ისევ გზაზე

ახლა რომ შეგახედათ რა ექსტრემალურ პირობებში ვწერ ამ ბლოგს, უეჭველი გაგეღიმებათ – მე და კიბორგა ნიუკასლისკენ ვადგავართ უშორეს გზას – მარჯვენასაჭიანი მექანიკა, მარჯვენა მოძრაობა, უცნობი ტრასები – ვზივარ ლეპტოპით და ათასი ხელსაწყო მაქვს ფეხებში აბლანდული – კიბორგს “ტრაინიკი” აქვს აწყობილი და რა აღარ არის მიერთებული – თავად ეს ლეპტოპი, ლეპტობზე კი USB-ით ტელეფონები, ფოტოაპარატის და მობილურების ბატარეიკები და რათქმაუნდა GPS გზის გასაგნებლად.

ამათი არასტანდარტული შტეფსელების გადამკიდე სახლის პირობებზე ვერაფერს ვტენით და ვართ დახარბებული მანქანის ენერგიას :)) ნეტის გარეშე მიდი და გაიგენი გზა ამ დახლართულ გზების ჯუნგლებში.

გახსნილი მაქვს რაღაც სოფტი და გზას ვკარნახობ, როდის სად უნდა გადავუხვიოთ და ახლა ამის წერის დროს რამე თუ გამეპარა, ჩამოხრჩობას ვერ გადავრჩები – ისედაც ერთ ენაზე ვერ ვლაპარაკობთ მძღოლი-შტურმანი, ჯერ ვერ შევწყობილვართ, გზაც ბევრჯერ აგვერია და ვართ ასე დაძაბულ რეჟიმში :)))

გუშინდელი დღის მერე ხმის იოგები მაქვს დაწყვეტილი – ჩვენს გარშემო მსხდომი აკადემიური მაყურებელი რომ შევაწუხეთ გადაჭარბებული ემოციურობით – ბოლოს ნელნელა შემოგვეცალნენ და ხალვათად დარჩენილ სხვა ცარიელ სკამებს მიაშურეს – არადა როგორ გინდოდა წყნარად გვეყურებინა ჩვენი ნაკრებისთვის, ვინც ისტორიაში პირველად All Blacks-ს ეთამაშებოდა..

და ანგარიშით ისე დავმარცხდით, კაცი ვერ იტყვის სამარცხვინოდო – რასაც ქვია თავი რომ შეაკლეს კაჭიმ მოწინააღმდეგეს, ბეგომ მალაღურამ და სხვებმა.. და ამისთვის მადლობა ბიჭებს..

მაგრამ შეცდომებიც მწარედ ბევრი დავუშვით – ხშირად ვაგებდით საკუთარ შერკინებას თუ აუტს.. ლელოების ნახევარზე მეტი მარტივად დაცვაში ვერ გადავეწყვეთ დროზე და ფრთიდან ისე იოლად შეგვიტანეს ლელოები, ხასიათგაფუჭებული ყურებჩამოყრილები ვუყურებდით ამ ყველაფერს მე და უჩა..

ერთი კი ვიღრიალეთ გამარჯვების, წიკლაურმა ფეხით ბურთი რომ გაიგდო და გამათანაბრებელი ლელო შეიტანა.. მაგრამ რომ არა დაშვებული შეცდომები, იქნებ სხვა მომენტშიც გაგვეხარა ქულების მომტანი შეტევით..

მაგრამ ზელანდია რისი ზელანდიაა, ამდენი შანსი მოეცა ჩვენთვის – იქით მწარედ გვიტევდა და ყოველი მათი ბურთის მოხელთება ჩვენთვის ხიფათის შემცველი იყო.. იყო რადგან წიკლაურმა დადებული ლელოს იქით ბევრი ბოჭვა აფუჭა, აფციაურიც სუსტად თამაშობდა დაცვაში და გაილაღეს კუნძულელებმა ფლანგებზე..

მოკლედ საბოლოოდ 43:10 დავმარცხდით. მატჩის მოთამაშედ გორგოძე დაასახელეს, რასაც პუბლიკა დიდი ოვაციით შეხვდა, ვინც მატჩის დროსაც გვარიანად გვიჭერდა მხარს და ხშირად გაიგონებდი ხმაშეწყობილ შეძახილებს “ჯორჯა, ჯორჯა”…

მატჩამდე კი ქალაქში იყო ერთი დიდი ზეიმი, სხვადასხვა ნაკრების ფორმებში გამოწყობილ ათასობით გულშემატკივარში მაინც შავმაისურიანები ჭარბობდნენ. ალაგ ალაგ ჩვენი დროშაც ფრიალებდა, ხშირად ისევ ადგილობრივების ხელში.

ხალხი ერთობოდა, მხიარულობდა – სახელდახელოდ ქუჩაში ბურთაობა გაიმართა – ერთ მომენტშიც თავად რომ ვიხელთე და წამში უზარმაზარი ხროვის ქვეშ მოვადინე ზღართანი – “რაქიდან” ძლივს გამოაძვრეს ოვალი და მეც ტრავმებს გადავურჩი :)))

ბევრია სხვაც საწერი და სანამ მომკლა მანქანის მძღოლმა, წავედი ისევ შტურმანობას მივხედო..