სასურველი “სასიძო”

შორეული წლებია, ჯარში ვმსახურობ კონტრაქტზე.

კვირა რაიონში, რომელიღაც სოფელს გადმოკიდებულ მთაზე წამომართულ ყაზარმაში გვიწევს ხოლმე ყოფნა. მერე შემცვლელი ჯგუფი გვანაცვლებს და თუ რამე “განგაში” არ არის, კვირა უკვე ჩემს გემოზე თავისუფლად ვარ.

აი სამსახურში ადგილზე კი ბევრი არაფერია სახალისო, დრო იოლად გაიყვანო – გარშემო ტყე და ერთმანეთის მსგავსი დღეები.

ძირითად საქმეს უნივერსიტეტმოლეული 20-25 წლის ბიჭები ვაკეთებთ – სულ რამოდენიმე ერთეული კაცი. იქ რიგითები საყარაულოდ, რამოდენიმე პასუხისმგებელი პირი, მძღოლი და მზარეული.. ჰაჰა ერთდროულად მაქსიმუმ თხუთმეტიოდე კაცი რომ მოვიყრით ადგილზე თავს.

მზარეულები დაბლა სოფლის მკვიდრი ხალხია, უფროსი თაობის ქალები. მისწრება რომ იყო მათთვის ამ სამსახურის გამოჩენა. და ნელ-ნელა ძირითად ისტორიასაც რომ მივადგეთ, ნაწერში შემოვიყვან ქალბატონს, პირობითად, ვთქვათ სახელად ფიქრიას, სწორედ ერთ-ერთ ჩვენს მზარეულს.

არ ვფიქრობ, ადამიანს რამე ღირსებას სძენდეს, სად დაიბადა და კიდევ ბევრი სხვა რამ. არ ვაკეთებ არაფრის შეფასებას, უბრალოდ ფაქტობრივ ამბავს ვყვები.

ხოდა სხვისთვის არ ვიცი და აი ამ ფიქრიასთვის ჩვენი “სამსახურის ქონა”, “ქალაქელობა” კი იყო საკმარისი მიზეზი პირდაპირ თავდასხმის ობიექტები გავმხდარიყავით – ანუ სახლში მისი “დასათხოვარი” გოგოებისთვის სასურველი სასიძოებად მოვიაზრებოდით.

ჩვენ კი, არცთუ დაღვინებული ბიჭები, იუმორით ვიგერიებდით მის ამ მცდელობებს, საღამოობით სალაპარაკო, საშაყირო თემად რომ გვქონდა გადაქცეული. აი პერიოდულად მორთმეულ ათასნაირ ნამცხვრეულობას კი მაინც უნამუსოდ მივირთმევდით (რისი დაცხობაც, დიდი ეჭვი მაქვს, ისევ ჩვენგან მოპარული პროდუქციით ხდებოდა) და არ ვიმჩნევდით, თუ რით “ვიმსახურებდით” ამ “გულუხვობას” და პატივს.

ჯერ ერთ-ერთს მოგვისინჯა კბილი. წარუმატებლობა არ შეიმჩნია, სწრაფად მეორეზე გადაერთო, მერე მესამეზე ააგო იმედები, და ასე – ყველას ჩამოგვიარა, ხელჩაქნეული ისევ პირველ ვერსიას მიუბრუნდა.. ბოლოს უიმედობაში გადაეშვა და დანებდა – მიხვდა, რომ ჩვენგან “ხეირი” არ იქნებოდა. რა ვიცით გულში რა წყევლა-კრულვას გვიგზავნიდა..

ამასობაში მრავალი თვეც მიილია (ოთხი გრძელი წელი გავატარე ჯარში, არ დაგავიწყდეთ).. აღარ გვწყალობდნენ, აღარც ნამცხვრები მოდიოდა ჩვენს დასასუქებლად.. გაცვდა თითქოს ეს თემა. ყურებჩამოყრილი იყო ეს ჩვენი ქვეშქვეშა მზარეული… (მაქვს ბევრი მიზეზი, ცოტა კბილიც გავკრა ასეთ ადამიანს).

და ერთ გაზაფხულის მშვენიერ დილას სცენაზე შემოვიდა, სიტყვაზე, ადამიანი ზედმეტსახელად “გენერალა”.. ეს ზედმეტსახელი მისი მშვიდ ხასიათის, დინჯი საუბრის, დაფიქრებული სიტყვა-პასუხის გამო შეერქვა. მოკლედ ღიმილიც კი სანატრელი იყო ამ კაცის მკაცრი ნაკვთების სახეზე შეგემჩნია. გონიერი და ზრდილობიანი ადამიანი მოკლედ.

როტაცია მოხდა და სხვა ბაზიდან გადმოიყვანეს ჩვენთან.

და შოუც დაიწყო…

რა ვიცოდით, ამ მკაცრი ნაკვთების მიღმა როგორი ჩუმი იუმორი იმალებოდა.. ჯერ ჩვენც რომ არ ვიცნობდით კარგად ამ “გენერალ” კაცს.

საათობით შეიკეტებოდა ხოლმე სამზარეულოში, ერთ ჭიქა ღვინოს დაიდგამდა, წრუპავდა და ფიქრიას იდუმალ ჩურჩულს გაუბამდა, დიდხანს ჩვენც რომ არ ვიცოდით, თუ რაზე ჭუკჭუკებდნენ ასე ჩუმად.

მერე მერე აიწყო მოზიაკა ნელ-ნელა ამბის.. იჯდა და გულჩათხრობილი უაღრესი თეატრალურობით აღუწერდა ამ ჩვენს მზარეულს თავის გულის დარდებს – როგორ ჩაიარა სოფლის შარა გზაზე და ერთ-ერთი სახლის ფანჯრის მიღმა შეამჩნია გოგონა, რომელიც თმებს ივარცხნიდა და მხოლოდ ზურგიდან თუ ხედავდა, წამშივე რომ შეუყვარდა და ახლა აი ასე ზის და არც კი იცის, ვინ არის ეს გოგო და არც ის, როგორ მიახერხოს და გაიცნოს ეს იდუმალი ქალიშვილი..

ნუ, გასაგებია ხომ, ეს მისი ნანახი ადგილის აღწერილობა საოცრად ემთხვეოდა ფიქრიას ეზო სახლ-კარის სურათს.

იჯდა ფიქრიაც და ორი-სამი თვე გულმოდგინედ რჩევებს აძლევდა, სიმამაცისკენ მოუწოდებდა და აქეზებდა ამ ჩვენს სიყვარულისგან “გათანგულ” კაცს, იქნებ ისევ სწვეოდა აღწერილ არეს და ეცადა კიდევ ენახა ქალიშვილი.

გენერალი კი არ ჩქარობდა და ეშხში შესული კარგად ირგებდა დადარდიანებული, გაუბედავი კაცის როლს. დროს წელავდა და ამით ფიქრიას მოთმინებასაც გვარიან გამოცდას უწყობდა..

ერთი კაცის თეატრს მაყურებელი მოვუმრავლდით – უკვე ჩვენს წინაშეც არ ერიდებოდა გენერალი თავის გულის გადაშლას. ვისხედით ყველა ერთად ამ ფართო სამზარეულოში, ერთ ჭიქას ჩამოვისხამდით და აღარც ჩვენთვის იყო უკვე მოუთმენლობა უცხო. გვაინტერესებდა – თუ რით დასრულდებოდა ეს საოცარი თეატრი..

მოგვიმრავლდა ნამცხვრები ისევ. ალბათ არც ის დრო იქნებოდა შორს, “შემთხვევით” ამ გადასაკარგავში სცენის ირიბი პერსონაჟიც რომ გამოანათებდა.. რადგან გენერალი ვერა და ვერ ბედავდა ერთხელ უკვე ნანახ ადგილს ისევ წვეოდა..

მოკლედ ჩემი წერის ხელოვნება არცთუ ისე კარგია, ეს მთელი საგა კარგად მოგიყვეთ და გადმოგცეთ. რომ იტყვიან, იქ უნდა ყოფილიყავით. გენერალის უბადლოდ როლის შესრულებას უდაოდ მეტი მაყურებელი იმსახურებდა.. ჯარის რა გითხრათ და თეატრისთვის ალბათ კი იყო ეს კაცი შექმნილი..

დასასრული მაინც მწარე გამოდგა, ბოლოს როდესაც მთელი ეს მისი ხრიკები გაცხადდა, ქორწილის რა გითხრათ და გაცოფებული მზარეული კი შეგვრჩა ხელში. დავრჩით ისევ უნამცხვრებოდ.. ჩვენ ჩვენსას ვდარდობდით…

მორალი ამ ამბავს არ აქვს – უბრალოდ გამახსენდა და ასე არმოყოლაც დამენანა. ბევრ რამეზე გაგვაკრიტიკებთ – უნამუსობას დაგვწამებთ.. მაგრამ, თუ არ მოვყვებოდი, რამე შეიცვლებოდა?! ფაქტია, ასეთი იყო მაშინდელი ჩვენი ყოფა.

ალბათ წილი პასუხისმგებლობა იმ ადამიანებსაც ეკისრებათ… ნამცხვრებით რომ დარბოდნენ..

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: