წვრილმან-წვრილმანი ამბები

რახან წერის ხასიათზე არ მოვდივარ, ისე მშრალი ამბების ქრონოლოგია მაინც იყოს 😀

მაისის ბოლოს რაგბის ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იყო და სამ კვირაზე მეტი სამოელების დევნაში მარტყოფში ვიცხოვრე.. ეს ამბები ვითომ მინდოდა დამეწერა და ვერა და ვერ მოვედი იშტაზე.. გადავდოთ მერისთვის – არადა საინტერესო ბევრი იყო წვრილმანები..

კუნძულელები გავისტუმრე და მერე თავად წავედი კუნძულზე ჩემს ხუთ კოლეგასთან ერთად – ვინც წლების წინ ერთად ვსწავლობდით საფრანგეთში. საინტერესო ამ ამბავში ის იყო, რომ კიდევ ერთმა ჯგუფელმა ფაბიომ, ასე ყველა ერთად რომ გვიხილა სოცქსელში სურათებზე კვიპროსის მზეს მიფიცხებულები, დაკრა ფეხი და ოთხსაათიან ფრენას არ შეუშინდა, ბელგიიდან დაგვადგა და მეშვიდე კაცად შემოგვიერთდა. დარტყმული იტალიელი, ვერაფერს იტყვი.

მერე იყო სამსახური. მაგრამ სამიოდე კვირა ჩემს ჩვეულ რეჟიმის ნაცვლად, ინდრას პროექტს მიგვაწეპეს – სისტემის ადგილზე მიღება-შემოწმება. იყო ბევრი ბლა ბლა ბლა. აგვისტოში კი ისევ სმენას მივუბდრუნდი.

ივნისის შვებულება, როგორც ვთქვი, სამოელების გარემოცვაში გავატარე და კვიპროსზე კი სულ ოთხი დღე დავყავი – ცოტა, საშინლად ცოტა. შესაბამისად სექტემბერი ისე მოვიდა, დიდად არ მქონდა იმის განცდა, რომ ზაფხულში განვიმუხტე და დავისვენე.. ხოდა ზიანის ანაზღაურება სხვა მხრივ ვცადე. ძველ იპოდრომთან მიგდებულ ანგარში Jan Blomqvist-ს, იმავე ფესტივალის ფარგლებში Stephan Bodzin-ც მივაყოლე, საოცრად რომ მოგვქოქა თავის ენერგიული მუსიკით. მანამდე კი Nicolas Jaar იყო, დინამო არენის ჯურღმულები – უჰაერობა და სიგარეტის ბოლივით ბლანტი მელოდიები.

ჯაარზე ბილეთი მეგდო ზედმეტად და ნატალია მივიპატიჟე. მან კი სტენლი კლარკის მაგიურ საღამოზე დამპატიჟა. ხო დიდად არ ვარ ჩვეული საჩუქრებს და ვიყავი უხერხულად. მაგრამ მერე დავფიქრდი, რომ მაგასაც სწავლა უნდა – ადამიანის მიმართ იყო მადლობელი და ხანდახან საჩუქარიც შეირგო – პირველი ცდა მაინც უხერხულობის თანხლებით იყო..

სახლში მგონი დღემდე ახსოვთ, რამეს რომ მიყიდიდნენ, ჩემი უკმაყოფილო აფეთქებები – “რათ გინდოდათ?!”.. რა მჭირდა?! რავიცი

და როგორი იყო Björk? ჰო ჰო.. გაიღიმეთ, მაგრამ ფაქტია – ლოყებზე ღარები გამიჩნდა, ისე მოგორავდა ცრემლები თვალებიდან. დიდად სენტიმენტალურობა არ მახასიათებს, მაგრამ ალბათ მთელი ბავშვობიდან მოყოლებული ამ ქალბატონის საოცარი ვოკალი ყურში რომ მაქვს გამჯდარი, და უცებ სცენაზე ხედავ ოც მეტრში ცოცხლად დგას და გიმღერის… ბრრრრრრრრრ… ძაან ძლიერი იყო ემოცია… ცოცხლად უსმენდე Björk-ს..

ხო, ის დამავიწყდა მეთქვა, მთელი ეს პერიოდი როგორ პატიოსნად კვირაში სამი დღე დარბაზში ვეგდე სავარჯიშოდ და საკმაოდ ფორმაშიც მოვედი. ალბათ ერთი-ორ სურათსაც კი დავაგდებდი სამარიაჟოდ, მაგრამ რავი, გადავწყვიტე არ ავყოლოდი ცდუნებას და “აი კი ვარ კარგ ფორმაში, მაგრამ კაი ტიპი ვიქნები და მოდი არ ვიმარიაჟებ…” ფიქრებით გადავაგორე ეს პერიოდი.. მოკლედ მაინც ნაგავი გამოვდივარ და მთლად გულახდილი თუ ვიქნები, არც ისე მაგარ ფორმაში ვიყავი – ნაყინი და შოკოლადის სიყვარულს ვერ შეველიე და როდის იყო ცარიელი ვარჯიში შველოდეს ზედმეტ ცხიმებს…

ნოემბერიც მოვიდა და ხომალდი ზაგრებში დაეშვა.

ცივა, საშინლად ცივა.

ზორანა კი ისევ ისეთ შინაურულ განწყობას ტოვებს, რვა წელი მხოლოდ სტატისტიკა რომ არის.

საღამოს მეგობრების გარემოცვაში ვატარებთ.

დილით კი ქალაქში დავბოდიალობ, ცოტას სურათებს ვიღებ და სადილისას ერთ დინამო ზაგრების რადიკალ ფანთან საუბარში ვკლავ დროს – მიმტანია და რახან დროის მაგ მონაკვეთში ჩემ გარდა რესტორანში არავინ ზის (გვიან სადილობენ უფრო ადგილობრივები?! ტურისტები კი ასეთ დროს სად არიან), ისიც დგას და პოლიტიკაზე ხალისიანად მესაუბრება -“you know what i mean?!” ყოველ მეორე სიტყვაში მიმოწმებს და ხან სერბებს აგინებს, ხან მგონი რუსებსაც.. მოკლედ ცოტა ბევრს მიედ-მოედებოდა და ბოლომდე ვერ გავიგე ვისკენ იყო.

საშინელი დაბალბიუჯეტური ავიახაზებით ისევ ცაში ვარ. Eurowings, აი ის ავიაკომპანია, ამას წინათ გერმანელმა დეპრესიაში ჩავარდნილმა პილოტმა მთას რომ მიუშვირა ხომალდი და საიქიოს გაისტუმრა ყველა.

ბარგი მქონდა და ცალკე თანხა ამის გამო გადავიხადე და შესაბამისად “პრივილეგირებულ” მგზავრთა სიაში მოვხვდი.

დაგორავენ ბორტგამცილებლები და დიდი სია უჭირავთ – ჩემნაირ ბილეთის პატრონებს უგემურ სენდვიჩით უმასპინძლდებიან. სურვილიც არ გამიჩნდა მესარგებლა ამ “პრივილეგიით”, ძილს მივეცი თავი.

გუნებაგამოკეთებულმა გავიღვიძე – სარკმლიდან მზე ანათებდა, როცა მანამდე ოთხი დღე მოჟამულ ამინდში დავაბიჯებდი, და ეს მცირე დეტალიც კი სიცოცხლის ხალისით მავსებდა.

შტუდგარტის აეროპორტი.

მესაზღვრემ პირი რომ გააღო, მივხვდი, ყველაფერს გამომკითხავდა – გადაჯდომამდე კი სულ 40 წუთი. აღარ ვაცადე – გამზადებული ფურცლები შევუჩურთე სარკმელში. ყველაფერი გულდასმით ჩაათვალიერა -გამიშვა.

ვაგზლის განწყობა. საკმარის სკამებს ვინ ჩივის, გეიტთან დასადგომი სივრცეც კი ჭირს, მუდმივად ხალხის ნაკადი მაიძულებს პოზიცია შევიცვალო.

ერთი საათიც და ბერლინში დავეშვი – ჩემ დას და მის მეგობრებს შევუერთდი.

მეორე დღეს კი კიდევ ერთ ზღაპრულ კონცერტს დავესწარი Gorillaz-ის შესრულებით და მგონი იქაც მეტირებოდა 😀 უბრალოდ ისე იყო გაბოლილი დარბაზი, ამჯერად მაგის ბრალი იქნებოდა (ხო, ხო – მასე იყო ზუსტად).

შაბათი გათენდა, გიოს შევხვდი და ბარში უელსთან თამაშზე ვინერვიულეთ, შემდეგ კი ნორას გავუარე. ლუდის დასალევად დავსხედით და ბევრი ვილააპრაკეთ. რაღაცაზე, უცნაური იყო ჩემთვის და კომპლიმენტი მითხრა, და კიდევ უფრო უცნაური ის იყო, რომ დავფიქრდი, სინამდვილეში გულის სიღრმეში სასიამოვნოც კი რომ იყო ამ ყველაფრის მოსმენა. მერე გამახსენდა, როგორი ხისტი ხასიათი მაქვს და რა იშვიათად მაფიქრდება, თავად ვუთხრა ვინმეს მსგავსი თბილი სიტყვები..

ხომ, ბევრ რამეს შეცვლიდა კაცი ჩემს ხასიათში, დრო თუ მაქვს დარჩენილი :))) წვრილმანები, მაგრამ ვინ თქვა რომ მსხვილმანები ამის გარეშე არსებობს.

ბოლო მოგონება ბერლინის მაინც უსიამოვნო იყო – კერძოდ რწყილები. რავი, მკითხავ სად გაჩითეო, მაგრამ ფაქტია, ისეთი დამგლიჯეს, თბილისში ჩამოსული ოთხი ღამე უძილობას ვუჩიოდი.

ამასობაში სამსახურში სამედიცინო შემოწმებაც წამომეწია (ოთხ წელში ერთხელ გავდივარ), თავის უსიამოვნო მოლოდინებით, რომ “არ დამბრაკონ” და რომ მოვიშორე, მაინც სიმშვიდე მოდის – ოთხი წელი კიდევ ბეჭედი ჩარტყმული მაქვს, რომ ვმუშაობ.

ფული კიდევ ვინ იტყვის არ არის მნიშვნელოვანიო, მაგრამ მე მაინც დავძენ, რომ ჩემთვის ძაან მნიშვნელოვანია :))) უბრალოდ ბავშვობაში ერთი ლარით გატარებული სტუდენტობა მახსენდება და ალბათ იქიდან გადმოყოლილი კომპლექსი არ მასვენებს.

ამ აბდაუბდა ნაწერსაც აქვე მოვრჩები.

ბევრიც სხვა ამბები ხდებოდა, მაგრამ რავი, რაც გამახსენდა, ეს არის

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: