პირველი დღე

    სიცხე, ხმაური, ჩახუთული ჰაერი.. ლამპიონებს უამრავი მწერი ესევა.. წინ ჩვენი მძღოლი მიგვიძღვის, ჩვენ უკან მივჩაქჩაქებთ. როგორც იქნა პარკირების ადგილს მივაღწიეთ. მანქანით გზას დავადექით..

    უზარამზარი სივრცე გადავჭერით – დაგრეხილი გზები, გადაჭედილი რა სახის ტრანსპორტით აღარ, სიგნალის განუწყვეტელი ხმა, გაუგონრად გიჟური მოძრაობა. იმ მომენტში თავში კარგი არაფერი ფიქრი ტრიალებდა.

    ფიქრი კიდევ უფრო დამძიმდა, როცა სადღაც გარეუბანში ჩვენ დაჯავშნულ ჰოსტელს მივადექით. უბანი გარშემო მინგრეული – სად ტროტუარი იწყება, სად შენობა, სად გზა, ვერ გაარჩევ. ყველაფერი ერთმანეთშია აზელილი. ჭუჭყი, სიბინძურე, ხალხი ტარაკნებივით დაბუჟღაობს.

    ჰოსტელში შევედით, რა გითხრათ – ძველი საავადმყოფოს ოთახებია გადაკეთებული, უბრალო ორსართულიანი საწოლები დგას. უკვე გვიანი იყო, ცოტა “სასტუმროს” პატრონს ვესაუბრეთ, მერე წყალი გადავივლეთ და ჩვენს საწოლებში შევიყუჟეთ.

    კოკას სახეზე ვერ შეატყობდი კაცი რას ფიქრობდა, მე კი კაი მძიმე განწყობაზე დავდექი. ყურსასმენი გავირჭვე და თავს ასე ვუშველე – მუსიკის სმენით ძილი მალე მეწვია.. წინ 36 დღე გველოდა.

ინდოეთი?! რატომაც არა!

    ღამის სმენა. სამუშაო ზალში ვსხედვართ; კოკამ:
    – “ინდოეთში წავიდეთ?!”
    – “ინდოეთში?! რატომაც არა!”
    დაახლოებით ასე გაჩნდა ახალი იდეა.

    მანამდე მთელი ნახევარი წელი მე და კოკა ევროპაში მოგზაურობას ვგეგმავდით, მაგრამ ყოველივე ეს იმდენად ძვირი გვიჯდებოდა, ბოლოს დავფრთხით და საწყისი გეგმა ახალი აზიური ტურნეთი ერთხმად მარტივად ჩავანაცვლეთ.

    სექტემბერი იდგა, ვიზის ასაღებად ერევნისკენ ავიღეთ გეზი. იქ საინტერესო სამი დღე გავატარეთ. ამაზე ვრცლად მერე, სხვა დროს დავწერ. მოკლედ კი – ვიზა ჩაგვირტყეს, თბილისში მობრუნებულებმა პრევენციის მიზნით რამოდენიმე აცრა ჩავიტარეთ, სამგზავრო ბილეთიც დავჯავშნეთ და მოცდის მეტი აღარაფერი დაგვრჩენოდა.

    ერთი თვეც მიილია და 2011 წლის 8 ოქტომბერს ღამე ნამუშევრებმა პირდაპირ აეროპორტს მივაშურეთ.

    ჰარი – ალმაატის გავლით მიმავლებს გადაჯდომისას ეს ინდუსი კაცი ქართულად გამოგვეცნაურა – ოთხი წელია თბილისში (თუ რუსთავში?) ვცხოვრობო და რომ მოაღო პირი, აღარ გაჩუმებულა. მისი ჩიქორთული ქართული, ჩვენთვის დამახასიათებელი ჟარგონებით გაჯერებული, კაი სასაცილოდ ჟღერდა – დელისკენ მიმავალ რეისის მოლოდინში ის ერთი–ორი საათი მის სმენაში მალე მიილია.

    რას აღარ გადაწვდა – ინდურ–ქართული ისტორიები ერთმანეთს ენაცვლებოდა. საკითხავიც კია, რა უფრო საინტერესოდ მოსასმენი იყო – ინდუსის აზრი იდოეთზე, სადაც თვეზე მეტი უნდა გაგვეტარებინა, თუ საქართველოში მის თავზე გარდამხდარი ამბები. ბოლოს:

    – ” იცით? აი თბილისში უამრავი პიდარასტი ცხოვრობს, გატენილია ღამით ბარები.. ინდოეთში კი ერთს ვერ შეხვდებითო!” – სიამაყით ესეც კი განგვიცხადა. მე და კოკამ ერთმანეთს ღიმილით გადავხედეთ და მოგვინაებით კიდევ უფრო გვამხიარულებდა ჰარის “მიამიტური” სიტყვების გახსენება, როცა ინდურ გზამკლევში სხვა უამრავ ინფორმაციასთან ერთად ერთი ასეთი ფრაზაც ამოვიკითხეთ: – ქვეყანაში დაახლოებით 130 მილიონი ჰომოსექსუალიაო.

    დელის აეროპორტში ბარგს ლამის საათი ველოდეთ. მერე ჩვენ ახლადგამომცხვარ ინდოელ “ძმაკაცს” დავემშვიდოებთ – ნომერი ჩაგვაწერინა, თუ რამე დაგჭირდეთ, დარეკვა არ მოგერიდოთო (და ერთ მომენტში მისი თავი მართლაც გამოგვადგა), ქართულ ყაიდზე გადაგვკოცნა და თავის გზაზე წავიდა.

    ჩვენც ბარგი ავისხით, გასასვლელისკენ გავწიეთ. აეროპორტის შენობიდან ნაბიჯი გადავდგით. პირველი რასაც შეიგრძნობ ეს არის სიცხე.. სიცხე და ჩახუთული, საშინელად ტენიანი ჰაერი…

    გარეთ სახელებწაწერილი აბრით ჩვენი მძღოლი გველოდა..

შვებულებაც ასეთი უნდა..

ერთი წელი მოტრიალდა და მორიგ შვებულებამ ისევ ოქტომბრის თვეში მიწია.. შარშან ამ დროს ეგზოტიკურ ინდოეთისკენ მქონდა გეზი და მოსაყოლიც ბევრად მეტი იყო. წელს კი დასვენების ათიოდე დღე უკვე მიილია და თბილისის სახლის კედლებს შორს დიდად არ გავცელილვარ – როგორი საშუელებაც არის, ისეთივე დასვენება გამომდის.

პოლიტიკურად ცხელი შემოდგომა კი დაგვიდგა, თუმცა ამ თემაზე ტელევიზორი ისეც საკმაოდ ბევრს გვიყვება და მე ჩემ აზრებს და შეხედულებებს ჩემთვისვე დავიტოვებ, აღარ ვეცდები აქ გადმოვალაგო ის ფიქრი და განცდები, რაც ამ პერიოდის განმავლობაში მქონდა.

სხვა კი დიდი არაფერი არ ხდება – გავიღვიძებ, ცოტას წიგნს წავიკითხავ, სულ რომ არ გამოვშტერდე. მერე საავიაციო ინგლისურს გადავხედავ, იქაც დროს რომ არ ჩამოვრჩე, ვიხსენებ სპეციფიურ სიტყვებს და ჩანაწერებს ვუსმენ, ცოტაც ფრანგული ენის შესწავლას ვუთმობ დროს და ასე დღეც ილევა.

ამასობაში კი ლამისაა სამსახური მომენატრა (მუშაობის პროცესი და არა რიგი რაღაცეები, რაც ყველას ნერვებს უშლის). მაგაში უდაოდ გამიმართლა – სანტერესო პროფესიით ვმუშაობ, როცა სივრცე ფრენებით არის გადატვირთული (რაც სამწუხაროდ დღე–ღამეში სულ ორიოდე საათს თუ გასტანს ხოლმე).

ეს არის და ეს, გონებას ვქექავ, მაგრამ არც რამე მიმზიდველი ამბავი მახსენდება, რომ მოგიყვეთ.

აქვე დაგემშვიდობებით..