პარიზი

მძიმე ზაფხულმა ჩაიარა, ტელევიზორში უკვე რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი გახურდა და როგორც იქნა ის დღეც დადგა, მეც რომ საფრანგეთისკენ ავიღებ გეზს.

ვიჯექი მანამდე ტელევიზორთან და ისეთი გრძნობით ვუყურებდი მსოფლიო თასს, თითქოს ცოლს საყვარელთან შევუსწარი – კადრებიდან ფრანგულ მიწაზე ატეხილი ჟრიამული იღვრება, ჰა ჰა და მეც იქ უნდა ამოვყო თავი და მანამდე კი მხოლოდ ასე, შორიდან თუ შევცქეროდი მსოფლიო დღესასწაულს.. და ვითვლიდი დღეებს.

საკმაოდ მძიმე ზურგჩანთას მოვუკარი თავი, ვეღარც დავიძინე. ცოტაც და ჟორიკამ პეკინზე გამომიარა, ჯაყელიც გვერდზე მოვისვით და აეროპორტისკენ ავიღეთ გეზი.

მე მარტო მიწევს მგზავრობა, მაგრამ აეროპორტი გადაძეძგილია ნაცნობ-მეგობრებით – ვინ რა გზით მიეშურება ფრანგულ მიწაზე, ზოგი ესპანეთის გავლით, ზოგიც ჩაფლავებული პირველი ცდის მერე. აქვეა დევების სამოყვარულო გუნდი და ზურბეხტაც.

სტამბოლში მხოლოდ ერთი საათი მაქვს გადაჯდომა, ცოტას ვნერვიულობ – მივასწრებ?! ზედმეტი 1-2 დოლარი გავიქნიე წინა რიგი რომ დამეჯავშნა, გეითზე სწრაფად გავვარდე შემდეგ რეისს დროზე რომ მივუსწრო – უზარმაზარ სივრცეზეა გადაჭიმული თურქების ახალი აეროპორტი.

სულ ტყუილად ვინერვიულე.. თბილისიდანაც დროზე გავფრინდით, არც უსაფრთხოების შემოწმებაზე დამხვდა დიდი რიგები და მალე ისევ ცაში ვიყავი… და, რა თქმა უნდა – მეძინა..

ჩემი ფრანგული საკამრისი აღმოჩნდა პარიზის აეროპორტში შიდა სატერმინალო მატარებლისთვის მიმეგნო. შემდეგ იყო მეტრო და ცოტახანში უკვე ზურგჩანთა აკიდებული წვიმიან პარიზის ქუჩებში მივაბიჯებდი.

სახლსაც ელექტრონული რუკის მადლით უცებ მივაგენი, ბარგი დავყარე და ისევ ქუჩას მივაშურე – მოჟამული, მაგრამ საკმაოდ თბილი ამინდი იდგა.

მეგობარი უკვე ხაზზე იყო – მეტროთი მაქეთ მოვდივარო, ბარემ სადარბაზოსთან დაველოდე. ბევრი დრო არ გასულა და მისი სილუეტიც დავლანდე.. ჩემსკენ მოდიოდა, მერე გზაჯვარედინზე შეყოყმანდა – ცდილობდა სახლის კედლებზე ქუჩის სახელი ეპოვნა.. ისევ ის ყოყმანი, ამ ათეული წლის წინ როგორიც გავიცანი – ცოტა დაბნეული, შეცბუნებული სახით, მე სასმელგადაკრულში მხიარულმა მკლავი რომ გამოვდე და სანამ გამარჯობას ვიტყოდით, ცეკვით წავეთამაშე.

ზურგი მაჩვენა, მივხვდი, მიმართულება ისევ აერია… დავუძახე, შემობრუნდა და დაბნეულობა ღიმილმა შეცვალა..

– “წავიხემსოთ”?!

– “წავიხემსოთ”…

წახემსების რა გითხრათ და ღვინო კი ბლომად მივირთვით. ერთ ჭიქას მეორე მოყვა, მალე მესამეც… საუბარი ძალდაუტანებლად, ლაღად მიედინებოდა და ამასობაში ვეღარც ვამჩნევდით მიმტანს მერამდენედ მოვთხოვეთ დაცარიელებული ჭიქის შევსება.. მერე წვიმამაც გადაიღო და მზემ გამოაჭყიტა..

მორისონის სახლის ნახვა მოინდომა, სადაც დორსის სოლისტმა ცხოვრების ბოლო დღეები გაატარა..

სხვა რა საქმე გვქონდა, ფეხით დავუყევით ქუჩებს..

ფილმის სიუჟეტს წააგავდა ის საღამო..

მეორე დღეს უკვე მატარებელში ვიჯექი და საფრანგეთის სამხრეთისკენ მქონდა გეზი.. ტულუზა – სადაც ჩვენი ნაკრები თავის რიგით მეორე შეხვედრაში პორტებს გაეჯიბრებოდა.. ქალაქი, სადაც შორეულ 2010-ში ჩემი პროფესიის ანი-ბანს ვეუფლებოდი და თბილისის შემდეგ ცხოვრებაში ყველაზე ხანგრძლივი უწყვეტი პერიოდი გავატარე..

დატოვე კომენტარი