ევროტური (I ნაწილი)

ბუდაპეშტი

პირველი გაჩერება ბუდაპეშტი იყო – სადაც ფრენებს შორის თორმეტსაათიანი შუალედი გველოდა და აეროპორტში ჯდომას, ქალაქში გასვლა ვარჩიეთ. მერე ოდრი და არანკაც შემოგვიერთდნენ და ნამგზავრზე გემრიელად მივირთვით ადგილობრივი გულაში. ცოტაც ფეხით გავისეირნეთ – “Chain Bridge” ოთხწლის შემდეგ კიდევ ერთხელ გადავიარე, დუნაიზე გაშლილი ღამის ბუდაპეშტის ხედებით დავტკბით და უკვე აეროპორტში დაბრუნების დროც ახლოვდებოდა.

ავტობუსით გზა, აეროპორტი – ღამის 2 საათი.. საცავში დატოვილი ბარგისთვის უნდა მიგვესწრო – მერე იკეტებოდნენ.. ფრენა დილის 6 საათზეა.

დაღლილები, დაზომბებულები ავღოღდით ჩვენს თვითმფრინავში. ვიზეარის გეითები რაღაც ქარხნის ანგარ-ცეხს უფრო წააგავს, ვიდრე აეროპორტს…

ფრენის დროს ოდნავ წაძინება – ისე ვიყავი გათიშული, არც აფრენა გამიგია, არც დაჯდომა.

ბრუსელში ამოვყავით თავი..

გენკი და სპა

ჰერცის ავტოგაქირავებას მივადექით, რაღაც რეზერვაცია მაქვს წინდაწინ გაკეთებული.

ბარათი გავუწოდე, სმს დავხედე – ლამის ორჯერ მეტია ჩამოჭრილი, ვიდრე რეზერვაციაზე იყო მითითებული:
– ” 50 ევრო – ბოდიში, რაღაც კალკულაციის შეცდომა იყოო, დაბრუნდებაო (?!)..”
– ” და 75?! ა, ხო, ეს არ იყო ონლაინ რეზერვაციისას აღნიშნული – სხვა ქალაქში აპირებთ მანქანის დაბრუნებას და მაგის გადასახადიაო”..

მოკლედ ჩვეულებრივი აფერისტები ძვირფას პიჯაკებში გამოწყობილები.

მოვაჯექით ჩვენ ფიატ-კაბრიოლეტს – 100 კმ/სთ-ის შემდეგ ყანყალს რომ იწყებდა.. დაღლილები კი ვართ, მაგრამ ნავიგაციაში მაინც სპას მისამართი ავკრიფეთ და პირდაპირ ტრეკზე დავუბერეთ.

ბრუსელი გვერდზე მოგვრჩა, საათი და მდელოებზე მოწყობილ პარკინგზე 10 ევროდ მივაჩერეთ ჩვენი “ფერარი” .. კი არადა ფიატი.

ალბათ ზედმეტია იმის მოყოლა არა, თუ რამდენად ლამაზ გარემოში ამოვყავით თავი, პატარა ბორცვებზე შეფენილი სოფლები და ლამის ტყეში აშენებული სარბოლო ტრასა.. გარშემო სულ სიმწვანე…

ამდენიხანი თვითმფრინავ-მანქანაში ჯდომისგან ფეხით გასეირნება გვესიამოვნა, თან ბილეთები რათქმაუნდა არ გვაქვს და ჰოპ გადამყიდველებიც აგვედევნენ.. ვებ-სივრცეში ვერაფერს იყიდი, ყველაფერი გადაყიდულია. ფასზე რომ დავიჯღანეთ, არ მოგვეშვა ეს კაი კაცი:

” – ო’რუჟი გინდათ არა?! წამოდით!” და მხნე, სწრაფი ნაბიჯით გაგვიძღვა წინ..

ერთ-ერთი კერძო სახლის ეზოში ამოვყავით თავი, მაგიდასთან რამოდენიმე ადგილობრივი მშვიდად ხრუპავს ყავას. გადმოიღო ბილეთების დასტა “ბოსსმა”:
– “ო’რუუუჟ.. – პარასკევი-შაბათი სტენდზე, კვირას საერთო სივრცეში?! 200 ევრო?!”…

ეს პაკეტი სულ მცირე 500 ევრო მაინც ღირს ოფიციალურად ვებზე. არ უნდა მიმიშვათ მე მოლაპარაკებაზე, უკვე ჯიბეზე მქონდა ხელი, დათო რომ შეევაჭრა:
– “ასორმოცდაათი?!”,
– “180 და მოვრჩეთ..” – ღიმილით გამოგვიწოდა ბილეთები ჩვენმა ციდან მოვლენილმა მეგობარმა..

ბედნიერებმა გავაგრძელეთ გზა..

ამინდი კი უცნაური დაგხვდა, მთას რომ ახასიათებს. სამივე დღე ასე იყო – გაფანტულ ღრუბლებში მზე რომ შეიმალებოდა გადასაცმელ-ქურთუკიც არ გშველოდა, ისე აცივდებოდა. ხოლო როცა მზე გამოანათებდა, სიცხისგან ლამის მაისურაც გაგეძრო. და ეს ცვალებადობა ხშირ-ხშირად, დროის უმცირესი ინტერვალებით ხდებოდა.

ზურგჩანთით დავათრევდი სამოსს და თვლა ამერია, იმდენჯერ მომიწია “ამინდის შესაფერისად” გამოწყობა..

ამასობაში შემოწმებაც გავიარეთ და ინებეთ – სპა ფრანკორშამპის (სწორად ასე თუ იწერება?!) ლეგენდარული ტრეკი.. მიუხედავად იმის, რომ პარასკევია, მხოლოდ პრაქტიკების დღე, ხალხი მაინც ზღვაა.. ცოტა ლუდი, სენდვიჩები. უკვე სტენდზე ვზივართ – ფორმულა 1-ის ალბათ ყველაზე ცნობილ მოსახვევ-აღმართს ო’რუჟს დავყურებთ…

რამდენი წელი მიყურებია ტელევოზორში ამ ურთულეს მოსახვევში სუპერბოლიდები თუ როგორი გიჟური სიჩქარით ჩაიქროლებენ.. ვებერის საოცრებისთვის.. დიიიდი ყვერები რომ უნდა გქონდეს, რაც მან ალონსოს გასწრებისას ჩაიდინა..

და უკვე ამ ყველაფერს ცოცხლად ვუყურებ.. სუნთქვა რომ გეკვრება ყოველი ბოლიდის ჩაწუილებისას.. შაბათს კვალიფიკაციისას ჩვენს ცხვირწინ მოსრიალდა პერესი, მოულოდნელად წვიმამ რომ დაასველა ტრასა და კიდევ უფრო რთული გახადა მანევრირება..

ჩეკო კი სასწაულად გადაურჩა მძიმე ავარიას – საჭე ოსტატურად დაიჭირა და მანქანის ცხვირი სანტიმეტრებში აარიდა ბეტონის ყრუ კედელს. მთელ ტრიბუნას ემოციის ტალღამ გადაურბინა, სინქრონში სკამებიდან წამოცვენილი ერთ ორგანიზმად ქცეული ხალხის მასა..

პარასკევს კი გარემოთი ცოტა გული ვიჯერეთ და გენკისკენ ავიღეთ გეზი, დაღლილებს ძილი არ გვაწყენდა.

გენკი საათის სავალზე ქალაქია, ფაბიო გველოდა – იქ ყოფნისას სამი დღე გვიმასპინძლა.

უზარმაზარ ტყეპარკებით შემოსაზღვრულ უბანში ამოვყავით თავი, ლამაზ, კოხტა ორსართულიან სახლში დაედო ბინა ჩვენს დარტყმულ იტალიელ მეგობარს.

მარტო ამ ადამიანის ნახვად ღირდა ბელგიაში ჩასვლა – წლების წინ რომ ერთად ვსწავლობდით. გულიანი, ხალისიანი, მეგობრული ფაბიო..

ვითომ გაქურდეს და ამისგან “სტრესში” ჩავარდნილი სამსახურიდან დაეთხოვა და სახლს რომ მივადექით აივანზე გადმომდგარი ყურებამდე გაკრეჭილი “Kroeee kroeee!!!” თავის საფირმო შეძახილით შეგვეგება..

“ჰეი ჰეი ჯორჯიიიი..!!” – სტრესის არაფერი ეტყობოდა.. “უფროსი მომკლავს, რომ გამიგოს!..”

ვივახშმეთ, ცოტა ლუდი მოვწრუპეთ და ლამის ორი დღის უძილოები მოსასვენებლად მივწექით.

შემდეგი ორი დღე სტანდარტულად დილით გზა ტრეკისკენ გვქონდა. საღამოს კი გენკში ვბრუნდებოდით და ფაბიოს და მის მეგობრების კამპანიაში ვატარებდით.

შაბათის კვალიფიკაციაც და კვირის რეისიც ფერარის დარჩქა – ფეტელმა მოგება იზეიმა და თითქოს ჩემპიონატს ინტრიგა დაუბრუნდა.. მაგრამ ეს ილუზია ერთ კვირაში მონცაზე დაიმსხვრა..

საღამოს ფაბიოს სახლის აივანზე გადმომდგარი გარემოს სიმშვიდით ვტკბებოდი ხოლმე და გულში ვფიქრობდი, ახლავე ხელს მოვაწერ აქ ცხოვრებაზე, არჩევანი რომ მქონდესთქო.. პარალელურად თბილისის სტრესული ბეტონის ქალაქი მახსენდებოდა, უსაშველო საცობებით და კიდევ უფრო მენანებოდა იქაურობა მხოლოდ სამიოდე დღით რომ გამხდარიყო ჩემი რეალობა..

ორშაბათიც გათენდა. ფაბიოს სტრესმა არც ამ დღეს მისცა საშუალება, სამსახურში წასულიყო. ჩავლაგდით ჩვენ თეთრ-წითელა ჯუჯა ფიატში, გამოვემშვიდობეთ გულითად მეგობარს და ნავიგატორი ამსტერდამისკენ მოვმართეთ..