდა. ჯარმობეზრებულობის ხანამ გაიარა, ისე მშვიდი და გულგრილი აღარ ვიყავი აქამდეც არსებული, მაგრამ მიჩქმალული პრობლემების მიმართ.

    ნახევარწლიან ასე ყოფას სულზე მოუსწრო ახალმა საქმემ. უბრალოდ გამიმართლა, გასაუბრება გავიარე და ახალი პროფესიის სასწავლად ხუთი თვე უცხოეთს გამგზავნეს. პრობლემები გადავადდა, ხუთი თვე სხვა რეალობაში ამოვყავი თავი – სადაც მცირე, მაგრამ საკუთარი კოპწია ოთახში ვცხოვრობდი, მე ვუვლიდი საკუთარ თავს, ვიმზადებდი საჭმელს, ვირეცხავდი ტანსაცმელს, დავდიოდი საყიდლებზე. ცხოვრების ხალისზე მოვედი, დავლაგდი.

    “ჩავალ თბილისში, მეორე შანსი მომეცა, ასეთ საჩუქარს ცხოვრება ბევრისთვის არც იმეტებს, ამჯერად მაინც აღარ დავუშვებ იგივე შეცდომას..” ვფიქრობდი და ვფიქრობდი ტყუილად თურმე..

    უკან მობრუნებულს შეპირებულ სამთვიანი სწავლის ნაცვლად ლამის წლიანი პროგრამა დაგვახვედრეს, შესაბამისად განახევრებული ხელფასით, მამაჩემი დაბარებულივით უმუშევარი დარჩა და გადაწყვეტილებებით დახუნძულს ცხოვრება ისევ ღიმილით შემიძღვა ჩაკეტილ სივრცეში – “სამაგიეროდ აწი შენ ხარ ოჯახის მარჩენალი!!!” – მამშვიდებდა მოჩვენებითი მწუხარებით.

    ზაფხულიდან მოყოლებული ეს ერთი წელი, რაც 21 წლის სტუდენტი ავდექი და ვთქვი – ასე ცხოვრება აღარ შეიძლება და დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმა დავიწყე, ყველაზე მძიმე გამოდგა ჩემთვის – ისევ იმ კედლებში, ხო, ხომ გახსოვთ რასაც ვიტყვი?! რადგან ბოლო ექვს წელში ეს არის ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი, რაც სახლის ატმოსფეროს ვერ მოვცილდი და სახით ვარ შემსკდარი ყველა არსებულ პრობლემას..

    არაუშავს, ზოგს მოყვება სხვანაირი ბუნება, ან შესაძლებლობა – თავიდანვე იყნოსებს რა უნდა, დაირაზმება. ზოგს არც არასდროს შეაწუხებს რამ და იქნება მთელი ცხოვრება ისე, როგორც დაიბადა.
ჩემი ტიპი კი ძაან მძიმე ხასიათის ტიპია – ძაან ნელა, ნელა ვახდენ გადაფასებებს, ძნელად, ზლაზვნით ვიწყებ შეჩვეულის გადაგდებას, თავს დაძალებით ნაბიჯს ნაბიჯს მივაყოლებ და წავალ იქით, სადაც უკეთესად ვიგრძნობ თავს. ერთი ეგ არის ამ ყველაფერს ძაან ბევრ წელს შევალევ..

    ახლობლებისგან ვერავინ იფიქრებდა თავის დროზე, რომ ჯარის ოთხწლიან სამსახურზე მოვაწერდი ხელს,
თანამშრომლებისგან არავის ჯეროდა, რომ მეყოფოდა ძალა და მსუყე ხელფასს უარს გამოვუცხადებდი კონტრაქტმოლეული,

    არც იმის ჯეროდათ რომ ამის შემდეგ თვეებმილეულზე რამე საქმეში ისევ თუ გავყოფდი თავს.

    კიდევ მოვახერხებ რამის გაკეთებას, წლები წინ არის, მთავარია თავად ვიცოდე რა მინდა, ნება გამოვხატო ცვლილების და ცხოვრებამაც სულ ოდნავ, სულ ოდნავ შემიწყოს ხელი..

    ხოდა მერე ასეთ წერილებსაც აღარ დავწერ