სკოტთა მიწაზე

(მესამე ნაწილი)

რა ჯანდაბა გვინდოდა მორისტონში?! არც არაფერი – გზად ლეპტოპში დავეძებდი, სად შეიძლებოდა გაგვეთენებინა ღამე, სანამ ედინბურგს ჩავიდოდით. მაგ რეგიონში კი არჩევანი დიდი არ იყო და ასე ამოვყავით თავი იანის ფერმაში.

მასპინძელს დილიდან საქმეები ჰქონდა – ტრაქტორის მძღოლი იყო და ეტყობოდა, მისი ძილის დროც დიდი ხნის წინ დამდგარიყო. საუბარი მაინც გულიანი გაიმართა – კიბორგა იშტაზე მოვიდა და რა თემას აღარ გადაწვდნენ, თითქოს ორი დიდი ხნის უნახავი ძმაკაცი გადაეყარა ერთმანეთსო.

ცხოველი საუბრის გარდა (სადაც მთელი გეოპოლიტიკის მიმოხილვა მოხდა და ერთი-ორი ფრაზით ვალოდიას დედასაც არ აცდა ალერსი) კიბორგას ისიც უხარებდა გულს, ამ მოგზაურობისას პირველად ადამიანურად ცალცაკე ოთახი გვერგო და ერთ საწოლს აღარ გავიზიარებდით.

დილით რომ გავიღვიძეთ, მასპინძელი უკვე სამუშაოდ წასული დაგვხვდა. სოფლის ყაიდის სახლში კი თავს შინაურულად ვგრძნობდით – შემწვარი კვერცხი გავიმზადეთ, ცოტა დავნაყრდით და იმ მხარის დასათვალიერებლად გავწიეთ.

ერთი სიამოვნება იყო ვიწრო, კარგად მოასფალტებულ გზაზე მანქანით გორაობა და გარშემო გადაშლილი პეიზაჟებით ტკბობა. მცირე ბორცვებს აღმა-დაღმა მივუყვებოდით და იანის მიერ მონიშნულ ადგილებს დავეძებდით.

ჯერ ერთ შოტლანდიურ ძველებურ კოშკურას გადავაწყდით – იქაურობა რახან ინგლისის მონაპირე რეგიონი იყო, გასულ საუკუნეებში ადგილობრივ მოსახლეს მტრის ჯარის ხილვაც ხშირად უწევდათ. თავის მხრივ, ინგლისის ჯარს არაფერი ესაქმებოდათ, კინკილა ოჯახების დევნა დაეწყოთ, ხოდა სანამ ეს ჯარი ჩაიშლიგინებდა, მოსახლე ამ კოშკებში რამოდენიმე დღის გასატარებლად სანოვაგიანად შეიყუჟებოდა და მერე ისევ ჩვეულ ცხოვრებას უბრუნდებოდა.

იქვე ახლოსვე ვოლასის სტატუეს გადავაწყდით, მერე ფეხით ვიბოდიალეთ, იქაური მშვიდი გარემოთი ვტკბებოდით. ბოლოს კი მცირე ქალაქ ჯედბურგსაც ვეწვიეთ. პაწია ქალაქი ლამაზად იყო გაწყობილი ძველებურ სტილში, სიმწვანეში ჩაფლული, ტყე-პარკით და ჩვენთვის საოცნებოდ მოვლილ სპორტული მოედნით – შედი და იჯერე გული თამაშით.

ვისადილეთ, გემრიელი ყავა მივირთვით და აწი ედინბურგის დროც დამდგარიყო – სულ საათის გზა თუ გვაშორებდა. მზე გადასული იყო, სკოტების მთავარ ქალაქს რომ ვუწიეთ.

მასპინძლად შუახნის კეთილგანწყობილი ქალბატონი გვერგო. ვივიანი მშვენიერი პიროვნება აღმოჩნდა, თუმცა იანისგან განსხვავებით, ვინც სოფლად ტრაქტორს თუ მართავდა, წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ რომელი ქვეყნიდან ვესტუმრეთ.

მეორე დილით საუზმეზე დაგვპატიჟა და მერე კი ბევრი ვილაპარაკეთ საქართველოზე და თან სხვა თემებსაც გადავწვდით.

ვივიანის მომზადებულ კერძს კი საუზმეს პირობითად თუ დაარქმევდი კაცი სახელს – შემწვარი კვერცხი, ათასნაირად მოხრაკული სოსისები და შედედებული სისხლისგან დამზადებული რაღაც ჯანდაბა. იმდენი კალორია მივიღეთ, მთელი კვირა გვეყოფოდა – ძაან გემრიელი კი იყო.

მანამდე კი, წინა საღამოს რომ დავბინავდით, ფეხით ქალაქის დასათვალიერებლად გავედით. ალბათ რა თვალებით შევყურებდი პარკებში მოწყობილ ათეულობით სათამაშოდ კოხტად გაკრეჭილ მოედნებს – შედარებისას უნებურად ჩვენი ქალაქის უტყვი, საზიზღარად ნაცრისფერი ბეტონის ჯუნგლები მახსენდებოდა.

ვახშამი და გემრიელი ლუდის შემდეგ კი იქაურ ტაქსით გავისეირნეთ და ბოლოს კინოთეატრშიც ამოვყავით თავი – მახსოვს მარსელს ვუყურეთ და აი მერე კი ალბათ საათნახევარზე მეტი ფეხით ვიბოდიალეთ უკან სახლის გზაზე. მგონი ბევრი ადგილობრივი არ იქნება ნამყოფი, ისეთი ქუჩები გამოვიარეთ ბრმად მობილურის რუკას მინდობილებმა.

დილა გათენდა ტრადიციული ნისლიანი, ალაგ ჟინჟლავდა. ედინბურგის ციხე დიდებული სანახავი იყო – მთის ფერდობიდან სწორ რელიეფზე გადაჭიმულ ქალაქს ჰორიზონტი არ უჩანდა – უბრალოდ ნისლი ჭამდა რამოდენიმე კვარტლის შემდეგ იქაურობას. ცენტრი მოპირკეთებული ქვაში, ცოტა არ იყოს დაგზაფრავდა კიდეც კაცს. სადღაც გულის სიღრმეში იმასაც ელოდი, მალე რკინაში ჩამჯდარი რაინდებიც ცხენებს შემოაჭენებენო – სიძველე ყოველ ფეხის ნაბიჯზე.

მანქანას მოვაჯექით, გლაზგოშიც ჩავარბინეთ. რა კარგად ჟღერს? მარა მართლა მასე იყო. სულ 2-3 საათი გავატარეთ ქალაქში, სადაც ძნელად გაიგებდი, ხალხი რა ენაზე საუბრობდა. ვისადილეთ და ნახვით რა უნდა გვენახა? რამოდენიმე ქუჩა ფეხით გადავსერეთ და დანარჩენი დრო საკუთარი მანქანის ძებნაში დავკარგეთ. კიდევ ხომ მანამდე ქუჩების კვეთას სურათი გადავუღე, სადაც ასე დაუდევრად მივაპარკირეთ ეს ჩვენი ჯართი.

საღამოვდებოდა და ისევ გზა გველოდა წინ – ორ დღეში ექსეტერში უნდა ვყოფილიყავით საქართველო ნამიბიის მატჩზე დასასწრებად, ქალაქში, რომელიც აქედან სულ მცირე 700 კილომეტრით იყო დაშორებული.

იანის ფერმაში იმდენად კარგად ვიგრძენით თავი, ბევრი აღარ გვიფიქრია, ისევ მორისტონი მოვნიშნეთ GPS-ზე – უკვე ძმა-ბიჭი გვეგულებოდა იქ და სანამ დავიძინებდით, მართლაც გულიან საუბარში გავლიეთ რამოდენიმე საათი.

(გაგრძელება იქნება)