სხვა კონტინენტზე

ასე, როგორც მახასიათებს, ერთ დღესაც ავდექი და თვითმფრინავის ბილეთები ვიყიდე – ბევრი ფიქრი-დაგეგმვის გარეშე.

კადრის დეფიციტი სამსახურში და თითქმის მთელი წელი შვებულების გარეშე. ზაფხული არ იყო იოლი – დეტალებს აღარ მოვყვები.

18 ოქტომბერს ჩემი თვითმფრინავი თბილისის ასაფრენ ბილიკს მოწყდა და მოგზაურობაც ასე დაიწყო… ტრადიციულად სადმე გადაჯდომის თანხლებით.

ამჯერად სტამბოლს მიუნხენი ჩაენაცვლა.. შემდეგ ფრენამდე მთელი ხუთი საათი რომ მქონდა. გერმანელმა მესაზღვრემ – ვიზიტის მიზანიო?

– “Just to go outside on fresh air”

– “ah.. okeiii”- ხმა გაწელა და პასპორტი უკან გამომიწოდა..

აეროპორტის ტერიტორიაზე ყოფნას, ისევ შენობიდან გარეთ გასვლის შესაძლებლობა ვარჩიე და ასე “გადავკვეთე” ვირტუალური ევროპის საზღვარი.

და რამდენადაც მითხრეს… მაისიდან ეს ბედნიერება აღარ გვექნება – ვიზების დაბრუნებას აპირებენო.. მალე მოვა ეს დროც და გამოჩნდება, მართლაც ასე თუ მოხდა.

მანამდე კი… მანამდე ჯერაც დამღლელი გადაფრენის მოლოდინში აეროპორტის შენობასა და მის გარშემო სივრცეს შორის მოთავსებულ კარებში გავდი-გამოვდიოდი. გააჩნია, შენობაში უფრო მომბეზრდებოდა, თუ ცივ ჰაერზე, უსაგნოდ ასე ბოლთის ცემა.

მერე კი იყო ცხრასაათიანი წამება, აერობუს 340-ის ფუზელაჟში გამოკეტილი, ძილიც რომ ძნელად მეკარებოდა. იტალიელი ბავშვი მთელი გზა ყველა სხვა ჩვილის მსგავს ხმაზე ხმამაღლა ჩხაოდა და ჩაძინებულს ისევ რეალობას მაბრუნებდა… ბორტგამცილებელს მოწყენილობისგან საქმეში ჩემი მიშველება შევთავაზე – მანაც დიდსულოვნად გამომიწოდა ლანჩბოქსი – “ჯერ ეს ჭამე, მერე მელაპარაკეო..”

ისტორიაც მანდ დასრულდა… ფრენა ჯერ კიდევ არა.

გასავათებული ვიდექი საზღვრის დაგრეხილ კილომეტრიან რიგში.. გამიმართლა – მხიარული მესაზღვრე მერგო წილად. იღიმოდა და კეთილგანწყობით მისვამდა არცთუ დათვლად რაოდენობა კითხვებს.. რომ ვუთხარი – ნათესავთან ჩავდივარო, და ისიც ჩამეძია – კერძოდო.. დიდი ბებიები ვახსენე და დამცინა – ეგ რაღა ნათესავი გამოდისო. მართალიც იყო, ხო, უფრო მეგობრები გვეთქმის. მანაც კმაყოფილმა თავი დამიქნია, ჩემი პასპორტი მოიხელთა, დარჩენის ვადად 23 აპრილი 23 წლის კალმით შემოხაზა და აბა შენ იცი, ბედნიერი მოგზაურობა მისურვა.

აეროპორტი საკმაოდ მოძველებული შენობა დამხვდა. დათოს მოლოდინში სულ ერთეული სკამი თუ იდგა, ფეხზე რომ არ ვმდგარიყავი, ჩემსავე ბარგზე ჩამოვჯექი. ვიღაც ქალი მომადგა, ასე ნუ ზიხარო, სკამისკენ მიმითითა. სად არის ადგილი-თქო, გადი მაშინ აქედანო. ვეღარ გავიგე, რა უნდოდა, გავეცალე თვალთახედვიდან. გარეთ წამი გავიდოდა და მორიგ ქართველს ვეჩეხებოდი. არ ველოდი, ამდენი თანამემამულე თუ ირეაოდა ამ არეში. რუსებზე აღარცაა საუაბრი – წყვილი გოგო მომიახლოვდა, დამტვრეული ინგლისურით კითხვის დასმას ცდილობენ. გულში ჩუმად გამეცინა – მათი გემი გამახსენდა.

მგზავრს მანქანებით აკითხავდნენ და დიდი ქაოსი და ორომტრიალი იყო – თვალისთვის ეს ყველაფერი ძაან ნაცნობი – დიდად რომ არ ჩამოგვრჩებიან ტარების “კულტურაში”.

მერე დათოც მოვიდა და შევუყევით ბრუკლინს, შემდეგ ხიდიც გადავიარეთ და კუნძულზე გადავედით. უძილობას და შიმშილს შორის არჩევანი დანაყრების სასარგებლოდ გავაკეთე. შხაპი და აქაური დროით თერთმეტ საათზე თავი რომ მივდე, სამყარომ არსებობა შეწყვიტა. ისე გავახილე დილაუთენია თვალი, ვერც ვიტყოდი, მეძინა, თუ გაღმა სამყაროს ვიყავი გამგზავრებული. ვერც ვიხსენებ, ბოლოს ასეთ ღრმა ძილს როდის მივეცი თავი. არცაა გასაკვირი ოცდაოთხსაათიან გზაზე ყოფნის ფონზე.

მზე ახალი ამოწვერილი იყო, ცნობიერი დამიბრუნდა. ცოტა აქაურობა დავზვერე ფეხით, მერე დარიგებებიც მივიღე და მეტროთი, რომელიც სინამდვილეში მიწისზედაა, მანჰეტენისკენ ავიღე გეზი. არხი დიდი გემით გადავცურე და ნიუ-იორკულ ცენტრს ფეხით ავუყევი.

დღის ბოლოს თხუთმეტ კილომეტრზე მეტს აჩვენებდა ნაბიჯმთვლელი. ცაში აწოწილი შენობები, მრავალი რასის ხალხი აღრეული, აქცენტები, ფერები, შუქნიშნები, გზაჯვარედინები, სირენები, ქუჩის მუსიკოსები… ქაოსი მოქცეული თავისებურ წესრიგში… და სიმწვანე, სიმწვანე ცენტრალური პარკის…

ასე ერთი დღის შთაბეჭდილებით ნანახის აღწერას ნაკლებ მოვახერხებ, სხვა დღეებსაც დაველოდები და ამ ჩანაწერსაც მერე მოვუბრუნდები.. და კოჭლი ტექსტის რედაქტირებასაც სამერმისოდ მოვიტოვებ…

აგრასკენ

უზარმაზარ დელიზე წარმოდგენა შეიქმნა, აბა ერთი-ორი დღე იქ გაჩერება რა საკმარისი იქნებოდა. გეგმაში არც გვქონდა იქ დიდხანს დაყოვნება და მესამე დღეს მატარებლის სადგურისკენ ვქენით პირი – ბილეთები ვებზე გვაქვს ნაყიდი.

ადგილობრივი აგვეკიდა – “ტაქსი ხომ არ გინდათო”, სადგურში ვართ უკვე, ვერაფრით გავაგებინეთ, რომ არა, არ გვინდოდა. დაგყვება ფეხდაფეხ:

“Just Help!!!” – გაიძახის ყოველ წამს, “და თუ ამასობაში ტაქსიც დაგჭირდათ, აქა ვარ!”

ჩვენი მატარებლის ძებნა-ძიებაში მართლა მოგვეშველა ბაქნის პოვნაში, ატუზული არ გვცილდება. კონტროლს მივადექით.. ვეღარ გავიგე როგორ მოვქცეულიყავი – თან კიდევ იქით ვიუხერხულე, ამდენი დრო “დავახარჯინეთ”, არც მისი ტაქსით ვისარგებლეთ. ჯიბიდან კუპიურა ამოვაცურე, გავუწოდე..

სახე აელეწა, წარბები მოეღუშა, ხელები გაასავსავა და უკუსვლით მოგვშორდა. მოკლედ მგონი ამ პატიოსან კაცს ვაწყენინე, მაგრამ მართლა არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი.

ამობეჭდილი ბილეთები კონტროლიორს გავუწოდეთ და…

თურმე რაის ბილეთი… ინდოეთია, ნებისმიერ სერვისზე უზარმაზარი მოთხოვნით. ჩვენი “ბილეთი” მხოლოდ waitlist იყო. ანუ თუ ვინმე გააუქმებდა თავის ჯავშანს, რიგითობით შეიძლება გაგვმართლებოდა და მატარებელში მათ ნაცვლად ადგილიც შეგვხვედროდა..

მერეღა დავაკვირდით ფურცელზე მინაწერს, 78-ე თუ რაღაც მასეთი დიდი რიცხვი ეწერა მოლოდინის რეჟიმში ჩვენს რიგითობას.

რა გასაკვირი, არც გაგვიმართლა. ტყუილად მივედით სადგურზე. ყველა მატარებელი გადაძეძგილია. სალაროში იმ დღეზე ბილეთი ვერაფერი ვიყიდეთ. სინამდვილეში არც მომდევნო დღეებზეა რაიმე თავისუფალი..

სალაროში ვინც შეგხვდა, დიდად ინგლისურად კარგად არ სხლავდა. ერთი “tourist center” გავიგეთ, და ნუ ალბათ იქ რამე რეზერვი შეილება იყოს ბილეთებისთქო, რიკშა დავიჭირეთ და რა მისამართიც გვითხრეს, იქით გავწიეთ.

მიგვიჩერა მძღოლმა რაღაც შენობასთან და “ესაა თქვენი ტურისტული ცენტრიო”..

რიგი მწარე გაკვეთილები ამ დროისთვის უკვე გავლილი გვქონდა, შესაბამისად თავს შევუძახეთ. ოფისში რომ შევაბიჯეთ და “სიხარულის” გამომხატველი ღიმილით ხელებგაშლილები შეგვეგებნენ, უკვე იქ ვიცოდით, რაღაც ისე რომ ვერ იყო.

– “No any train for today,”
– “Bus?!
– “No bus, Sir…”

თვალები დაგიელამდებოდა კაცს მათი მოქანქარე თავის შემხედვარეს…

მოკლედ შავი ფერები დახატეს და გამოსავლის ძიებაში თავიანთი სერვისის მანქანა შემოგვთავაზეს:

– “150 დოლარი და აგრაშიც ჩაგიყვანთ, მერე ჯაიპურშიც, საჭმელ-სასმელსაც არ მოგაკლებთო” – მეტი რაღა ქნან ამ პატიოსანმა ხალხმა?!

გადავხედეთ ერთმანეთს – “რა ავტობუსი არ იქნება, ესენი ხომ არ უბერავენ?!”, გამოვლაგდით. თან მოგვსდევენ, შემოგვტირიან, “დაფიქრდით, ასეთ კარგ წინადადებას სხვაგან ვერსად მოისმენთ!”

ერთი კვარტალი არ გაგვივლია, იმ შენობის კოპიო კანტორა გაგვეჩხირა თვალებში – დიდად აწერია: “Tourist center”.

– “თქვენ ვინაღა ხართ”,
– “ჩვენ?! რას ქვია ვინ? ოფიციალური ტურისტული ცენტრი!”
– “აბა ის პატიოსანი ხალხი?!”
– “მაიცა თქვენ იქ იყავითო?!” – თავში შემოიკრეს ხელი, გაეცინათ – “ეგ ხალხი, პატიოსნების რა გითხრათ და აფერისტები კი არიანო. აქ ოფიციალური ტურისტული ცენტრი, ეს ჩვენ ვართო”

შევედით ოფისში, რაღაც იგივე ზღაპრები მოვისმინეთ. მივხვდით, დროს ვკარგავდით ამ მისტიური ოფიციალური კანტორის ძიებაში და ვარჩიეთ ისევ რიკშების ზღვას შევრეოდით:

– “ავტობუსის სადგურში გვინდა, ხომ სადგური… სადაც ბევრი ავტობუსი დგას!..”

შუშის თვალებით გვიყურებდნენ, იმ არეში ისინიც შეკრულები არიან “ცენტრებთან”, თავს აქნევენ, “მასეთი არაფერი ვიცითო”.

როდის როდის, ვიღაც დავიჭირეთ. ალბათ იმ რაიონიდან არ იყო, კარისკენ მიგვითითა – “დასხედითო..”

“ავტობუსები არ იქნება.. არ იქნებაო”..

თვალი ვერ გაწვდება სივრცეს – ოთხთვალების ჯარია ჩაწიკწიკებული.. თითოეული მათგანიდან ვიღაცას აქვს თავი გამოყოფილი და მთელ ხმაზე მიმართულებას გაჰყვირის..

ჩვენებური დიდუბე მონაგონია, “ერთი კაცი და გავეეეედიიიით, ქუთეიიიისიიიი!!!”.. ყვირილი კი არა, ღრიანცელია, ხმაურის უძირო ოკეანე. ერთი ეგ არის, იქაურები ბევრად მუსიკალურად რითმავენ შეძახილს და სულ სიმღერ-სიმღერით გიწვევენ ინდოეთის მაშტაბით “საუკეთესო ავტობუსით” სამგზავროდ.

ჩვენც ერთ-ერთ ასეთ საუკეთესოში აგვისრუტეს, სადაც კონდიციონერის რა გითხრათ და ფანჯრებზე შუშები კი აკურატულად დაეხსნათ, იქნებ აუტანელ სიცხეს ასეთ “ვენტილაციის” ფონზე მაინც გაუძლოთ..

“გრა, გრა, გრა, გრა… ” – არ იღლება, რა დავარქვა ამ პროფესიას, მოკლედ კლიენტის მომზიდველი პიროვნება. ისე ჩქარად გაიძახის ამ ერთ სიტყვას, ცოტაც და “გრა” “აგრად” კონვეტირდება – ერთ ხმოვანზე დაწყებულ-დამთავრებულ ქალაქის სახელად…

ცოტაც და ტრასაზე “მივსრიალებთ”.. ჰაერის ჭავლი სახეში გვეხლება, მძღოლი კი საჭეზე სიგნალის ღილაკს გამუდმებით უსინჯავს – “აბა ხომ კარგად მუშაობსო..” და გამაყრუებელი ხმაურის ფონზე კმაყოფილი მიერეკება სიძველისგან დაჩაქჩაქებულ ავტობუსს..

ერთი-ორი საათიც და უკვე აგრას “ქუჩებში” მივაბიჯებდით.. ქალაქი, სადაც ცნობილი ტაჯ-მაჰალის ტაძრის ნახვაა შესაძლებელი.

ინდოეთი

ათი წელი გავიდა, მას შემდეგ რაც მე და კოკამ ბარგი ავისხით და თვეზე მეტი ქართველებისთვის არცთუ კარგად ნაცნობ მიწაზე სამოგზაუროდ წავედით.

ამდენი დრო გავიდა და რომ გადავხედე ამ ჩემს ჩანაწერების სივრცეს, თავის დროზე სულ ორიოდე კინკილა სიტყვა თუ დავუთმე მაშინდელ თავგადასავლების მოყოლას… არადა იმდენი დეტალი უკვე მივიწყებული მაქვს… ჯობდა არ მეზარმაცა.

და რატომ მივუბრუნდი ამდენი ხნის შემდეგ ინდოეთს?! ამას წინათ ისევ კოკამ მშვენიერი წიგნი გამომიგზავნა – გრეგორი დევიდ რობერტსის “შანტარამ”, სადაც ავტორი ფაქტობრივად ავტობიოგრაფიული შინაარსის ტექსტს გვთავაზობს – ერთ დროს ავსტრალიის ციხიდან გაქცეული და ინდოეთს თავშეფარებული კრიმინალი საოცარ თავგადასავლებს გვიყვება, იქაური მრავალფეროვნება მოაქვს ცხვირთან, ადგილობრივ ყოფას აცოცხლებს მკითხველისთვის (შანტარამზე სხვა დროს ვისაუბროთ)..

ამ წიგნის კითხვით განწყობაზე მოსულმა, აგერ დავდე ერთი ადგილი და ვეცდები გონებაში შემორჩენილი ამბები ამოვქექო…

ფიქრი არ მტოვებს, რამდენად აჯობებდა ჩემს მოგზაურობის დაწყებამდე გადამეშალა ეს ტექსტი, მერე იქაურ ქაოსისთვის და თვალის ერთი შევლებით შემაბეზრებელ გარემოსთვის იქნებ სხვანაირად შემეხედა და ჩემი თავგადასავალიც ბევრად უფრო საინტერესო და შინაარსის მქონე გამხდარიყო…

ასე კი… მოკლედ, მე რობერტსად არ გამოვდგები, არც მასავით მძაფრი ამბები გადამხდენია, მაგრამ რაც არის ეს არის, ჩემი მოგზაურობა, გონებაში დალექილი, მივიწყებული ემოციები… ვეცდები ცოტათი მაინც გავაცოცხლო..

Delhi

კომფორტულ თანამედროვე აეროპორტიდან გამოდიხარ და ცხელი, ნოტიო ჰაერის ნაკადი გეჯახება პირდაპირ… კანი ეგრევე წებოვანი გიხდება და სამოსი ორგანიზმს ეზილება… სანათების შუქზე მილიონობით მწერი ირევა.. შორიდან ქალაქის გუგუნი ისმის, უთვალავი მანქანის, რიკშების, ორთვალების ძრავის ხმაური.

გვიანი საღამოა. იაფფასიანი ჰოსტელი გველოდება ღამის სათევად და მძღოლი, ვინც ჰოსტელამდე მიგვიყვანს. გზა აღარ გასრულდა.. ქაოტური მოძრაობა, გამუდმებით სიგნალის ხმა.. დაღლილები გარემოს ჯეროვნად მაინც ვერ აღვიქვამთ – ერთი სული გვაქვს საწოლს მივაღწიოთ და ხანგრძლივი, დამღლელი მგზავრობის მერე თავი ძილს მივცეთ..

ჰოსტელი ყველანაირ ცუდ მოლოდინზე უფრო უარესი დაგხვდა.. მხოლოდ ეს კია, მასპინძელი იყო მომღიმარი და თვალებმოციმციმე.. ოთახი კი.. ძველი საავადმყოფო გადაკეთებული სასტუმროდ.. კედლები, ძველი კლინიკა რომ გინახავთ, ფერდაკარგული კაფელით მოპირკეთებული, მოღუშული გარემო..

წამოვწექით დაღლილები.. მგონი მაგარი დათრგუნულები, არცერთს დანა პირს არ გვიხსნის. გულში უკვე დღეების გადათვლაც რომ დავიწყე – “რამდენ ხანში წავალ აქედან?!”

მოგზაურობა არცთუ დიდი ხარჯებით გავთვალეთ, არანაირი კომფორტული სასტუმროები. ფაქტობრივად როგორც ადგილობრივი ღარიბი ფენა ცხოვრობს, ისეთივე ერთი თვე გველოდება.. ან ცოტას ვაჭარბებ და შედარებით უკეთესი…

დელის იქაური უბანი სრული ქაოსია.. ტროტუარი, გზა პირობით მცნებებია.. სადაც კი საშუალებაა, ადამიანები დაბუჟღაობენ და დღიურ ლუკმაპურის საშოვნელად სახელდახელო ხუხულები წამოუმართავთ… დალაქი პირდაპირ ტროტუარზე პარსავს ვიღაცას წვერს.. იქვე ერთი დანებს ლესავს, მეორე რაღაცას კემსავს.. მესამე ექიმობს და კლიენტისთვის გამობმული ძაფით კბილის ამოძრობას ცდილობს..

საშინლად გამწლეული ტიპი თავის “კარეტას” გვთავაზობს და თავადვე ხელით მიგვაგორებს.. გგონიათ მისი წვალება გვინდოდა?! ვერაფრით დავაჯერეთ, ორი კაცის წონის თრევა არცთუ გონივრული საქმე რომ იყო.. ჯიუტად ერთი-ორი რუპიის საშოვნელად თავის “ტრანსპორტში” გვეპატიჟებოდა..

მერე იყო პირველი შეხება რიკშებთან და მათი მეპატრონეები. ფასზე “მოლაპარაკების” ხელოვნება და ბევრი ვაჭრობა. მერე, მერე, იქაურობას რომ შეეჩვევი, მერეღა ხვდები რამდენად ძვირს გცანცლავდნენ ახალბედა ტურისტებს მომღიმარი მძღოლები… და პრინციპში არამარტო ისინი..

გელაპარაკებიან, გელაპარაკებიან…

– “Where are you from?”
– “Georgia..”
– “Ahhh.. nice people.. very good country”

მაინც გიქებდნენ ქვეყანას, მერე რა რომ წარმოდგენაც არ ჰქონდათ, სად იყო ეს ჩვენი ჯორჯია..

საიდუმლოდ “გაგიმხელდნენ” ერთი საოცარი მაღაზიის ადგილს, “მე თუ მიგიყვანთო..” მხოლოდ შედით, დაათვალიერეთ, ნუ იყიდით კაცოო, მე დაგიცდით რამდენხანსაც გინდათ, მაგის თანხას არ დაგითვლით, თქვენი რა მიდისო..

ხოდა წაგვიცდა ფეხი და ადგილობრივი სამოსის სამკერვალოს მივაშურეთ – რიკშას მძღოლმა ბედნიერმა გაგვაქროლა..

– “ვნახოთ უბრალოდ?!”
– “ვნახოთ!”

დახელოვნებული პერსონალი გამოსრიალდა დახლებიდან,

– “Just have a look”,

ჩაი მოგვირბენინეს, ნაკეთობები გადმოგვილაგეს – თვალწარმტაცი ფერები გადაიშალა ადგილობრივი წარმოების ქსოვილის..

გველაპარაკნენ ისტორია, თუ როგორ კეთდება. ტრადიციაზე – რატომ არის უნიკალური, გველაპარაკნენ, გველაპარაკნენ, გველაპარაკნენ და მიუხედავად იმის, რომ “მხოლოდ დასათვალიერებლად შევედით”, მაინც “ხელებდამშვენებულები” გამოვბრუნდით.

– “წავიღოთ რა ბარემ, საჩუქრად..”

მძღოლს მაღაზიიდან წილი გარანტირებული ჰქონდა ჩვენნარი ბატი ტურისტების მირბენინებისთვის. სულ სტვენა-სტვენით წაგვაჩაქჩაქა მანამდე საითკენაც გვქონდა დაგეგმილი გზა.

დღეების მერე მსგავსი “უნიკალური ნაკეთობა” მრავლად გვხვდებოდა ადგილობრივ ბაზრობებზე, ქუჩებში, მოსიარულე “მაღაზიებში”… ნახევარ, მესამედ ფასში და თუ შეევაჭრებოდი, ალბათ კიდევ უფრო იაფადაც.. რისთვის დავიმძიმეთ ზურგჩანთა?! ფული კიდევ ჯანდაბას.

მაგრამ, ჯერ კიდევ “მწვანე” ტურისტები ვიყავით – გონებაში ადგილობრივი რუპიები დოლარებში გადაგვყავდა და ყველაფერი იმდენად იაფი იყო, ვერც წარმოვიდგენდით, ადგილობრივი საზომით მაინც რამდენად ძვირს ვიხდიდით – ეს იქნებოდა ტაქსი, საჭმელი, თუ რაიმე სუვერინი და ნაკეთობა..

მერე კი იყო აგრასკენ წასასვლელი გზის ძიება და “ტურისტული ფირმა”.. რომელზეც უკვე შემდეგ ნაწილში მოგიყვებით..

Suzuka

კვირა დღე, სამასი კმ/სთ-ით მიქრის ჩვენი შინკანზენი. საათიც არ დაგვჭირდა, ისევ ნაგოიაში ვართ. საიდანაც ჩვენი მოგზაურობა დაიწყო, იმავე ქალაქში ვასრულებთ ამ ჩვენ საკმაოდ ხანგრძლივ ტურნეს.

ბარგი ბინაში მივყარეთ და სუძუკასკენ ავიღეთ გეზი. ტაიფუნმა შაბათის კვალიფიკაცია ჩაშალა და სანაცვლოდ რეისამდე რამოდენიმე საათით ადრე კვირასვე გაიმართა. მოგვიწია ტელეფონში ყურება – ვერანაირად ვერ ჩავუსწრებდით. წინა დღეს ჩვენც სხვა ქალაქის სასტუმროში გამოგვკეტა მოსალოდნელმა სტიქიამ.

ისევ მატარებელი, სუძუკას დასახლებამდე მივაღწიეთ. ავტობუსებია ჩალაგებული – ხალხი ტრეკამდე რომ მიიყვანონ. უნიფორმაში გამოწყობილი ხალხი რიგს აწესრიგებს, გამუდმებით იაპონურად გაჰყვირიან ფრაზებს, ჟესტიკულაციით ისედაც გასაგებია, რა უნდა ვქნათ.

დრო ცოტა გვრჩება – იქაურობას ვერ დავზვერავთ საიდან ჯობია რეისს ვუყუროთ. მონიტორი ვერსად დავლანდეთ, კომენტარი მხოლოდ იაპონურად მიდის. მოკლედ რაღაც გაუგებრობაში ამოვყავით თავი – სტენდის შედარებით ძვირიანი ბილეთი თუ არ გაქვს კაცს, მხოლოდ ერთ მონაკვეთს უყურებ, სადაც სწრაფად ჩაიშხუილებენ ბოლიდები და იმის იქით რა ხდება, ისევ მობილურს ჩავყურებთ – მოკლედ დიდი ვერაფერი სეირია.

გუნებაგაფუჭებულებმა ვუყურეთ ასე ეპიზოდურად ბოტასის ზეობას. რეისის შემდეგ არც ტრეკზე შეგვიშვეს – ნახევარ საათში გავხსნით კარებსო. ხალხი მოწესრიგებულ რიგად დალაგდა, ჩვენ მოცდას და უბრალოდ ასფალტეზე გასეირნებას, სადაც უკვე ყველაფერი ჩავლილი იყო, სახლისკენ ავიღეთ გეზი.

კილომეტრიანი რიგი ისე გაჭიმულა ავტობუსებში მოსახვედრად, კაციშვილი არ ცდილობს ვინმეს გადაასწროს. გვიანღა მივხვდით, ჩვენც ეს რიგი რომ გვჭირდებოდა და გემრიელად “მოვჭერით” მოკლეზე.

მეორე დღეს კი ბარგი-ბარხანა მოვკარით და დაიწყო უგრძელესი სახლში დაბრუნების ვოიაჟი.

ორმოციოდე წუთში თვითმფრინავი ტოკიოში დაეშვა, მერე დოჰასკენ მიმავალ თანამედროვე A350-ში შევიხიკეთ და რომ გვგონია მალე გავფრინდებით, ჩვენ წინა რიგში მჯდომი მამა-შვილი აშარდა – კაცმა გაუგონარი მიზეზით ბიზნესკლასში გადაყვანა მოითხოვა. არადა იქაურობა უკვე ჩვენი ნაკრების ბიჭებით არის გადაჭედილი. წინა დღეების ტაიფუნმა ზოგი რეისი გააუქმა და თვითმფრინავში ერთი ცარიელი ადგილიც კი არაა.

ბევრი იწილო-ბიწილო, საათზე მეტი შევყოვნდით, სანამ ეს მამა-შვილი საერთოდ ბორტიდან არ მიაბრძანეს და დოჰაში ისე ჩავფრინდით, თბილისის თვითმფრინავს ვეღარ მივუსწარით.

დაგხვდა წარმომადგენელი, ვაუჩერები დაგვირიგა და სასტუმროში წაგვაბრძანეს – საღამოს გაგაფრენთო.

დაღლილობა მშვენიერი სასტუმროს ბასეინზე გავიქარწყლეთ – დოჰას მწველ მზეს რომ მივეფიცხეთ.

მერე იყო ისევ აეროპორტი და შედარებით მცირეხნიანი ფრენა, გვერდზე ხმალაძე რომ გვეჯდა და მთელი გზა საუბრით გავუხვრიტეთ ტვინი ჩვენი ნაკრების ათ ნომერს.

თბილისში ისე დავჯექით, უკვე აღარც მქონდა შეგრძნება, მთელი თვე სრულიად განსხვავებულ სამყაროში რომ დავაბიჯებდი.

Hamamatsu

SCO-RUS

ცხრა ოქტომბერი გათენდა. ბარემ აქ ვართ, ჰამამაცუში სანახავი ბევრი არაფერია, შესაბამისად ერთი სკოტისგან ნაყიდი ბილეთებით შოტლანდია-რუსეთის მატჩზე დასწრება გადავწყვიტეთ.

მატარებლით შიზუოკას სტადიონამდე ჩავდივართ – მთაში შეჭრილი უზარმაზარი არენა მშვენიერი სანახავია. რა გასაკვირი იქაურობა სკოტი ფანებით თუ არის გადაჭედილი. რუსეთში რაგბი დიდად პოპულარულობით არ სარგებლობს, არც ნაკრები უვარგათ, ხოდა ამის ფონზე, რა გასაკვირი, ალაგ-ალაგ სულ ერთ-ორ რუსს თუ მოკრავ კაცი თვალს.

კარგიც არის – მათი “რასია, რასიას” სმენა სულაც არაა სასიამოვნო. ჰიმნზეც დემონსტრაციულად ვიჯექი. “სოვეცკი სოუზის გიმნი” გაიკვეტონ ერთ ადგილას.

მაგრამ უცნაურია, ბევრი იაპონელი მხვდება რუსული დროშით და ლამის სტადიონის მეხუთედი სკოლის მოსწავლეებით რომ იყო შევსებული, ასევე ალაგ ალაგ რასიას გაიძახოდნენ.. მერე ერთი ავსტრალიელი გოგო მელაპარაკა – მთავრობისგან ძაან მოდის ზეწოლაო, გუნდებს ადგილობრივებმა აქტიურად რომ უგულშემატკივრონო. ეს რამდენად მართალია, მაგაზე თავს ვერ დავდებ.

მაგრამ რაც არ უნდა ზეწოლა იყოს, რომ მომკლა, რუსულ დროშას ხელში რა დამაჭერინებს. ამათაც იგივე პრობლემა არ უნდა ჰქონდეთ?! ის კუნძულები ჩემი წართმეული კი არაა..

სკოტებმა კი რუსები იოლად დაიბრიყვეს, დიდი ანგარიშით გააბითურეს. მეც გემრიელად ვიჯერე გული, ასე გაბითურებული დათვის ყურება მშვენიერი სანახავი იყო.

მატჩის შემდეგ თბილისში გაცნობილ ხალხს გადავეყარე, ფანზონაში ლუდს ხარბად რომ მიირთმევდნენ. პატარა სამყაროში ვცოხვრობთ.

ოკეანის პირას

კაცი კუნძულზე ვარ, ლამის სამი კვირა გავიდა და სანაპიროზე ჯერაც ფეხი არ დამიდგავს. მეტროს სადგური ხუთიოდე კილომეტრშია სანაპიროდან. სანამ გავარკვევ, შემდეგ როგორ შეილება ტრანსპორტით იქ მისვლა, ისევ ფეხით სეირნობა ვარჩიე.

აქ ხუთზე მზე უკვე ჩასვლას იწყებს და ექვსი არაა გამხდარი, ბინდია ჩამოწოლი.

ქვიშიან სანაპიროზე ფეხი რომ შევდგით, მზე უკვე ჰორიზონტს ეფარებოდა. ოკეანე შმაგად ღელავდა და სანაპიროს აზვირთული ტალღები ეხეთქებოდა – შანსი არ იყო გებანავა კაცს, ცოცხალი ვერ გამოხვიდოდი. ისევ კოჭების დასველებით და ბევრი ფოტოს გადაღებით შემოვიფარგლე.

მიყვარს ეს ხმაური და ზღვიდან დაბერილი გრილი ნიავი..

გვშია, რა გასაკვირი. სადღაც შევედით – მაგიდაზე საჭმლის შესაცხელებელია ჩამონტაჟებული. ნახევრადმზა კერძი მოაქვთ და შენ როგორც გინდა იმ დონეზე აცხელებ-ბრაწავ. მზარეულს შარს ვერ მოდებ კაცი – ცუდად მომიმზადეო.. მშვენიერი მიდგომაა..

ძილისწინა საათებს ისევ ჰამაკიტას გამოყრუებულ ჰოტელში ვატარებთ.

მატჩი

დილიდან იღრუბლება და გემრიელ წვიმას გვპირდება ამინდი. დღეს ბოლო თამაში გვაქვს ავსტრალიასთან.

ისევ შიზუოკას არენისკენ დავიძარით. სკოტების ნაცვლად უკვე ოზებით არის არე-მარე გადაყვითლებული. რუსების არ იყოს, ქართველებიც აქა-იქ ორი კინკილა კაცი თუ ვართ – მოკლედ ამინდს ვერ ვქმნით.

უკვე ნაცნობი რიტუალი, ბევრი კომპლიმენტი ტურისტებისგან, თუ როგორი ფიზიკურად ძლიერი ნაკრები გვყავს და ბევრი ფოტოსურათი გახარებულ ადგილობრივებთან.

მატჩი კი… ოოო, რასაც ქვია ძვლების მტვრევა იყო – ბოლო მომენტამდე ქულებში ახლოს მივყვებოდით ავსტრალიელებს და თამაშის მიწურულს, გუნდი აბსოლიტურად რომ მოიშალა ფიზიკურად, მერეღა გავუშვით კიდევ ორი ლელო, თორემ შეიძლება ბონუს ქულისთვისაც კი გამოგვეკრა ხელი.

კომპლიმენტები მატჩის შემდეგ უნდა გენახათ… ოზებიც კი მოდიოდნენ და კარგ თამაშს გვილოცავდნენ.. მე კი, ამ ყველაფრის სმენას მერჩივნა ამდენი აუტი და შერკინება არ წაგვეგო, იქნებ მერე ბურთიც ცოტა მეტად შეგვენარჩუნებინა და რაიცი, ამის ფონზე ტაბლოზე ბოლოს რა ანგარიში დაიწერებოდა.

ტაიფუნი

დაცარიელებულ სუპერმარკეტში საკვების ნარჩენები მოვიმარაგეთ.

მეორე დღეს ნაგოიასკენ გვქონდა გზა, მაგრამ მოსალოდნელი ქარიშხლის გამო ყველანაირი ტრანსპორტი გაუქმნდა. ჩავრჩით ჰამამაცუში.

ტაიფუნი კი.. აი წვიმს რა გამუდმებით და ცოტას ქარიც უბერავს. გაწბილებული ვზივარ მთელი დღე ოთახში, ასე უაზროდ რომ ამერია გეგმები და ნაგოიაში თავის დროზე ჩასვლას ვერ ვახერხებ.

იმედია ხვალე დილითც მაინც ამუშავდება მატარებლების ქსელი და აქაურობასაც საბოლოოდ გამოვემშვიდობები..

P.S. ცა გადაკრიალდა და უკვე მთვარეც ანათებს, ტაიფუნმაც კი გვერდზე ჩაგვიარა..

Nara-Otsu-Hamamatsu

ნარა

ისევ მანქანაში ვზივართ ჩაკვეხილები და ისევ გზას ვადგავართ. გამოვემშვიდობეთ ოსაკას გარეუბანს და ამჯერად გეზი ოცუსკენ გვაქვს აღებული.

თუმცა იქ ჩასვლამდე, ვისარგებლეთ შემთხვევით და კარტინგებს მივაკითხეთ – ცოტა ადრენალინი გამოვყავით გვარიანად დაფეხვილი ბოლიდების საჭის ტრიალით. გემრიელი თანხაც მივათხლიშეთ, სამოცდაათ დოლარამდე რამოდენიმე ათეული წუთის სიამოვნებაში..

გზად ნარა უნდა გაგვევლო, იაპონიის ძველი დედაქალაქი, ხოდა ცოტახანი იქაც შევყონდით – პარკში ვისეირნეთ შველ-ირმებით გადატენილში.

სასაცილო იყო, პირველად მანქანიდან რომ გადმოვედი და პირდაპირ ქუჩაზე მომავალ შველს კამერა მივუშვირე ფიქრით – “რაიცი და მეორე ასეთი შანსი აღარ გქონდეს, გადავუღებ ფოტოსთქო”..

თურმე სად ხარ, მთელი პარკი გადაძეძგილია ოთხფეხებით და საჭმელს თუ აჭმევ თავსაც ზრდილობიანად დაგიკრავს – მოკლედ იციან როგორ გამოგტყუონ საკვები.

ერთი საათიც და კიოტოს გვერდით გაშენებულ ტბისპირა ქალაქ ოცუში ვართ.

ოცუ

მოკლედ გემრიელად შევცდი ტურის დაგეგმვისას ეს ადგილი რომ ავირჩიე – ფოტოებზე ტბის ხედებმა მომხიბლა. სახლი კი სინამდვილეში სადღაც სანაპიროდან მოშორებით შეგვრჩა, ჩქაროსნული ტრასის ქვევით რომ დგას და მანქანები ზევიდან დაგვზუზუნებენ.

ჩვენი GPS-იც კი აიბნა, შუა ტრასაზე რომ გვიხურებდა – “დანიშნულების პუნქტს მიაღწიეთო”. არადა თურმე მეორად გზაზე მანამდე უნდა გადაგვეხვია, ტრასის ქვეშ წამოჭიმულ ჩვენ ორსართულიან სახლამდე რომ მიგვეღწია – გავხდით იძულებულები და ერთი დიდი საპატიო წრე დავარტყით – ტრასის გამოყენებისთვის კი გემრიელი თანხაც წაგვცანცლა “თოლის” აპარატმა.

მეორე დღეს იქაურობა ფეხით მოვიარე და საინტერესო ბევრი ვერც ვერაფერი ვნახე. არც ტბა ბივა გამოიყურებოდა ისე ლამაზად, როგორც ეს ფოტოებზე ჩანდა.

ხოდა რა გასაკვრი, თუ შემდეგ დღეს მატარებელი, ცოტა გზა და ისევ კიოტოში სეირნობა ვარჩიე.

მშვენიერი სანახავი იყო კინკაკუჯი – მიშიმას წიგნის გმირზე არანაკლებ მონუსხული შევყურებდი წყალზე წამოჭიმულ ოქროსფერ ტაძარს. სიტყვებით აღწერას, გახსენი გუგლი და უბრალოდ ფოტოები მოიძიეთ, არ მგონია გულგრილი დარჩეთ ამ სილამიზის მიმართ.

შემდეგ ინარის მთას მივადექი, ნოეს დავუჯერე და არატურისტულ ბილიკს დავადექი ბამბუკის ტყეში რომ იყო გაჭრილი. ალაგ ძველი ქვით მოკირწყლული გზა და კიბეები მხვდებოდა, გარშემო უამრავი ძველებური საფლავებით. გემრიელად დავიღალე, როდესაც დღის შუქს დახარბებული ვცდილობდი სვლის ტემპი არ დამეგდო.

ბოლოსკენ იმის ეჭვიც კი გამიჩნდა, გზა ხომ არ ამებნა, როდესაც ქვის ბილიკი მიილია და უბრალოდ ბალახში გაკვალული მიწის საცალფეხო სავალიღა შემრჩა ხელში.

როგორც იქნა ბოლო-ბოლო მთის წვერსაც ვუწიე და სადღაც შორს ტურისტებიც ნელ ნელა ჭიანჭველებივით ამოიზარდნენ ჰორიზონტზე. მომეშვა.

დავუყევი ისევ ქვევით ბევრად უფრო კომფორტულ კიბეს, ტურისტების ცოცხალი ჯაჭვი არ წყდებოდა. მერე ეშხში შესული მეტროშიც აღარ “შევძვერი” და კიოტოს ცენტრამდე სეირნობით გავუყევი გზას, სადაც მშიერი ლუკა და ნოე მელოდა.

ფარდულები, პალეტების მაგიდა-სკამები, მობუჟღავე ტურისტები. ცოტა ლუდი და საჭმელი და ხასიათიც გამოკეთებულია.

თანხის დაზოგვის ხათრით ისეთ ადგილებში მიწევდა ღამის თევება, იმ არეში ტურისტს ფეხი ნაკლებ რომ დაუდგამს. დავდივართ ასეთ უბნების ქუჩებში და რათქმაუნდა იაპონელის გარდა სხვა იქ არავინ გხვდება. ადგილობრივები კი, არ ვიცი, არავის აინტერესებ, თუ უბრალოდ ასეა მიღებული, ზედაც არავინ გიყურებს.

ბოლოს ეჭვიც კი შეგეპარება კაცს – ვვარსებობ კი საერთოდო?! შენ შენთვის სადღაც მისეირნობ, იაპონია კი თავისთვის, შენგან განყენებული არსებობს – ერთი შემთხვევა არ მახსენდება, ვინმეს თვალი გაესწორებინოს მზერისთვის, სანამ რათქმაუნდა გამოსაუბრებას არ ცდი.

საუბარზე და ინგლისურზე კი აღარ დავწვრილმანდები – აქამდეც ბევრჯერ ვახსენე ეს თემა.

და ამის ფონზე, კიოტო და მობუჟღავე ტურისტების ყურება-გამოსაუბრება, აზრის გაცვლა-გამოცვლა, ცოტა გუნება-განწყობას ახალისებდა.

ჰამამაცუ

ჩვენი ჯიბისთვის ისევ გემრიელი თანხის სანაცვლოდ აქაურ შინკანზეს მატარებელში ვზივართ, თავბრუ რომ დაგეხვევა, ისეთი სიჩქარით მიქრის “bullet train-ი”.

ორასამდე კილომეტრს ორ საათზე ნაკლებს ანდომებს და უკვე ჰამამაცუში ვართ. ოცუსი არ იყოს, ან აქ რა დაგვიკარგავს? რამოდენიმე დღეში ავსტრალიელებს ვეთამაშებით და ჩვენი აქ ჩამოსვლის მიზეზიც სწორედ ეს თუ არის.

ისევ რაღაც გარეუბანში ამოვყავით თავი, ოღონდ ამჯერად სასტუმროა და აგერ ცალ-ცალკე ნომრებში ბედნიერები ვართ შეყუჟულები და ერთმანეთისგან ვისვენებთ.

გარშემო კი არაფერი ხდება, მოსაყოლიც ბევრი არაფერია.

მაგრამ..

მოკლედ ჯერ ვერ მოვიფიქრე ზუსტად სიტყვები მოვუძებნო იმ განწყობას, რაც აქ ყოფნისას მიყალიბდება. ძაან სპეციფიურია ეს თავგადასავალი – ასე დროში გაწელილი, ყოფითი პრობლემები რომ გადამავიწყა და უცხო გარემოში გამთქვიფა.

მოკლედ პირობას ვდებ, ვიფიქრო (ოღონდ მერე რა, ცოტა მერე), და ამოვქექო განწყობები და უფრო გემრიელად დავწერო – ეს ახლა უბრალოდ ფაქტების დახვავებაა, სულ რომ არ დამავიწყდეს, რა ხდებოდა… სანამ წერის იშტაზე მოვსულვარ..

დღეს კი სულ ეს იყოს..

Kyoto-Osaka

კიოტო

ტოკიოდან საათიც არ უნდა ფრენას. აფრენილები არ ვიყავით, დასშვება დავიწყეთ, მორიგი მეგაპოლისის თავზე, ამჯერად – ოსაკა.

თვალი ვერ გაწვდება, იმხელა სივრცეზეა ბეტონის ნაგებობები გადაჭიმული. ქართულ მასშტაბებს შეჩვეული, ძნელია აღიქვა ეს ყველაფერი.

აბარგება-ჩაბარგება, ისევ გზა, გადაადგილება. რა თქმა უნდა ცოტა არ იყოს დამღლელია ყოველივე ეს, მაგრამ მოგზაურობის დაგეგმვისას, როდის მე კიდევ იაპონიაში მოვხვდები-თქო, ვარჩიე მეტი ადგილის მონახულება მომეხერხებინა.

ამჯერად კიოტოსკენ გვაქვს გეზი. ცოტა დავნაყრდით და ავტობუსში შევლაგდით. რაც ფრენა, ერთი იმდენი ჩქაროსნულ ტრასაზე მივხრიგინობთ, მერე ისევ ქალაქის რკინიგზა და სადღაც სახლის მიდამოებში ჩვენს ჩანთებსაც მივაგორებთ.

ისევ გარეუბანში ვართ – დაბალბიუჯეტურ სახლებს ცენტრში რას იშოვნი. ორსართულიანი, უფრო ძველი ყაიდის შენობებია ჩაწიკწიკებული შედარებით ვიწრო-ვიწრო ქუჩებში. გარემოც ნაკლებად სტრესულია, მშვიდი, ვიდრე ეს ტოკიოში იყო.

იატაკზევე გაშლილი ლეიბები გვხვდება დასაძინებლად. საბნები – ისევ ზამთრის, არადა ჩვენი გაგებით ზაფხულივით ცხელა – ტენიანი ჰაერი მძიმედ სასუნთქია, მომენტალურად იწებები, დუშიდან არ გინდა კაცს გამოძრომა.

აქამდე თუ სხვა ურბანულ ნაწილში იაპონურ ყაიდზე მოგვიწია გადაწყობა, ხალხი მარცხენა მხარეს დადის ტროტუარზე, ექსკავატორზეც მარცხნივ დგება სხვის გასატარებლად, აქ უკვე ყველაფერი “უკუღმაა” და ისევ მარჯვნივ მოძრაობის წესს ვუბრუნდებით.

წესს არ დაიცავ და მიხვდები, რომ რაღაც უხერხულობას ქმნი, როდესაც მთელი წყება ხალხი მორჩილად იცდის, სანამ რიგითობით არ ჩალაგდებიან ცალ მხარეს, ანაც ტროტუარზე აწყვეტილი ველოსიპედისტის გამწარებულ ზარის წკარუნს არ გაიგებ..

რთულად დაქსელილ მატარებლის ხაზებში გასარკვევად ცალკე დიპლომი გჭირდება კაცს – იმდენი ვარიაციაა, კარგად თუ არ დაგეგმე მარშრუტი, ძვირფას წუთებს წინ და უკან სიარულში გალევ.

ზოგი მატარებელი რიგ სადგურებს გაჩერების გარეშე ჩაუშხუილებს – აჰ, თურმე ჯობდა გრაფიკი წინასწარ გენახა და სიტყვაზე მხოლოდ მესამე მატარებელშიღა შეგედგა ფეხი, რომელიც ექსპრესი არაა და შესაბამისად “მეორეხარისხოვან” სადგურებშიც აჩერებს..

ალაგ სხვადასხვა ფირმები ოპერირებენ და სასურველი სადგურის მოძიებას ვაგონებიში გაკრულ რუკებზე ვერც მოახერხებ – უბრალოდ არაა დატანილი.

გასასვლელში ჩაჯდომის ბილეთი ისევ უნდა გაატარო აპარატში. თუ რამე აურიე, ანაც თანხას გამატებინებენ, ანაც პირიქით – პატიოსნად უკან გიბრუნებენ. ზოგგან კი სანამ სადგურს დატოვებ, შემდეგ ხაზზე გადასაჯდომად ახალი ბილეთი უნდა იყიდო და სანამ ძველსაც და ახალ ბილეთს ერთად არ შეაცურებ, გამტარი პუნქტის გავლას ვერც ახერხებ კაცი.

ცალაკე თემაა ვალუტის დაშლა.. ეჰ, ჩაივლი თბილისში, ყოველ ფეხის ნაბიჯზე წითლად ანათებს გულისგამხეთქი ციფრები, ლამის სამის ნიშნულზე ასული დოლარი.. აქ კი ჯანდაბა, დღეები ისე მიება, ფული ვერ დაგვიშლია და ვართ თავშენახული მეგობრების იმედის ამარად.

მოკლედ, ერთი ქალაქდან მეორეში უფრო იოლად მოხვდები კაცი, ვიდრე სავალუტო პუნქტს იპოვნი რამეს.. არადა, აქა-იქ ავტომატური მანქანები დგას და ერთი 5%-ით უარესი კურსით კი ბატონო – მიშალე ფული.. ჩვენ კი, სად გვაქვს მაგის ფუფუნება, ასე ვფლანგოთ სიმწრით ნაგროვი დოლარები..

საჭმელი.. მოდი ნუ მკითხავთ რითი ვიკვებებით.. ხშირად მენიუ უბრალოდ იაპონურადაა, პერსონალიც მხოლოდ ლოკალურ ენაზე გეჟღურტულება, ზრდილობიანად, ენაწყლიანად, მაგრამ, რად გინდა, სიტყვა არ გვესმის..

და ასე, რაც ხატია, თითის დადებით ვირჩევთ და მერე გამოცანობანას ვთამაშობთ – არა კი, გემრიელია, მაგრამ, ნეტავ რისგან მომზადებული კერძი ვჭამეთ ამჯერად?!

კიოტოში ერთი დღე ფეხით რასაც გავწვდით, იქაურობის დათვალიერებას მივუძღვენით. სივრცე მეტია, სიმწვანეც. ტოკიოს, რაც ვნახეთ, ამით აქაურობა ნაღდად ჯობია.

გული დამწყდა, ოქროს ტაძარი რომ ვერ მოვინახულე. აღარ გამახსენდა, შარშან წაკითხული მიშიმას ნაწარმოებში აღწერილი ტაძარი სწორედ კიოტოში რომ მდებარეობდა. არადა, ფოტოებზე მართლა შთამბეჭდავად გამოიყურება..

არაუშავს, მაგ მხარეს კიდევ მივუბრუნდები და მეორე ცდაზე იქნებ მოვახერხო კიდეც იქაურობის ნახვა.

იმხელა სივრცეზეა გადაჭიმული ყველაფერი, ძნელია 1-2 დღეში ბევრი რამის ნახვა მოახერხო. მარტივად გზაში უამრავი დრო გეხარჯება, ხუთ საათზე კი ყველაფერი იკეტება.

ოსაკა

ისევ აბარგება და ნარას გავლით უკვე ოსაკას გარეუბანში ვბანაკდებით. შემდეგ დღეს თამაშია, ფიჯელებთან და სტადიონიდან სულ რაღაც ორ კილომეტრში ვპოულობთ სახლს.

მშვენიერ ადგილზე კი ამოვყავით თავი – აქამდე თუ ძირითადად ერთ ოთახში ვიყავით შეყუჟულები, ამჯერად მთელი ორსართულიანი ტრადიციულ იაპონურ სტილში გაწყობილი სახლია ჩვენს განკარგულებაში, თავის ეზოთი და ათასი მაიმუნობებით.

მასპინძელს სტუმრების თავშესაქცევად ნინძის უნიფორმები, სამურაის ხმლები, სავარჯიშო სასროლი არე აქვს მოწყობილი.. მოკლედ არ მოიწყენ კაცი. ძლივს ცალ-ცაკე ოთახებში დავნაწილდით და ერთმანეთსაც ნაკლებად ვუშლით ნერვებს – ჩვენი პირადი სივრცე გაგვიჩნდა.

დილა თენდება, მზე აჭერს და სიცხე აუტანელია.. ხვატს მალე მოჰყვა ღრუბელი და ნელ-ნელა წვეთებიც გადმოცვივდა ციდან.

არადა თამაშის დღეა. აღვიჭურვეთ საწვიმრებით და ფეხით გავუყევით სტადიონისკენ მიმავალ გზას.

რაღაც ვიწრო-ვიწრო ქუჩებს მივუყვებით, გუგლის რუკას ვენდობით, თორემ არანაირი ნიშანი, რომ იმ არეში ცოტაც და საქართველო-ფიჯის მატჩი შედგება.

ბოლოს სივრცე გაიშალა და ჰანაზონოს რაგბის არენაც ამოიზარდა ათასობით მობუჟღავე ფანითურთ.

ალბათ უფრო ფიჯის, ვიდრე საქართველოს თამაში, ხალხში დიდ ინტერესს იწვევდა და გუნდების გულშემატკივრების და იაპონელების გარდა სხვა ეთნიკის ხალხიც ბლომად ირეოდა.

მატჩი

პირველი ტაიმი არც თუ ისე ცუდად დავიწყეთ, საწყისი ოცი წუთი ბურთს ვაკონტროლებდით და ფიჯელთა ის ერთი ლელოც, ცოტა არ იყოს, ლოგიკიდან ამომხტარი იყო. ჩვენ კი, ერთი ჯარიმით თუ ვუპასუხეთ და დაძაბული მეორე ტაიმის მოლოდინით შესვენებაზე გავედით.

მერე რაც მოხდა, უბრალოდ ღამის კოშმარი იყო, ჩვენთვისაც და წარმომიდგენია რა დოზით, მოედანზე მყოფ ბიჭებისთვისაც.

ფიჯელებს “გაეხსნათ” და მართლაც რომ მფრინავ ელემენტებად გადაიქცნენ – ყველაფერი გამოსდიოდათ, რაც კი მოინდომეს.

ჩვენები კი, აი შერკინებაში რომ დიდი გული გვაქვს, იქაც კი პატარა ბავშვებივით დავიჩაგრეთ.. მოკლედ ყოველივე ეს ძაან მძიმე საყურებელი იყო და საფინალო სასტვენსაც სიხარულით შევხვდით, ყოველივე ეს ჯოჯოხეთი დასასრულს რომ მიუახლოვდა.

არ უნდა იმსჯელო ერთი თამაშით კაცმა.. მგონი რომ სკოტების იოლი გასეირნების შემდეგ, ისედაც ნათელი იყო, რომ წელს ფიჯის დარი გუნდებისთვის მზად არ ვიყავით.. რაღაც არასწორად ვაკეთეთ ეს მოსამზადებელი ოთხწლიანი ციკლი.. მოდი შეფასებებს მეტს აღარ გავყვები ამ, ისედაც უკვე გრძელ, ჩანაწერში.

გულისამაჩუყებელი იყო ლამის ცრემლებამდე მისული შარიქაძის ყურება – განადგურებული რომ იძლეოდა მატჩის ბოლოს ინტერვიუს.

ათეულობით კაცი, მიუხედავად იმის, რომ გალუმპულები ვიყავით, სტადიონიდან ავტობუსის გამოსასვლელთან შევიკრიბეთ, ვეცადეთ გუნდი გაგვემხნევებინა – არ შეიძლება დიდი სიყვარული ერთი მატჩის გამო სანაგვეზე მოისროლო კაცმა.

დაგროვილი დარდი ცოტა ჭაჭაში და ბევრ ჭამაში ჩავიკალით ადგილობრივებზე გათვლილ რაღაც ბარისდამაგვარში რომ შევიკრიბეთ და კობეს სახელგანთქმულ ხორცეულსაც მუსრი გავავლეთ. ბედნიერი დაგვტრიალებდა თავს შეფმზარეული – ალბათ ერთი კვირის სამყოფი სანოვაგე რომ გავახარჯინეთ.

დღეს კი თავისუფალი დღეა. მე და დათომ კობეს მივაშურეთ, მიხეილი უნდა მოგვენახულებინა. ალბათ, ერთი ოთხი ხაზი მაინც გამოვიცვალეთ. ბოლოს პატარა დასახლება კაკოგავას ვუწიეთ, ჩვენი იქაური საწყობი დავათვალიერეთ.

მერე მიხეილმა საღამოს გემრიელი ვახშამი მოგვიწყო, საინტერესო კერძები რომ დავაგემოვნეთ. კიდევ ხომ, იაპონურად მოსაუბრე კაცი გვახლდა, თორემ ჩვენით აბა ასეთი კერძების გასინჯვას ალბათ ვერც კი მოვახერხებდით და აგერ დღის მიწურულს, გემრიელად დანაყრებული და ფეხით სიარულისგან დაღლილი ამ ჩანაწერსაც ვასრულებ.

ხვალე ისევ გზა და ოცუ გველოდება – ტბისპირას გაშენებული პატარა დასახლება.

მომავალ შეხვედრამდე

Kumagaya

ჩიჩიბუ

ტოკიოსთან გამომშვიდობების დრო დადგა. უჩამ მანქანა იქირავა და ხუთი კაცი თავის ბარგით ძლივს ჩაპრესილები კუმაგაიასკენ მიმავალ გზას ვადგავართ.

ტოკიოსა და მის მოსაზღვრე დასახლებებს შორის წყვეტა არაა – ბეტონის კედლად აღმართულ სახლებს ბოლო არ უჩანს. მოკლედ ჩქაროსნული მაგისტრალიდან თვალსასეირო ბევრი არაფერი მოჩანს.

ამ ჩქაროსნულ ტრასას რომ მოვშორდეთ, სპეციალურად გზაც დავიგრძელეთ – ცოტა ბუნებასაც შევავლოთ იქნებ თვალი. კორპუსების წყება როგორც იქნა დასრულდა და სიმწვანეც გამოჩნდა.

რაღაც ბორჯომის ხეობისმაგვარ, მთიან რელიეფში გაჭრილი, მეორეხარისხოვან დაკლაკნულ გზას მივუყვებით და განწყობაც ნელ-ნელა უკეთესი ხდება.

იაპონია-ირლანდიის მატჩის საყურებლად პატარა დასახლება ჩიჩიბუში მივაპარკირეთ მანქანა.

ასეთ დასახლებებში ინტერესი რაგბის მიმართ ფაქტობრივად ნულოვანია – ძლივს ვიპოვეთ რაღაც ერთი ბარი, სადაც ნაკრების საგულშემატკივროდ ჩვენს გარდა სულ ორი იაპონელი თუ ზის.

ბარი კია საინტერესო – ჩაწიკწიკებული ასობით ნარ-ნაირი ვისკის ბოთლით, რა ბრენდს აღარ შეავლებ კაცი თვალს. ადგილობრივი წარმოების დავაგემოვნეთ “იჩიროს მალტი” – მშვენიერი დასალევი სითხე.

თამაშს რაც შეეხებია – აგერ უკვე მეორე მსოფლიო ჩემპიონატია, იაპონიამ უდიდესი სენსაცია შემოგვთავაზა და ს. აფრიკის შემდეგ ირალნდიასაც კაი ალიყური უთავაზა. მიდი და კიდევ დაუძახე “tier 2” აწი ამ გუნდს.

იმ ორ იაპონელზე არანაკლებ გახარებულები გამოვემშვიდობეთ ბარმენს და ისევ ჩვენს ციცქნა მანქანაში ჩავეკვეხეთ.

საათიც და კუმაგაიაში ვართ, უფრო სწორედ იქვე, ფუკოიას ვუწიეთ, ალბათ ასე გამოითქმება ამ დასახლების სახელი.

სერგო გველოდება სასტუმროსთან, კაცი იმ დღეს ჩამოფრინდა და ჩვენთან შესახვედრად მატარებლით წამოვიდა.

“გრინ ჰილ ჰოტელი”

ხოდა სერგო სულ ერთი თვის წინ გავიცანი, ვიზის ასაღებად რიგში რომ ვიდექით. მარტო უწევდა იაპონიაში ჩამოსვლა და რახან სასტუმროში ერთი ზედმეტი ადგილი მქონდა, შევთავაზე, “ბარემ ისარგებლე და ჩვენთან ერთად დარჩითქო”.

მოკლედ, მე და ლუკას გარდა იმ სხვა სამ ქართველს არც კი იცნობს კაცი. ჩვენც ასე – აქამდე სარაგბო თემებზე საუბარში თუ გავცვალეთ ერთი-ორი წინადადება.

ხოდა რაც მერე გადაგვხვდა, ყველაზე საინტერესო სწორედ სერგოს თვალით დანახულის აღქმა იქნება.

სცენა:

სასტუმროსთან ეს ხუთი ქართველი მანქანიდან გადმოვლაგდით – ლოდინისგან გაბეზრებული სერგო მაინც მომღიმარი გვესალმება. “ჩექინის” გასავლელად მისაღებს ვეძებთ. პირველ სართულზე მსგავსი არაფერია.

ძლივს ვიღაც ბებო დავლანდეთ, ღერი ინგლისური არ ესმის – რაღაც ღილაკს მიაჭირა ხელი და ფურცლები დაიბეჭდა – სამი ოთახის ნომერი, თითო ორი კაცისთვის.

ბარგს შემოვიტანთქო – ცოტა დაგვიანებით ავედი სართულზე. უჩა რაღაც შეცბუნებული მხვდება, ლუკას ისტერიული სიცილი მეჩხირება თვალებში, გოგა შეშლილი სახით გამორბის კორიდორში – “მეზვრო მე აქ არ დავრჩები”!
– “რა ხდება”?!

სერგოს უხერხული ღიმილი დასთამაშებს სახეზე.

შევდივარ ოთახში – ჯერ ვერ ვხვდები რა ხდება. პირველ რიგში რაღაც უგემოვნო დიზაინი მებლანდება თვალებში, ნელ-ნელა სხვა დეტალებიც იწყებს ამოტივტივებას.

დაბალი, რბილი შუქი. უგემოვნო ჭრელა-ჭრულა ფერები. გარშემო ათასნაირი ხელოვნული ფალოსი თახთახებს. კედელზე “კაცის” გასაკრობი ჯვარედინა ღერძი. ჩემს სახეზე ალბათ გაურკვევლობის ემოციას გაოცება ენაცვლება…

“Love Hotel” დამიჯავშნავს – მეწყვილესთან ერთად საწოლში საკოტრიალოდ, ფანტაზიებით სავსე ღამისთვის, თავის ყველანაირი ინვენტარით.

კარი შიგნიდანაც თავისით იკეტება, არანაირი გასაღები, შეხვალ და ვეღარ გამოხვალ, სანამ იქ ყოფნის საფასურს ოთახშივე ჩამონტაჟებულ აპარატში არ შეაცურებ.

წარმოიდგინეთ სერგოს ადგილას თავი, რა გაურკვევლობაში იქნებოდი ადამიანი – ვიღაც, ლამის სრულიად უცხო ხუთი ადამიანი ასეთ სასტუმროში რომ შეუძღვა…  :)))

ბებო ჩვენი შემყურე არანაკლებ გაუგებრობაშია – საიდან გამოვტყვერით ეს ექვსი კაცი ამ ადგილზე, სადაც როგორც წესი გოგო-ბიჭები სტუმრობენ.

ძლივს ვანიშნეთ, მანდ დარჩენას რომ არ ვაპირებდით. ჯერაც შოკური ისტერიული სიცილის ფონზე გამოვლაგდით. კიდევ კარგი მანქანა გვყავს – დასარჩენის საძებნელად დესანტი გავგზავნეთ.

კუმაგაია

რაღაც სასტუმრო მოვძებნეთ, მთელი World Rugby-ის ოფიციოზი იქ დაგვხვდა შესახლებული. ლუკამ ზელანდიის ყოფილი ჰუკერი კევინ მეალამუ დალანდა და ბედნიერებისგან აღარ იცის ემოცია სად წაიღოს.

მეც ნაცნობი სახე მებლანდება თვალებში, უცხოელი, მაგრამ აშკარად სადღაც მყავს ნანახი -“ვახ საქართველოში, რაგბის ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ამ ორი წლის წინ კამერამენი არ იყო”?!, საიდან სად…

მოკლედ, ბორდელის ნაცვლად, პირდაპირ სარაგბო ატმოსფეროში ვდურთეთ თავი..

გემრელი ფული კი დაგვიჯდა, ასე სპონტანურად ღამის სათევის მოძიება, მაგრამ სად იყო ასარჩევად საქმე?!

იქაურობა ერთ დიდ ქობულეთს წააგავს, არაფერი არ ხდება და ხვალინდელი მატჩის გამო თუ რამე სასტუმროა, ყველაფერი გადავსებულია.

არენის დასაზვერად მანქანას მივუჯექით ისევ. ჩახუჭუჭებულ შუქნიშნის ფონზე, ერთ ადგილას ვერ გავიგეთ ჩვენი გზა იყო თუ არა… როცა მივხვდით, უკვე გვიანი იყო. ჯერ არ უნდა გვემოძრავა – ორ შემხვედრ მანქანას შორის მშვიდობიანად გავძვერით.

წამიერად ისევ შეგვეკრა სუნთქვა, პოლიციის მანქანამ რომ ჩაგვისეირნა – მართვის მოწმობის გარეშე ეჯდა საჭეს მეგობარი…

მოკლედ ბოლო-ბოლო მშვიდობიანად მოვგორდით უკან სასტუმროში.

მკვდრებივით მიგვეძინა..

მატჩი

ათ საათზე სასტუმროდან “გამოგვყარეს”.

სხვა რა საქმე გვქონდა – სტადიონისკენ დავიძარით. მატჩის დაწყებამდე სამ საათზე მეტი დრო რჩებოდა. არენის შემოგარენში მივსეირნობთ და ვარსკვლავური ციებცხელება “გვეწყება”, როდესაც ყოველი მეორე გამვლელი მომღიმარი სახით სურათის გადაღების თხოვნით გვიახლოვდება..

“გამარჯობაააა” – საკმაოდ კარგი აქცენტით გვესალმებოდნენ ადგილობრივები და ყველა მხრივ ინტერესს და პატივისცემას გამოხატავდნენ..

დრო ნელ-ნელა გაიპარა, ქართველებიც მოიკრიბნენ, იმაზე გაცილებით მეტნი, ვიდრე უელსთან მატჩის დროს. არც ადგილობრივების ნაკლებობა იყო ქართულ უნიფორმაში გამოწყობილების.. მოკლედ ურუგვაის მხარდაჭერებს აშკარად ჭარბობდა შინდისფერი არმადა.

მაგრამ სამაგიეროდ თვალს ვერ მოწყვეტდი სამხრეთელი ლათინოსების სილამაზეს, ეშხიან ესპანურად მოჟღურტულე შავგვრემან გოგოებს.. რას იზამ, ერთ რამეში მაინც გვაჯობეს ცისფერმაისურებიანებმა…

მაგრამ, რაც მთავარია, მოლოდინი გაგვიმართლა და მატჩის დროს არ დავჩაგრულვართ.. ხუთი ლელო ერთის წილ და ისტორიული ბონუსქულით ჩვენმა ნაკრებმა იოლი გამარჯვება მოიპოვა.

დღის მშვენება მაინც ის პატარა სკოლის მოსწავლე გოგო-ბიჭები იყვნენ, უნიფორმაში გამოწყობილები მთელ ტრიბუნას რომ ავსებდნენ და ლუკას მეცადინეობით “ჯორჯა, ჯორჯას” საყვარელი წრიპინა ხმით რითმულად გაიძახოდნენ..

მოკლედ, დადებითი ემოციები არც ამ დღეს დაგვკლებია..

მცხუნვარე მზისგან დასიცხულები და მოგებით ხასიათგამოკეთებულები გავეცალეთ იქაურობას. სხვა რა საქმე გვქონდა კუმაგაიაში, ისევ ტოკიოში მიბრუნება გადავწყიტეთ, შემდეგ დღეს მაინც იქიდან გვქონდა ფრენა, ამჯერად უკვე ოსაკასკენ..

და სანამ ოსაკა-კიოტოს ამბებს მოვყვები, ახლა ვწევარ საწოლში და ამ ორ სიტყვას ვიწერები და იმედს არ ვკარგავ, რომ სადღაც ახლო-მახლო კარაოკეში აშკარად სმენააცდენილი იაპონელი მეგობრები სიმღერას მალე დაასრულებენ, თორემ უკვე ლამისაა გოგას ხვრინვა მომენატროს..

Tokyo

გაციების გამოისობით მთელი სრული დღე “ემბლემ ჰოსტელის” კედლებს არ გავცილებულვარ – ვიჯექი მისაღებ სივრცეში და ცხელ ჩაის შეუჩერებლივ მივირთმევდი, ორგანიზმიდან იქნებ ვირუსი დროზე გამოვაძევო.

საღამოს კარაოკე დაიწყო და გოგა ერთი-ორი ჭიქა, ოღონდ ალკოჰოლის, მიღების შემდეგ მიკროფონს გაუშინაურდა.

ვინ აჯობებდა? ხოდა იყო მოვლენების ეპიცენტრში. მე კი მობუზული ჩაის ხრუპვას განვაგრძობ.

მაგრამ ბოლოს ჩემმა მხიარულმა მეგობარმა მეც ამიყოლიადა მაიმუნობის ხასიათზე მოსულებმა იქ შეკრებილ ჭრელ საზოგადოებას “ვაშლის გამყიდველო” ვუმღერეთ..

სიმღერის შინაარსის რა გითხრათ, მაინც არავის არაფერი ესმოდა, მაგრამ რითმამ კი აიყოლია ჰოსტელის სტუმრები და იყო მერე ერთი ოვაცია და მხიარულება..

დღე შემოტრიალდა – დილით ვითომ მოკეთებულმა გავიღვიძე, მაგრამ მერე ისევ პესიმიზმა დამრია ხელი – “არა, ალბათ ჯობია არც ეს დღე გავდგა სადმე ფეხი..”, მაგრამ ბოლო-ბოლო უჩას წინა დღის ბოდიალის ამბებით ინტერესაღძრულმა, “მოდი ცოტას მეც გავისეირნებ-თქო, სასტუმროს შემოგარენს მაინც ვნახავ და მალევე მოვბრუნდები-თქო”

რა ვიცოდი, სინამდვილეში დღის მიწურულს მთელი ტოკიო თუ მექნებოდა გადაჭრილი, ასე, – “სეირნ-სეირნობაში”.

წვრილი ქუჩები გარეუბნის, სამი-ოთხ სართულიანი სახლები ახორხლილი, თან ქაოტურად ნაშენები, თან რაღაც ერთიან სურათს რომ არ არღვევს ეს ქაოტურობა. თავისებური სილამაზეა.

მალი-მალ ვიღაც ველოსპედით ჩაგიქროლებს. ვერ ავუღეთ ალღო, ტროტუარზე რომელ მხარეზე უნდა ვიაროთ, ვინმე რომ არ შევაფერხოთ. ხშირ-ხშირად გვესმის ზურგსუკან პატარა ზარის წკარუნის ხმა და იაპონური მობოდიშება – “იქნება და გზა დამითმოთო”.

მდინარე არაკავაც გადავკვეთეთ, რომლის სანაპიროზეც უამრავი მოწესრიგებული სათამაშო სივრცეა – უფრო ბეისბოლის მოედნებია მოხაზული. მაგრამ მიდი და ითამაშე, რაც გულს გაუხარდება – მწვანე კოხტად გაკრეჭილი მინდვრები მთელ სივრცეს გასდევს..

უჩა იძახდა, ასეთი ღია მოედნები ჩვენს ქალაქსაც რომ ჰქონდეს, ალბათ რაგბის დონე ერთი 10%-ით აიწევდაო..

სადაც ნახევარი ბავშვები ჩვენს გატყავებულ იპოდრომზე ვარჯიშობს.. არის ამაში ლოგიკა.

აი, უკვე საშუალო სიმაღლის კორპუსები ჩაუყვება გაცილებით მოზრდილ ქუჩებს და ვერ ვიტყვი, რომ თვალისთვის რამე თვალსასეირო ხდება – ჩვეულებრივი საცხოვრებელი უბნებია, არქიტექტურის გემოვნებაზე დიდად რომ არ უზრუნიათ.

ალაგ-ალაგ ვიწრო ჩიხში ჩაკვეხებულ უფრო ძველ, ლამაზ ნაგებობასაც მოჰკრავ კაცი თვალს, ანაც ადგილობრივებისთვის გაწყობილ ბაზრობას, ვერტიკალზე ერთ დიდ რიგად რომ გაუყვება რამოდენიმე ასეულ მეტრა სივრცეს.

იმდენი სახის ზღვის პროდუქტი იყიდება, კაცს თვალები აგიჭრელდება. ხილი კი ცალობით არის დაფასოებული, ჩვენებურად კილოობით აქ არავინ ყიდულობს რამეს.

გზად ერთ-ერთი მუზეუმი დავათვალიერეთ, მერე შიმშილიც მოვიკალით და აგერ უკვე იმპერატორის სასახლის ბაღს ვურტყამთ წრეებს. ბაღი უზარმაზარ სივრცეზეა გადაჭიმული, მაგრამ უკვე გვიანია და შიგნით ვერ შეხვალ, გარედან კი ორი კაცისხელა მიწაყრილია ბუჩქებით შემოსაზღვრული და კაცის თვალი იმის იქით ვერაფერს ვერ დაინახავს.

გამხდარი, უნიფორმაში გამოწყობილი ხალხი პატრულირებს გარშემო, თითქოს ყველასთვის ერთი ზომით დიდი სამოსი რომ შეუკერავთ – მოუხერხებლად ადგათ ტანზე.

სამსახურმოლეული ქალები კი ნახევრად ოფიციალურ სამოსში ლამაზად არიან გამოწკეპილები – მოკლე ქვედაკაბა, ზომიერ ქუსლებზე შემოსკუპებულები. ერთი ეგ არის, რატომღაც უმრავლესი მათგანი ფეხის ტერფებს შიგნით ადგამს და სიარულიც სასაცილო იერს იძენს, სახე კი ყველას დაღლილი მოუჩანს..

ამასობაში შიბუიასაც ვუწიეთ, ჩვენი საცხოვრელიდან დიაგონალზე, ქალაქის მეორე ბოლოს – ცნობილი გზაჯვარედინის კადრები ვის არ უნახავს – მართლა ეფექტურია ზღვა ხალხის ხილვა, ყველა მხრიდან რომ კვეთს ორი უზარმაზარი ქუჩის შესართავს.

სახლისკენ მეტროთი ვბრუნდებით. რასაც ფეხით მთელი სრული დღე მოვანდომეთ, ორმოც წუთში ტრანსპორტით იფარება.

დაღლილზე თბილისიდან წაყოლიებული ჯინი ჩამოვიდგით. გოგამ გიტარა მოიმარჯვა, ქართული ჰანგები ავაჟღერეთ.

ჰოსტელის წესებს კი ვარღვევთ, მაგრამ გიტარაზე მეტ ხმაურს ქუჩიდან შემომავალი მანქანის ძრავის ხმები იწვევს. ისევ ჩვენი ნამღერის სმენა ჯობია.

სემი გვიზის, ამერიკელი მეგობარი და რითმულად თავს აკანტურებს, ჩვენი ჯინიც ნელ-ნელა ფსკერისკენ მიიწევს..

მეორე დღეს ენერგიაგამოცლილმა და თავატკიებულმა გავიღვიძე. მისაღებში მომღიმარი კიოკო მეგებება, პატარა ბავშვივით უხარია სამახსოვროდ გადაცემული მაისურა..

დღეს ფეხით მაგდენი სიარული აღარ გამოვა..

მეტროში სადგურიდან სადგურამდე მთვლემს და დღეც ნაკლებ საინტერესოა.

ნაგოია-ტოკიო

ჯერაც ნაგოიაში ვართ, საწყისი დღეების სტრესის შემდეგ ძლივს თავისუფალი დღე გამოგვიჩდა – არსად ვართ წასასვლელები, არსად გვეჩქარება. წინა დღეების დაღლა თავისას შვება, პირველ საათამდე გაგუდულებს გვეძინა.

სანამ მოვფხიზლდით, ლამის საღამოს ხუთ საათს გადასცდა. ბინდდებოდა უკვე, ქალაქის ცენტრისკენ რომ გავწიეთ.

უსაგნოდ ცოტა ფეხით ვიბოდიალეთ და ლუდის მოსაწრუპად ბარში ვდურთეთ თავი. სამოას რუსეთთან გალაღებას ვუყურეთ – დაგვიჩაგრეს ჩვენი ჩრდილოელი “ძმები” კუნძულელებმა. იყო ერთი ოვაცია – ვინ იქნებოდა რუსების მხარდამჭერი იქ?! არც არავინ..

რაგბისგან დანაყრებულები საკვების საძებნელად გამოვედით – დრო იყო რამე ტრადიციულ კერძებს გავცნობოდით. აქამდე დროითი სტრესი არჩევანს არ გვიტოვებდა და რასაც გადავეყრებოდით, იქ ვიკვებებოდით – ანუ არაფერი იაპონური რომ არ ერია, ბურგერები და ა.შ.

ხოდა მოკლედ ნუ მომთხოვთ აღვწერო იმ საღამოს რა აღარ გავსინჯეთ – დარბოდნენ მიმტანები და ხმამაღლა გაუგებარ ფრაზებს გაჰყვიროდნენ ლოკალურ ენაზე, დახლს მიღმა კი მზარეულები ფუსფუსებდნენ და ხმაურიან ფრაზებს არც ისინი აკლებდნენ – იყო მოკლედ ერთი მხიარული გადაძახილ-გადმოძახილი.

თითომ ალბათ სამი კაცის სამყოფი საკვები გავანადგურეთ – ყველაფრის დაგემოვნება გვაინტერესებდა.

ერთ უცნაურობას აღვნიშნავ – ცოტა სასაცილოა ქართველი ამას რომ ვიძახი, მაგრამ ხომ, დღეს ასეა საქმე – ჩვენ უკვე ვერ წარმოგვიდგენია ბარებში და რესტორნებში სიგარეტის მოწევა – აქ კი არხეინად აბოლებენ, სამაგიეროდ ქუჩაში ვერ მოწევ. ნაგვის ურნა არსად არ დგას, ანუ რამის გადაგდება რომ გინდოდეს, უნდა შეინახო და სახლამდე მიიტანო.

შესაბამისად არც არავინ ჭამს ქუჩაში და არც ეწევა, გარდა სადღაც მიყუჟული ადგილებისა.

ბარემ იმასაც აღვნიშნავ, ინტერნეტში წაკითხული სტერეოტიპების ცოდნა აქ არაფერში გამოგადგებათ – იშვიათად, რომ მსგავსი გამოცდილებით იყო, როდესაც უკვე რეალური შეხება გაქვს ადგილობრივებთან.

მეგობრებისგან რიგი ხალხი იმასაც ელოდება, რომ აღფრთოვანებული ვილაპარაკებ აქაურობაზე და ალაგ-ალაგ კულტურულ შოკსაც ვახსენებ. მე ჩემი ტექსტით არავის ვაკნინებ – უბრალოდ ვყვები რასაც ვხედავ და როგორც აღვიქვამ.

კულტურული შოკი კი, ინდოეთში თვეზე მეტი ხნით მოგზაურობისას რომ დამემართა, შოკი აი მასეთი უნდოდა.

მთლად ჩემი პიროვნების დადებითი კუთხით წარმოჩენა არ გამომივა, მაგრამ მოდი ნუ შევალამაზებ ჩემს თავს და ისევ მხოლოდ ფაქტს აღვნიშნავ – წლები და გამოცდილება ჩემს შემთხვევაში მიბლაგვებს ემოციებს და უფრო უბრალოდ ვხვდები და აღვიქვამ სიახლეებს, ვიდრე ეს შორეულ თინეიჯერობისას იქნებოდა თუნდაც. და ეს უემოციობა უინტერესო ტიპაჟად მაქცევს, მაგრამ ნუ ასეა და რა ვუყო.

იაპონიაში, გასაგებია, რომ პროგრესი და განვითარებისკენ მოწოდებული საზოგადოებაა და ამაში “უცნაურს” და ზედმეტად აღსაფრთოვანებელს ბევრს ვერაფერს ვხედავ – არამედ ლოგიკურს და სასურველს, თუ როგორ უნდა იყოს გარშემო სამყარო მოწყობილი.

ტურისტისთვის უბრალოდ სირთულეს დავარქმევდი ენის ბარიერის მომენტს – შეიძლება იმაზე მეტი ადამიანი საუბრობს სიტყვაზე ინგლისურად, ვიდრე ჩვენ პირველ დღეებში გადავეყარეთ, მაგრამ საწყისი გამოცდილება ასეთი გვქონდა და უკვე ამ განწყობით მოლოდინი აღარ მაქვს, რომ ინგლისურად მიპასუხებენ და შესაბამისად არც კომუნიკაციაში შევდივარ ვინმესთან – ზრდილობიანად თავს დავუკრავთ, გავუღიმეთ და ვიშლებით.

ასევე ჩვენი ქვეყნის ფონზე, ცოტა ძნელია აღიქვა მასშტაბები, რა მასშტაბებიც აქ ტრანსპორტირების სფეროშია და ვართ მუდმივ გაურკვევლობაში, მეტრო? მატარებელი? რეგიონალური ხაზი, ქალაქის ხაზი? სხვადასხვა ბილეთი, ხანაც გამოსასვლელში თანხის დამატება-დაბრუნება ფასის კორექციისთვის… აუფ, დავზოგავდი, შანსი რომ იყოს, ჩემს ნერვებს და ამ ყველაფერში გარკვევას არ ვისურვებდი.

ერთი რამ, რაც მართლა არასასიამოვნოდ მხვდება თვალში, პიკის საათის დროს, როცა სადგურები უბრალოდ ხალხითაა გადაჭედილი, რომ გახედავ, ლამის ყველა მობილურით ხელში და თავდახრილი დგას.. ხო, მეტყვით იქაც მასეა, აქაც მასეა, კი – რახან რამეს აღვნიშნავ, არ ვიძახი, რომ სხვაგან მსგავსი რამ თითქოს არ ხდება – უბრალოდ ვყვები რასაც ვხედავ.

ამასობაში ცოდვები წამომეწია მგონი და მაგარი ვცივდები…

გვიან მობრუნებულზე, სანამ ჩავლაგდით, გადაცდა შუაღამეს. დილის ხუთისკენ კი უკვე ფეხზე უნდა ვიყოთ. ფრენა გვაქს უკან ტოკიოსკენ.

პირველივე მატარებელს მივყვებით აეროპორტისკენ – თითქოს ცოტას ვაგვიანებთ, დრო ცოტა რჩება, მაგრამ თან ჩემთვის ვფიქრობ – შანსი არაა, რომ ვერ ესწრებოდეს, უფრო ადრიან მატარებელსაც დანიშნავდნენ მაშინ-თქო.

მართლაც, იმდენად სწრაფად გავიარეთ ყველა პროცედურა აეროპორტში, რომ საათიც კი ბუფერად დაგვრჩა და გეითთან ფრენის მოლოდინში ყუმებივით ვისხედით.

მკვდარივით გავითიშე, როგორც კი თვითმფრინავის სავარძელზე მოვკალათდი. აფრენის იმხელა ბიძგიც კი არ გამიგია, თვალი წამიერად რომ გავახილე, უკვე ტოკიოს თავზე ვეშვებოდით.

ძილღვიძილში მეტროთი მთელი ტოკიო გადავჭერით და აქაც რაღაც გარეუბნის ჰოსტელში ამოვყვაით თავი – მშვენიერი გარემო კია, მაგრამ მე გაციებამ კიდევ უფრო დამრია ხელი და წარმოიდგინეთ რა უსაქმური ვარ ჰოსტელს შეკედლებული, რომ ამხელა წერილის წერისთვისაც კი მოვიცალე – უკვე ერთი მეხუთე ჭიქა ჩაი გამოვცალე და მგონი რომ ნელ-ნელა მოკეთებსკენ წავალ.

ასე რომ, ტოკიოზე ჯერ ვერაფერს მოგიყვებით, მხოლოდ ჰოსტელის ფანჯრებიდან რასაც ვხედავ, ესაა ჩემი შთაბეჭდილება.

აბა დროებით.