ზამთრის მიწურული და ყაზბეგი

ორსაათიანი ლოდინის შემდეგ როგორც იქნა მგზავრმოგროვებული “მარშუტკა” ყაზბეგისკენ დაიძრა. გზაში სანახევროდ მეძინა, შეუმჩნევლად ჩაიარა ორიოდე საათზე ცოტა მეტმა.

მოშიებულზე სასადილოს მივადექით და ცოტა ხინკლით შიმშილ–გუნებას ვუმკურნალეთ. საათი ორის ნახევარს უჩვენებდა და ერთხელ კიდევ დაეჭვებულმა ავხედე გერგეთის სამებას და გადათეთრებულ მთებს.
– “ავალთ და ჩამოვალთ კი სამიოდე საათში იქ?!” – ხუთ საათის მერე ტრანსპორტი თბილისისკენ აღარ მიდიოდა.

მანამდე ადგილობრივმა დარიალის ხეობის დათვალიერება შემოგვთავაზა ზომიერ თანხის სანაცვლოდ. სტუმარს კიდევ ერთხელ ჩამოვუგდე საუბარი – მინდოდა გამეგო რამდენად დაწყდებოდა გული აქ ჩამოსულები მთის წვეროზე თუ არ ავცოცდებოდით მაინცდამაინც. იმედიანად არ ვიყავი განწყობილი.

შეეტყო, კვდებოდა ისე სურდა ფოტოებზე ასე ლამაზად მომზირალი ტაძრის ახლოდან ნახვა. გოგოს ქალაქის პირობებში სასიარულო შარვალ–ფეხსაცმელს კიდევ ერთხელ შევხედე ეჭვის თვალით, ბოლოს ლოგიკური გონება გავთიშე და
– “კაი დავიძარით..”

დიდ წრეზე წასულები გაკვალულ თოვლში მივდიოდით, მაინც ჭირდა სიარული. დროს დავხედე – ძაან ვაგვიანებდით ასეთ ტემპებით თუ ვივლიდით. სამანქანო გზას მივადექით, სადაც სოფელი რჩება და მთის საკმაოდ დაქანებული ფერდობი იწყება.

გავამხნევე სტუმარი, პირდაპირ ციცაბო ფერდისკენ მივუთითე. აღმართზე ასვლა ერთი იყო და ამას თან ხშირად მუხლზემოთ თოვლში ჩაფლობა ემატებოდა. მუდმივად გვიწევდა სულის მოსათქმელად პაუზის გაკეთება.

ადრეულ ასაკში ხშირად მომსვლია სიძნელეს წუწუნით, უკმაყოფილო სახით და ვაი–ვიშვიშით შევხვედრივარ. ისეთ ხალხის გვერდითაც მივლია მთა–მთა ვინც წარბს არ შეიხრიდა, ისე დაძლევდა სირთულეს. მე საპირისპირო ტიპაჟების ბანაკის წარმომადგენელი ვიყავი.

მაგის შემდეგ ბევრი მიფიქრია და რიგ სიტუაციაში საპირისპირო თვისებებიც გამომიქექავს ჩემი ხასიათის. მახსოვს ომის დროს როცა ჩვენი ნაწილის დაბომბვის რეალური საშიშროება იყო, ემოცია გათიშული, აბსოლიტურად მშვიდი რომ ვიჯექი სამუშაო მანქანაში და ჩემს საქმის კეთებას განვაგრძობდი.

ჩემი თავის გამოცდის სურვილიც მერეც არაერთხელ მქონია, შედეგი ხან როგორია, ხან როგორი – როცა გონებას არ ვახმარ ემოციას, ისევ ბუზღუნა ხასიათი მოდის წინა პლანზე და პირიქით.

როცა ყველაზე ციცაბო და ძნელად დასაძლევ ადგილს მივადექით, სადაც ალაგ შიშველი მიწა ჩანდა და ალაგ მასზე შეყინული თოვლი, ფეხის მოკიდება ძაან გაძნელდა. მაშინ კი დამჭირდა თავის ხელში აყვანა, ნერვიულობა სახეზე რომ არ ამსახვოდა – ცივი ხმით ვკარნახობდი გოგოს, როგორ გაეგრძელებინა სვლა – ისიც საკმაოდ ყოჩაღობდა.

ორი საათზე მეტი შევალიეთ ასვლას – სტუმარი ბედნიერი გადაყურებდა თეთრში ჩაფლულ არეს. ზაფხულისგან განსხვავებით, გარშემო ბუზებივით ტურისტები არ ირეოდნენ და ყველაფერი საოცრად ჩუმი და მშვიდი იყო. მხოლოდ ერთი მღვდელი გამოძვრა ბოლოს სენაკიდან, ეკლესიაში შეგვიშვა.

საათს დავხედე კიდევ ერთხელ – ოთხი იყო, ერთი საათიღა გვქონდა დრო. ბოლო ამოვლილი ციცაბოს დაბლა ჩასვლა უტოპიად მოჩანდა – დაშვებისას ტანის ინერცია ქვევით გექაჩება და თავის შემაგრება მოყინულზე შეუძლებელი იქნებოდა. მღვდელს მოსავლელი გზით წასვლაზე დავეკითხე – გაუკვალავია იქით გზაო, ვერ მოახერხებ ჩასვლას, ისევ ასე უნდა დაეშვაო.

“შანსი არაა..” – ტვინში ეს ფიქრი ტრიალებდა. ფერდობს გადავხედე, მცირედით მოვლა გადავწყვიტე, ისეთი ადგილი მოვძებნეთ სადაც მიწას შეყინული თოვლი არ მოჩანდა, გოგოს ხელები მხრებზე დავაწყობინე – “უბრალოდ მომყევი!”

დამრეცზე ტანი თავისით მითრევდა წინ, გაუკვალავი თოვლში ჩაფლობა კი ზედმეტი სიჩქარის აკრეფვისგან და დაგორებისგან მიცავდა. მშრალზე ვერ დაეშვებოდა კაცი ასეთი სისწრაფით. ნახევარ საათში პირდაპირი ზოლით ჩავჭერით მთელი მთა – ბოლოს ლამის წელამდე თოვლში მოვხტუნაობდით. ბოლოს ტრანსპორტს მივუსწარით.

სამიოდე საათში თბილისსაც მივადექით.