ქარავანი

აღარც მახსოვს, სად ამოვიკითხე – თითოეული წიგნის წაკითხვა კიდევ ერთი დამატებითი ცხოვრების გავლააო, რაღაც ასეთს წერდა ავტორი. და მართლაც, ზიხარ, ფურცლავ გვერდებს და ავტორის მთელი ცხოვრების ნააზრევს რამოდენიმე დღეში გადაიკითხავ და მთელ მის გამოცდილებას წამებში ისრუტავ – მოკლედ კიდევ ერთი ადამინის ცხოვებით იცხოვებ.

კარგი წიგნის მთავარი გმირი კი ხშირად მთელ რიგ წინააღმდეგობებს აწყდება – სათქმელი, რა თქმა უნდა, გამძაფრებულია – სწორედ რომ ამითაა საინტერესო, თორემ ყოველდღიურობა და უინტერესო წვრილმანები არც ჩვენს ცხოვრებას აკლია, კიდევ წიგნში რომ არ იკითხო. და ზიხარ და ფიქრობ ამ წინააღმდეგობებზე.

ბევრი რამ თან უაღრესად ახლოსაა შენს სულთან და თან წიგნის გმირის ბოლომდე მაინც არ გესმის – რატომ უძნელდება ამა თუ იმ სიტუაციაში არჩევნის გაკეთება და ადამიანად ყოფნის მსუბუქი სევდა და ხანაც უარესი – საშინელი უსასოობის კედელი იწყებს აგურ აგურ დაუძლეველ ბარიერად ამოშენებას..

მე კი.. ალბათ რომელიღაცა ამ გმირის ტყავში გახვეული, საკუთარი წიგნის მონაწილედ ქცეული, ადრე თუ გვერდიდან ვგულშემატკივრობდი და სადღაც გულის სიღმრეში ბოლომდე მაინც არ მესმოდა წაკითხული წიგნის პერსონაჟის, თავად ვხდები რაღაც მსგავსი ისტორიების მონაწილე და ცუდი ის არის, რომ ეს ის შემთხვევა არაა, როცა სწრაფად, რამოდენიმე დღეში გადაფურცლავ და ჩაიკითხავ პასუხების ძიებაში შინაარსს და ამ “წიგნის” სიუჟეტიც სწორედ იმდენხანს გრძელდება, რამდენი წელი სიცოცხლეც ადამიანს დაგრჩენია და გაჩენილ კითხვებზეც ბოლო ფურცლებს რომ ჩაამთავრებ, ანუ სიკვდილკარზემოკაკუნებულსღა გეცოდინება პასუხები..

ალბათ… ძალიან გვიან…