კოლორადოს მთებში

აეროპორტი ისევ, გზა დენვერისკენ.

შენობაში ყველაფერი ადამიანზე მორგებული. მოსაცდელი სკამების ნაცვლად ინდივიდუალური სივრცეები – მონიტორს დაასკანირებ, ონლაინ შეკვეთას გაამზადებ, ბარათის მონაცემს შეიყვან, გადაიხდი და 15 წუთში მოგიცუნცულებენ ყველაფერს – მინიმალური შეხება პერსონალთან.

ბორტი ავადსახსენებელი ბოინგ მაქსი იყო, პრობლემის გამო ლამის ორი წელი რომ აიკრძალა ამ ტიპის ხომალდით ფრენა, სანამ უსაფრთხოების საკითხის გადახედვა, შესწორება არ მოხდა და ხელახალი რესერტიფიცირება.

პირველი წუთები მაინც ცუდი გრძნობა იყო, სანამ მიწას არ მოწყდა თვითმფრინავი და დაღლილობამ ძილის რეჟიმში არ გადამიყვანა.

დენვერის აეროპორტში გიო მელოდებოდა. რვა წელი არ მენახა ეს ადამიანი. საათი კოლორადო სპრინგსისკენ მიმავალ გზაში გავლიეთ და სახლში მისულებმა პირდაპირ საძინებელს მივაშურეთ. რამოდენიმე საათში ხომ ფეხზე უნდა ავმდგარიყავით და ფერმისკენ წავსულიყავით.

დილის ექვსი საათი, მზე ჯერაც არ ამოწვერილა. დავადექით ისევ გზას. ნელ-ნელა მთიან რეგიონს შევუყევით.

დაგრეხილი გზა, უცხო გარემო და ფერები. მერე ზეგანზეც გავივაკეთ, აქეთ-იქით მთათა წყება რომ მოჩანს ჰორიზონტზე შორს-შორს. იშვიათად პატარა დასახლებულ პუნქტებს გავდივართ, მინდვრებში კი სოკოებივით ამოზრდილა საცხოვრებელი მანქანა-ვაგონები.

ამ სტეპების ამაღლება კი არის 2000 მეტრი და შესაბამისად დაბალი ეკლოვანი ბუჩქების გარდა სხვა ბევრი არც არაფერი ხარობს.

ფერმას ვუწიეთ, ამოვბარგდით. გიომ სამუშაოებს დახედა და ისევ გზას გავუყევით. რიგი მასალები იყო საყიდი და ამხელა მაშტაბებში სინამდვილეში მაღაზიაში “გარბენა” ორასი კილომეტრის იქით და მერე ისევ უკან გავლას ნიშნავს.

ჩემთვის ამ ყველაფერს ექსკურსიის ელფერი დაჰკრავდა და არც არაფერი მქონდა დასაჩივლი – ხედების ცქერით ვტკბებოდი და ფისტას ვაკნატუნებდი. გზა ამჯერად მცირე კანიონის ძირში მიუყვება რელიეფის გრეხილს.

საქმეები მოვილიეთ, ხელოსნები გაიკრიფნენ, მივლაგ-მოვლაგდით და ამასობაში დღის სინათლეც მიილია. გრილზე სტეიკი აშიშხინდა. სახელდახელოდ ამოთხრილ ორმოში ცეცხლი გიზგიზებს. გათოშილ სხეულს კი ვისკის ყლუპებით ვაცოცხლებთ. კონტეინერზე ავფორთხდით და კისრები ზევით წავიგრძელეთ. ცა ვარსკვლავებითაა გადაჭედილი. წამი არ გავა, ერთ-ერთი არ “მოწყდეს”. სრული მდუმარებას შორს ხანდახან კოიოტების ხმა თუ არღვევს.

მეტი სურეალიზმი რაღა გინდა?! – ორი მეგობარი, ბათუმში და თბილისში დაბადებული და მერე ბავშვობიდან თანაშეზრდილები, სადღაც კოლორადოს ტრამმალებში ცეცხლის წინ ვისკის ვუჭახუნებდით..

სხვა კონტინენტზე 3

საღამოს მანჰეტენი. ლამის უკვე ნაცნობ ქუჩებს მივუყვები. ჯიბეში ბილი კობემის წარმოდგენაზე დასასწრები ბილეთი “მიდევს”… ჩემს მობილურში, ელექტრონული ბილეთი ანუ. დილით უბრალოდ დავძებნე და რა შოუც ჯერაც არ იყო ამოყიდული და შეიძლებოდა დასწრება, ის ვიყიდე.

აქამდე, თქვენი არ იყოს, არც მე ვიცოდი, ვინ არის ბილი. კაცი თურმე შორეულ 60-70 წლებში მაილზ დევისის დრამერი იყო. მუსიკაზე უფრო, ეს ის შემთხვევაა, გარემო რომ მაინტერესებდა, რადგან მერე გადაქექილ ვიდეოებში მისი მუსიკით დიდად არ მოვიხიბლე.

სონი ჰოლიც არაა ბლუ ნოტი, მაგრამ მაინც, დიდი ისტორიით – 1938 წელს რომ გახსნილა და სხვადასხვა ფუნქციას – კლუბი, თეატრი, სცენის ეს რამოდენიმე ათწლეული წელი ითავსებდა.

თეატრივით დარბაზი, გადაძეძგილი მინიატურული მაგიდებით. ხალხი შემოსხდომია და გემრიელად ილუკმება. არის ერთი ყაყან-ხარხარი, ჭიქების წკარუნი. მე ვიღაც კლასიკურად გამოწყობილ ბიძას მიმისვეს საზიარო მაგიდაზე. და მიმტანი რომ მოვიდა, ორივემ ცალ-ცალკე მოვახსენეთ, ანგარიში ერთად არ გვიანგარაშოთ, პირველად ვხედავით ეს ადამიანები ერთმანეთს-თქო. დიდი უჟმური ტიპი ჩანდა და ისე ჩაიარა შოუმ, ხმა არ გაგვიცია ერთმანეთისთვის.

გვერდზე შეტყუპებულ მაგიდაზე ექვსეული მხიარულობს. გავხედე და ედი მერფი ამერიკაში რომ ჩადის და საპარიკმახეროში სცენაა, ზუსტად მასეთი ტიპაჟები შემრჩნენ. კიდევ იქით, ვიტყოდი, მთლად რეი ჩარლზი ამშვენებს დარბაზს.. ნუ ასე ვიტყოდი, მკვდარი რომ არ იყოს ეს კაცი.. ალბათ მისი ორეული, ესეც ბრმა და ჩამუქებულ დარბაზში დიდი შავი სათვალით. მუსიკას რომ რითმულად აყოლებდა თავს და იგრიხებოდა.

აფრო-ამერიკელების არცთუ ხმადაბალი ხორხოცი და ლაპარაკი ავსებდა იქაურობას, გაწელილ, დარბილებულ, მუსიკასავით აღმავალ-დაღმავალ ტემბრს ვისმენდი და თავი ფილმში მეგონა – აქამდე ხომ ეს აქცენტები მხოლოდ ჰოლივუდურ კინო-სერიალებში მაქვს მოსმენილი – yooooo, maaaaaaan… მერე კი მუსიკოსებიც დადგნენ სცენაზე და აი დრამმა გემრიელად დაცხო, მაგრამ საქსი და კლავიში, არც ჟღერადობამ მომხიბლა და არც იმ გაუთავებელმა ფრაზებმა, ჩემთვის უფრო სპორტთან რომ ასოცირდება, ვიდრე მუსიკასთან. გათვლა ტექნიკაზე, სისწრაფეზე, მაგრამ არამც გემოვნებაზე.

ვერც ორ ჭიქა ჯინმა უშველა, ალბათ მინიმალურ ალკოჰოლს რომ გირევენ სასმელში, სიფხიზლის დასაძლევად რაც შეიძლება ბევრი რომ შეუკვეთო… გამოვედი გარეთ. მეთქი, იქნებადა მე ვახურებ.

ასე სპონტანურ კომუნიკაციას აქ უკვე არაერთხელ შევეჩეხე და ამჯერადაც ჩემთვის მყოფს, სანამ მოვიფიქრებდი, სახლისკენ როგორ წავსულიყავი, ვიღაც გოგო მომადგა და თითქოს მანამდე უკვე ბევრი ვისაუბრეთ, პირდაპირ, შესავლის გარეშე თავის ემოციების გადმოლაგება დაიწყო… და თქვა ის, რაც მე აქ ზევით უკვე დავწერე… “ესე იგი, არცთუ ისე გავახურე…” – ვფიქრობდი ჩემთვის..

ავტობუსი, საათნახევარი გზა.. რომელიღაც გაჩერებაზე მელოდა ნინა. “მძღოლს კითხე, არ გაცდეო”. ბოდიშის მოხდით, “არ ვარ აქაური…” (რატომღაც რომ გაკვირვებოდა), ერთი ვთქვი და რომ მოაღო მძღოლმა პირი.. რამოდენიმე გაჩერება გაუჩერებლივ მელაპარაკა… გამომკითხა ყველაფერი – მართალია ბოლომდე მაინც ვერ მიხვდა, სადაური ვიყავი, მაგრამ მაგას ხელი არ შეუშლია საუბარი ხალისიანად გაეგრძელებინა. იტალიელი მიგრანტი ტინო, სიცილიიდან..

– “next time you jump in this bus.. ill give you free ride..”

მართლა არ ვიცი რით დავიმსახურე მისი ეს კეთილგანწყობა.. მაგრამ მარტო მე კი არა, კაცი არ ჩასულა ბოლოსკენ ისე, ეს ჩვენი ტინო რომ არ გამოლაპარაკებოდეს. სანამ კარი გაიღებოდა და მგზავრი იმ ორ ნაბიჯ კიბეს ჩაადგავდა, ტინო უკვე ასწრებდა ეკითხა, საქმეები როგორ მიდის, ხომ ყველაფერი კარგადაა, სადილად რა მიირთვა და ვახშმად რა ექნება…

და ზოგადად ხალხი – კი, დიახ, თუნდაც ეს ზედაპირული იყოს მხოლოდ, ეთიკეტის დამცველი, კეთილგანწყობილი. მადლობას რაღაც წვრილმანზეც ისე გულიანად მოგიხდიან, თითქოს აქამდე არნახული დიდსულოვნებას წააწყდნენ და ამით აღფრთოვანდნენო..

ვერაფერს იტყვი – არაა ურიგო.

შაბათი კი.. გავიღვიძე და მივხვდი უკვე სადმე წასვლა მაგრად მეზარებოდა…

ზანტი დღე გავატარე, წვრილმან საყიდლებზე, აქვე “უბანში” რომ გავიარე…

და რახან ჰელოვინის პერიოდია, იმასაც მოგიყვებით, მეზობლად სახლის ეზოში კაცს ისეთი ატრაქციონი აქვს მოწყობილი, სხვადასხვა საშინელებათა ფილმების “გმირების” თოჯინები, განათებებით და ხმოვანი ეფექტებით… საქართველოში მასეთს რომ გადავეყარო სადმე, სანამ გავიაზრებ რა ხდება, შიშისგან შეიძლება ცოტა გამეპაროს კიდეც… აქ კი ჰელოვინია და ასეთი მასკარადიც ჩვეული ამბავი..

დღეს ტროტუარზე გრძელი რიგიც კი იდგა, ადგილის მონახულების მსურველების. არ ვიცი ეს როგორ ხდება, ანუ უბრალოდ კერძო ტერიტორია – მასპინძლები რიგს აწესრიგებდნენ, ჭედვა რომ არ ყოფილიყო შიგნით.. მაგრამ მაგის გარდა საიდანღაც გზაზე განათებული ჯოხებით ხალხი საიდანღაც გაჩნდა, ვინც მომრავლებული მანქანების ნაკადს აწესრიგებდა, იქ ფურგონი ჩამოდგა და ბურგერების გაყიდვა დაიწყო.. მოკლედ ეს წყნარი უბანი ერთბაშად ასე ერთბაშად საოცრად გაცოცხლდა და მცირე ზეიმის კერად იქცა.. (მერე გავიცანი და 50 ათასი მაქვს ამ ყველაფერში მიხარჯულიო…)

მასპინძლები კი რა.. იდგა ერთი ყუთი და ამ თვალსასეირო ამბის მოწყობისთვის, სამადლობლად თუ გინდოდა, ცოტა დოლარებს შეწირავდი..

და აგერ წამოკოტრიალებული სანამ ეს ნაწერი მოვრჩი, ნინიმ შემძახა, შველა ჭირდება ამ ღვთისნიერ კაცსო. ხვალ წვიმაა პროგნოზით და მთელი ამდენი სათამაშო ღიაცისქვეშ განთავსებული დასველებისგან დასაცავად გადავფუთეთ. ესეც ჩემი პირველი “სამსახური” ამერიკაში… თუნდაც უბრალოდ მადლობაზე.

და ამ მესამე ნაწილსაც აქვე დავასრულებ… ისედაც დიდი ხანია დასაძინებლად მექაჩება თვალები.

ჩაო

სხვა კონტინენტზე 2

სახლისკენ წამოსვლის დრო იყო.. უკან იმხელა გზის ისევ ფეხით გამვლელი მე აღარ ვიყავი და მეტროში ჩავძვერი. მიმართულება ვიკითხე – ქვედა ლიანდაგზე უნდა ჩახვიდეო.

კარგი ვქენი, ბაქანზე კიდევ ერთხელ რომ დავაზუსტე – ეს მატარებელი ხომ “იქეთ” მიდისთქო და თურმე არა. პირველივეში რომ ჩავმჯდარიყავი, სადღაც ბრუკლინში ამოვყოფდი თავს. არადა სულ რამოდენიმე სადგურის გავლა მჭირდებოდა, ტაიმს-სქვერზე მოსახვედრად, საიდანაც ექსპრეს-ბასი სტეიტენ აილენდზე გადამიყვანდა.

ინდუსი გოგო დამეხმარა, ეს არა, შემდეგი მატარებელი გჭირდება, მეც მას ველოდები, გამომყევიო. თავი ვერ შევიკავე, მისი ძლიერი აქცენტით ცალსახა იყო მისი წარმომავლობა. მუმბაიდან აღმოჩნდა. მეთქი, თვეზე მეტი შენს ქვეყანაში მაქვს ნაბოდიალები, ქალაქები რომ ჩამოვუთვალე, ზოგი საკმაოდ არატურისტული და მიყრუებული ადგილებიც, აშკარად გაკვირვება აესახა სახეზე.

აბა როგორი იყოო.. არც მომიტყუებია – საინტერესო და თავგადასავლებით აღსავსე-თქო. დადებითად რომ დავუხასიათე, აშკარად ესიამოვნა, რადგან იქ ნამყოფი ხალხი ხშირად სხვა რამეზე, უფრო ნეგატიურ გამოცდილებაზე აკეთებს აქცენტს.

რამოდენიმე სადგური ერთად ჭორაობაში გავატარეთ, გამოვემშვიდობე ნატალის და ისევ ზევით ამოვძვერი ავტობუსის გაჩერების მოსაძებნად.

მძღოლიც ინდუსი შემხვდა, ბასლაინი გაჩერებამდე რამოდენიმე მეტრში უშნოდ გაჩერებულმა მანქანამ რომ გადაუხერგა, რომელიც, სამოძრაო ზოლი ისე იყო გადაჭედილი, ვეღარ ახერხებდა ბასლაინის გათავისუფლებას. ნერვული სიგნალები და ხუთი წუთი ამ კადრის შემყურე, სანამ მწვანე აინთო და მანქანები ცოტა არ დაიძვრნენ. დაღლილს არადა ერთი სული მქონდა, სავარძელში ჩავშვებულიყავი.

გზა ჯერსი-სიტის გავლით მიდიოდა, ასე ამოვყავი სულ სხვა შტატში თავი – გვირაბში გავძვერი და მანჰეტენი ხელმარცხნივ მოვიტოვე. ღამის ნიუ-ორკმა კიდევ უფრო სხვა ელფერი შეიძინა – ნაძვისხეს რომ წააგავდა ეს აწოწილი გაბრდღვიალებული შენობები. ცა გარშემო რამოდენიმე ერთეულ ახლო-ახლო აეროპორტში დამფრენ-ამფრენი თვითმფრინავების გაბარიტული შუქებით იყო გადაჭედილი – მოკლედ სივრცე არ იყო, ადამიანი ხელი არ ყოფილიყო ჩარეული.

ჩემს გაჩერებას მივაღწიე და დამღლელი დღეც მასე გასრულდა.

და შემდეგი დილა ისევ იგივე გზა, უკან მანჰეტენისკენ და ქალაქში ჩაკარგვა.

ფეხით სიარულის დაღლა ნელ-ნელა მოცოცავდა, მაგრამ მაგას ვინ დაეძებს, როდესაც გარშემო ყველაფერი უცხო და ახალია. მზის ჩასვლის მომენტში ქალაქი განსაკუთრებულ ფერებს იძენს. მზის სხივები კორპუსებს შორის სადღაც პოულობენ ღრიჭოს და ალაგ-ალაგ არეს უფორმოდ ეფინება და იქაურობასაც სულ სხვა, საოცარ ელფერს სძენს.

9/11-ის მემორიალთან გავიარე. ტყუპების ალაგს ორი უზარმაზარი ფანტანია აწი მოწყობილი – საძირკველისკენ სადღაც უსასრულო სიღრმეში რომ ჩაედინება წყალი. მერე ბრუკლინ-ბრიჯზე გადავიარე ფეხით და სანდროს რჩევით იმ მცირე პარკში ამოვყავი თავი, საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება, ასე ფილმებში და ფოტოებზეც ეს კადრები უთვალავჯერ რომ გვინახავს. ცოცხლად კიდევ უფრო შთამბეჭდავია იქაურობა.

მერე ცოტა წავიხემსე, ბარსმიღმა პერსონალს ორჯერ რომ ვამეორებინებდი ნათქვამს.. ყური ჯერ ვერ შევაჩვიე აქაურ სწრაფ სიტყვა-პასუხს და აქცენტს..

შემდეგ ისევ ფეხით სამხრეთისკენ, ფერით გადაცურული ყურე, რომელიც უფასო და ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ატრაქციონია… ხალხი კამერა-ტელეფონებით გამოფენილი და უამრავი გადაღებული ფოტო.

ორი დღე გავიდა სულ და გრძნობა კი უკვე ისეთი მაქვს, თითქოს კვირებია აქ ვარ. ასეა, როდესაც დილით 7-8-ზე უკვე ზეზე ხარ და მერე საღამომდე ფეხით მრავალ კილომეტრს ფარავ. თვალისთვის და ყურისთვის ყველაფერი ახალი და ტვინს ამხელა ინფორმაციის გადამუშავება უჭირს კიდეც… ხოდა დღეს, პარასკევ დილას უკვე სახლში დავდე ერთი ადგილი – ცოტა განვიმუხტები და საღამოსთვის მოვემზადები..

ეს მეორე ნაწილიც აქვე დასრულდეს.

სხვა კონტინენტზე

ასე, როგორც მახასიათებს, ერთ დღესაც ავდექი და თვითმფრინავის ბილეთები ვიყიდე – ბევრი ფიქრი-დაგეგმვის გარეშე.

კადრის დეფიციტი სამსახურში და თითქმის მთელი წელი შვებულების გარეშე. ზაფხული არ იყო იოლი – დეტალებს აღარ მოვყვები.

18 ოქტომბერს ჩემი თვითმფრინავი თბილისის ასაფრენ ბილიკს მოწყდა და მოგზაურობაც ასე დაიწყო… ტრადიციულად სადმე გადაჯდომის თანხლებით.

ამჯერად სტამბოლს მიუნხენი ჩაენაცვლა.. შემდეგ ფრენამდე მთელი ხუთი საათი რომ მქონდა. გერმანელმა მესაზღვრემ – ვიზიტის მიზანიო?

– “Just to go outside on fresh air”

– “ah.. okeiii”- ხმა გაწელა და პასპორტი უკან გამომიწოდა..

აეროპორტის ტერიტორიაზე ყოფნას, ისევ შენობიდან გარეთ გასვლის შესაძლებლობა ვარჩიე და ასე “გადავკვეთე” ვირტუალური ევროპის საზღვარი.

და რამდენადაც მითხრეს… მაისიდან ეს ბედნიერება აღარ გვექნება – ვიზების დაბრუნებას აპირებენო.. მალე მოვა ეს დროც და გამოჩნდება, მართლაც ასე თუ მოხდა.

მანამდე კი… მანამდე ჯერაც დამღლელი გადაფრენის მოლოდინში აეროპორტის შენობასა და მის გარშემო სივრცეს შორის მოთავსებულ კარებში გავდი-გამოვდიოდი. გააჩნია, შენობაში უფრო მომბეზრდებოდა, თუ ცივ ჰაერზე, უსაგნოდ ასე ბოლთის ცემა.

მერე კი იყო ცხრასაათიანი წამება, აერობუს 340-ის ფუზელაჟში გამოკეტილი, ძილიც რომ ძნელად მეკარებოდა. იტალიელი ბავშვი მთელი გზა ყველა სხვა ჩვილის მსგავს ხმაზე ხმამაღლა ჩხაოდა და ჩაძინებულს ისევ რეალობას მაბრუნებდა… ბორტგამცილებელს მოწყენილობისგან საქმეში ჩემი მიშველება შევთავაზე – მანაც დიდსულოვნად გამომიწოდა ლანჩბოქსი – “ჯერ ეს ჭამე, მერე მელაპარაკეო..”

ისტორიაც მანდ დასრულდა… ფრენა ჯერ კიდევ არა.

გასავათებული ვიდექი საზღვრის დაგრეხილ კილომეტრიან რიგში.. გამიმართლა – მხიარული მესაზღვრე მერგო წილად. იღიმოდა და კეთილგანწყობით მისვამდა არცთუ დათვლად რაოდენობა კითხვებს.. რომ ვუთხარი – ნათესავთან ჩავდივარო, და ისიც ჩამეძია – კერძოდო.. დიდი ბებიები ვახსენე და დამცინა – ეგ რაღა ნათესავი გამოდისო. მართალიც იყო, ხო, უფრო მეგობრები გვეთქმის. მანაც კმაყოფილმა თავი დამიქნია, ჩემი პასპორტი მოიხელთა, დარჩენის ვადად 23 აპრილი 23 წლის კალმით შემოხაზა და აბა შენ იცი, ბედნიერი მოგზაურობა მისურვა.

აეროპორტი საკმაოდ მოძველებული შენობა დამხვდა. დათოს მოლოდინში სულ ერთეული სკამი თუ იდგა, ფეხზე რომ არ ვმდგარიყავი, ჩემსავე ბარგზე ჩამოვჯექი. ვიღაც ქალი მომადგა, ასე ნუ ზიხარო, სკამისკენ მიმითითა. სად არის ადგილი-თქო, გადი მაშინ აქედანო. ვეღარ გავიგე, რა უნდოდა, გავეცალე თვალთახედვიდან. გარეთ წამი გავიდოდა და მორიგ ქართველს ვეჩეხებოდი. არ ველოდი, ამდენი თანამემამულე თუ ირეაოდა ამ არეში. რუსებზე აღარცაა საუაბრი – წყვილი გოგო მომიახლოვდა, დამტვრეული ინგლისურით კითხვის დასმას ცდილობენ. გულში ჩუმად გამეცინა – მათი გემი გამახსენდა.

მგზავრს მანქანებით აკითხავდნენ და დიდი ქაოსი და ორომტრიალი იყო – თვალისთვის ეს ყველაფერი ძაან ნაცნობი – დიდად რომ არ ჩამოგვრჩებიან ტარების “კულტურაში”.

მერე დათოც მოვიდა და შევუყევით ბრუკლინს, შემდეგ ხიდიც გადავიარეთ და კუნძულზე გადავედით. უძილობას და შიმშილს შორის არჩევანი დანაყრების სასარგებლოდ გავაკეთე. შხაპი და აქაური დროით თერთმეტ საათზე თავი რომ მივდე, სამყარომ არსებობა შეწყვიტა. ისე გავახილე დილაუთენია თვალი, ვერც ვიტყოდი, მეძინა, თუ გაღმა სამყაროს ვიყავი გამგზავრებული. ვერც ვიხსენებ, ბოლოს ასეთ ღრმა ძილს როდის მივეცი თავი. არცაა გასაკვირი ოცდაოთხსაათიან გზაზე ყოფნის ფონზე.

მზე ახალი ამოწვერილი იყო, ცნობიერი დამიბრუნდა. ცოტა აქაურობა დავზვერე ფეხით, მერე დარიგებებიც მივიღე და მეტროთი, რომელიც სინამდვილეში მიწისზედაა, მანჰეტენისკენ ავიღე გეზი. არხი დიდი გემით გადავცურე და ნიუ-იორკულ ცენტრს ფეხით ავუყევი.

დღის ბოლოს თხუთმეტ კილომეტრზე მეტს აჩვენებდა ნაბიჯმთვლელი. ცაში აწოწილი შენობები, მრავალი რასის ხალხი აღრეული, აქცენტები, ფერები, შუქნიშნები, გზაჯვარედინები, სირენები, ქუჩის მუსიკოსები… ქაოსი მოქცეული თავისებურ წესრიგში… და სიმწვანე, სიმწვანე ცენტრალური პარკის…

ასე ერთი დღის შთაბეჭდილებით ნანახის აღწერას ნაკლებ მოვახერხებ, სხვა დღეებსაც დაველოდები და ამ ჩანაწერსაც მერე მოვუბრუნდები.. და კოჭლი ტექსტის რედაქტირებასაც სამერმისოდ მოვიტოვებ…