“ახალ” ჭერქვეშ
დეკემბერი 5, 2021 დატოვე კომენტარი
შემოდგომა დაიწყო და მთელი ჩემი დრო სამსახურის გარემომ “შეჭამა”
მთელ შემადგენლობას ჯგუფებად ერთკვირიან კურსის გავლა უწევს. რამოდენიმე დღე თეორიული “სწავლება” და მერე სიმულაციურ გარემოში პრაქტიკული ვარჯიში.
ორივე ტიპის “დაშვებას” ვფლობ, როგორც თეორიის, ისე პრაქტიკული ინსტრუქტორის და ასეთი ტიპის კადრის დეფიციტის გამო ძირითადი საქმის კეთების გარდა – ვიარო სმენაში დღე-ღამის რეჟიმში, დასვენების დღეებშიც სამსახურში ვზივარ და ხან თეორიას ვკითხულობ, ხანაც პრაქტიკულ საწაფზე ვუზივარ კოლეგებს.
ეს პროცესი საინტერესოა, სხვისი არ ვიცი და თავად ბევრ რამეს ვსწავლობ – დაორგანიზება, ცოდნის ქონის გარდა, ელემენტარული აუდიტორიის წინ საათობით მეტყველებაც საქმეა, საწაფზე დინამიკის პულსაციის შეგრძნება – უკვე ათმა ჯგუფმა გაიარა ჩვენს ხელში და ეს პრაქტიკა უდაოდ დიდია თუ დღის ბოლოს დაუკვირდები, იფიქრებ, რა შეგეძლო უკეთ გაგეკეთებინა, გადახედავ, ჩაასწორებ – ეს უკვე უეჭველი გზაა განვითარებისკენ..
ერთი ეგ არის – ხშირად შაბათ-კვირასაც სამსახურის რეჟიმი, ცოტაც და გადავიწვები. მაგრამ არაუშავს – გავდივართ ნელ-ნელა ფინიშისკენ.
ამასობაში კი თვეა საწოლიც დავიდგი ჩემს “ახალ” სახლში და ღამის სათევად მაინც აწი იქით მივდივარ. ერთი ეგ არის – უამრავი რამ აკლია ჯერაც ამ სახლს და დავბორიალობ ცარიელ კედლებს შორის. არც იქიდან სიარულია იოლი აეროპორტის ტერიტორიისკენ. ტაქსით მივდივარ რომელიმე თანამშრომლამდე, და დამატარებენ ჩემოდანივით წინ და უკან. მანქანის ქონის აუცილებლობა დადგა.
აი ეს სკამ-მაგიდის ყიდვის პროცესი კი მხოლოდ ნერვების შლაა ჩემთვის. არ ვარ ის ტიპაჟი, ამ პროცესისგან სიამოვნება რომ მივიღო. არც ჩემოდნით დევს ფული – ხელფასიდან ხელფასს ელოდები რიგი დავალებების ჩასაქრობად. თუმცა გავივლი ამ პერიოდსაც და ტვინს ეს დავალებები რომ გამოუნთავისუფლდება, ბევრად უკეთესადაც ვიგრძნობ მერე თავს.
ვატყობ, დამცინებთ და მაინც უნდა ვაღიარო – მაქვს სიტყვაზე თანხა X და ვიმტვრევ ტვინს, რა საკითხის პრიორიტიზირება მოვახდინო?! – სანათი, კარადა, ტელევიზორი, სარეცხი მანქანა, მაგიდა თუ რომელი ერთი სხვა.. ტვინი მებურდება. ხან დღე გავა და ვერც ვერაფერს მოვაბამ ხოლმე თავს, ყოყმანს აყოლილი.
ამიტომაც მიყვარს ის ძირითადი საქმე, რასაც სამსახურში ვაკეთებ – იქ ძაან კონკრეტული “დავალებით” მივდივარ, კონკრეტული დროის მონაკვეთში. ვჯდები სამუშაო პულტთან და ზუსტად ვიცი, რატომ ვზივარ იქ. დღემდე პროცესისგან სიამოვნებას რომ ვიღებ და ამიტომაც ვარ თორმეტწლიანი სტაჟით უკვე.
სივრცე, გეგმარება, შესრულება. მგზავრი აზრზე არაა, მისი მოგზაურობის პროცესში ამ დროს ადამიანის გონება რომ დგას უკან, გარდა მისი ბორტის კაბინაში მჯდომი პირის პილოტირებისა. გამოვსულვარ გამთენიისას ტრასაზე უმანქანო, ტაქსის მოლოდინში და ჩამიშხუილებენ ხოლმე მანქანებით ის ხალხი, რამოდენიმე წუთის წინ მათ სერვისზე რომ ვზრუნავდი და გულში ვფიქრობ – “აბა ერთი მაინც თუ შეანელებს.. წამიყოლებს”, მაგრამ ან რატომ უნდა მქონდეს ასეთი მოლოდინი – მათ ხომ თვითმფრინავის ბილეთში ფული უკვე გადაიხადეს და ამით დაგენერირებული ჩემი ხელფასი არის კიდეც ამ სერვისისთვის საფასური.
გამოვდივარ “გარეთ” და ცხოვრებაში ეს კონკრეტიკა არ არსებობს – რისთვის დავბორიალობ ხოლმე ქუჩაში, ჩაფიქრებული, ყურებში მუსიკაგარჭობილი. თან მითუმეტეს ზამთარი რომ დადგება და სიცივის დისკომფორტი ძვლებამდე ატანს..
ვერაფერს ვიტყვი.. მივადგები ხვალ ისევ მაღაზიებს, ვიყიდი სკამ-მაგიდას, არა უფრო იმიტომ, რომ ამით ცხოვრება ბევრად უკეთესი გახდება, არამედ იმისთვის, რომ ეს “დავალებაც” ჩავუქრო ტვინს და როცა წამოვკოტრიალდები, ასეთი დეტალებზე აღარ მქონდეს საფიქრი.
მერე კი მიქსერის ღილაკს ხელს ავკრავ, სივრცე მუსიკით აივსება, სიცარიელეს განდევნის და მორიგი დღეც ასე მიილევა.
კომენტები