დიადი აღმოჩენები და ნაბიჯები

მამაჩემს ახასიათებს, არაფერს ახალს არ აღიარებს და მიყვება იმ ცხოვრების დინებას, რასაც როდესღაც შეეჩვია. ხოდა მეც გვარიანად გამომყოლია ეს თვისება…

აქ ჩამოსულს ოთახში საკმაოდ კომფორტული სამზარეულო დამხვდა. სხვა ბიჭებმა ხელად შეიძინეს ჯამ-ტაფეულობა და აქაურ უგემურ სამზარეულოში ჭამას ისევ სახლში კეთება არჩიეს.

თვეზე მეტი დამჭირდა გონებაში დამეშვა ის აზრი, რომ მოდი აბა მეც ვცადო სახლში მომზადება, ფიქრშიც კი ვიზარებდი – დადექი ახლა და ხარშე მაკარონი.. და ჯიუტად განვაგრძობდი სასადილოს უგემურ და ამავე დროს საკმაოდ ძვირ საჭმლით კვებას. დიდი ხანი ისე ავუვლიდი-ჩავუვლიდი ტაფებს და ქვაბებს უზარმაზარ სუპერმარკეტში, ბოლო-ბოლო იმდენად იაფ რიგს გადავაწყდი, ჯანდაბას ვიყიდი და თუ არ გამოვიყენებ, გადასაყრელადაც არ დამენანებათქო..

კი ეწყო ორი კვირა ოთახში ხელუხლებლად. ბოლოს საკუთარ თავთან დიდი ომის საფასურად როგორც იქნა მოვერიე თავს და უკვე პროდუქტიც შევიძინე, ნუ რა – კვერცხი, მაკარონი, პაკეტის სუპები და ათასნაირი კონსერვები.

სახლში მისულმა კმაყოფილი სიფათით დავახარისხე მაცივარ-კარადებში ნავაჭრი და რაღაც კაი განწყობით შევუდექი წყლის მოდუღებას და წვნიანის მომზადებას. ბედნიერმა დავიძინე იმ საღამოს, იმის აღმოჩენით, რომ თურმე შეიძლება სახლშიც ივახშმო-ისადილო და აცდე ყოველდღიურ დაგეგმილ ვიზიტს სამზარეულოში, გრძელ, პოდნოსით ხელში რიგს, და რაც მთავარია, საკმაოდ უგემურად მომზადებულ სადილს. ხანდახან რა ცოტა რამ გყოფნის კარგ გუნებაზე მოსასვლელად.

ამგვარადვე დიდი ხანი არ ვაღიარებდი სამრეცხაოს ფენომენს და ვიყავი ყოველდღე ჩემი მაისურ-საცვლების რეცხვაში. სანამ ერთ დღეს კარგად არ დამეზარა დახვავებული სარეცხის გავლება, მანამდე ფეხი არ შევდგი სამრეცხაოს ოთახში.

თურმე რა კაი ტიპია, ჩააგდე რამოდენიმე ხურდა, გაგირეცხავს ძვირფასი მანქანა ერთი კვირის დახვავებულ სარეცხს, ძვირფასი საშრობი ათიოდე წუთში იქვე გაგიშრობს კიდეც და ხარ ისევ ბედნიერი მორიგი აღმოჩენით. თურმე რა კარგი რამეა ცხოვრება..

ნუ ტიპიური ქართველი რომ აღმოვჩნდე, ცოლი აღარ მომიყვანია და ეგ არის – ჩემით ვიმზადებ საჭმელს, სარეცხსაც ჩემით მოვუვლი ძვირფასი მანქანის დახმარებით, დაუთავებასაც ვისწავლი მომავალ სამ თვეში მაგ ეტაპისკენაც წამიცდება ფეხი, გონებაში ცვლილებებისთვის გემოს გასინჯვის პრეცედენტი უკვე არსებობს, ხოდა ბოლო ბოლო პერანგი ძაან რომ დაიკუჭება და თავად რომ შევწუხდები, უთო აქვს გოგოს მეზობლად და ერთ დღეს მაგ გაბედულ ნაბიჯსაც გადავდგამ.. ხოდა აბა რაღა საჭიროა ცოლი, მეტი რა ფუნქცია აქვს, თან ხო ვიცი ტვინი უნდა დაჭეჭყოს 😀

26.02.10

ცოტა სწავლა და ორი ჩაბარებული ტესტი. შაბათ-კვირას ისევ მეცადინეობა მომიწევს, შედარებით რთული გამოცდის მოლოდინში.

სხვა რა ხდება.. შაბათობით მცირე ტრადიცია დამკვიდრდა – ბევრლუდმომარაგებულები ერთ-ერთის ოთახში მოვიყრით ხოლმე ჯგუფელები თავს და  ჩვენი ნიუტონის დანერგილ თამაშით ვიმუხტებით, რაც სხვა არაფერია, თუარა სასმელით გაჭყიპვა.

კარტი რიგდება, იქ ხან ფერს ირჩევ, ხან მაღალს ან დაბალს. ხან ამოსული კარტი შენს სასიკეთოთ მუშაობს, ხანაც პირიქით. მოკლედ რთული დიდი არაფერი ფილოსოფია – თუ გაგიმართლა სხვას აჯარიმებ და სასმელს ალევინებ, ჯერ მხოლოდ რამოდენიმე ყლუპ ლუდს, ნელნელა დოზა იზრდება და ბოლოს უკვე არაყსაც რევ საქმეში. თუ სასურველი კარტი არ ამოვიდა, თავად გიწევს სასმლის მიღება.

ხო თავიდან ყველას უხარია “წაგება” და არის სიცილ-ხარხარი, მაგრამ ბოლოსკენ გაზრდილ დოზებით უკვე ხალხს სახე ეღრიჯება მორიგი პორცია სასმელის მიღების მოლოდინში.

მერე როგორც წესი შემოვლაზე წამოსული დაცვა ფრთხილად მოგვიკაკუნებს ხოლმე კარებზე, ღიმილით და მხრების ჩეჩვით, რაუყო ბიჭებო უნდა დაგშალოთო, საათზე მიგვითითებს.. გვიანიაო, ხოდა მერე ცოტაც ინერციით გასტანს ხორხოცი და განმუხტვის საათიც ამით მთავრდება.

17.02.10

ყოველ დღე დილის შვიდ საათზე ადგომა, ოთხ-ხუთ საათამდე ლექციები, მერე ხან ფეხბურთის, ხან რაგბის გუნდში ვარჯიში, ეს უკვე ჩემი ყოველდღიური აქაური ცხოვრებაა. დრო სწრაფად გადის, რადგან სულ რაღაცას აკეთებ და მოდუნების საშუალება არც გეძლევა კაცს.

იშვიათად რომ ქალაქში გავიდეთ. საღამოს კინოსეანსს თუ დავესწრებით. წინა შაბათ-კვირას ტულუზა ლიონის თამაშს დავესწარი. მოლოდინი უფრო მეტი იყო, ვიდრე ვიხილე. ისედაც პატარა სტადიონი ბოლომდე არც შეივსო, იმის ფონზე, რომ ლიონი იყო ჩამოსული, საფრანგეთის ბოლო ათწლეულის საუკეთესო გუნდი. კარების უკან ვისხედით ტულუზელ ფანების გარემოცვაში. ორასამდე გულშემატკივარს ორი კაცი მიკროფონით შეიარაღებული ხელმძღვანელობდა, თამაშს არც უყურებდნენ, 90 წუთი შეძახილებს და სიმღერას კარნახობდნენ დანარჩენებს. ისინიც ომახიანად ყვებოდნენ და მართლაც რომ ერთი წუთით არ გაჩერებულან. მაგრამ მათი ეს მუხტი საერთოდ არ მოქმედებდა დანარჩენ ხალხზე, ძირითადად ჩუმად რომ ისხდნენ და ხიფათის დროს თუ წამოიწეოდნენ სკამიდან და რაღაცას ემოციურად წამოიძახებდნენ.

ლიონმა ჩემდა გასაკვირად მთელი 90 წუთის მანძილზე ვერაფერი ღირებული ვერ შექმნა (არადა გუშინ აგერ რეალს მოუგო 1-0), ტულუზელები უფრო ყოჩაღად გამოიყურებოდნენ. თამაში კი უგოლო ფრით დამთავრდა და შესაბამისად საკმაოდ ცუდი საყურებელი იყო. მოკლედ არ გაგვიმართლა.

სხვა რა ხდება აქ?! ისეთი არც არაფერი, მომავალ კვირიდან ტესტირებები გვეწყება და ვზივარ ვმეცადინეობ. ინგლისურად სწავლა საკმაოდ დიდ პრობლემას ქმნის, ჯერ ისეც არ ვიცი ენა იდეალურად, მერე ათასი უცხო ტექნიკური სიტყვა გხვდება კაცს (ავიაციის სპეციფიური ტერმინები, ფიზიკის და ა.შ.) ტვინში ერთი დიდი დომხალია. კურსი საკმაოდ ბევრის მომცველია, დრო კი ცოტა და გვატენიან ყველაფერს ერთად. მერე კიდევ ფრანგულის გაკვეთილებს გვიმატებენ, დილის რვა საათზე გამოლენჩებული სიფათით ვუყურებ მასწავლებელს, რომელიც ტყუილად მეხვეწება ჩემთვის გაუგონარ ბგერების გამოთქმას.

ცოტას წვრილმანებსაც ვიტყვი: მაგალითად, ერთ-ერთი ჩემი ჯგუფელი კარლსრუედან არის, ხოდა ჩვენებური იაშვილი გაიხსენა – ჩვენი გუნდის კაპიტანიაო, კაი ფეხბურთელიაო, მაგრამ რათ გინდა, დანარჩენი ათი კაცი არაფრად არ ვარგა და წვალობს მარტოო. მერე კიდევ რა ამბავია, აქვე სუპაეროს ( თუ სწორად გავიგე ამათი ფრანგული აქცენტიდან) უნივერსიტეტია, თვითმფრინავების შესახებ ყველაფერი ისწავლება: ინჟინერები, პილოტები და რავი კიდევ ვინ არ ხდებიან, ვინც ამ სასწავლებელს ამთავრებს. ხოდა ერთ-ერთმა ლექტორმა მოგვიყვა MIG-15 კონსტრუქტორები მიკოიანი და გურევიჩი სწორედ ამ სუპაეროს სტუდენტები ყოფილან. მიგის სახელიც ამ ორი პირის გვარებიდან წარმოიქმნა.

კიდევ რა ხდება, გუშინ ლიგის მატჩის საყურებლად ირლანდიურ პაბში წავედით. მსგავს ატმოსფეროს თბილისში არც შევსწრებივარ. არაფერი სჯობს მასეთ გარემოში კარგი ფეხბურთის ყურებას, რა თქმა უნდა, კარგი ლუდის ფონზე. ერთი რაც არ მესიამოვნა, ეს მილანის წაგებაა. იყო გახარებული ჩვენი მანჩესტერელი ჯგუფელი თავის გუნდის გამარჯვებით, რომელიც სხვათა შორის გვარად ნიუტონია. კი, კარგი ბიჭია, მაგრამ ჭკუით და ცოდნით, არ მგონია, თავის ცნობილ მოგვარეს უტოლდებოდეს.

დანარჩენი მერე იყოს…

ფრანგული სალამი

ჩვენებურების მისალმების ცერემონიალი მეჩვენებოდა მომაბეზრებლად, ორი დღის უნახავ მეგობარსაც დიდის ამბით რომ გადავკოცნით ხოლმე და მისალმება და დამშვიდობება თურმე აქ უნდა ნახო:

დიდის ამბით ჯერ ერთ ლოყას მიუშვერენ ერთმანეთს, მერე მეორეს, ისე არ შეხვდებიან და დაშორდებიან, ეს რიტუალი არ ჩაატარონ. მეგობარს ვინმე რომ ახლდეს, თუნდაც შენთვის უცხო, მიღებულია ისიც ასე დიდის ამბით, გულითადად გადაკოცნო. უნდა ნახო ზოგი საერთოდ ორჯერ, სამჯერ რომ იმეორებს ამ ორმაგ გადაკოცნის რიტუალს და არის ხოლმე ქუჩაში ერთი თავის ბზრიალი და ჩაკოცნა, შორიდან ძაან სასაცილოდ გამოიყურება ეს ყველაფერი :))

ხოდა საღამოა, ქალაქის ცენტრში მოვსეირნობ, უკვე მეტროში უნდა ჩავიდე და სახლისკენ გამოვწიო. ერთ გოგოზე შემრჩა თვალები, სიგარეტს ეწევა, მაღალ, კოხტა ფეხებზე დგას, ლამაზი შავი თვალებით, მომხიბლავი პირსახის, სწორი გრძელი შავი თმა ლამის წელამდე წვდება, კისერი მომეღრიცა.

ბევრი აღარ მიფიქრია, დამტვრეული ფრანგულით მოვუბოდიშე და ინგლისურზე გადავედი, რაღაც სულელური კითხა დავაბრეხვე. ამოვისუნთქე გაუგებარი უხერხული ღიმილის ნაცვლად გამართული პასუხი რომ მომცა.

გოგო ინგლისურის მშვენიერი მცოდნე აღმოჩნდა, საუბარში ფრანგებისთვის დამახასიათებელი ოდნავი კილოც კი არ დაჰკრავდა და ჩემზე გამართულადაც მეტყველებდა.

ნუ მეგობარს ელოდებოდა, სახელი ვკითხე და რა თქმა უნდა ორ წამში დამავიწყდა – უცნაურად ჟღერს მათი სახელები და რავუყო. ამავე დროს ჩემს მეხსიერებასაც რომ ვერ აქვს მთლად კარგად საქმე.

ხოდა ორი წუთიც არ გასულა, რამოდენიმე სიტყვა გავცვალეთ და ვიღაც ჩემზე ერთი თავით მაღალი გოგო წამომადგა ზურგიდან, – ” bonsoir !! “, თავის დაქალის ნაცნობად მიმიღო და სანამ აზრზე მოვედი ერთ ლოყაზე უკვე ნაკოცნი ჰქონდა, დიდად არ გავაპროტესტე და მეორეც მშვიდად მივუშვირე, თან დავამატე – “უცხო ვარ, უბრალოდ რაღაც ვკითხე შენს მეგობარსთქო”.

– “Oh, I’m sorry..”
სიტუაციის კომიკურობით პირი ყურებამდე მქონდა ალბათ გახეული,
– “Don’t worry, It’s ok”, – ქართულ “სულგრძელობით” მივუტევე დაშვებული “შეცდომა”..

ღიმილი წამში შემახმა პირზე. ახლადგამომცხვარმა ჩემმა “დაქალმა” – აბა ჩვენი წასვლის დროაო. არც გულით ნათქვამმა კომპლიმენტმა გაჭრა :)), ღიმილით მადლობა მომიხადა, ბედნიერი მოგზაურობა მისურვა საფრანგეთში და გატრიალდა.