Barca & F1 – 3 (დასასრული)

ხოდა მივსეირნობთ მე და ივანაძე სანტანდერის ტრასისკენ. ჯიბეში ერთი ჯიგაროზა ირლანდიელისგან ფასდაკლებით “მხოლოდ” ას ევროდ ნაყიდი 170 ევროიანი ბილეთები გვიდევს და ვართ ბედნიერები. წინ ხომ ფორმულა ერთის რბოლაზე დასწრების სიამოვნება გველის!!!

გიორგა და მანჯგალაძე ბარსაში დარჩნენ ქალაქის დასათვალიერებლად, თან საფრანგეთისკენ მიმავალი ტრანსპორტის ამბავიც უნდა გაარკვიონ. ტულუზაში დაბრუნების პირვანდელი გეგმა უკვე ჩაშლილია – ვისაც უნდა წავეყვანეთ, იმას ავარია მოუვიდა.

ამ დროს ჩვენ უკვე ლამის ტრასას მივადექით – უწყვეტი ზოლი ხალხისა, ალონსოს ხათრით ლამის ერთიანად გადაწითლებული ფერარის დროშებით თუ მაისურ–კეპებით.

ბრბოში ერთი გალეშილი ტიპიური ბრიტი ანათებს, მაკლარენის ვერცხლისფერ მაისურში გამოწყობილა:

– Fuck Alonso! Fuck Ferrari, yeah!?

თან ილანძღება და თან “წითელ ბრბოს” წარმომადგენლებიდან ხან ვის, ხან ვის თვალებში გამომწვევად შესცქერის – აბა ერთი ვინ გაბედავს რამე მითხრასო! ესპანელები კი ამას ღიმილით უყურებენ – ვის ცხელა გადარეულ–გალეშილ მაკლარენის ფანისთვის, ყველა ალონსოს ტრიუმფის მოლოდინშია.

ხოდა ასეთი ამბავია და ზარი – ტელეფონს დავხედე, გიორგა მირეკავს:
– მატარებელი დილის მერე არაა, ბოლო ავტობუსი ხუთზე გადის, დროზე დაბრუნდით პასპორტები ოთახშია ჩვენი, უნდა მოვასწროთ უკან გაბრუნება (ოთახის გასაღები მე მაქვს).

– რაო რა მინდაო?! – ივანაძემ გადმომხედა,
– ჰმ, დროზე უკან გამობრუნდითო! – ირონიულად გამეცინა, რათ მინდოდა ივანაძის პასუხი, ისეც ვიცოდი, რა სიტყვები მოადგა ენის წვერზე.
– გიო, ახლა შანსი არაა ჩვენ აქედან გამოვბრუნდეთ.. – ყურმილის იქიდან სარალიძე აჭიჭყინდა, რას ქვიაო. მე აქ ტვინში კალკულაციას ვახდენ:

ერთის მხრივ ორ ბილეთში გადახდილი ორასი ევროა და ფორმულა ერთის ცხოვრებაში პირველად ცოცხლად ყურების სიამოვნება, მეორეს მხრივ სწავლების ერთი დღის გაცდენის არასასურველი პერსპექტივა. ბარსელონადან საკამოდ მოშორებით ვართ – მონტმელოში, მატარებლით მთელი ერთი საათია სავალი და თან იშვიათად დადის. უკან მიბრუნება უტოპიაა.

– ჩვენ შანსი არაა, უნდა წავიდეთ! – ჩამოაყალიბა თავის ზემტკიცე აზრი სარალიძემ.
– ჩვენც შანსი არაა, რბოლას უნდა დავესწროთ! – არანაკლებ მტკიცედ მოვახსენეთ ჩვენი გადაწყვეტილება.

სად წავლენ უპასპორტოდ?! ხვალე ყველა ერთად წავალთ, ეს ვთქვი და მეტი აღარც მიფიქრია ისედაც შებეზრებულ სარალიძეზე (ბოდიში მანჯგალაძევ), კონტროლიორს ჩემთვის ცხოვრებაში ყველაზე ძვირად ნაყიდი ბილეთი გავუწოდე (თუ აპარატში გავატარე?! სადღა მახსოვს მაგდენი).

ხო მანამდე ერთი ჰამბურგერის და კათხა ლუდის დალევა ლამის თბილისური სახინკლის ფასი დაგვიჯდა.

მერე იყო ავიაშოუ რეისამდე, ათასი ძველებური მანქანის მოდელის ჩასეირნება, ზედ წამოსკუპებული პილოტები, სურათების გადაღება და ყველაფერი ეს რომ მიილია რბოლის დროც დადგა.

პირველი ეფექტი ხმაა, ყურების საცობებსაც კი გირიგებენ რომ ბევრი ვერ უძლებს, ისეთი ხმაურია. სადაც ზიხარ, ზურგს უკან ახლოსვე გზის ერთი წილი დაკლაკნული მონაკვეთია – მუდმივად ყველა მხრიდან ბოლიდების წუილის ხმა გივლის გარშემო. მერე მერე ხმა კიდევ უფრო ძლიერდება და აი შენს მოსახვევში გამოვარდებიან ზემანქანები, წამებში სამასამდე სიჩქარეს რომ კრეფენ, მერე შენს ცხვირწინ კიდევ ერთი მოსახვევი, მძლავრი მუხრუჭი, მთელი რეისი ვერ იშორებ შეგრძნებას – “აი ახლა შეაჯდებიან ერთმანეთს და ბუტერბროტს გააკეთებენ”, ისეთი სისწრაფით უახლოვდება უკვე დამუხრუჭებულ ბოლიდს უკანა მადევარი, თვალის ერთი დახამხამება და მეორეც ადგილზე ქვავდება – მერე ისევ გაქანება და უკვე თვალს ეფარება ჩავლილი პელიტონი. დანარჩენს ცხვირწინ დადგმულ უზარმაზარ მონიტორებში უყურებ.

ივანაძის გულის გასახეთქად კარგად მიმავალი ჰამილტონს ბოლიდი მიელეწა, ესპანელების ფავორიტი ალონსო სულ მესამე ადგილს შეწვდა, ხოლო რბოლა ვებერმა მოიგო.

წამოვედი დამუხტულები, ჩვენი ქართველებისგან აღარაფერი ისმოდა, ანგარიშზე აღარც მქონდა დამერეკა. მერე მოგვწერეს ჩავედითო. ვახ?! გადავიდნენ საზღვარზე? რადგან მატარებლით მიმავალ მგზავრს პასპორტებს უმოწმებენ.

კიდევ ერთი ღამე გავათენეთ საოცარ ქალაქში. წესით მაგ დღეს ინმარი, ჩვენი გერმანელი მასპინძელი უნდა მობრუნებულიყო. მის სახლში სამი ღამე ისე გავათენეთ, კაცი თვალით არც გვინახავს. დილით ოთახი მივალაგეთ, გიორგას და დათოს დატოვილი ბარგიც ავისხით, გასაღები დაკეტილ კარის ქვეშ შევაცურეთ და სადგურისკენ წავედით.

რამოდენიმე საათი გზა, საზღვარზე პასპორტები შეგვიმოწმეს, კიდევ ერთხელ გავიკვირვეთ – აბა ის ხალხი იქით როგორ გადავიდა–ო. სერბერში მატარებელი გამოვიცვალეთ (სხვადასხვა სტანდარტია ლიანდაგის და ერთი მატარებლით ვერ მგზავრობ),
აღშფოთებული გრეგისგან მოკითხვის მესიჯიც მივიღეთ:
– Where are you?!–ო,
მინუსში წასული ანგარიშით ვერც ვერაფერი ვუპასუხეთ. მერე სამიოდე საათიც და “მშობლიურ” ტულუზას ჩავაღწიეთ.

პ.ს.
სარალიძე მანჯგალაძემ – ისაო ესაო, დაგვკითხესო, მერე სტუდენტური ბარათებით მონაცემები მოქექეს ჩვენიო, ვიზა ნახეს და გაგვატარესო. მაგრამ მათი იდუმალებით მოცული ისტორია, თუ როგორ დაიძვრინეს მესაზღვრეებისგან თავი, ჯერაც ფარდა აუხდელია. რაიცი “საწყლებმა” რა წნეხი განიცადეს და იქნებ არატრადიციული სერვისის შეთავაზებაც კი დაჭირდათ თავის გამოსაძვრენად – როდესმე იმედია მოყვებიან სიმართლეს 😀