რუსული “სიყვარული”

თვეში 1-2 ჯერ მიყვარს ბარებში წოწიალი და ე. წ. “გადატვირთვის” მოწყობა… ხალხიც ბევრი ირევა და ალკოჰოლმოკიდებულებიც უცნობ-ნაცნობებთან სიცილ-ხორხოცში ვატარებთ მერე დროს..

წლებია, ბევრი რუსი გამორბის პუტინისტურ რუსეთიდან. ზოგი პირდაპირ იძახის – “რეჟიმს გავექეციო”, ზოგსაც იოლი ბიზნესგარემო იზიდავს – იქაური ძვირი ცხოვრების ფონზე, საქართველო ბევრად იაფი ქვეყანაა და მცირე ინვესტიციითაც კი პატარა საქმეს მოქოქავენ – ხშირად ეს მცირემაშტაბის ბარები რომაა. გაიარეთ სოლოლაკში და უამრავ “რუსულ” კუთხეს აღმოაჩენთ, შესაბამისად მათი თანამემამულე კლიენტურით.

რუსი ტურისტი ბევრია და აწ უკვე “აქაური” რუსების კომუნაც ყალიბდება.

და რა გასაკვირი, ჩემი პირობით “პარასკევობებში” ხშირად მაგ ეთნიკის ხალხსაც თუ გადავეყრები – დაიწყებ საუბარს და ნუ ნორმალური, კარგად მოაზროვნე ტიპები იჩითებიან, სანამ… სანამ, საოცრება და პოლიტიკას არ მიადგები.

არადა პოლიტიკის გარეშე? მაინც წაგიცდება ხოლმე ენა..

ხოდა აქ უკვე მსუბუქი მხიარული ქცევა აღარ გამომდის, მთელ ჩემს ნერვებს მოვიკრებ და ვცდილობ მშვიდ ტონში, არგუმენტირებულად დავუსაბუთო თანამოსაუბრეს ჩემი სათქმელი. რადგან ხშირად გვეშლება და ცარიელ ემოციებზე დაყრდნობით ვიწყებთ კამათს და ასეთ საუბარში ყოველთვის დავმარცხდებით, რადგან ემოციური ხელების ქნევა და გულზე მჯიღის ცემა ვერაფერი არგუმენტია..

ხოდა ნუ ჩემს ამ რაციონალურ საუბარში და მრავალ ადამიანთან კომუნიკაციის შემდეგ უიმედო დასკვნამდე მივდივარ – რომ უმრავლესს ამ ჩრდილოვანი მეზობლის წარმომადგენელს “ტვინში რაღაც ისე ვერა აქვს” და უბრალოდ შანსიც კი ნულოვანია მათთან რამეზე მორიგდე..

ეს იმ ილუზიის დასამსხვრევად – ვინც ფიქრობს, რომ “მათთან მოლაპარაკება შესაძლებელია”

რუსს უყვარხარ მათ მიმართ მოღიმარი, “კუდის მოქიცინე”, ჯიბეზე ხელის გამკვრელი, ყირაზე რომ დადგები..

და როგორც კი შეახსენებ – “ბოდიში ძმაო, სანამ თქვენი ჯარი ჩვენს ტერიტორიაზე დგას, ჩემთვის შენი სახელმწიფო ოკუპანტია..” ოოოო…. აქ იწყება მათი “თავმოყვარეობის” გაღვიძება… “но…” და ყველანაირი bullshit-ის გადმოდინება: რომ “აბა ამერიკა?! აბა ევროპა?!” ყველა რომ დამნაშავეა რუსეთის წინაშე და თავის წილ ცოდვას უბრალოდ, მოკვდებიან და ვერ აღიარებინებ..

ვერ ხედავენ სხვაობას ცივილიზაციას შორის, რომელიც ტერიტორიულ მთლიანობას მაინც აღიარებს შენსას და ტყვიას არ გესვრის, სამართლიან სასამართლოს ქონას “გაიძულებს”, ადამიანების უფლებების დაცვას და ა. შ.. ამ სამყაროსა და იმ ქვეყანას შორის, რომელიც კუდს თუ უქიცინებ, თავზე მოჩვენებითად ხელს გადაგისვამს და რაიცი მერე მაინც წაგითაქოს კიდეც (არ უქნია თუ რა?!) და აი ოდნავ თუ წინააღმდეგ გაექაჩე – მერე ხომ პირდაპირ ტყვიის და სიკვდილის ენით გელაპარაკება..

და აი პირდაპირ ეს აზრი ვისმინე ამ ბოლო ხანსაც: “რომ რუსეთი დიდი ქვეყანაა”, მათი ინტერესების არსებობა გასათვალისწინებელი, რომ ისტორიულად ამ ცივილიზაციის კუთვნილება ვიყავით და რატომ გვიკვირს ეს “დასჯები”.. “მამას” შვილი როდესმე კი მარა ხელს შეუბრუნებს?! და ეს გოგო პროფესიით “დიპლომატი” იყო..

მერე გინდა მშვიდად უხსენი, გინდა ტონაწეულმა – სად იყო რუსული ცივილიზაცია ამა და ამ წლამდე, ცხოვრება მათ გარეშეც რომ გავიარეთ, მათი არგუმენტები უბრალოდ იმპერიალისტურია, და არ ვგრძნობთ მაგ სივრცის წევრად თავს, დამოუკიდებლობა გვინდა და ომის გარეშე ცხოვრება, და არც მეფის რუსეთი, თუ საბჭოთა კავშირი იყო ჩვენი არჩევანი… აზრი არ აქვს, ისმის ისევ მათი “но…”

ხოდა დავიხურე ქუდი და წამოვედი, არც მათი ქერა თმები მინდა და არც მათი სწორი ფეხები. ეგ ერი სამკურნალოა და ჯერ წამალიც არ არის გამოგონილი, მაგ ყველაფერს ვუშველოთ დანარჩენმა სამყარომ…