მაისი..

11
ტრასა ცარიელი, ავტოპილოტს სტაბილური სიჩქარე უჭირავს. ოთხი საათი გავიდა ბათუმს რომ ვუწიეთ. ოთახში შევლაგდით, დაღლილებს მიგვეძინა. ქალაქი ცოცხალია, თბილისს ვერც შეადარებ, ნაკლებ გაგეჩხირება თვალებში ის რეალობა, რასაც თბილისში ასე შევეჩვიეთ (ან ვერ შევეჩვიეთ).

ვერ გაიგებ – თან ეს საოცრად გჭირდება, ცოტა გონება გამოიბერტყო ამ ბოლო პერიოდის სტრესისგან, თან, რისთვის არის ყოველივე ეს?! თუ არ დავიცავით, ვახანგრძლივებთ კიდევ ასეთ რეჟიმს. ფაქტი კი ფაქტია. ბათუმი ბევრად მოშვებულია. ტურისტიც ირევა ასე თუ ისე, რიგი თავზეხელაღებული ზღვისაც უბედავს და არცთუ თბილ ამინდში რუჯის მოკიდებას ცდილობს.

მეორე დღეს – “ავიდეთ ჯაბნიძეებში?!”, სხვა რა საქმე გვქონდა – დავადექით მაღალმთიან აჭარის გზას. ბუნება სწრაფად იცვლება, ზღვას მთა ენაცვლება.

ბოლო რამდენიმე კილომეტრი მობეტონებულ ბილიკზე მივღოღავთ, ალაგ უბრალო გრუნტის გზაც გამოერია. სახლი სადღაც სამყაროს კიდეში, მთის კენწეროზეა წამომართული, ზევიდან დაყურებ არემარეს. კაშკაშა მზეს მალე ღრუბელი ენაცვლება, როგორც ეს მთას სჩვევია და ჭექა-ქუხილის ყრუ, გრუხუნა ხმა არღვევს იქაურობის სიმშვიდეს.

ოთახში მივწექით, მივიძინეთ. სხვანაირად ტკბილი ძილი მოცოცავს უბრალო ხის სახლში, ჩიტების ჭიკჭიკის ფონზე. ღია კარებში გრილი, სასიამოვნო ნიავი უბერავს.

სანამ ისევ დაბლობში დავეშვით, სახელდახელოდ დაბზრიალდა მეზობლად მასპინძელი – იქაურობას ადამიანი იშვიათად სტუმრობს, უცხო სახის ხილვას დანატრებულია ადგილობრივი ასაკშეპარული მკვიდრი.

მძიმე ალკოჰოლი მომენტალურად მოქმედებს, ვეღარ იტყვი – ფხიზლად ვარო. თითოეული კერძი კი უსაზღვროდ გემრიელია. წამი ჩერდება, ბედნიერებაც იქვე ახლოში მიდი-მოდის. როგორი გაძარცვულია ამ ადამიანების სიალალისგან ის სამყარო, სადაც ვცხოვრობთ – მოასფალტებულ გზებსა და ბეტონის კედლებში. მაინც დავუყევით დაღმართს და ისევ ნაცნობ მტვრიან ქალაქს შევერიეთ.

კიდევ ერთი დღე მიილია და უკვე უკუგზა თბილისისკენ. ისევ მოცოცდა წვრილმანები..

ფეხით გავისეირნე, ნაცნობ იპოდრომს ვეწვევითქო. წამი მაინც გაოგნებული ვიყურებოდი, თითქოს ადამიანი კი არა მოჩვენება მოდიოდა.

ცოტა ფეხით ჩავისეირნეთ. სიცივე.

მაინც ჩავედი იპოდრომზე – პინკი გადამეყარა, საუკუნე არ მინახავს, ან ვნახე, მაგრამ წამიერად. პინკი კიდევ მთელი სამყაროა, ასე უცებ გაგიჭირდება მისი შეცნობა. ლუდს ხასიათი მოყვა, სახლში ამიპატიჟა.

სასმელთან ერთად მისი ენერგია გადმოიღვარა, წამი არ იყო სიტყვის გარეშე, თრობა ნელნელა მიწას მაცლიდა, მაინც ავიჩემე – სახლში უნდა წავიდეთქო. არადა გონივრული იყო მის შემოთავაზებას დავთანხმებულიყავი და იქვე ცარიელ ოთხაში გაშლილ (ანაც გაუშლელ) საწოლზე თუ დივანზე წამოვკოტრიალებულიყავი.

გზა იყო გრძელი და ფეხი არეული, არაერთხელ ვუთხარი თავს – რას აიჩემე წასვლათქო. ბოლოს მაინც გაილია ეს გზა და მეძინა ღრმად და ყოველგვარი შეგრძნების გარეშე..

ისევ ამოიწვერა მზე – ვერ ვიტყვი რომ რაიმე განსაკუთრებული განწყობით ვეგებები დილას, ან არცთუ დილას – ჩემი გაღვიძება ცოტა აგვიანებს ხოლმე…