ძველი ჩანაწერები

წელი გავიდა ლამისაა იმ დღის შემდეგ, რაც ამ ადგილებს პირველად ვესტუმრე, ზუსტად მახსოვს 13 ოქტომბერი იყო. ან რა დამავიწყებს ამ დღეს, ფაქტიურად ხომ ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყო.

საინტერესოა პირველი ემოცია, რაც უშუალოდ განვლილ დღეს ახლავს. ხშირად ეს ემოცია რეალობისგან ძალიან შორს დგას, მაგრამ მაინც საინტერესოა. რაა ცხოვრება, თუ არა ჩვენი სუბიექტური თვალით აღქმული რეალობა. მაგრამ არანაკლებ საინტერესოა, როცა დრო გავა და უკვე დალაგებულ აზრებით აფასებს განვლილ დღეებს. თუმცა ერთი ეგაა, ბევრი რამ უკვე მივიწყებულია…

რკინიგზის სადგურიდან დავიძარით ზესტაფონისკენ ამ დღეს თორმეტი კაცი, რაღაც მარშუტკა დავიქირავეთ. ადგილზე ჩასულებმა ჯერ ზესტაფონის სავარაუდო ბაზაზე აგვიყვანა ურალმა, მერე კი, როცა ნაწილი ხალხის იქ დავტოვეთ, რაღაც ფორმალობები მოვაგვარეთ, უკვე ჩვენი ბაზისკენ დავიძარით.

თერჯოლას გავცდით, სადღაც გადავუხვიეთ. ვიარეთ ერთი ოცი წუთი, მანქანის ძარაზე ვიყავით შემომჯდარები. ღამე იყო, გვარიანად შეგვცივდა. აღმართს მივადექით, იმდენად ციცაბოს, რომ მანქანას გაუჭირდა ასვლა. ძალიან ნელა, კუს ნაბიჯებით აღოღდა ურალი. ცოტა გავაკდა, დაძაბულებიც მოვეშვით და შორს  შემაღლებულზე მკრთალ შუქებს მოვკარით თვალი – ერთი ფიქრი წამოვიდა: ეს სად მივდივართ, რა გველის ოთხი წლის განმავლობაში?!

გარშემო სიბნელე იყო. სუსტი, გენერატორით განათებული ნათურების შუქი გამოდიოდა ფერდობზე გაშლილი სამი კარვიდან. ჯარისკაცები გამოიშალნენ, ძია შემოგვეგება, ჩვენი ნაწილის მომავალი მძღოლი. უბრალო საუბარს მალე მოაყოლა, ეს სად ვართ, ისეთი ქარი იცის. აი გუშინაც ლამის კარვები წაგვართვაო.

მგზავრობისგან დაღლილები მალე ჩვენს კარავში შევძვერით დასაძინებლად. საწოლად ძველის-ძველი, დეფორმირებული ლეჟანკები იდგა. ამ გორაზე სწორი ადგილის ნახვა შეუძლებელი იყო და შესაბამისად კარავიც და საწოლებიც დაქანებულზე იდგა, სახელდახელოდ ქვები შევუწყვეთ საწოლის ფეხებს, ცოტა ჰორიზონტალურად გასწორებულიყო. ტანსაცმლიანად დავწექით, საკმაოდ ცივი საღამო იდგა. პირველი დღე ასე მიილია.

21 ოქტომბერი 06 წ.

7 სექტემბერი, 06 წ.

დილაადრიან ექვს საათზე დარეკა ზარმა, ჩემი ადგომის დრო იყო. ზანტად წამოვდექი, ჯერ კიდევ ბნელოდა. გავემზადე, მოვწესრიგდი და გზას დავადექი. ქუჩა ღამით მოსული წვიმით იყო მორწყული, გვარიანი სიგრილე იდგა, მზე ეს-ეს იყო წამოიწია და სხივები თვალს მჭრიდა.

დიდუბეში ჩემი თანამშრომელი – გიო სარალიძე დამხვდა, ბილეთები ავიღეთ და  სულ ცოტახანში  ჩვენი ავტობუსი ტრასაზე მისირიალებდა. გზა საუბარში ძალიან მალე მიილია, ამ ორასი კილომეტრის დაფარვა შეჩვეულზე უკვე დამღლელი აღარცაა.

თერჯოლის გადასახვევთან მამუკა, ჩვენი პოვარი, დაგვხვდა მანქანით. ნახევარი საათის მგზავრობაც სოფლის ოღრო-ჩოღრო გზაზე და ჩვენი ბაზის აღმართსაც მივადექით.

ნაწილში ჯარისკაცებს სახელდახელოდ ცეცხლი დაენთოთ, მწვადს წვავდნენ. ეგრევე არყის ჭიქა მომაწოდეს, საოცრად სასიამოვნო ამინდი იდგა. რამოდენიმე ჭიქა შევსვით, ხასიათზე მოვედით, საუბარს შევყევით.

მერე წავუძინე. ჩვეული სიტუაცია, ზარმა გამაღვიძა – ჩემი მორიგეობის დრო იყო. რაციაზე კახელო დამხვდა, მიმოვიხილეთ ზოგადად ამბები, ერთერთი თავშესაქცევია უინტერესო საქმის დროს რაციაზე საუბარი. მორიგეობის მერე დღეც მალე მიილია.

28 ოქტომბერი 06 წ.

ნაწილში წასვლის დღე გათენდა, უკვე აგრერიგად ნაცნობი სიტუაცია, დილაადრიან გაღვიძება-გამზადება, მერე მეტროთი რამოდენიმე სადგურის გავლა და დიდუბის ავტოსადგური, სადაც ცოტა დაგვიანებულს სარალიძე, ჩემი თანამშრომელი, მელოდებოდა.

კომფორტულ ავტობუსზე ბილეთები ავიღეთ და თხუტმეტიოდე წუთში უკვე საქართველოს სამხედრო ტრასას მივუყვებოდით. ლამის ღამენათევს მალევე ჩამეძინა და ზესტაფონამდე ასეც ვიყავი, გზა ისე მიილია არაფერი გამიგია.

თერჯოლის გადასახვევთან ჩამოსულებმა თვალი მალევე მოვკარით ჩვენ ”უაზს”. შაკო გადმოვიდა, ორი-სამი სიტყვით ნაწილ-ქალაქის ამბები გავცვალეთ – ყველაფერი რიგზეაო შაკომ, არფერი არ გვაკლია ღვინო-არაყი-საჭმელიო, გამეცინა, დავემშვიდობეთ და ნაწილისკენ გზას შევუდექით.

ბეჟიასთან ჯარისკაცებმა წყლით დატვირთეს მანქანა, აღმართს ავუყევით – ნოე სადაა, ნოე?! ვიკითე, თვალი რომ ვერ მოვკარი.

– ნოე გუშინ გავუშვით ჯარიდან, დღეს ჩვენც ველოდებით გაშვებას – გურამმა მიპასუხა;

– მერე ბარემ დაგლოდებოდათ, ერთი დღე რა გახდა?!

– არა დღეს უბრალოდ მისი ნათესავის ქორწილია და მაგიტომ.

– აბა გეღირსათ ჯარის დამთავრება – ჩანთა ჩვენს საძინელბელში შევაგდე.

– გიო თუ გაგვიშვეს, ჩემთან ოჯახში პატარა სუფრა გაიშლება, წამო, შენც წამოდი – დათკა შემოვიდა ოთახში. რავიცი ბიჭებს ვკითხავ, თუ იმუშავეს ჩემს მაგივრადაც წამოვალთქო.

სამზარეულოს მივაშურე, ცოტა წავიხემსე და მანუჩარას შესაცვლელად ავედი აპარატურაში. მალე სტუმრები გვეწვივნენ, ზესტაფონის მანქანით გივი, ჩოკინა და ვახო. ასევე ორი ჯარისკაცი, ვინც დროებით ჩვენს ნაწილში გაჩერდებიან, სანამ ახალ ჯარს არ მოიყვანენ.

ბიჭების დასალოცად ქვევით, ყაზარმაში დავეშვი. პატარა სახელდახელო სუფრა გაიშალა, სამი-ოთხი ჭიქა შევსვით. მანუჩარს და გიოს გადავულაპარაკე – ბიჭები ქუთაისში მეპატიჟებიან, ერთი დღე ხომ გაძლებთთქო უჩემოდ. დასტური მითხრეს. ჩოკინა რაღაცაზე ტვინს ბურღავდა, ყველა რაღაცას ეხუმრებოდა და გახელებული ბურდღუნს და წუწუნს უმატებდა.

მალე სოფელში დავეშვით, ბეჟიასთან შევიარეთ, სახელდახელოდ სკამზე დააწყვეს ღვინო, მცირედი ხილი და მისაყოლებელი. ბეჟოს უკვე სადღაც დალევა მოესწრო, ძლივს აბრუნებდა ენას. ბიჭების გზის დასალოცად ჭიქები მაინც ბოლომდე ცალა, რაღაცას მეხუტებოდა, ნამეტანი სიყვარულს მეფიცებოდა. სოფლის გოგოები იყვნენ შემოკრებილები, ორი-სამი მათგანი თავის სატრფო-ჯარისკაცის დასამშვიდობებლად მოსულიყო, იყო ერთი ხორხოცი და მხიარულება.

გურამს გადავულაპარაკე – ილოს ვინახულებ, ახლავე მოვალთქო. რავიცოდი კაცს თურმე ცოლი მოეყვანა ამ პერიოდში და ახლაც ეზოში შესულმა რომ შევძახე, სახლში მოყვრები ყოლია გადმოპატიჟებული. გამოვიდა, სახლში შემიპატიჟა. თავი უხერხულად ვიგრძენი ასე რომ შევიჭერი დაუპატიჟებლად სუფრაზე. ერთი დიდი ჭიქით დავლოცე ახლადშეუღლებულები, მოუცლელობა მოვიმიზეზე, გამოვილალე.

ბეჟიასთან მხიარულებას ბოლო არ უჩანდა. ბოლოს როგორც იქნა ჩავეტენეთ ათამდე კაცი ერთ უაზში და გავწიეთ ზესტაფონისკენ. ტრასაზე ჩამოვედით, უაზმა კოზმანის ბაზისკენ აიღო გეზი, ჩვენ ქუთაისის მარშუტკას დავუწყეთ ლოდინი. ერთ საათში ქალაქს ვიყავით, გურამი და დათო გიდობას მიწევდნენ, ხალისით მაცნობდნენ ქალაქის საინტერესო ადგილებს.

ე.წ. ”პასილოკის” უბანს მივადექით, ძმების ოჯახში იყო გაშლილი პურმარილი. მშობლები-ნათესაობა დიდი ზეიმით შეეგება ჯარიდან დაბრუნებულ ბიჭებს. მათი სიხარული მეც გადამედო, არადა რა მიხაროდა, წინ კიდევ ორწელნახევარი ჯარი მელის.

სუფრა წავიდა ჩვეული სადღეგრძელოებით და ენაკვიმატი ქუთაისელების ოხუნჯობის ფონზე. უძილოს თავი ძლივს მეჭირა, ათი საათისთვის ბოდიში მოვიხადე და დათოს საძილე ოთახის ჩვენება ვთხოვე. მალე მკვდარივით მეძინა..

31 ოქტომბერი, 06 წ.

ცხრა ხდებოდა დილით რომ გამეღვიძა, სარალიძის შესაცვლელად აპარატურას მივაშურე. ოთხი საათი ჩვეულად მიილია, ცოტა კახელოსთან რაციაზე საუბრით შევიქციე თავი.

დრომ როცა მოაწია, შემცვლელად ისევ გიო ამობრუნდა. მამუკა არ მოსულათქო – მოვიკითე, სახე დაეჯღანა – გაატრაკა რა საქმე, არ დაბრუნებულა ზესტაფონიდანო.

ცუდი ამბავი გავიგეთ, მეორე სმენა ერთკვირიან სწავლებაზე წაიყვანეს და გამოდის დამატებით კვირა აქ უნდა ვიყურყუტოთ, ხასიათი წამიხდა, კაცი მეჯვარე ვარ ქორწილში და იმის ნაცვლად სამზადისში ვიყო, აქ მიწევს ყურყუტი.

– შენ წადი, გავჩერდებით მე და მამუკა – დამამშვიდა გიომ.

– ხო, რამეს ვიზამ – ჩავფიქრდი ჩემთვის.

დავეშვი ყაზარმის დაღმართზე, გვიანი შემოდგომის კვალობაზე მშვენიერი დარი დგას. მზეზე რომ დადგე, დაგცხება კიდეც, სულ რომ მაისურას ამარა იყო. ერთ რამედ ღირს ასეთ დროს აქ ყოფნა – მშვიდი, მზით განათებული გარემოს სასიამოვნო განწყობა მოაქვს.

4 ნოემბერი, 06 წ.

რამოდენიმე დღე გავატარე თბილისში  და ისევ ნაწილში მივბრუნდი. სკანდეს მარშუტკას გამოვყევი თბილისიდან. საღამო ხანს უკვე სოფელში ვიყავი. ბეჟია შემომეგება, იქვე გზასთან ჩამოვსხედით, წყნარი საუბარი გაიმართა.

სოფელი შეცვლილი დამხვდა. ამ რამოდენიმე დღეში ხეებზე ფოთლები საგრძნობლად შეყვითლდა და შეთხელდა, ფერთა ცვალებადობა თვალში საცემი გახდა. მალე ალიმა, ალიმიჩი და სხვა სოფლელებიც მოიკრიბნენ. ალიმამ საბჭოური ჯარის ამბების მოყოლა დაიწყო, ზრდილობის გამო თუ ვუსმენდი.

გზაზე ორმა სამხედრო ტვირთმზიდმა ჩაიქროლა, ჩოკინა იყო, ნაწილისთვის საწვავი მოქონდა. მალე მალხაზაც გამოჩნდა ნაწილის უაზით და ზევითკენ გავწიე. საღამომ საუბარში და ტელევიზორის ყურებაში ჩაიარა.

5 ნოემბერი, 06 წ.

ნაწილში მე, შაკო და პოვარი მამუკა დავრჩით მარტო. დროებით მოყვანილი სამი ჯარისკაცი გავამგზავრეთ სახლისკენ და ლობჟანიძე ახალი ჯარის მოსაყვანად ზესტაფონში წავიდა.

საშინლად აცივდა, გარეთ საზიზღარი ამინდი დადგა, ძლიერი ქარს წვიმაც ზედ დაერთო. ცხვირს ვერ გაყოფდი კაცი ყაზარმიდან.

მთელი დღე გამოვყრუვდით ეს სამი კაცი, რა უნდა გვეკეთებინა. როგორც იქნა შუაღამეს იყო უკვე მიტანებული, მანქანა რომ გამოჩნდა და ახალი ჯარისკაცები მოიყვანა.

ვაჩვენეთ მათი ოთახი, მოვაწყვეთ და სავახშნოდ დავსხედით. ბიჭებს ამბები გამოვკითხეთ, ერთთვიანი ჯოჯოხეთი გამოევლოთ კარანტინის პერიოდში, სერჟანტები და ოფიცრობა სასტიკად ექცეოდნენ, ხელით შეხებასაც არ ერიდებოდნენ, სხვა არაადამიანური საქციელის გარდა.

გადაპარსულ თავებით ციხიდან გამოქცეულ პატიმრებს გავდნენ, განვლილი სასტიკი დღეებისგან დარჩენილი შიშის კვალი ეტყობოდათ თვალებში, ყველაფერზე ნებართვას თხოულობდნენ, ხშირ შემთხვევაში ღიმილისმომგვრელი სიტუაცია თამაშდებოდა.

მახოს მობილმა დაურეკა ამ დროს, საცოლე მოტაცეს თუ რაღაც. მამუკები და მძღოლი შურდულივით გავარდნენ კარში, ტყიბულისკენ გაწიეს. მე და შაკო დავრჩით ჯართან  – სიტუაციაში გავარკვიეთ, ვესაუბრეთ, დავუყვავეთ, დავამშვიდეთ. კარგი ბიჭები ჩანან, აქედან ორი ძმები ფიქრიას ნათესავები აღმოჩნდნენ.

ავტობიოგრაფია უნდა დაეწერათ, რაიონიდან ჩამოსულებმა წერა არც იციან ნორმალურად, ღიმილისმომგვრელი იყო მათი დაწერილის გადაკითხვა – ”მე დათო ვახტანგის ძე დავიბადე ქ. ქუთაისში…” ელემენტარული გვარის დაწერა გადაავიწყდათ, სხვაზე რომ აღარ გავამახვილო ყურადღება.

7 ნოემბერი, 06 წ.

თორმეტზე გამეღვიძა. დილით შაკო თბილისში წავიდა და ნაწილში მარტო მე დავრჩი. ცივა გვარიანად, მობუზულები დავდივართ ყაზარმაში. საღამოთი მანქანას მანუჩარი მოყვა, მოგვიანებით კი სარალიძეც შემოგვიერთდა.

მე და მანუჩარი რამოდენიმე საათი ვიჯექით აპარატურაში – რაღაცაზე ვსაუბრობდით. დღეც მალე მიილია.

17 ნოემბერი, 06 წ.

ბაზაზე მანქანამ ვერ აგვიყვანა, საბურავები აქვსო დასერილიო. მოგვიწია თერჯოლის გადასახვევიდან ფეხით გავდგომოდით გზას. წვიმა და ქარი დაგვემგზავრა, მალე შარვალი აბსოლიტურად წყლით გაიჟღენთა. ბედად რაღაც ტაქსმა გააჩერა, ცოლ-ქმარი ისხნდნენ, ჩვენ ნაწილში მიდიოდნენ ჯარისკაცის მოსანახულებლად. ფორმაში რომ დაგვინახეს ყურადღება მოგვაქციეს, იკითხეს იმ ნაწილში ხომ არ მსახურობთო. დასტური მივეცით, ჩვენც ჩავსხედით მანქანაში.

– რა გვარია თქვენი შვილი?!

– შეთეკაური;

რაღაც მაგ გვარის ჯარისკაცი ვერ გავიხსენე, ნაწილში მამუკასთან გადავრეკე, მართლაც ორი დღის მოყვანილი იყო თურმე ეს ბიჭი – მშობლებმა მოაკითხეს, მალე სკანდეში ვიქნებით, ამ წვიმაში ესენი გორაზე ვერ ამოვლენ, თავად ჩამოვიდესთქო, დავუბარე ლობჟანიძეს.

მართლაც სოფელში მოსულებმა მალე მოვკარით თვალი საწვიმარში გახვეულ ქვევითკენ მომავალ ჯარისკაცს. გადმოვედით მე და სარალა მანქანიდან, ლაპარაკი ვაცალეთ ოჯახის წევრებს.

მალე გატრიალდნენ უკან მნახველები, შევუდექით ნაწილის აღმართს. ძლივს ავატანეთ სული, გაწუწულებმა, ქარისგან გაყინულებმა. გაგვიმართლა, გათბობა დაგხვდა ჩართული და ყაზარმაში სითბო ტრიალებდა.

შეთეკაურს გამოველაპარაკე, ჩემი ახლობლის პაატა შეთეკაურის ნათესავი აღმოჩნდა. საღამომ ჩვეულად ჩაიარა.

20 ნოემბერი, 2006 წ.

როგორც ჩანს წვიმაში მოყოლილი გაციებას მაინც ვერ გადავურჩი, ყელის ტკივილმა და ხველებამ შემაწუხა. 21-ის დილა თენდებოდა, რაღაც უსიამო სიზმრიდან ძლივს გამოვერკვიე. გამოვფხიზლდი, ყურის ტკივილს გავუღვიძებივარ. მობილურს დავხედე – ექვსი იყო დაწყებული. ერთი ხანობა ტყუილად ვიტრიალე საწოლში, ძილი აღარ მომეკარა.

რაღას ვიზამდი – ჩავიცვი, საწოლიდან წამოვდექი. ტკივილი მოსვენებას არ მაძლევდა, სიმწრისგან მაგიდას ვურახუნებდი მუშტებს.

ლობჟანიძე შევაღვიძე – ასე ვერ გავძლებ, ქალაქში მივდივართქო. მართლაც გამოვეწყვე ფორმაში და დავეშვი სოფლისკენ.

მარშუტკის მოლოდინში ბეჟიასთან შევიარე, მშვენიერი დილა იდგა. ეზოში ჩამოვსხედით, კარალიოკით გამიმასპინძლდა. სასიამოვნოდ რაღაცას ვბაასობდით. ამასობაში თითქმის საათმა განვლო.

– ეჰე ბეჟო, რაღაც ტრანსპორტი იგვიანებს, გავწიე მე ფეხით. გადავიკიდე ზურგჩანთა, ალისუბნამდე ვიარე, მერე რაღაც მომეწია, გადასახვევამდე გავყევი. 3-4 საათში თბილისში ვიყავი.

27-30 ნოემბერი, 2006 წ.

დასვენების ერთი კვირა მალე მიილია. დილის რვა საათზე უკვე დიდუბის სადგურში ვიდექი. ჯარისთვის სიგარეტს ვყიდულობდი, ჩემსკენ მომავალ კახელოს რომ მოვკარი თვალი. გულითადად მივესალმე კოზმანელ პარტნიორს. სარალა სალაროსთან გველოდებოდა.

გზა ძილში და საუბარში მალე მიილია, ამაშუკეთის გადასახვევთან ჩამოვედით. მალე ზესტაფონის უაზიც გამოჩნდა: მძღოლი ედიკა, გივი და იაშვილი ისხდნენ მანქანაში. შევუყევით ოღრო-ჩოღრო გზას, კახელო ხუმრობის ხასიათზე მოვიდა, როდის არ არის რომ?! რაღაცას ენაკვიმატობდა – ჩვენც გულიანად ვიცინოდით.

მალე ყაზარმაც გამოჩნდა, ბექა შემოგვეგება – ვახ გიო?! რას შვები ბიჭო, როგორ ხარ, მომესალმა დიდი ხნის უნახავი მეგობარი.

– თავად როგორ ხარ?!

– რავიცი გიო, ათი დღეა უკვე აქ ვარ, გამოვშტერდი რასაც ქვია.

– რაგინდა, სამაგიეროდ ახლა დაისვენებ გემრიელად;

ყაზარმაში შევედით. გივი კომპიუტერს მიუცოცდა, პატარა ბავშვის სულსწრაფობით რაღაც თამაში ჩაირთო. ცოტახანი შევიცადეთ, წამომსვლელები გაემზადნენ და დავუყევით ისევ დაღმა გზას. ტრასაზე ჩამოვსხით თბილისისკენ მიმავალი ხალხი, ჩვენ კი გზა განვაგრძეთ.

ზესტაფონთან უკვე ჩოკინა დაგხვდა ბარგით. გივიმ – დავიღალე, მოდი ჯერ ჩვენ დაგვტოვე ბაზაზეო და მერე წაიყვანე ეს ხალხიო – თხოვა ედიკას. ახლა ზესტაფონის ბაზაზე ავხრიგინდით, მოვნახულეთ იქაც ბიჭები. გვაზდადიორა იჯდა აპარატურაში

– გამოდი ბიჭო გარეთ!

– ვახ, ჩეჩენ?! – სახე გაებადრა დაგრეხილს;

– რას შვები ბიჭო, უკრაინაში მართლა მიდიხარ?!

– აბა რა ვქნა ბოზი ვიყო, არავინ არ მომყვებით არა?!

– სად უნდა წამოვიდე ამ გაგანია ზამთარში, რა გინდა -20 გრადუსი იქნება ყინვა იმ გადაკარეგულში;

რამოდენიმე წუთი ვისაუბრეთ კიდევ, გამოვემშვიდობე. ედიკა უკვე მანქანას ქოქავდა, დავიძარით როგორც იქნა ჩვენს ბაზისკენ. გზად მოშიებულებმა თონის პური ვიყიდეთ. სამი საათი ხდებოდა სკანდეს რომ მივაღწიეთ.

ნაწილში დიდი ამბები დამხვა, ახალ ჯარს მოესწრო და მანუჩარა გადაერა – ჯერ იყო და გიორგობას წასულები დამთვრალან და ამაზე შეთეკაური გემრიელად გალახულა, მერეც ბევრი წვრილმან-წვრილმანი ამბები მომხდარა და ამათთან სხვანაირად არ ივარგებსო, სულ წესდებით და კანონით დაყენებული დამხვდა სიტუაცია.

მედღევე 24 საათი შემოსასვლელში დგას და მეთაურის გავლა-გამოვლაზე ”სმენა”-ს ბრძანებასთან ერთად ”ჩესტს” იღებს. პატარა მიზეზზე ჯარი ისჯება და ხანაც აზიდვებით, ხანაც სირბილით თავიანთ ”დანაშაულს” ისყიდიან. დილა-საღამოს მოწყობაა და ცოტა არ იყოს ჩვენს დემაგოგბაში გადასულ რჩევა-საყვედურებს ისმენენ. მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო, როგორც აქაურებს უყვართ ხოლმე თქმა, ეს საწყალი რიგითები გემრიელად იზნიქებიან…

მთელი ეს დღეები მოჟამული ამინდი დგას – ცრის, ნისლია ჩამომდგარი. ქარიც ხშირ-ხშირად გვახსენებს თავს. ანტენები მაგის გამო თითქმის სულ დაშვებულია და მუშაობაც ნაკლებად გვიწევს. მე, მანუჩარა და სარალა ერთმანეთში ხუმრობა-ლაზღანდარობით ვერთობით. სამნი მშვენივრად ვგრძნობთ თავს, როცა სხვა არამკითხეები დალაგებულ სიტუაციაში წყალს არ გვიმღვრევენ.

ისე დავაკვირდი, პირველი ორი დღის გაძლება ჭირს ყველაზე უფრო – სანამ ქალაქის ცხოვრების ზნიდან აქაურ ყაიდზე გადმოხვალ. მერე კი დღეები რიხინით მიდის. ერთი ეგაა, ამ ბედოვლათი უფროსობის მოთხოვნით უკვე მეექვსე დღეს ისევ ქალაქში მოდიხარ და მალე უკან დაბრუნებულს ხელახლა გიწევს პირველი ორი დღე სიტუაციის შეგუებაში განვლო. არადა რაც უფრო იშვიათად შევიცვლებით, წესით მით უკეთსი იქნება.

ახლა 30 რიცხვის საღამოა, ჩემი ცვლა დილითვე მოვითავე და უსაქმოდ ვარ, აგერ კომპს მივუჯექი და ეს რამოდენიმე განვლილი დღე მოვყევი ორი სიტყვით. ზეგ უკვე ქალქაში მივდივარ, თუ რამე არ მოხდა.

6-7 იანვარი 2007 წ.

ჩოკინამ დაგვასმინა, ნაწილში ორი კაციაო და ამის გადამკიდე დავისაჯეთ, ყველა პოსტზე დაგვიბარეს.

უსაქმოდ ვარ ეს ორი დღეა, გუნებაც გაფუჭებული. დავაბიჯებ ყაზარმაში უაზროდ და ყოველი საათი საუკუნედ მეჩვენება.

ტყე გატიტვლდა საბოლოოდ, გაუფერულდა ბუნება. ისე დღეს კი იდგა ზამთირს პირობაზე მშვენიერი ამინდი, მოკრიალებული ცა, გარემოს მზის სხივები ეფინებოდა და ცოტა ხალისი შემოჰქონდა განწყობაში.

საღამოს პირას ყაზარმიდან მოშორებით გავისეირნე, ჩემთვის მივაბიჯებდი ტყის პირას და ზოგადი ფიქრები მოდიოდა. დასუსტებულ, უკვე ჩამავალ მზეს თვალს მალიმალ ვუსწორებდი. ასე ჩავაცილე მთის გადაღმა, თანდათან ბინდმაც დაიწყო ჩამოწოლა.

რაც არ უნდა უსიამო ყოფილიყო, პირი ვიცვალე და ყაზარმისკენ გამოვბრუნდი. ხასიათშიც ნეგატიურმა მუხტმა იმატა. რაღაც ზოგადი მეოცნებე აზრებიც, მსწრაფლ ყოველდღიურ პრობლემებზე ფიქრმა შეცვალა.

საღამომ ტელევიზორის ყურებაში და დომინოს თამაშში ჩაიარა, მალე დასაძინებლად დავწვები.

14 იანვარი

სკანდეს მარშუტკით ჩავედი ნაწილში. სიტუაცია აირია, ათასი უსიამო ჭორი ვრცელდება. ამაზე ფიქრი გრუზავს ადამიანს და ხასიათს უწამლავს. აპარატურაში ავედი სამუშაოდ, საღამოს ათი საათი იქნებოდა. რაცია ავიღე, იქნებ კახელო დამხვდეს-თქო. ომარამ მიპასუხა, ზოგადი ერთი-ორი ფრაზით მოვიკითხეთ ერთმანეთი.

– კაი აბა გიო, მალევე დამემშვიდობა – ვერც საუბრით მოვკლავდი დროს. ვიჯექი გაშტერებული, ლამის გავსკდი გულზე, ისეთ ხასიათზე ვიდექი. საკუთარი ფიქრი კიდევ უფრო მგრუზავდა. ასეა, პირველი დღე ყველაზე ძნელად გადის.

კიდევ ბედი, მალე ომარა შემეხმიანა – ქარია, ანტენებს ვუშვებთ. შენ გაგახარებს ღმერთი-თქო, გავიფიქრე ჩემთვის და მეც სადგური გავთიშე. დაბლა ჩამოვედი, საშა დამხვდა კაბინეტში, კომპიუტერს აწვალებდა. რაღაც კინოს დავუწყე ყურება, ეგეც მალე მომბეზრდა. ახალი გენერატორის გასათიშად ავედი ზევით, საშკას ბიჭმა ამიხსნა რაღაცეები.

ჩაბნელდა ყაზარმა. სხვა რაღა უნდა გამეკეთებინა, პატრულის გარდა ყველას ეძინა. ოთახში შევედი, შაკო და მანუჩარა მშვიდად ფშვინავდნენ. მეც ავძვერი ჩემს მეორე სართულზე და გავეხვიე ადიელებში. გათბობა გაფუჭდა ეს დღეებია, გაჭირვებულ კაცს ქვა აღმართში დაეწევაო, ისეა ჩვენი საქმე – ყაზარმაში ყინავს. ფიქრში მალე მომერია რული.

15 იანვარი

ტკბილად მეძინა, კახელომ რომ დამირეკა მობილურზე:

-რას შვებით თქვენ, ჩვენ სადგური უნდა ჩავრთოთო.

– ჩავრთოთ! – დასტური მივეცი მეც. შაკოს გადავხედე – აპარატურა ირთვება, გამოფხიზლდი. მისი ჯერი იყო. მანუჩარა პროდუქტის მოსატანად წასულ მანქანას გაყოლოდა დილაადრიან – ვიბანავებ, მოვწესრიგდები, გაძლება აღარ შეიძლება ასეო.

ძილი შევიბრუნე, გამომეღვიძა ერთ-ორ საათში, გარეთ ნაცნობი ნისლიანი უჟმური ამინდი იდგა. ავდექი, სამზარეულოში შევედი, ცარიელი დამხვდა მაცივარიც და საპურეც. ეჰე, მშიერიც დავრჩენილვარ. ცოტახანში აპარატურაში ავედი:

– რა გინდოდა, ყოფილიყავი ჯერ ქვევით,

– ქვევით რა საქმე მაქვს, ვერაფერს ვაკეთებ. ჩადი, ჩადი დაისვენე-თქო. წიგნის კითხვაში გაიარა ოთხმა სათმა. ორი კაცი ვიყავით დარჩენილი, ისევ შაკომ ამომაკითხა საღამოს პირს შესაცვლელად. ქვევით არაფერი კარგი არ მეგულებოდა. შევრჩი მეც, თან რაციაზე კახელოს ხმა გაისმა და მასთან საუბარმა განწყობაში დადებითი მუხტი შემოიტანა.

– გენერალას და ცერცვაძეს დაუცხიათ ერთმანეთისთვის;

– კი მარა, ასეთი რა მოხდა?!

– რავიცი, რაღაც სისულელეზე რა, ახლა მთელი ბიჭები წამოვიდნენ თბილისიდან, აგერ დაბლა დგანან სასაუბროდ.

– ეგენი სულელები ხომ არ არიან, რა აჩხუბებთ. ცოტა კომიკური სიტუაცია გაიჩითა – შერიგდებიან კაცო – ხუმრობა ავაგორეთ ამ ამბავზე, ბევრი ვიცინეთ. მოგვიანებით კვაშო მელაპარაკა მობილურზე და მართლაც მორიგებულან.

შაკომ
– ჩადი, ჩადი გიო. მიხედე იმ ხისთავიანებს, რამე არ გააფუჭონ.
დაბლა დავეშვი.

როგორც იქნა პროდუქტის მანქანა გამოჩნდა, უკვე რვა საათი იქნებოდა. მთელი დღის მშივრები ვიყავით. სანამ რამე მომზადდებოდა, ხმელა პურს მივეძალეთ.

სახელდახელოდ კვერცხი შეიწვა ყველთან ერთად. ისეთი მლაშე რამ გამოვიდა, დავიხოცეთ მთელი საღამო წყლის სმით. მერე დომინო ვითამაშეთ, ბევრი ვიცინეთ. თორმეტს გადაცილებული იყო, დასაძინებლად გავწიეთ. ძილის წინ, საგულდაგულოდ საძილე ტომრებში გახვეულებმა, ბევრი ვისაუბრეთ. რას აღარ გადავწვდით საუბრისას მე და შალიკა. გუნება, შედარება არ იყო, წინა დღესთან შედარებით გაცილებით გამომიკეთდა. რამოდენიმე წუთიც და თავი ძილმა წამართვა.

მომდევნო დღეებში უსიამოვნო ამბები მოხდა. ძმებთან მე და შალიკას შელაპარაკება მოგვივიდა, მთელ ბოღმა გადმოანთხიეს. ფლიდი პირფერობით ვეღარ დაფარეს გულშინადები და ათასი რამ სისულელე წამოროშეს. მოკლედ ჯერ ეს ამბავი არ დასრულებულა. შაკო ამის გამო ზესტაფონში გადავიდა და მის ნაცვლად გენერალა ამოვიდა ჩვენს პოსტზე.

28-30 იანვარი, 2007 წ.

იგოეთიდან მოყოლებული მთელი ქვეყანა გადათეთრებული იყო თოვლისგან. თერჯოლაში ჩვენი მანქანა დაგხვდა. ნემსაძეებთან შევიარეთ, ვივახშმეთ და ცოტა ღვინო მივირთვით. იმხელა თოვლი იდო სოფელში, მანქანა ზევით ვერ ავიდოდა. ფეხით მოგვიწია აღმართს შედგომა. მუხლამდე თოვლს მივაპობდით. ოცი წუთის გზა საათნახევარში ავიარეთ.

მთელი ეს დღეებია თოვს, მეტრს უწია ნალექმა. ასე თუ გაგრძელდ, აქედან ფეხს ვერ გავადგამთ სანამ ამინდები არ გამოვა და თოვლი დნობას არ დაიწყებს. არადა რა ამინდები, ჯერ ზამთარი ახლა იწყება. მოკლედ წინ რთული დღეების გადატანა გველის

თებერვალი

საქმის მხრივ არაფერი გაკეთებულა მთელი თვე. ტრანსფორმატორი რაც ახალწელს გაფუჭდა, ორჯერ ამოიტანეს გაკეთებული და ორივეჯერ ერთი-ორი დღე თუ იმუშავა. თოვლი პერმამეტულად თავს გვახსენებს, არ გვეშვება. მოთოვს, მომძლავრებული მზე ააშრობს, მერე ისევ მოთოვს და ასე ჩაიარა თვემ.

რაც მთავარია თვის დასაწყისში ლობჟანიძე წავიდა ოფიცრის კურსების გასავლელად, არ მოვა კიდევ ერთი თვე. დავისვენეთ ბიჭებმა მისი უთაურობისგან. პარადოქსია, მეთაურის წასვლამ ხელი პირიქით იქით შეგვიწყო სიტუაციის დალაგებაში. მანუჩარა, გენო, სარალა, ეს ხალხი შეხმატკბილებულად ვმოქმედებთ და ერთმანეთის გატანაც არ გვეშლება. მომრავლებულ ტურებსაც ვიგერიებთ.

უშუქობა და სიცივე თანხლები იყო მთელი თვის. საღამოს ძველ პ-18-ის გენერატორს ვამუშავებდით, ცოტახნით ტელევიზორისთვის რომ მაინც გვეყურებინა. მთელ საღამოს სამზარეულო ოთახში ვატარებდით, სადაც მამაპაპურ ფეჩით ვითბობდით გაყინულ ხელებს. მოკლედ ეს უკვე განვლილი ამბებია…

One Response to ძველი ჩანაწერები

  1. ramazi razmazishvili says:

    gaagrdzele cera nu zarmacob

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: