კომო, ბერგამო და ცოტაც მილანური ამბები

ზურგზე ბარგი მქონდა უკვე მოკიდებული, მიხომ რომ მოიწერა – “მე და ქეთი ვეღარ მოვფრინავთ, ბებია გარდამეცვალაო”

არადა მთელი ამ მოგზაურობის ჩანაფიქრი, ქეთის ინიციატივით, სწორედ მიხოსთვის დღეობის საზღვარგარეთ აღნიშვნა იყო.. და ახლა ეს ორი ადამიანი ვეღარ მოდიოდა..

დავრჩით ექვსნი, თან ცოტა უცნაური სიტუაცია შეგვრჩა ხელში – ამ ექვსეულის შემაკავშირებელი სწორედ თბილისში დარჩენილი ორი ჩვენი მეგობარი იყო და მათ გარეშე ლოგიკიდან ამოვარდნილი მოჩანდა ჯგუფის შემადგენლობა..

ხასიათგაფუჭებულები ჩავრიხინდით ქუთაისში..

მერე იყო ოთხსაათიანი ფრენა და ხათოს დაძაბულობა.

მის ფრენის მიმართ შიშებზე ლეგენდები დადის და აწი საკუთარი თვალითაც ვიხილე მისი წაშლილი სახე – სულმოუთქმელად რომ გადახუხა აეროპორტში ნაყიდი ორი მინი-ბოთლი ვისკი..

ფრენამ კი, რათქმაუნდა, მშვიდობით ჩაიარა და უკვე ბედნიერი სახით მიაბიჯებდა ჩვენი გულადი მოგზაური აეროპორტის შენობის დახლართულ კორიდორებში.

საპასპორტო კონტროლის ფორმალობაც მოვიშორეთ.. ავტობუსით ქალაქის ცენტრამდე ერთსაათიანი მოგზაურობაც და უკვე ძაან რომ ვაგვიანებდით, მეტროს ნაცვლად ტაქსს გავუქნიე ხელი – სახლის მეპატრონე, გაავებული ფიორელა უკვე დიდიხანია გველოდებოდა და მთელი ჩემი ზრდილობა და უნარები მოვიხმე მისი გულის მოსალბობად.. ხო, ბოლოს ღიმილითაც კი დაგვემშვიდობა.

რა გასაკვირი – მშივრები. მე და კაკომ ავისხით იარაღ-საჭურველი და რამე კაფეტერიის, ან მაღაზიის საძებნელად გავწიეთ.

გაგვიმართლა, როცა ახლოშივე მშვინიერ პიცერიას გადავაწყდით და სანამ შეკვეთას ველოდებოდით, იქ მომუშავე მარკოს ვებაასებოდით. “ააა ჯორჯიანო.. მეგობრები მყავს ბევრი ქართველი, ერთ კვირაში მოვფრინავ თქვენკენ, მეოთხეჯერ ვესტუმრები უკვე საქართველოსო”, წავიდა, ლუდი ჩამოგვისხა თავის ანგარიშზე. თავპატიჟი არც მე დავიწყე – “ჩემ ქვეყანაში რომ იყო, მეც ასე მოვიქცეოდი-თქო ” – მივიღე საჩუქარი, სამხრეთელების ხასიათის მსგავსება ავღნიშნე.

ცხელ-ცხელი პიცა მივუცუნცულეთ დამშეულ, ოთახში დარჩენილ გოგოებს.. ამასობაში ალექსაც შემოგვიერთდა, ვინც სხვა რეისით მოფრინავდა და გვარიანადაც უწვალია, სანამ სახლს მოაგნებდა – არასწორ ტაქსისტს გადაეყარა.

კომო

ექვსი კაცის ერთ ჭკუაზე მოყვანა ცოტა ძნელი საქმეა, მაგრამ კარგი ჯგუფი აღმოვჩნდით და ეს შედარებით ერთმანეთისთვის “უცხო” ხალხი ბევრი კამათის გარეშე ვახერხებდით საერთო გეგმის დასახვას..

დილის სიზარმაცე ვის უნდა გაუკვირდეს, უკვე შუადღეს იყო გადაცელილი ოთახიდან ძლივს გავიხიკეთ… ჰოო.. ცივ ამინდს თოვლიც ემატებოდა…

მილანის თვალიერებით დიდად თავი არ მოგვიკლავს – არც არის ბევრი რამ სანახავი. ქალაქის ცენტრში საათი ვიბოდილეთ, მერე მშივრებმა კაფეტერიაში ცოტა სული მოვითქვით და კომოსკენ მიმავალ გზას მატარებლით გავუყევით..

კომო იყო მშვენიერი, პატარა, ლამაზი ტბის პირას გაშენებული ციცქნა ქალაქი. სიცივის მიუხედავად დიდხანს ვიდექით გემის ღია გემბანზე ბუნების სილამაზით აღფრთოვანებულები, და რა თქმა უნდა, უამრავ სურათებს ვიღებდით. ამ გემს ტბისპირა, სხვა პატარა სოფლებშორისი ტრანსპორტის ფუნქცია ჰქონდა, ერთი საათი რომ მოანდომა დიდი წრის დარტყმას..

მერე იყო გემრიელი ვახშამი, ლოკალური ღვინით მსუბუქი თრობა და გზა – ისევ უკან მილანისკენ..

მილანში კი რაღაც მომენტში მე ჯგუფს ავცდი, პრაგმატულად ვიფიქრე, “ალბათ სახლისკენ წავიდოდნენ” .. და შემდეგ დიდხანს მამუნათებდნენ – “როგორ იფიქრე დაგტოვებდითო..”

თურმე მთელ სპეცოპერაცია განახორციელეს “რიგითი ზვიგენას გადასარჩენად” და ალბათ გემრიელადაც ბრაზობდნენ, ბოლოს სახლში არხეინად მჯდომი რომ აღმომაჩინეს..

მერე იყო ბევრი ალკოჰოლი და საინტერესო თამაში, როცა პირთამდე სავსე ტონიკით გაჯერებული ჯინის ჭიქა გელოდა, თუნდაც ტელეფონი წამიერად რომ შეხებოდი.. ხო, პირველი მე დავლიე ის ჭიქა, როდესაც მექანიკურად მობილურის ღილაკს დავაჭირე თითი..

შედეგი იყო მშვინიერზე მშვინიერი – მთელი ორი საათი გავძელით ისე, რომ ტელეფონში ცხვირი აღარ გვქონდა ჩარგული და ნაცვლად ერთმანეთს ვეკონტაქტებოდით.. ჰოდა ეგრე.

ბერგამო

მილანში სამი წლის წინ სტუმრობისას მოვკარი ამ ქალაქს ტრასაზე მიმავალმა თვალი – მთის ქედზე შეფენილი ციხის კედლები და ძველებური სახლები.. ჯერ კიდევ მაშინ ამეკვიატა აზრი “მანდ როდესმე კი მოვხვდებითქო”..

ხოდა შემდეგ დღეს, ბერგამოსი რა გითხრათ, და გეგმით ვერონაში კი მივდიოდით. მაგრამ მატარებლის განრიგი ისე დაჯდა, მოულოდნელად ისევ ბერგამოს ბილეთები შეგვრჩა ხელში და ამგვარად ასე ამისრულდა წლების წინ ჩაფიქრებული სურვილი..

სტანდარტულად ცოტახანი ქალაქის დახლართულ ქუჩებში ბორიალი, მერე გემრიელი პიცა და მომხიბლავი ასაკში შესული იტალიელი ქალბატონი, გოგოიან-ბიჭიანად ყველა აღფრთოვანებულები რომ შევცქეროდით.

ქალაქის ხედებით დამტკბარნი და პიცით მაძღარნი დავუყევით ფეხით ძველი უბნებიდან ახალი ქალაქისკენ მიმავალ დაღმართს.. მივუყვებოდით ქვებით მოკირწყლულ ქუჩებს, თეთრი ლამპიონები ჯერ არ ანათებდა, მაგრამ წარმოსახვაში ძნელი არ იქნებოდა წარმოდგენა, ღამის შუქზეც რა ლამაზი იქნებოდა აქაურობა, როდესაც ეს ლამაზი ქუჩები ლამპიონიდან აკიაფებულ თეთრ შუქს აირეკლავდნენ.. და მივსეირნობდი და ვიცოდი ასე უმიზნო ბორიალშიც იყო რაღაც, რაც არასდროს მომბეზრდება..

მატარებელი, მერე ისევ მილანი..

სახლისკენ

მოგზაურობა სინამდვილეში ამ ნაწერივით მშრალი არ ყოფილა – ეს მე ვძენ ასეთ ფერებს ახლა, როცა სიტყვაძუნწად მხოლოდ ქრონოლოგიას ვიწერები.. ჩემთვის პირადად ეს მშრალი ტექსტი წლების მერეც საკმარისი იქნება, წავიკითხო და ზუსტად გამახსენოს განწყობა, რაც ამ რამოდენიმე დღის მანძილზე მდევდა და აქ არ დამიწერია, მაგრამ გონების სადღაც კუნჭულში კარგად შეინახება..

აეროპორტში გემრიელად ვისადილეთ გამგზავრებამდე – უფერო ჯინი ტონიკში გაზავებული შემოგვრჩენოდა და იქნებ ეჭვის თვალითაც გვიყურებდნენ მიმტანები, როცა არხეინად ჭიქებს ვუჭახუნებდით და გრადუსთან ერთად განწყობასაც მაღლა ვწევდით..

მალე ჰაერშიც ავიწიეთ, ხათომ კიდევ ერთი პირი ნერვიულობა გადაიტანა და მანქანით თბილისისკენ გზა კი უბრალოდ ძილღვიძილი იყო..

შეიძლება წლების მერე ერთმანეთთან რამე მეტიც გვქონდეს მოსაყოლი ამ მოგზაურობაზე, ვიდრე მე ახლა აქ დავწერე, როცა უფერო ჯინის ჭიქებით კიდევ ერთხელ შემოვუსხდებით საღამოს მაგიდას..

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: