***

მთელი ზაფხული ისე მიილია, ქალაქიდან სულ 3-4 დღით თუ გავედი.. გაზაფხული ისედაც სამსახურში საქმე ფაქტობრივად არაფერი იყო და როდესაც ივნისის მიწურულს შვებულება ავიღე, სინამდვილეში დასვენების ნაცვლად კვირის ჩვეული სამუშაო დღეები რაღაც პროექტის კეთებას დავუთმე.

ფინანსურად ამ საქმეს არაფერი სიკეთე მოჰყოლია, მაგრამ რაღაც ახლის სწავლას თავის ხიბლი ახლდა და თან რიგი კოლეგისთვის ამ ყველაფრის დასრულებას საკმაოდ დიდი მნიშვნელობაც ჰქონდა.

ხოდა ასე – შვებულება სამსახურში გავატარე.

ამ ყბადაღებულ ვირუსით ახალ რეალობას მოყოლილ სიცარიელის შევსებისთვის კი, მაინც ვერ დავუსხლტი და მორიგ თავგადასავალში ვდურთე თავი..

ამასობაში აგვისტომ გვიწია და სიჭინიომ რომ დამირეკა – ბათუმში ხომ არ წამოხვალო. მივხვდი, რომ ცოტა გარემოს შეცვლა არ მაწყენდა – თანხმობა მივეცი და ერთ-ერთ პარასკევის საღამოს გზაზეც მივსრიალებდით.

მერე იყო წვიმიანი შაბათ-კვირა – ცამ რომ პირი მოხსნა და ჩამოიქცა. ზღვას კი ასე შორიდან თუ გავხედავდი..

მაგრამ დაემთხვა და ადგილზე დაუგეგმავად ბევრი კიდევ სხვა მეგობრის გარემოცვაში ამოვყავი თავი, საღამოობით ბარებს რომ მოვედებოდით და ბევრს ვიცინოდით ხალისიან განწყობაზე მოსულები.

ორშაბათს მზემაც გამოანათა და ერთი დღე მაინც გავიშოტე ზღვის სანაპიროზე – ჩამავალ მზეს ვეფიცხებოდი და სასიამოვნო წამონაქროლ ნიავს ვუშვერდი ზურგს.. ასეთ მომენტში კი ჩემთვის დრო უბრალოდ ჩერდება და მეტი არც მჭირდება თავი მშვიდად და ბედნიერად ვიგრძნო..

მოვუბრუნდი თბილისს. სამსახურის გარემომ ისევ დიდი დოზით დაიწყო ცხოვრებაში შემოცოცება. რამდენადაც მიყვარს ჩემი იმ საქმის კეთება, რაც მევალება, იმდენად რიგი მომენტები ნერვების დაკაწვრის ფასად მიჯდება.

მაგრამ ეს ნერვების კაწვრა სინამდვილეში არც ისე მნიშვნელოვანია.. ვცდილობ უფრო სასიამოვნოზე ვკონცეტრირდე და განვითარების შესაძლებლობები გამოვიყენო.

ოქტომბერი.

თბილისისთვის უჩვეულოდ ადრე მოტყდა ჰაერი – საღამოობით უკვე ცდუნების წინაშე ვარ, გათბობა გადავატრიალო.. მაგრამ თან ვხვდები, როგორ მეზარება ზამთრის განწყობაზე გადართვა და ასე, ჯერ ვჯიუტობ და არ ვრთავ კარმის გამათბობელს.

არის რაღაც წვრილმანები, შეილება არც თუ ისე წვრილმანები, რაც ცოტა მბოჭავს და ველოდები როდის გაიხსნება კვანძი, ფინანსურად ყოჩაღად რომ ვიგრძნო თავი.. და მერე, რა გასაკვირი, ტვინში ათასი გეგმა მიბზრიალებს..

მაგრამ ამ სიტყვებზე დიდადაც ნუ მენდობით, რადგან მგონი ასეთ ფიქრებით ვარ, რაც სტუდენტობას მოვრჩი და მუშაობა დავიწყე – ყოველ ჯერზე რომ “მეჩვენება” რომ “აი ამჯერად კი გავაკეთებ”.. აღარ დავკონკრეტდები ამ “გასაკეთებელ” გეგმებზე..

ოთხშაბათის საღამო კი უბრალოდ კარგი იყო.