Geo – Ita 18:17 (U20 rugby worldcup)

როცა ამბიცია გიჩნდება, ნელნელა მეორე ეშელონის ნაკრების სახელი მოიშორო და ითხოვ უმაღლეს დონის ნაკრებებთან მუდმივად თამაშის საშუალება მოგეცეს, ამ ამბიციის საფუძვლიანობა ყოველ ფეხის ნაბიჯზე უნდა ამტკიცო და აგერ, თუნდაც ახალგაზრდულ ნაკრებების დონეზე, ვეთამაშებოდით გუნდს, პირველ რიგში რომლის ელიტაშიც “ჩაჩოჩება” დაგვისახავს მიზნად..

ხოდა კი მოვიგეთ ეს ძაან პრინციპული შეხვედრა..

ხარვეზები იყო, თანაც უამრავი.. და ეს პირველ რიგში აუტების მოწოდებას შეეხება – კიდევ კარგი მეორე ტაიმში ეს კომპონენტი გამოვასწორეთ, თორემ ვინძლო შეხვედრაში სხვა შედეგიც დაფიქსირებულიყო.

ასევე გამოჩნდა დამრტყმელის პრობლემა – ძალიან ბევრი შესაძლო ასაღები ქულები გავანიავეთ. დიდი იყო რისკი, ეს ყველაფერი ძვირი დაგვჯდომოდა – შეხვედრა ხომ სულ ერთი ქულით მოვიგეთ!

როგორია?! სამი ლელოს ვერცერთი ზუსტი გარდასახვა ვერ მივაყოლეთ და ორი-სამი ჯარიმაც უშედეგოდ გავანიავეთ..

მაგრამ ეს ყველა ხარვეზი გადაწონა ბიჭების მონდომებამ, დაცვაში თავდადებულმა თამაშმა, შერკინებაში უპირატესობამ და რაც არ უნდა საოცარი ყოფილიყო ქართველი გულშემატკივრისთვის (და თანაც ძალიან სასიამოვნო), რიგ ეპიზოდებში ხელდახელ თამაშშიც მშვენიერი უნარები გამოვავლინეთ.. (ხშირად გვახსოვს ქართველების შესრულებით, ხელუკუღმა, სწრაფი “ამობრუნებული” პასები?!)

მესამე ლელო ხომ საერთოდ ნებისმიერ დონის მატჩს დაამშვენებდა, ისეთი ლამაზი ეპიზოდებისგან აიკინძა – აფრასიძის კარგი ამოგდება, გორგაძის გაქცევა.. ერთი, მეორე შებრუნებული პასი.. მერე ლობჟანიძე – მეტოქის შერკინების ხალხს ტოლი არაფერში დაუდო, იმდენს დაუსხლტა ხელის კვრით, იომა და კარგად ირბინა.. ისევ რაქი, ისევ აფრასიძე – ბურთი ერთი ფლანგიდან მეორესკენ უსწრაფესად ჩათამაშდა, მიმინოშვილის ფინტი და ეპიზოდის ლოგიკური დასასრული – სასწაული ლელო!!!

მოკლედ შეხვედრა უდაოდ მოიგო გუნდმა, რომელიც დღეს მოედანზე უკეთესი იყო და იმედია მომავალშიც იტალიის დარ გუნდებთან რკენაში წარმატებას ხშირი და კანონზომიერი სახე მიეცემა.

0:55 vs 1:0

footballბედად რაგბის ოცწლამდელების და საქართველოს საფუხბურთო ნაკრების თამაში ერთ დროს იწყებოდა და პირველ-მეორე არხზე არჩევანიც იყო, თუ რომელი გადმოცემისთვის გვეყურებინა..

რაგბის მატჩს ზურგს მსოფლიოს ჩემპიონატის სტატუსი უმაგრებდა და შეხვედრასაც უძლიერეს ზელანდიის ნაკრების წინააღმდეგ ვმართავდით.

საფეხბურთო კი, მხოლოდ ამხანაგური შეხვედრა იყო, მაგრამ ევროპის მოქმედ ჩემპიონთან – ესპანეთთან გვიწევდა ჭიდილი.

სულ ახლახანს ჯერ სლოვაკეთს დავეჩაგვრინეთ 3:1 და შემდეგ რუმინელებთან საერთოდ 5:1 გავცამტვერდით. მოლოდინიც შესაბამისად ნეგატიური იყო – წესით მორიგ სამარცხვინო მარცხს ვერ ავცდებოდით.

ხოდა რა გასაკვირია, არჩევანი რაგბის სასარგებლოდ გავაკეთე, თუნდაც იმის ფონზე, რომ მოლოდინისამებრ კუნძლელებმა გვარიანად დაგვჩაგრეს.

ზელანდიელები, როგორც კი ბურთს ხაზზე გაშლიდნენ, ჩვენი დაცვა ირეოდა და ლელოებიც ბლომად მივიღეთ.. ანგარიშიც ერთობ მსუყე – 55:0 დაფიქსირდა..

პოზიტივი კონკრეტულად ამ შეხვედრის ის იყო, შერკინებაში ხშირად დავჩაგრეთ მეტოქის რვაეული და ამით ჯარიმებიც გამოვიმუშავეთ, რაც პატარა საქმე სულაც არ არის.

თავისუფლად შეგვეძლო 9 ქულამდე მოგროვებაც, კარში რომ გვერტყა, მაგრამ ყველა კარგად იაზრებდა, ამ კონკრეტულ შეხვედრაში ქულებზე გამოკიდებას აზრი არ ქონდა – შეხვედრას მაინც წავაგებდით და ვცადეთ აუტში ბურთის გადატანით უკვე ხელსაყრელი პოზიციიდან სალელოედ შეგვეტია.

არ გამოგვივიდა.. აუტიდან მოწოდებულ ბურთს მოლში ზელანდილები ისე გვიჭედავდნენ, გამოტანას ვეღარც ვახერხებდით და იქით ვჯარიმდებოდით..

და იმ იშვიათ შემთხვევაში, როცა ხაზზე მაინც მოვახერხეთ ბურთის ჩათამაშება, ჩვენი ბექები ვერ ახერხებდნენ რაიმე გააზრებული კომბინაციის გათამაშებას – მეტოქე სწრაფად ამოდიოდა და ეფექტურად გვხურავდა..

პაუზების დროს შიგადაშიგ ფეხბურთზე ვრთავდი და 40-ე წუთზე ოქრიაშვილმა ესპანელებს გამარჯვების გოლი რომ შეუგდო, ისტერიული ხარხარი ძლივს შევიკავე.. როგორია?! ბოლო წლებში გასვლაზე გიბრალტარის უსუსტეს ნაკრებისთვის თუ გვქონდა მოგებული და აწი ვამარცხებდით ნაკრებს, რომელიც გასულ დეკადაში ორჯერ გახდა ევროპის ჩემპიონი და ერთხელაც მსოფლიოზე იბატონა..

თამამად შეიძლება ითქვას, მიუხედავად შეხვედრის ამხანაგურის სტატუსისა, ეს იყო ყველაზე დიდი გამარჯვება, რაც კი ეროვნულ ნაკრებს მოუპოვებია და ინტერნეტი გადაჭრელდა მხიარული, ცოტა ირონიით აღსავსე სტატუსებით.. მიდი და დაიძვრინე თავი ირონიისგან, როცა უყურებ, როგორ ცამტვერდება ნაკრები ხან ვისთან ხან ვისთან, და ამ დროს ევროპის ჩემპიონები საკუთარ მოედანზევე მივაყუდეთ..

და ფინალისკენ, რაგბის 55:0 წაგება და ეს საფეხბურთო წარმატება რომ შევადარო – ვის ახსოვს არა ოცწლამდელები? როცა 1:0 ესპანეთს მოვუგეთ? მაგრამ ფეხბურთელთა ეს გამარჯვება იყო სრულიად ამოვარდნილი ლოგიკიდან, ბურთი რომ მრგვალია და მართლაც რომ საოცრებების მოსახდენად იდეალურია სპორტის ეს სახეობა.. აქ არ იყო რაიმე მეთოდური მუშაობის შედეგად მიღებული შედეგი..

ნეტავ ვცდებოდე შეფასებაში, მაგრამ ზოგადად ბევრი რამე თუ არ შევცვალეთ ფეხბურთის სფეროში, საქმისადმი მიდგომა, დაწყებული უმცირესი დეტალებიდან, მომავალშიც რუმინეთთან წაგებულ 5:1-ებს უფრო ხშირად მოვიმკით, ვიდრე (ვიდრე კიარადა, საკითხავია, როდესმე კიდევ თუ გავისვრით ასეთ რეზულტატს?!) თუნდაც ნახევარ ესპანეთის დარ გუნდებთან გამარჯვებას..

rugbyდა ამ დროს გებევრათ რაგბისტთა ასეთი ანგარიშით წაგება?! როგორ ფიქრობთ, სადაც ახლა ჩვენი ოცწლამდელები თამაშობენ, ეს შემთხვევითია და ადვილად მოვიდა ყოველივე ეს? – მსოფლიოს თასზე თამაშის მოპოვებული უფლება?

მე გეტყვით რომ 10 წლის წინ ამაზე ვერც ვიოცნებებდით – მრავალი თაობის შრომამ და საქმის მეთოდურმა კეთებამ მიგვიყვანა აქამდე და ზელანდიელებთან თამაშის უფლების მოპოვებაც ამ საქმის კეთების შედეგია.. და მართალია კიდევ მრავალი წელი თამაშის ხარისხით მსგავს გუნდებს ვერც გავუტოლდებით, მაგრამ მთავარია განვითარების ეს ტემპი არ შევანელოთ და შედეგი მერე ნახეთ..

ხოდა იმის თქმა მინდა, ამ ბევრით ნოლის წაგების იქით სინამდვილეში მეტი პერსპექტივა მოჩანს რაგბში, ვიდრე ფეხბურთში, თუნდაც ესპანეთის წამოქცევის ფონზე…

თუ არ დამიჯერებთ, აგერ ბატონო ეს წერილი და წლების შემდეგ ამოვქექოთ :))

ისევ გზაზე

ახლა რომ შეგახედათ რა ექსტრემალურ პირობებში ვწერ ამ ბლოგს, უეჭველი გაგეღიმებათ – მე და კიბორგა ნიუკასლისკენ ვადგავართ უშორეს გზას – მარჯვენასაჭიანი მექანიკა, მარჯვენა მოძრაობა, უცნობი ტრასები – ვზივარ ლეპტოპით და ათასი ხელსაწყო მაქვს ფეხებში აბლანდული – კიბორგს “ტრაინიკი” აქვს აწყობილი და რა აღარ არის მიერთებული – თავად ეს ლეპტოპი, ლეპტობზე კი USB-ით ტელეფონები, ფოტოაპარატის და მობილურების ბატარეიკები და რათქმაუნდა GPS გზის გასაგნებლად.

ამათი არასტანდარტული შტეფსელების გადამკიდე სახლის პირობებზე ვერაფერს ვტენით და ვართ დახარბებული მანქანის ენერგიას :)) ნეტის გარეშე მიდი და გაიგენი გზა ამ დახლართულ გზების ჯუნგლებში.

გახსნილი მაქვს რაღაც სოფტი და გზას ვკარნახობ, როდის სად უნდა გადავუხვიოთ და ახლა ამის წერის დროს რამე თუ გამეპარა, ჩამოხრჩობას ვერ გადავრჩები – ისედაც ერთ ენაზე ვერ ვლაპარაკობთ მძღოლი-შტურმანი, ჯერ ვერ შევწყობილვართ, გზაც ბევრჯერ აგვერია და ვართ ასე დაძაბულ რეჟიმში :)))

გუშინდელი დღის მერე ხმის იოგები მაქვს დაწყვეტილი – ჩვენს გარშემო მსხდომი აკადემიური მაყურებელი რომ შევაწუხეთ გადაჭარბებული ემოციურობით – ბოლოს ნელნელა შემოგვეცალნენ და ხალვათად დარჩენილ სხვა ცარიელ სკამებს მიაშურეს – არადა როგორ გინდოდა წყნარად გვეყურებინა ჩვენი ნაკრებისთვის, ვინც ისტორიაში პირველად All Blacks-ს ეთამაშებოდა..

და ანგარიშით ისე დავმარცხდით, კაცი ვერ იტყვის სამარცხვინოდო – რასაც ქვია თავი რომ შეაკლეს კაჭიმ მოწინააღმდეგეს, ბეგომ მალაღურამ და სხვებმა.. და ამისთვის მადლობა ბიჭებს..

მაგრამ შეცდომებიც მწარედ ბევრი დავუშვით – ხშირად ვაგებდით საკუთარ შერკინებას თუ აუტს.. ლელოების ნახევარზე მეტი მარტივად დაცვაში ვერ გადავეწყვეთ დროზე და ფრთიდან ისე იოლად შეგვიტანეს ლელოები, ხასიათგაფუჭებული ყურებჩამოყრილები ვუყურებდით ამ ყველაფერს მე და უჩა..

ერთი კი ვიღრიალეთ გამარჯვების, წიკლაურმა ფეხით ბურთი რომ გაიგდო და გამათანაბრებელი ლელო შეიტანა.. მაგრამ რომ არა დაშვებული შეცდომები, იქნებ სხვა მომენტშიც გაგვეხარა ქულების მომტანი შეტევით..

მაგრამ ზელანდია რისი ზელანდიაა, ამდენი შანსი მოეცა ჩვენთვის – იქით მწარედ გვიტევდა და ყოველი მათი ბურთის მოხელთება ჩვენთვის ხიფათის შემცველი იყო.. იყო რადგან წიკლაურმა დადებული ლელოს იქით ბევრი ბოჭვა აფუჭა, აფციაურიც სუსტად თამაშობდა დაცვაში და გაილაღეს კუნძულელებმა ფლანგებზე..

მოკლედ საბოლოოდ 43:10 დავმარცხდით. მატჩის მოთამაშედ გორგოძე დაასახელეს, რასაც პუბლიკა დიდი ოვაციით შეხვდა, ვინც მატჩის დროსაც გვარიანად გვიჭერდა მხარს და ხშირად გაიგონებდი ხმაშეწყობილ შეძახილებს “ჯორჯა, ჯორჯა”…

მატჩამდე კი ქალაქში იყო ერთი დიდი ზეიმი, სხვადასხვა ნაკრების ფორმებში გამოწყობილ ათასობით გულშემატკივარში მაინც შავმაისურიანები ჭარბობდნენ. ალაგ ალაგ ჩვენი დროშაც ფრიალებდა, ხშირად ისევ ადგილობრივების ხელში.

ხალხი ერთობოდა, მხიარულობდა – სახელდახელოდ ქუჩაში ბურთაობა გაიმართა – ერთ მომენტშიც თავად რომ ვიხელთე და წამში უზარმაზარი ხროვის ქვეშ მოვადინე ზღართანი – “რაქიდან” ძლივს გამოაძვრეს ოვალი და მეც ტრავმებს გადავურჩი :)))

ბევრია სხვაც საწერი და სანამ მომკლა მანქანის მძღოლმა, წავედი ისევ შტურმანობას მივხედო..

GEO-TNG 17:10

Tkhilaishviliმე არ ვარ რაგბის ექსპერტი და ჩემი შეფასება ვერ იქნება ობიექტური, თუ დიდად კომპტენტური..

მაგრამ აგერ თავად რაც მახსენდება, რა შთაბეჭდილებაც დამრჩა ცხელ გულზევე დავწერ ამ შეხვედრაზე.

შეხვედრაზე რომლის მოგებაც უდაოდ ისტორიულია, რადგან პირველად გვეძლევა შანსი ტურნირის ჯგუფში მესამე ადგილი დავიკავოთ და ამით მომავალ მსოფლიოზე უკვე აქედანვე დავიბევოთ გარანტირებული ადგილი..

პირველი ტაიმი თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა და ჯერ ტონგელებმა გამოიყენეს საჯარიმო, ხოლო მერე მეკომ ასევე სამქულიანით უპასუხა.

მაგრამ მანამდე იგივე მეკომ ხელსაყრელი მომენტიდან ააცილა საჯარიმო და ეს იყო ცუდის ნიშანი, რადგან თუ მეკო ერთი აიჭრა, მერე აფუჭებს აბსოლიტურად ყველაფერს.. და გვახსოვს მისი ასეთი თამაშები – ერთი თუ არ წაუვიდა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი ლამის ნოლამდე ეცემა..

ერთ გაფუჭებულ ჯარიმას კი აუტში ვერგადატანილი ბურთი მოაყოლა და ტონგელებს სახიფათოთ შეტევის საშუალება მისცა, იმის ნაცვლად ჩვენ გადაგვენაცვლა მოწინააღმდეგის ნახევარზე.. და შემდეგ ვერც მეორე ტაიმში გარდასახა მორიგი საჯარიმო სასურველ სამქულად..

მანამდე კი ტაიმი მოვიგეთ, როცა მშვენივრად მოთამაშე გორგოძილამ რაქში ბურთი აიტაცა და პირდაპირ ძელებშორის დაამიწა.. ლელოს იოლი ორი ქულა მივამატეთ და ტაიმიც მასე – 10:3 მოვიგეთ.

თუმცა ზედ ტაიმის სასტვენის წინ მსაჯსაც უნდა ვუმადლოდეთ ტონგელებს გათანაბრების საშუალება რომ არ მიეცათ, კარგად შენიშნა წინ პასი, დიდი იყო შანსი მსგავსი მომენტი ელემენტარულად მხედველობიდან გაპარვოდა..

ტონგელთა აუტის შემდეგ ჩვენი დაცვა აირია და მოწინააღმდეგემ ბურთი კარგად შეაბრუნა შეტევის სიღრმეში და მეტოქის ფორვარდმა ისე დაგვალელოვა, კაციშვილს არ შეუშლია ხელი..

ფერი გადამივიდა და კიდევ ხომ რეფერიმ სამართლიანად შენიშნა წინპასი და ამით შესვენებაზე შვიდქულიანი უპირატესობით გავედით.

დაიწყო მეორე ნახევარი და შუატაიმში მეკომ ისეთი გაირბინა, რომ მთელი მისი ცოდვები ერთბაშად გამოისყიდა. ოცდაორთან ეს გარბენა კი შეაჩერეს, მაგრამ საპირისპირო ფლანგი მეტოქეს დაუცველი დარჩა, ჩვენებმაც დროზე გადაათამაშეს ბურთი და თხილაიშვილი სალელოვედ შეცურდა..

მეკომ ურთულესი ორი ქულა მიამატა ჩვენს მონაგარს და კომფორტული თოთხმეტქულიანი უპირატესობა შევიქმენით..

თითქოს მშვიდი ბოლო 20 წუთი გველოდა.. მაგრამ ვაი რომ ამ ოც წუთში იმდენი შეცდომა დავუშვით, ბარე მთელ თამაშს ეყოფოდა..

ჯერ იყო და წყნარად შეგვეძლო მეტოქის ნახევარზე დამკვიდრება, მაგრამ ჩვენი სწრაფი შეტევის დროს ნარიაშვილმა დაუფიქრებლად ბურთი უკან მოისროლა (არაფერი საჩქარო იმ სათამაშო ეპიზოდს არ სჭირდა) და მოედნის სიღრმეში ჩარჩენილ ტონგელს ჩაუგდო პირდაპირ ხელში… და ამას მოჰყვა ის საშინელი, ნერვიული ოცწუთიანი მონაკვეთი..

თამაში ქართველთა 22–ში დამკვიდრდა და ჩვენები სისხლის ფასად ახერხებდნენ მათ შეტევების გაჩერებას.. უდიდესი ნერვების ხარჯზე ხდებოდა ეს ყველაფერი. ბოლოს ტონგელები დაჯარიმდნენ და თითქოს უნდა ამოგვესუნთქა, მაგრამ მოედნის ცენტრში აუტი რატომღაც რისკიანად ბოლო კაცზე ავაგდეთ, დავკარგეთ და მეტოქემ ისევ ოცდაორში ამოგვკეტა..

ბევრჯერ დავჯარიმდით – მსაჯმა გაგვაფრთხილა: შემდეგზე უკვე ყვითელ ბარათს გიჩვენებთო. მაგრამ სანამ სინბინამდე მივიდა საქმე, ტონგელებმა მაინც მოახერხეს ლელოს დადება და სხვაობა შვიდ ქულამდე შემცირდა – ანუ მეტოქის მორიგი ლელო და გარდასახვა და მოგება ხელიდან გვეცლებოდა.. მითუმეტეს, რომ მორიგი ჯარიმა და მალევე მსაჯმა შეპირებული ყვითელი ბარათით თოთხმეტი კაცის ამარა დაგვტოვა..

აი აქ კი ძაან მძიმე დღეში ჩავარდით და გულში გამკრა კიდეც აზრმა, რომ შვიდი–რვა წუთი კაცნაკლულზე მეტოქის გაძლებას ვერ მოვახერხებდით..

მოხდა სასწაული – უკანასკნელი ძალები მოვიკრიბეთ და კიდევ იქით შევუტიეთ, ჩვენ შერკინებაში ტონგელები დავჩაგრეთ და საკმაოდ ხელსაყრელი ადგილიდან ჯარიმის დარტყმის საშუალება მოვიპოვეთ.. მაგრამ რათ გინდა?!

მეკო ყვითელი ბარათით გაძევებული იყო და ბურთთან მალაღურაძე მივიდა:

საკმარისი იყო ეს სამი ქულა მოგვეპოვებინა და ისევ კომფორტულ სხვაობას შევქმნიდით – მეტოქეს 10 ქულის გაქვითვა იმ მცირე დროში ნაღდად გაუძნელდებოდა.. მაგრამ ისევ უხეიროდ დავარტყით ჯარიმა და მატჩის ბედი კვლავ სათუოდ დავტოვეთ..

დავიძაბეთ, მეტოქე ისევ 22–ში შემოვუშვით და ისევ საოცარი თავგანწირვის ხარჯზე ხაზის გაჭრის საშუალება არ მივეცით და ზედ ბოლო წუთზე იქით ტონგელები დაჯარიმდნენ – წამები და უნდა მორჩეს თამაში.

ისევ გაუგონარი გადაწყვეტილება – საკმარისი იყო სულ რამოდენიმე წამით გვიან მოესროლათ ბურთი აუტში და თამაში მორჩებოდა.

შეიძლებოდა იქვე გათამაშებაც, ერთი პასი უკან და წყნარად ბურთის კიდეზე გადაგდება.. მაგრამ ამის ნაცვლად “მოვახერხეთ” და ბურთი ხაზსმიღმა საფინალო სასტვენამდე ორიოდე წამით ადრე აღმოჩნდა – შემდეგ აუტი მოვაწოდეთ და სუფთად ისევ ვერ მოვიგეთ.

არეულობაში და ფაფხურში ბედი ჩვენი, რომ ბურთი თავად მოვიხელთეთ, მოედნის მიღმა დავკარით და ისტორიული გამარჯვებაც გამოვჭედეთ!!!

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ იმის თქმა მინდა, რომ არა ეს უაზრო ფაფხური, რიგ მომენტებში არარაციონალურობა, ნაცვლად წყნარად ჩაგვემთავრებინა მოგებული თამაში, ისეთი თავსატეხი დავმართეთ საკუთარ თავს, უდიდესი ნერვების, ფიზიკური ძალის და ნების მობილიზების ხარჯზეღა მივიყვანეთ გამარჯვებამდე შეხვედრა..

აბა წარმოიდგინეთ?! – 213 ბოჭვა შევასრულეთ მეტოქის 48–ის წინააღმდეგ!!! ოთხჯერ უფრო მეტი!!! ოთხჯერ!! წარმოგიდგენიათ რამხელა ჯაფა დაადგა გუნდს თავდაცვისას?!

ამის გარდა კი დანარჩენი დრო, როცა იშვიათად შეტევაზეც ვიყავით, ერთი, როდესაც ბურთი კარგად გავშალეთ, მეორე ლელოს დადების მომენტი იყო.

სხვა კი ლამის ბურთი ბექებამდე არც მიდიოდა, მუდმივად ფორვარდების ძალის იმედად ვუტევდით.. არ ჩანდა არც შარიქაძე, არც კაჭი, მჭედლიძეზე აღარ მაქვს საუბარი..

სამაგიეროდ მართლა კარგი ცხრა ნომერი გვეზრდება – ბიჭი, ვინც მთელი სარაგბო ისტორიის მანძილზე ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშედ შეიქმნა, ვისაც კი მსოფლიოზე უთამაშია. და ეტყობოდა კი ასაკის სიმცირე?!

კარგი გაგებით თავხედურად რომ თამაშობდა, პასების დარიგების გარდა, რიგ მომენტში ბურთიც კარგად გადაუკიდა მეტოქეს ზურგს უკან და ხან კი მათ მძიმე ფორვადებს შიშის გარეშე ეფექტურად უტევდა..

სხვა კი რა გვეთქმის?! მადლობა მოვუხადოთ ბიჭებს თავდადებისთვის – რაც მთავარია შედეგი ვაჩვენეთ და მოვიგეთ ბოლო ოთხწლედის ყველაზე პრინციპული მატჩი. შეცდომებს კი იმედია კარგად გაანალიზებენ და გაითვალისწინებენ, რადგან იგივე არგენტინა ასეთ ფაფხურს არ გვაპატიებს და როდესმე ხომ უნდა დავიწყოთ მსგავს ტოპ გუნდებთან ტოლ–სწორად თამაში?

ტონგა თავის მხრივ ხშირად შეცდა ელემენტარულ შემთხვევებში, თორემ ჩემი სუბიექტური აზრით ამ თამაშსს მოგვიგებდა – რომ არა წინ გაკეთებული რამოდენიმე პასი (ერთ–ერთი გაუქმებულ ლელოდ რომ დაუჯდათ), ჯარიმის ასევე ფეხით აუტზე ვერგადატანა…

სხვა მომენტში ოდნავ დააკლდათ ლელომდე, როცა გადაკიდებული ბურთი ბოლო წამს შემტევმა ვერ დაიჭირა.. მოკლედ ცოტა იღბალიც გვწყალობდა.

რაც არ უნდა ვთქვა საბოლოოდ 17:10 ჩვენს სასარგებლოდ.. ეს კი უკვე ლამის ნახევრად გაკეთებული საქმეა!!!

ველით არგენტინას, ვისთანაც ჩემი აზრით ბიჭები ნაკლებშებოჭილები ითამაშებენ, დიდი ალბათობით წავაგებთ, მაგრამ იმედია ბევრად თვალსასეირო თამაშს შემოგვთავაზებენ…